Home რუბრიკები პოლიტიკა «ქართული ოცნება» და უსარგებლო იდიოტები

«ქართული ოცნება» და უსარგებლო იდიოტები

906

თბილისი აშკარად დაიღალა პოლიტიკისგან, მასზე სულ უფრო იშვიათად საუბრობენ. მიზეზი ბევრია _ ზოგადი დაღლილობა ცვილებების ორწლიანი, ემოციურად დატვირთული პერიოდისგან, სიცხე და საკმაოდ საინტერესო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. თუ მერის არჩევნების მეორე ტურში ორივე კანდიდატი ერთად თუნდაც 300 ათასი ამომრჩევლის მობილიზებას მოახერხებს, ამას, ალბათ, დიდ წარმატებად ჩავუთვლით. 


მთავარი მიზეზი კი, რომლის გამო საზოგადოების (კერძოდ კი, «ქართული ოცნების» ამომრჩეველების) ნაწილი პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს, სავარაუდოდ, იმედგაცრუება და აპათიაა _ მათ უბრალოდ ვერ შეაგნებინეს ხელისუფლებას, რომ მათთვის სასურველი, ერთი შეხედვით, სავსებით მარტივი და ლოგიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეს ადამიანები დაიღალნენ უნაყოფო კომუნიკაციისგან და ერთგვარი პაუზა აიღეს.

ახალი ხელისუფლება სულაც არ არის ყრუ, ავადსახსენებელი მურვანისგან და მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, და, ასე თუ ისე, რეაგირებს საზოგადოებიდან წამოსულ სიგნალებზე, მაგრამ ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებისთვის იმდენად ბევრი დრო სჭირდება, რომ მის არაერთ, სავსებით გულწრფელ გულშემატკივარს, უბრალოდ, მოთმინება ღალატობს. კონკრეტული მაგალითი: გასულ კვირას საზოგადოებამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რომელიც ყველამ როდი შეამჩნია _ წელიწადნახევრიანი კრიტიკის შემდეგ, ხელისუფლებამ, როგორც იქნა, შვა მეტ-ნაკლებად მისაღები პროექტი მაღალჩინოსნების მაღალი პრემიების პრობლემის დარეგულირების შესახებ; ხვალ მას მთავრობის სხდომაზე გაიტანენ, 1 ივლისს კი მშრომელთა ფართო მასებს წარუდგენენ. ახალი ნორმების თანახმად, სახელმწიფო მოხელეზე გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს. მისი გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კვარტალში ერთხელ, თანაც შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. ამასთანავე, ხელმძღვანელი პირები საკუთარ თავს პრემიებს ვეღარ გამოუწერენ. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ: «საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი დასაბუთებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულის ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი» (ინტერპრესნიუსი). 

ახალი ნორმები არ გავრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობაზე, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე, გავრცელდება მხოლოდ აღმასრულებელზე, თუმცა ამ პროექტის შექმნას, ალბათ, მაინც წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ვუწოდოთ. რომლის შემდეგაც, უბრალოდ, ვალდებულები ვიქნებით, ვიკითხოთ: რატომ დასჭირდა ამას წელიწადნახევარი?!

სხვათა შორის, როდესაც პრემიებთან და პრივილეგიებთან დაკავშირებით კრიტიკის კამპანია იწყებოდა, უამრავი იდიოტი დახტოდა (სრულიად  უსარგებლო იდიოტი, ლენინის მიერ ნახსენები «სასარგებლო იდიოტებისგან» განსხვავებით) და შელოცვასავით იმეორეობდა: «ნუ აკრიტიკებთ მთავრობას, ბატონმა ბიძინამ უკეთ იცის!». ისინი მხოლოდ მას შემდეგ გაჩუმდნენ, როდესაც გაირკვა, რომ ივანიშვილიც, აგრეთვე, აღშფოთებულია მაღალჩინოსნების გაუმაძღრობით. იყო შუალედური გადაწყვეტილებები (მინისტრების ხელფასების შემცირება და ა. შ.), რომელიც აპრიორი ვერ იმუშავებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ეს პრობლემა მმართველ ძალას რეიტინგს აკარგვინებს, მან მეტ-ნაკლებად მისაღები პროექტი შეიმუშავა. ახლა, ალბათ, კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ: ამ პერიოდში «ქართული ოცნების» რამდენი ამომრჩეველი  მივიდა დასკვნამდე «ესენი ისეთივე წურბელები არიან, როგორიც «ნაციონალები» იყვნენ» (და ამის შემდეგ «ოცნებას» დაემშვიდობა)?

წელიწად-ნახევარია, უამრავი პატივცემული ადამიანი დგას და უმტკიცებს, რომ სააკაშვილის რეჟიმის (სავარაუდოდ) დამნაშავე წარმომადგენლების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა დაღუპავს არა მხოლოდ «ქართულ ოცნებას», არამედ ქართულ სახელმწიფოსაც. მთავრობა ისევ შუალედური გადაწყვეტილებებით პასუხობს, სჯის ცალკეულ მაღალჩინოსნებს ცალკეულ ეპიზოდებზე მაშინ, როდესაც პროკურატურას უამრავი საქმე თაროზე აქვს შემოდებული. გონს, ალბათ, მაშინ მოვლენ, როდესაც არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 10% მივა, რომელთა ნახევარი ხმას არასაპარლამენტო ოპოზიციას მისცემს.

პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებიდან წამოსული სიგნალების გააზრების და ადეკვატური გადაწყვეტილებების შემუშავების ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მმართველი კოალიცია ძალიან მალე დაიღუპება და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ვერაფერს უშველის.

იმ ფონზე, როდესაც იმედგაცრუებული ამომრჩევლების ნაწილი ცალმხრივად წყვეტს კავშირს ხელისუფლებასთან, საკუთარი იდეების საჯარო გაჟღერების სურვილს კარგავს და პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს, მმართველი კოალიციის შიგნით მთავარ ადგილს ნელ-ნელა ხელისუფლების შენარჩუნების იდეა იკავებს, რომელიც დომინირებს როგორც აშკარა იდეურ განსხვავებებზე კოალიციიის სუბიექტებს შორის, ისე (ამა თუ იმ სფეროში) შედეგიანი, მაგრამ სარისკო პოლიტიკის გატარების სურვილზე. ეს არის პირდაპირი გზა ძველი ყაიდის «სახელისუფლო პარტიის» შექმნისკენ და შემდგომი კრახისკენ, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცენტრალურ იდეად ხელისუფლების შენარჩუნებას გაიხდის, აპრიორი განწირულია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ავანსცენაზე გამოდიან ზემოთ ნახსენები «უსარგებლო იდიოტები», რომელნიც ირწმუნებიან, რომ ამ საშიშ ტენდენციებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ვაცალოთ, არ გავაკრიტიკოთ და ა. შ. ისინი იმ ადამიანების შეჩერებას ცდილობენ, რომელთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ გადაარჩინონ ის, რაც ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმისა და უსინდისობის ჭაობში იძირება. ზოგადად, ამქვეყნად არაფერია უფრო დამღლელი, ვიდრე პოლემიკა პოლიტიკურ იდიოტებთან, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით დაღუპეს გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლება და ის მოქალაქეები, რომელნიც 2012 წლის ოქტომბერში «ოცნებას» იმედის თვალით უყურებდნენ, ნელნელა წყვეტენ აქტიურობას და აპათიური მოლოდინის რეჟიმში გადადიან.

მართალია, არის ერთი ფაქტორი, რომელიც ჯერ კიდევ ცალსახად მმართველი კოალიციის სასარგებლოდ მუშაობს და, რაოდენ პარადოქსულად უნდა გაიჟღეროს, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია. წარსულს ჩაბარდა შიში და დაძაბული მოლოდინი იმისა, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება დაიწყოს ახალი ომი რუსეთთან, ხოლო ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შევარდნენ სააკაშვილის ზონდერები და იქ საშინელი ამბები დაატრიალონ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აფასებს ამას, რაც კვლავინდებურად ასხამს წყალს «ოცნების» წისქვილზე, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში იმოქმედებს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბევრი მოქალაქე ოცნებობდა ნამდვილ რევოლუციაზე, დამპალი ნეოფეოდალური სისტემის დასამარებაზე, რომელიც სააკაშვილმა ლოგიკურ (და ამავე დროს შიზოფრენიულ) სრულყოფამდე მიიყვანა. ქვეყანას ნამდვილად ჰქონდა შანსი, ეს რევოლუცია მოეხდინა და ლოკალური ხასიათის ცვლილებებით არ შემოფარგლულიყო. დღეს ამ რევოლუციაზე აღარ ვსაუბრობთ, არამედ დეგრადირებული პოლიტიკური იმპოტენტების სხვადასხვა ჯგუფების (მეტწილად წარმოსახვითი) ბრძოლის ნიუანსებს განვიხილავთ და, როგორც წესი,  სიკეთეს კი არ დავეძებთ, არამედ მხოლოდ «ნაკლებ ბოროტებას». გასაკვირი არაა, რომ ის ადამიანები, რომელნიც საქართველოში გაცილებით სამართლიანი, არსებითად განსხვავებული სისტემის დაფუძნებაზე ოცნებობდნენ, კარგავენ ინტერესს ამ ფსევდოპოლიტიკური დისკუსიის მიმართ და მისგან დისტანცირებას ცდილობენ. საბოლოო ჯამში, ისინი შორდებიან არა პოლიტიკას, არამედ იმას, რაც ამ ეტაპზე საქართველოში პოლიტიკად ითვლება (ეს სრულიად სხვა რამ არის). მაგრამ შეიძლება თუ არა  ხელის ჩაქნევა განვიხილოთ, როგორც გამოსავალი?

სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ, მძიმე და თითქმის უიმედო პერიოდში, როდესაც არაერთი ღირსეული, მაგრამ უკიდურესად გადაღლილი, იმედგაცრუებული ადამიანი ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობდა, ერთმა რეჟისორმა, ვიწრო მეგობრულ წრეში, მოყვა ისტორია, რომლის მოსმენის შემდეგ მის თანამოსაუბრეებს  შერცხვათ და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ, საქართველოში გავრცელებული ლოზუნგის თანახმად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.     

ეს ამბავი ბერლინში, 1943 წლის თებერვალ-მარტში მოხდა. ბევრი ჩვენგანი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენს საპროტესტო დემონსტრაციას მესამე რაიხში. არადა, მას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მაშინ რეჟიმმა ბერლინში დააპატიმრა ათასობით ებრაელი შერეული ოჯახებიდან, რომლებსაც ადრე არ ეხებოდა და როზენშტრასეზე განლაგებულ შენობაში გამოკეტა, რათა შემდგომ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაეყვანა. მათი გერმანელი მეუღლეები და ახლობლები როზენშტრასეზე მივიდნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ, მესამე რაიხის კოშმარული რეპრესიული მანქანა, მეორე მხრივ, _ უბრალო ადამიანები, რომლებიც იმ სიტუაციაში უპრეცედენტოდ თამამ მოთხოვნებს აყენებდნენ. ნაცისტები მოკვლით ემოუქრებოდნენ, აპატიმრებდენ, აფურთხებდნენ და მოღალატეებს ეძახდნენ, მაგრამ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომელთა უმრავლესობას ქალები შეადგენდნენ, ერთი კვირის განმავლობაში როზენშტრასედან ფეხი არ  მოიცვალეს. შემდეგ კი სასწაული მოხდა. 6 მარტს ნაცისტებმა დემონსტრანტებს უკანასკნელი გაფრთხილება მისცეს და ცეცხლის გახსნისთვის მოემზადნენ, მაგრამ მათ უკან მაინც არ დაიხიეს. უკან დაიხია რეჟიმმა, რომელიც შეაშინა ამ ადამიანების პროტესტმა და სხვა ბერლინელების ძნელად ამოსაცნობმა რეაქციამ მათ შესაძლო ჩაცხრილვაზე. იმავე დღეს ბერლინის გაულაიტერმა იოზეფ ჰებელსმა დაახლოებით 2000 დაკავებული ებრაელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო; 25 მათგანი, რომელიც დაკავებისთანავე საკონცენტრაციო ბანაკის გზას გაუყენეს, ოსვენციმიდან(!) უკან მოაბრუნეს. ქალებმა, როზენშტრასედან, გერმანიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს.

როდესაც ადამიანს თვალწინ ასეთი მაგალითი გაქვს, უბრალოდ, სირცხვილია, სააკაშვილის რეჟიმს შეუშინდე. მაგრამ, ალბათ, გაცილებით დიდი სირცხვილი და უპასუხისმგებლობაა, ხელი აიღო ახალი ხელისუფლების აზრზე მოყვანის მცდელობაზე, როდესაც მას გონიერება ჯერ კიდევ შერჩა და არსებობს შანსი, რომ ის მორიგ საზიზღარ ავტორიტარულ რეჟიმად არ გადაიქცევა. პასიურობა და ასპარეზის დათმობა «უსარგებლო იდიოტებისთვის» ასეთ დროს, პრინციპში, დანაშაულის ტოლფასია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here