Home რუბრიკები საზოგადოება ბიუჯეტის ვირთხები ეკონომიკის ნგრევას განაგრძობენ!

ბიუჯეტის ვირთხები ეკონომიკის ნგრევას განაგრძობენ!

713

ქვეყნის სათავეში პოლიტიკური გაიძვერობით, თაღლითობითა და ხალხის მოტყუებით მოსულმა «ქართულმა ოცნებამ» ის არ იკმარა, რომ, ფაქტობრივად, არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა, ბოლო ხანს საბიუჯეტო თანხების უპრეცედენტო ფლანგვაც დაიწყო. სამინისტროები, დეპარტამენტები თუ ქვეუწყებები ხაზინის მახრებად იქცნენ. ჯამში, ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაცემული პრემიები უკვე რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს. 


ასე, მაგალითად, «ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის» მონაცემს თუ დავეყრდნობით, შემოსავლების სამსახურში მარტო 2013 წელს თორმეტმა პირმა პრემიის სახით 514890 ლარი მიიღო. 6 626 858 ლარი დაიხარჯა ამავე სამსახურში ავტოპარკის განახლებაზე და მათ შორის ყველაზე დიდი თანხა იქნა გადახდილი (2 437 470 ლარი) სპეცავტომანქანა რენტგენო სკანერი RAPISCAN Eagle M60 #UMB 784-ის შესაძენად.

კოლოსალური თანხები გაიცა 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნებზეც. ამავე უწყების სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, პრემიებზე _ 34310, ხოლო სახელფასო დანამატებზე 114 004 ლარი დაიხარჯა. ანალოგიური სურათია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც _ თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა თუ ეკონომიკის სამინისტროებში საქმე ასტრონომიულ რიცხვებთან გვაქვს. რაც შეეხება თვითონ ირაკლი ღარიბაშვილის «გასამრჯელოს», ჯერჯერობით უცნობია, რამდენს იღებს პრემიერი ქვეყნის სამსახურში, თუმცა ის ფაქტი, რომ იგი თავის შემოსავლებს მკაცრად ასაიდუმლოებს, ეჭვებს თავისთავად აჩენს.

ასე თუ ისე, ხელისუფლება თავისას განაგრძობს და აქამდე რა ძირგამომთხრელი საქმეებიც აკეთა, ყველაფერი, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა. როგორც ჩანს, ეს დაუსჯელობის სინდრომიც თავისას შვრება, ამიტომ მომავალშიც არ უნდა ველოდოთ, რომ ღაბაბგასქელებული მინისტრები «ჭამას» მოუკლებენ…

«საქართველო და მსოფლიო» «ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის» (IDFI)ანალიტიკოს გოგა თუშურაშვილს შეხვდა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაცემული პრემიების შესახებ ესაუბრა.

_ ბატონო გოგა, თქვენი ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ციფრებს, რომელმა მინისტრმა თუ მინისტრის მოადგილემ რა ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი მიიღო. პირველ რიგში, რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ საკითხისადმი და კონკრეტულად რა მონაცემებს ფლობთ?

_ IDFI-ის ერთ-ერთი მიმართულება არის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაბამისი დაწესებულებებიდან. ჩვენ ამ საქმიანობას ვაწარმოებთ 2009 წლიდან და ვცდილობთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი მონაცემები. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე უფრო რთული იყო სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღება, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცესი შედარებით გაიოლდა, მაგრამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მთელი რიგი დაწესებულებების შემთხვევაში, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გვაძლევდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას, თავიანთ პრემიებზე ინფორმაციის მოწოდებისგან კი თავს იკავებდნენ და, ბუნებრივია, წინააღმდეგობას წავაწყდით. მაგალითად, ფინანსთა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და სხვა სამინისტროები იმ უწყებების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ საწყის ეტაპზე დეტალურად მოგვაწოდეს ციფრები, ხოლო ამჯერად უკვე მოგვცეს მხოლოდ ჯამური ოდენობები, ანუ რას ვგულისხმობ: ისინი გვაწვდიან ყველა თანამდებობის პირზე ერთად რამდენი გაიცა და ამდენად, ვერ ვიგებთ, კონკრეტულმა პირმა რამდენი მიიღო.

_ გამოდის, რომ სამთავრობო უწყებები ამ მხრივ თავიანთ ნებაზე არიან მიშვებულნი?

_ 2013 წლის მარტში იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც დარეგულირდა მინისტრების ხელფასები. მინისტრებს დანამატის სახით დაუწესდათ 4 335 ლარი სარგოსთან ერთად, რომელიც შეადგენს 3540 ლარს და ხელზე იღებენ 6300 ლარს. რაც შეეხება მინისტრების მოადგილეებს, აქ კვლავ დაურეგულირებელია ყველაფერი. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა მინისტრებზე მეტი შემოსავალი მათ მოადგილეებს აქვთ. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები თვეში იღებენ  თანამდებობრივი სარგოს დაახლოებით ორმაგ ოდენობას, სამმა მათგანმა 2013 წელს პრემიის სახით მიიღო 190 ათას ლარამდე. ასევე ძალიან მაღალი პრემიები გაიცა იუსტიციის სამინისტროში. კერძოდ, მინისტრის ხუთმა მოადგილემ მიიღო 230 ათასი ლარი.

_ სამინისტროების გარდა, სხვა დაწესებულებებში რა მდგომარეობაა?

_ სხვაგან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის კუთხით. ვგულისხმობ დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებს, საჯარო სამართალის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებს. მაგალითად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თითოეულ წევრს შემოსავლის სახით 2013 წელს მიღებული აქვს დაახლოებით 300 ათასი ლარი, რაც, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარ ზღვარს სცდება. თანაც ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი სახსრები გაიცემა ბიუჯეტიდან. კიდევ ვიმეორებ: ამის კონტროლი არ ხდება და ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, არ ვიცით, რა ნიშნით, რა პრინციპით ხარჯავს სახელმწიფო ამხელა თანხებს.

_ თქვით, რომ გაურკვეველია, როგორ და რა პრინციპით  გაიცემა პრემიები. ამის შესახებ თუ მიმართეთ შესაბამის უწყებებს?

_ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები და ამაზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამხელა თანხების გაცემა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. რაც შეეხება, მივმართეთ თუ არა რომელიმე უწყებას, ახლა, როდესაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს სისტემა და ამ სისტემით უნდა გაიცეს პრემიები, ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთ რეკომენდაცია არის სწორედ ის, რომ გაიწეროს დეტალურად, რის საფუძველზე გაიცემა საპრემიო თანხა. დღეს რაც ხდება, კიდევ ვიმეორებ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამის ასე დატოვება ქვეყნისთვის საზიანოა… შეუძლებელია, ადამიანმა ისეთი სასწაული მოახდინოს, რომ ყოველთვიურად უზარმაზარი პრემიები მიიღოს.

_ ჯამში რა თანხაა სახელმწიფო სტრუქტურებში გაცემული, ვგულისხმობ პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ პერიოდს?

_ ჩვენი მონაცემით, 14 სამინისტროს მხოლოდ თანამდებობის პირებზე პრემიად გაცემულია 9 მილიონი ლარი. ჯამში კი, ალბათ, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი.

_ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ეს საკითხი გახდეს გამოძიების საგანი?

_ კანონმდებლობა არ არეგულირებდა და დღემდე არ არეგულირებს ამ საკითხს, ანუ არ არის დაწესებული ზედა ზღვარი, არ არის განსაზღვრული, ვის რა რაოდენობით პრემიის მიღების უფლება აქვს და ესაა მთლიანად დამოკიდებული ამა თუ იმ კონკრეტული სტრუქტურის ხელმძღვანელის კეთილ ნებაზე.

_ გამოდის, რომ უწყების ხელმძღვანელს შეუძლია, დღეს, ვთქვათ, ერთი მილიონი გამოუწეროს საკუთარ თავს?

_ საპრემიო ფონდში მაგდენი თანხა ფიზიკურად არ ექნებათ, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში დადგება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო სამართლებრივად, როგორც გითხარით, ეს არ არის რეგულირებული და, შესაბამისად, რაიმე სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ცხადია, ვერ იქნება საუბარი.

_ ხშირად კრიტიკული განცხადებები ისმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართითაც. რა მდგომარეობაა პრემიების კუთხით ცესკოში?

_ აქაც ანალოგიური სურათია. მაგალითად, კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას სახელფასო დანამატის სახით ყოველთვიურად მიღებული აქვს 10 ათასი ლარი. ზოგჯერ 15 ათასსაც იღებს და არის თვე, როცა მისი შემოსავალი შეადგენს 25 ათას ლარსაც. ასევე ძალიან მაღალი პრემიები გაიცა მის მოადგილესა და თანამშრომლებზე.

_ თვითონ სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები ხშირად ამბობენ, რომ დაბალი ანაზღაურების პირობებში კვალიფიციური კადრების მოზიდვას ვერ შეძლებენ. ამაზე რა აზრის ხართ?

_ ასეთი არგუმენტები მეც მომისმენია და მინდა გითხრათ, რომ ეს სრული აბსურდია. ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და მოვიძიეთ ინფორმაცია _ რა შემოსავალი ჰქონდათ კონკრეტულ პირებს, ვიდრე ისინი თანამდებობებზე დაინიშნებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ, ფაქტობრივად, არც ერთი მინისტრის მოადგილეს, დღეს რომ პრემიებს ათასობით და ათიათასობით ლარს  იღებს, ძველ სამსახურში ასეთი მაღალი ანაზღაურება არ ჰქონდა. მაგალითად, სპორტის მინისტრის მოადგილის ამჟამინდელი შემოსავლი 58 960 ლარია, მანამდე კი მას, სულ რაღაც, 1200 ევრო ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არ არის აუცილებელი, კოლოსალური ანაზღაურება ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეს. აქ დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული, ვის რამდენი ეკუთვნის, რა დამსახურების გამო და, როცა კანონმდებლობა ამას დაარეგულირებს, არც ერთ მინისტრს თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელს აღარ ექნება საშუალება, თავისი ნებით გადაწყვიოს, 10 ათასს გამოუწერს თანამშრომელს თუ, მაგალითად, ერთ მილიონს.

ჯაბა ჟვანია

P.S. ამას წინათ ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის სისტემა უნდა შემუშავდესო, მაგრამ ერთი რამ მაინც საკითხავია _ ათასებსა და ასი ათასებს ნაჩვევი მაღალჩინოსნები კანონის შიშით მოიშლიან ბიუჯეტის ფლანგვას? ეჰ, ძნელია ჭამაში მოსული მადის გაქრობა და ქამრის შემოჭერა. არადა, ეს «ოცნებაც» უკვე აღარ მუშაობს»; ხალხი ნელნელა გამოდის ეიფორიის ბურუსიდან, კოალიცია სადაცაა საბოლოოდ გადაინაცვლებს პოლიტიკური ქოსატყუილების რიგებში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here