Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე პირველი თუ პეტრე უკანასკნელი?

პეტრე პირველი თუ პეტრე უკანასკნელი?

689

7 ივნისს კიევში უკრაინის ახალი პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს ინაუგურაცია გაიმართა. სიტყვა, რომელიც მან ცერემონიაზე წარმოთქვა, არა ერთ საინტერესო გზავნილს შეიცავდა, მან, ფაქტობრივად, წარმოადგინა ტაქტიკური მონახაზი, რომლითაც ახლო მომავალში იხელმძღვანელებს და კომენტატორებს გაცილებით დეტალურად მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. მათი დასკვნები უკრაინის ახლო მომავალთან დაკავშირებით, როგორც წესი, პესიმისტურია, რადგან ამ ქვეყანას მშვიდობის დამყარებამდე საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუწევს. ეს პროცესები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან დღეს უკრაინაში რეალურად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ბედი წყდება.


სააკაშვილიღა აკლდათ

ინაუგურაციის დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეარხების ეთერში დაჟინებით ურჩევდა პეტრე პოროშენკოს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არ შეეწყვიტა «ანტიტერორისტული ოპერაცია», რომელსაც უკვე, ასობით თუ არა, ათასობით (სხვადასხვა წყარო განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს) ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მან ასევე განაცხადა, რომ მალე უკრაინაში ჩავა «ქართველი რეფორმატორების გუნდი, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ ქართული ეკონომიკური სასწაული შექმნა». «ეკონომიკურ სასწაულში» ფიგურანტი, სავარაუდოდ, იმას გულისხმობდა, რასაც  საქართველოში «სოციალურ გენოციდს» უწოდებენ. თუმცა ეს უკვე არა ჩვენი, არამედ უკრაინელების პრობლემაა; თუ მათი ახალი ხელისუფლება სრული სერიოზულობით აპირებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯგუფთან, დიდი ალბათობით, არც ეკონომიკური «სასწაულები» ასცდებათ, არც ზონდერების ხელკეტები, არც წამება და გაუპატიურება. ქართულ აუდიტორიას კი სააკაშვილის უკრაინული თავგადასავლები ნაკლებად აინტერესებს (და ეს კარგად აისახება სოციალურ ქსელებში), არამედ მხოლოდ ის, რატომ არ გამოაცხადეს ის აქამდე ძებნაში (და, შესაბამისად, როდის გამოაცხადებენ).

ძალისმიერი ოპერაციის გაგრძელების რჩევა მეტისმეტად ზოგად ხასიათს ატარებს. გაგრძელდეს, მაგრამ როგორ? ერთია ქალაქების მიწასთან გასწორება არტილერიით თუ ავიაციით და სამხრეთ-აღმოსავლეთში მკაცრი რეჟიმის შემოღება საფილტრაციო ბანაკებით და სულ სხვაა მეამბოხეთა ნელი, დროში გაწელილი «მოგუდვა» მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური გაფრთხილების პირობებში. ეს ორი ვარიანტი (თავისი ქვევარიანტებით) სტრატეგიულ პერსპექტივაში უკრაინას სხვადასხვა შედეგს მოუტანს. ექსპერტების შეფასებით, ოპერაციები სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინას დღეში, როგორც მინიმუმი, 3 მილიონი დოლარი უჯდება (დაზიანებული ტექნიკის რემონტის და რიგი სხვა თანმდევი ხარჯების გათვალისწინების გარეშე). დაპირისპირების ზონაში მოქცეულია საწარმოები, რომელნიც ადრე ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 25%-ს უზრუნველყოფდნენ. ამასთანავე, უკრაინა ყოველდღიურად განიცდის ზარალს, რომლის შეფასება ფინანსურ ეკვივალენტში, უბრალოდ, შეუძლებელია. ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, სიძულვილის ესკალაცია მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფს შორის, უდიდესი საიმიჯო დანაკარგები საერთაშორისო არენაზე და ა. შ. გასულ კვირას ამბოხებულებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, როდესაც რუსეთთან საზღვრის დაახლოებით ასკილომეტრიანი მონაკვეთიდან უკრაინელი მესაზღვრეები განდევნეს. ყველა დამკვირვებელს აინტერესებდა, რას იტყოდა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პეტრე პოროშენკო თავის საინაუგურაციო სიტყვაში.

«დაჟინებით მოვუწოდებ ყველას, ვინც აიღო იარაღი, დაყაროს ის. ამის პასუხად, ჯერ ერთი, ვაძლევ გარანტიას, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ისინი, ვის ხელებზეც არ არის უკრაინელი მეომრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი და მათ, ვისაც ტერორიზმის დაფინანსებაში წვლილი არ მიუძღვით. ამასთანავე, კონტროლირებად დერეფანს დაქირავებულ მებრძოლებს რუსეთიდან, რომელნიც სახლში დაბრუნებას განიზრახვენ. მესამე _ სამშვიდობო დიალოგი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებთან. მათთანაც კი, ვისაც ქვეყნის მომავალზე ჩემგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ, _ განაცხადა პეტრე პოროშენკომ და დაჰპირდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მოსახლეობას, რომ მალე სამშვიდობო გეგმას წარუდგენს, რომელიც ხელისუფლების დეცენტრალიზაციას და რეგიონში რუსული ენის თავისუფალ გამოყენებას ითვალისწინებს, აგრეთვე, «ადგილობრივი საზოგადოებების უფლებას თავიანთ ნიუანსებზე ისტორიული მეხსიერების, გმირთა პანთეონისა და რელიგიური ტრადიციების საკითხებში». მან დადო პირობა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ფედერალიზაციის იდეაზე პოროშენკომ შემდეგი რამ თქვა: «უკრაინა იყო, არის და იქნება უნიტარული სახელმწიფო. ბოდვას ფედერაციაზე უკრაინაში საფუძველი არ აქვს».

აშკარაა, რომ ყოველივე ეს მიუღებელი და არასაკმარისია დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებისთვის, რაც მათ პოროშენკოს განცხადების კომენტირებისას დააფიქსირეს. მაგალითად, ფედერალიზაცია მათთვის პროგრამა-მინიმუმია, რომელსაც შეიძლება მხოლოდ კიევის მიერ მთელი რიგი პირობების შესრულების შემდეგ დათანხმდნენ, ხოლო პოროშენკო მას სრულიად მიუღებელად მიიჩნევს. იგივე შეიძლება ითქვას ამნისტიასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, განსახილველი აქ არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახალი პრეზიდენტი, შესაძლოა, აპირებს არა მოლაპარაკებებს ამბოხებულების ლიდერებთან, არამედ მათ სრულ პოლიტიკურ იზოლირებას, რაზეც კიდევ ორი მისი განცხადება მიანიშნებს.

«დღეს ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმური პარტნიორი დიალოგისთვის. ბანდიტებთან ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ხოლო მოქმედი ადგილობრივი დეპუტატები უკვე აღარავის წარმოადგენენ. და ჩვენ მზად ვართ, გამოვაცხადოთ ვადამდელი ადგილობრივი არჩევნები დონბასში», _ განაცხადა პეტრე პოროშენკომ და, სავარაუდოდ, სწორედ ამ პასაჟის უკან იმალება მისი გეგმის ძირითადი იდეა.

ნებისმიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შექმნის დროს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იქნება თუ სხვა, ადგილობრივი ელიტის ნაწილი უკმაყოფილო რჩება. ასე იყო ყველგან, ასეა დონბასშიც _ მეამბოხეთა ლიდერებით უკმაყოფილოა არა მხოლოდ ოლიგარქი რინატ ახმეტოვი, არამედ მთელი რიგი შედარებით დაბალი რანგის ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკებისა, რომლებიც არ წყვეტენ ღია თუ ფარულ კავშირს კიევთან. პოროშენკო პრობლემის გადაწყვეტას, როგორც ჩანს, ამ ხალხზე დაყრდნობით გეგმავს და კონფლიქტის «დონბასიზაციას» («ვიეტნამიზაციის» და «ჩეჩენიზაციის» მსგავსად) აპირებს. მარტივად რომ ვთქვათ, მას დონბასში ახმად (შემდგომ კი რამზან) კადიროვის ტიპის ფიგურა სჭირდება და კონფლიქტის მოქცევა შემდეგი სქემის ჩარჩოებში _ «კარგი დონბასელები» «ცუდი სეპარატისტების» წინაააღმდეგ. რინატ ახმეტოვმა ვერ შეასრულა «დონბასის კადიროვის» როლი და ვერ მიაღწია რეგიონზე ისეთი ტიპის კონტროლს, როგორც იგორ კოლომოისკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ არ შეეცდება (ან კიდევ, ამ როლს ვინმე სხვა შეასრულებს). მსურველი, სავარაუდოდ, საკმარისზე მეტი მოიძებნება, თუ პრიზი იქნება ისეთივე, პრაქტიკულად შეუზღუდავი ბატონობა ოლქზე, როგორიც კოლომოისკის დნეპროპეტროვსკში აქვს. პირველი, რის გაკეთებას პოროშენკო, როგორც ჩანს, გეგმავს, «კარგი დონბასელების» ლეგიტიმაციაა, რაც, ასე თუ ისე, ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მეამბოხეთა სუსტი წერტილი ძალიან დაბალი ხარისხის, პრაქტიკულად არარსებული ლეგიტიმურობაა _ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ახალ, აშკარად შეცვლილ რეალობაში არჩევნები არ გამართულა. თუმცა ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში რამდენადმე დამაჯერებელი არჩევნების ჩატარებას.

რა ჩაიფიქრა პილპილის მბრძანებელმა?

პეტრე პოროშენკო ყოველთვის ცდილობდა, მოწინააღმდეგეებთან ფრონტალურ დაპირისპირებაში არ ჩაბმულიყო და წარმატების მიღწევის ალტერნარტიული გზა მოეძებნა; ამ მხრივ, ის რაღაცით ჰგავს ბიძინა ივანიშვილს. როდესაც უკრაინელი ოლიგარქები ერთმანეთს ხოცავდნენ (ხანდახან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მეტალურგიული და სხვა სამრეწველო გიგანტების დაპატრონებისთვის, პოროშენკომ მზერა გაუბედურებულ აგრარულ სექტორს მიაპყრო, რომელიც საკუთრების გადანაწილების პროცესში დიდად არავის აინტერესებდა. კარიერის დასაწყისში პოროშენკო შავმა პილპილმა გაამდიდრა და ოლიგარქიული ოლიმპოსკენ გზა გაუხსნა. სავარაუდოდ, ის ამ შემთხვევასიც შეეცდება შემოვლითი გზა მოძებნოს, თუ გარემოებები და უცხოელი პარტნიორები, სააკაშვილის მსგავს მრჩევლებთან ერთად, არ აიძულებენ ხისტ დაპირისრისპირებაში ჩაებას.

პოლიტიკა, რომელიც დონბასის ელიტაში შიდა კონფლიქტის გაღვივებას ითვალისწინებს, არასაკმარისია ამმბოხებულების რადიკალური ნაწილის იზოლაციისთვის, ამიტომ ყურადღება პოროშენკოს მეორე გზავნილს უნდა მივაქციოთ. პირველსავე სამუშაო დღეს მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზებაზე დაუყონებლივ დაიწყებს. როგორც  ცნობილია, რუსეთს აინტერესებს «ანტიტერორისტული ოპერაციის» შეწყვეტა (პოროშენკომ თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ამის გაკეთებას აპირებს), ხოლო უკრაინას რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომელმაც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ჯარის შეყვანის უფლება მიანიჭა. ცხადია, ეს მხოლოდ ერთი, საბრძოლო შეტაკებებთან უშუალო კავშირში მყოფი ასპექტია, თორემ სალაპარაკო რუსეთსა და უკრაინას გაზზე და უამრავ საკითხზე საკმარისზე მეტი აქვთ.

ამ მოლაპარაკებების დროს პოროშენკო, სავაუდოდ, შეეცდება, თავი კონსტრუქციულ პარტნიორად წარმოაჩინოს, მეტიც, შეიძლება რიგ დათმობებზე წავიდეს, რათა სავარაუდო მიზანს მიაღწიოს _ ჩაითრიოს კრემლი «განმუხტვის» პროცესში, მანამ ზემოთ ნახსენები «კარგი, ლოიალური დონბასელების» ორგანიზებას მოახდენს. სავარაუდოდ, სწორედ ამაში მდგომარეობს რადიკალ მეამბოხეთა იზოლირების გეგმის მეორე ძირითადი იდეა.

«,ვიეტნამიზაცია» თავის დროზე მიზნად ისახავდა ამერიკული ჯარის თანდათანობით დისტანცირებას უშუალო მონაწილეობისგან საბრძოლო მოქმედებებში და მათ ჩანაცვლებას ადგილობრივებით. პოროშენკოც, სავარაუდოდ, შეეცდება, მინიმუმამდე დაიყვანოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა დაპირისპირებაში. დიდ ხარჯებსა და მზარდ ქაოსს თავი რომ დავანებოთ, ქალაქების დაბომბვა ავიაცია-არტილერიით ძალზე არაპოპულარული რამ არის. მაგრამ რამდენად გამოუვა ეს, სხვა საკითხია _ ომს თავისი ლოგიკა აქვს. თუ უკრაინელი სამხედროები უცებ «გაჩერდებიან», მეამბოხეები, დიდი ალბათობით, მკვეთრად გააქტიურდებიან და კონტროლის ზონას გააფართოებენ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს პრობლემის სწრაფი, ძალისმიერი «მოგვარების» ცდუნება და მასზე დაფუძნებული ოპერაციების დაწყება შეიძლება (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) პოროშენკოს ნების საწინააღმდეგოდაც მოხდეს. დეესკალაცია, თუკი ასეთს საერთოდ        ვიხილავთ, სწრაფი, ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ იქნება.

მიუხედავად იმისა, დონბასის ძალისმიერ დამორჩილებას აპირებს პოროშენკო თუ მის შემორიგებას, პირველი ბრძოლა მოსაგები კიევში ექნება. მის ხელთ კონცენტრირებული ბერკეტები არასაკმარისია იმისთვის, რომ ამბოხებულ რეგიონსა და მთელ ქვეყანაში ეფექტური პოლიტიკის გატარება შეძლოს.

კიევის ტორტი და ბოლო შანსი

ინაუგურაციამდე პოროშენკომ დაიწყო საუბარი სახელისუფლო ვერტიკალის გამყარების აუცილებლობაზე და ოპონენტებმა დაუყოვნებლივ დიქტატორულ მისწრაფებებში დაადანაშაულეს. 7 ივნისს კი მან დღევანდელი საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის ერთგულება დაიფიცა და ხელისულების უზურპაციის იდეა უარყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინის კანონმდებლობა, რომელიც გარდამავალ პერიოდში საქართველოს კონსტიტუციაზე უარესად გააუპატიურეს, მის დღევანდელ მდგომარეობაში ქმნის უამრავ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტომ ერთმანეთის მოქმედება დაბლოკოს და მწვავე კონფლიქტში შევიდეს. ასეთი ვითარება ფაქტობრივი სამოქალაქო ომის პირობებში დამღუპველია.

მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს დასავლელი პარტნიორების სერიოზული მხარდაჭერა აქვს, უფლებების გაფართოების ნებისმიერი მცდელობა მისი ოპონენტების უმწვავეს კრიტიკას გამოიწვევს, რომელთა შორის პირველი იულია ტიმოშენკო იქნება. მეორე მხრივ, პოროშენკოს მკვეთრმა მოძრაობებმა შეიძლება სხვა უკრაინელი ოლიგარქები დააფრთხოს. მაგრამ საქმე ისაა, რომ სახელისუფლო ბერკეტების სერიოზული კონსოლიდაციის გარეშე, რამდენადმე შედეგიანი პოლიტიკის გატარება ამ პირობებში, უბრალოდ, შეუძლებელია.

უკრაინის ახალი ხელისუფლება ნატოში ინტეგრაციის საკითხს არ განიხილავს და, როგორც ჩანს, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, აცნობიერებს, რომ ხელშესახებ პერსპექტივაში ეს იდეა სრულად არარეალისტურია. უკრაინის ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებთან დაკავშირებით, პოროშენკომ ინაუგურაციაზე შემდეგი რამ თქვა: «მე გამოვიყენებ მთელ ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებას, რათა ვუზრუნველვყო საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ბუდაპეშტის მემორანდუმს შეცვლის. ამ ხელშკრულებამ უნდა შექმნას მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები _ სამხედრო მხარდაჭერის ჩათვლით, თუ ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნება» (ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინამ «ბირთვული კლუბის» წევრებისგან ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ მიიღო, მსგავსი მექანიზმების ამოქმედებას არ ითვალისწინებდა). პოროშენკოს ეს განცხადება რეალისტურის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რადგან თითქმის წარმოუდგენელია, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ საკუთარ თავზე უკრაინის დაცვის ვალდებულება აიღოს. ეს, ალბათ, უფრო მოსახლეობის შეგულიანების მცდელობა იყო, იმ სიტუაციაში, როდესაც უამრავი შიდა და გარე ფაქტორი უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუშობს. თუმცა ამ სიტუაციაში ნეიტრალური სტატუსის მაქსიმალური გამყარება ერთადერთი შესაძლებელი ვექტორია; უკრაინის გაწევრიანება ნატოში გამორიცხული ჩანს.

მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პეტრე პოროშენკო, მისი რიტორიკა და პოლიტიკა, ის, ალბათ, უკრაინის უკანასკნელი მმართველია, რომელსაც ქვეყნის დამშვიდების და მისი მთლიანობის (სავარაუდოდ, ყირიმის გარეშე) შენარჩუნება შეუძლია; აქ იგულისხმება მეტ-ნაკლებად მისაღები ვარიანტი და არა ბოსნია-ჰერცოგოვინის მსგავსი ხელოვნური კონსტრუქციები. მოახერხებს თუ არა ამას? კაცმა რომ თქვას, სააკაშვილის მსგავს მრჩევლებს თუ მოუსმენს, დიდი ალბათობით, იანუკოვიჩზე უარესი კრახით დაასრულებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here