Home რუბრიკები საზოგადოება რატომ გააწნა თბილისმა «ოცნებას» 70-პროცენტიანი სილა?

რატომ გააწნა თბილისმა «ოცნებას» 70-პროცენტიანი სილა?

«მინდა დაგიდასტუროთ, რომ დავით ნარმანიას დღეს არ ჰყავს რეალური კონკურენტი. მჯერა, რომ მას არავითარი პრობლემა არ ექნება არც 40%-იანი, არც 50%-იანი და არც 60%-იანი ბარიერის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაიმარჯვებს და გახდება თბილისის ღირსეული მერი. მეორე ტურს გამოვრიცხავ», _ აცხადებდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ოცნება ნარმანიას ღირსეულად გამარჯვების შესახებ ოცნებად დარჩა.


დღეს პრემიერი აცხადებს, გაცნობიერებული გვქონდა, 50%-იანი ბარიერის შემოღებით რამდენიმე ოლქში მეორე ტური რომ გაიმართებოდაოვერ გაამტყუნებთ, სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, ამიტომ 50%-იან ბარიერზე აპელირებენ. დიახ, აბა, რა უნდა თქვან, რით უნდა ახსნან ის ფაქტი, რომ ამომრჩევლის 70%-მა ასე მოკლე ხანში სილა გააწნა, არ მივიდა არჩევნებზე და არ შემოხაზა 41?!  მიმდინარე არჩევნებზე და საზოგადოების მხრიდან პასიურობის გამომწვევ მიზეზებზე «საქართველო და მსოფლიოს» უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე  ესაუბრება.

_ დავიწყებ იმით, რომ ბოლო ოცწლიანი პრაქტიკით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვიდრებული იყო მერების დანიშვნა და არა არჩევა. 2004 წელს ძველი ტენდენციით თბილისის მერი დანიშნული იყო საკრებულოს მიერ. სააკაშვილის რეჟიმს საერთაშორისო საზოგადოებამ დემოკრატიის ხარისხი დაუწუნა, რის შემდეგაც შემოიღეს 30% ბარიერი ქალაქ თბილისის მერის ასარჩევად, რომლითაც გიგი უგულავა აირჩიეს. 2012 წლიდან, სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდგომ, ახალი მთავრობის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და აუცილებელი არჩევითი ზღვარი 50%-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინიციატივა მთავრობისა და ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული იყო, როგორც საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს არჩევნების ისტორიაში, თუმცა ამას ერთი დიდი მინუსი აქვს _ ბიუჯეტი არ იზოგება. ეს რაც შეეხებოდა 50%-იან ბარიერს. რაც შეეხება არჩევნებს, 15 ივნისს საზოგადოებამ გარკვეულწილად ინდეფერენტულობა გამოხატა არჩევნების მიმართ, რამაც როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის 8 ქალაქში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თავსატეხი გაუჩინა ხელისუფლებას. რატომ? ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ «ქართულმა ოცნებამ» დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ არ შეასრულა. ამის ნაცვლად, მათ «ნაცებთან» კოჰაბიტაცია და კეკლუცი დაიწყეს, ხალხს არ მოსწონდა კოჰაბიტაცია, მაგრამ მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. გარდა ამისა, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ, რომელიც საპატრიარქოს პოზიციის გაუთვალისწინებლად იქნა მიღებული. და აი შედეგიც. ნუ გაუკვირდებათ, ამ ყველაფრის ფონზე ეს მოსალოდნელი იყო. ხალხი  დაპირებების შესრულებას ითხოვს. ვიმეორებ: კოჰაბიტაციამ «ოცნებას» საზოგადოების თვალში გარკვეული ზიანი მოუტანა; მეტიც, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ «ნაცები» და «ოცნება» ერთნი არიან.

_ თქვენ თუ ეთანხმებით? საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ «ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლა ამერიკელების მიერ აღებული ტაიმაუტი იყო ავტორიტეტშელახული «ნაცმოძრაობისთვის» და რომ მალე «ნაცებს» ისევ ვიხილავთ ხელისუფლებაში

_ რა გითხრათ…  იცით, ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ერთნი არიან. ეს რომ ასე იყოს, მგონი, სხვა პროცესებს მივიღებდით, თუმცა ეს გამოკვეთილად 2 წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება. ახლა ეს აშკარა არაა, მაგრამ ამ აზრს აქვს არსებობის უფლება და საფუძველიც. სხვათა შორის, ყოველთვის არებობდა მოსაზრება, რომ «ნაცების» ჩანაცვლება რესპუბლიკელებით დროებით მოხდა. ჩვენ გვახსოვს, რომ რესპები «ნაცმოძრაობის» დროსაც განიხილებოდნენ მათ შემცვლელ ძალად, ამერიკის დასაყრდენად. ასე რომ, თუ დავაკვირდებით სიტუაციას, მაშინ ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მეტიც, შეიძლება ასეცაა, თუმცა ამას პირდაპირ არავინ გვეტყვის. და თუ ეს მართლაც ასეა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების საზიანოდ იმუშავებს _ ელექტორატს საერთოდ დაკარგავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, იყო ბრძოლა, ხალხმა უარი უთხრა ნაცრეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს დაუდგა გვერდით, საპრეზიდენტო არჩევნებზე  ელექტორატი კვლავ ჰყავდათ, მაგრამ მაინც ინერციით მოხდა მათი გამარჯვება, რადგან ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება თავის დანაპირებს შეასრულებდა, სამართლიანობა აღდგებოდა, წართმეული ქონება დაუბრუნდებოდათ, რაც არ მოხდა. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებზე ხალხმა ცალ ფეხზე დაიკიდა «ოცნება», თუმცა აქ ერთი მომენტიცაა გასათვალისწინებელი  _ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა მეტად აქტიურია, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე. ხელისუფლების მინუსია ისიც, რომ რაღაც პროცესებში «ნაციონალურ მოძრაობას» უჯერებს, რაც შემდეგ ბუმერანგივით უარყოფითად უბრუნდება ხოლმე. მაგალითად: ანტიდისკრიმინაციული კანონის წამოწევა წინასაარჩევნოდ (რომელმაც ძალიან შეურყია და დაუგდო რეიტინგი «ოცნებას»), ფაქტობრივად, ეკლესიასთან დაპირისპირებად ჩაითვალა. მაშინ ჩვენ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, პრესკონფერენცია ჩავატარეთ, ვისაუბრეთ, ანტიდისკრიმინაციული კანონის უარყოფით მხარეებზე, ისიც კი ვთქვით, თუ მაინცდამაინც აპირებთ ამ კანონის მიღებას, არჩევნების მერე ან სექტემბერში მიიღეთ-მეთქი, მაგრამ პატრიარქს არ დაუჯერეს და ჩვენ ვინ დაგვიჯერებდა?! ერთმა ახლობელმა ისიც კი მომწერა, ანტიდისკრიმინაციული კანონის გადაწევა რატომ გინდა, ისიც ხომ არ გინდა, რუსებს დაველოდოთ, რომ დაგვიპყრონო? მე ვუთხარი, ახლა რუსეთს საქართველოს დაპყრობა თუ უნდა, არც ანტიდისკრიმინაციულ კანონს დაელოდება და არც სხვა რამეს-მეთქი. სულ არ შეეშინდება არც შენი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და არც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების-მეთქი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი მხრიდან მესიჯი იყო გაშვებული ხელისუფლების მისამართით, რომ არ მიეღოთ ეს კანონი. ხელისუფლებამ მოსახლეობისა და საპატრიარქოს აზრი არ გაიზიარა და რა შედეგიც მოუტანა ამ ნაბიჯმა, კი გამოჩნდა. ასე რომ, თავის თავს დააბრალონ. წინასაარჩევნოდ არ შეიძლება მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა.

_ გავიწყდებათ, რომ ამ კანონის მიღება დასავლეთის დაკვეთა იყო? გქონდათ იმის ილუზია, რომ «ოცნება» მათ შეეწინააღმდეგებოდა?

_ რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ვიმეორებ: ჩემი ინფორმაციით, «ნაცებსაც» დაუჯერეს. ჰოდა, ხალხის აზრი რომ არ აინტერესებთ, იმიტომაც აქვთ კარგად საქმე. სამწუხაროდ, ხალხიც იმას ფიქრობს, რომ ერთნი არიან, შედეგად ზოგს ეზარება არჩევნებზე მისვლა, ხმის მიცემა და საერთოდ ინდეფერენტული ხდება. ამიტომ მივიღეთ მეორე ტური და არათუ «ნაცების» გაქრობა, არამედ ხმათა 22%. გარდა ამისა, «ნაცებს» რომ თავი დავანებოთ, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაიშალა, ყველას თავისი ამბიცია აქვს, ყველას პოლიტიკაში ყოფნა უნდა, ხმებიც გაიყო. სამწუხაროა, რომ ძირითად ოპოზიციურ ძალად მაინც «ნაცები» დარჩნენ. ვნახოთ, 2 წლის მერე რა იქნება. არ შეიძლება  ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა _ «ნაცმოძრაობა» იყოს. ხომ ხედავთ, ახლაც, უნამუსოდ ამბობენ, ჩვენ ვართ ერთადერთი და განუმეორებელიო. მთავრობაში იყვნენ და იძახდნენ, ჩვენ ვართ, უალტერნატივო ხელისუფლებაო, ოპოზიციაში არიან და იმავეს გაიძახიან. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე. თუნდაც ამიტომ  უმჯობესია, მეტი პოლიტიკური პარტია იყოს. რაც ჭრელი იქნება პოლიტიკური სპექტრი, მით უკეთესი.

_ ბიძინა ივანიშვილს კი უნდოდა, რომ შუა გაკრეფილიყო

_ შუა გაიკრიფებოდა თუ არა, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი ნამდვილად არ იყო. ივანიშვილის სურვილები ყველასთვის საინტერესო და მისაღები არ იყო. ერთია, რას იტყვის პოლიტიკური ფიგურა და მეორეა, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები. სააკაშვილსაც ეგონა, რომ 20 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში და იბატონებდა, მაგრამ ვერ მივართვით. ერთხელ ოქრუაშვილმაც განაცხადა, კაბინეტში რომ ვიჯექი, მეგონა, სულ იქ, იმ კომფორტში ვიქნებოდიო, მაგრამ… ანუ სიმაღლეების მიღწევა ძნელია, დაკარგვა კი ადვილია. რაც შეეხება მეორე ტურს, ახლა «ოცნებამ» ყველანაირად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ არ დამარცხდეს. «ნაცმოძრაობა», ფაქტობრივად, სექტასავით ჩამოყალიბდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. იმის შიშით, რომ «ნაცმოძრაობამ» არ გაიმარჯვოს, პერსპექტივა არ გაუჩნდეს თუნდაც 4 ან 8 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების, ოპოზიცია მხარში უნდა დაუდგეს ხელისუფლებას. ამ ნათელაშვილმა ხომ გააწყალა გული, ვერ ხვდება, რომ შევარდნაძესავით მოჭამა თავისი. ხომ ხედავთ, გიორგი თარგამაძე ადგა და წავიდა, ვინ გახდა ეს ნათელაშვილი, არ რცხვენია ბოლოს და ბოლოს? პრინციპში, თავისი საქმე თვითონ იციან ლეიბორისტებმა, მაგრამ ჯამბაზობას ჰგავს ხოლმე მათი გამოსვლები. ვიმეორებ, მეორე ტურში არასაპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სახელისუფლო კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

_ არასაპარლამენტო ოპოზიციაც თვლის, რომ «ნაცები» და «ოცნება» ერთნი არიან, ერთი ცენტრიდან იმართებიან.

_ მე მთლად ასე არ ვიტყოდი და გეტყვით რატომაც. ჩემი ინფორმაციით,  რამდენიმე ოპოზიციური პარტია «ოცნების» სატელიტი გახდება, რათა «ნაცმოძრაობა» ერთიანი ძალებით გაწიოს გვერდზე. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ვერსიაა. ამიტომ შეიძლება მხოლოდ ასეთმა პარტიებმა დაუჭირონ მხარი «ოცნებას» ნარმანიას გამარჯვებაში. და კიდევ ერთი, ბევრს საუბრობენ კოალიციის დაშლაზე და მოღალატე მინისტრებზე. რა ხდება «ოცნებაში», არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, «ქართული ოცნება» ცალკე პოლიტიკურ პარტიად რომ გავიდეს, უკეთესი იქნება. უფრო შეკრული და უფრო ორგანიზებული იქნება. ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნებამდე მიაღწევს კოალიცია, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე რა ფორმით წარდგება, არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here