Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოგვიტანს ნატოს უელსის სამიტი?

რას მოგვიტანს ნატოს უელსის სამიტი?

592

წლეულს, 4-5 სექტემბერს სამხრეთ უელსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი გაიმართება. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ სამიტზე საქართველოს შეიძლება წევრობის სამოქმედო გეგმა (იგივე მაპი) მიანიჭონ, ზოგი კი ისევე სკეპტიკურად არის განწყობილი, როგორც შარშან, ჩიკაგოს სამიტის წინ, რომლისგან, ცარიელი დეკლარაციების გარდა, ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, ვერაფერი მიიღო. რა მოხდება უელსში და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მომავალზე?


ჰარი პოტერი და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფებოდა ხელისუფლებაში, ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს ე. წ. გადადებული ჯილდო და შესაბამისი იდეა იმის თაობაზე, რომ დღევანდელი გაჭირვებისთვის მომავალში დიდი კომპენსაცია გველოდება. ზოგადად, მართვის ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან მოდის და ამა თუ იმ დოზით წარმოდგენილია ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკაში, თუმცა, ალბათ, მხოლოდ საქართველოში და «მესამე სამყაროს» რამდენიმე ჩამორჩენილ ქვეყანაში ოცნებას ბედნიერ მომავალზე იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითქმის სრულად ჩრდილავს რეალობას, იქნება ეს დანგრეული ეკონომიკა, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, მაღალჩინოსნების უსინდისობა თუ ინფრასტრუქტურის საშინელი მდგომარეობა. არსებითად, საქართველოს მართვის ხელოვნება ილუზიების მართვის ხელოვნებაა, ამ ეტაპზე კი მთავარ «გადადებულ ჯილდოდ» პოლიტიკოსები ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მომავალ წევრობას წარმოაჩენენ.

ამიტომ ნატოში ინტეგრაციის (ან მისი ჩაშლის) საკითხი მნიშვნელოვანია, განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკის, არამედ როგორც პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის ნაწილი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის _ თედო ჯაფარიძის გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით განვიხილავთ, კარგი სასტარტო წერტილია იმისთვის, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ პერსპექტივებზე ვიმსჯელოთ. ხოლო პრობლემის ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ შემადგენელზე საუბრის დაწყებისთვის, ალბათ, უმჯობესი იქნება, ყურადღებით გადავიკითხოთ პარლამენტის თავმჯდომარის (მოულოდნელად გულწრფელი) განცხადება, რომელიც იანვარში ესტონეთში გააკეთა. «წევრობის სამოქმედო გეგმა _ ეს ჯადოსნური სიტყვა «მაპი» ბევრი ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რეალურად არის, რადგანაც ის გახდა სიმბოლო პასუხისა კითხვაზე: «სჭირდება თუ არა თავისუფალ სამყაროს საქართველო?» _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის სექტემბრის ნატოს სამიტი «ძალიან მცირე პროგრესით» დასრულდება, «ძალიან ძნელი იქნება ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად». უსუფაშვილის თქმით, წინა ხელისუფლება შეეცადა ამას 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტის შედეგები წარმოაჩინა, როგორც უკეთესი, ვიდრე მაპის მიღება, მაგრამ «ეს, უბრალოდ, არ მუშაობს».

ამ პასაჟის გაცნობის შემდეგ ზოგი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ უსუფაშვილს უფრო მეტად აინტერესებს პროპაგანდა, ვიდრე პოლიტიკა, ქართული საზოგადოების რწმენა-წარმოდგენების მართვა და არა საქართველოს შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომელიც, ფაქტობრივად, დაბლოკილია. მეტიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს წევრ სახელმწიფოებს სთხოვს, პროპაგანდისტული ხასიათის შიდაპოლიტიკური პრობლემები გადაუწყვიტონ და ამ დროს გამოიყურება ერთობ ინფანტილურად და სასაცილოდ, როგორც ჰარი პოტერი, რომელიც იმეორებს ჯადოსნურ ფორმულას, მაგრამ არაფერი გამოსდის. თუმცა, ამ კომიკური ეფექტის მიუხედავად, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი იდეების დაბადება სავსებით ლოგიკურია იმ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური ელიტა ცდილობს, საზოგადოებრივი აზრი «გადადებულ ჯილდოზე» დაფუძნებული მოდელის მეშვეობით გააკონტროლოს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ლიდერებმა არაერთგზის მკაფიოდ და გასაგებად განაცხადეს, რომ ხელშესახებ პერსპექტივაში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მიღება გამორიცხულია, ხელისუფლება ჯიუტად განაგრძობს საპირისპიროს მტკიცებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნატოს უელსის სამიტი საქართველოსთვის უშედეგოდ დასრულდება და შეიქმნება ეკონომიკური სირთულეები იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელთა დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ მოხდება და, ამავე დროს, გამძაფრდება პოლემიკა ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და მსგავს დოკუმენტებზე, _ ხელისუფლების პოზიციები შეირყევა და შეიქმნება წინაპირობები ანტიდასავლური ძალების წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე, მმართველი ელიტისთვის არასასურველია, რომ ჩამოთვლილმა საკითხებმა დღის წესრიგში მთავარი ადგილი დაიკავოს და, სავარაუდოდ, შეეცდება, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში სხვა რამ მოექცეს, მაგალითად, «ნაციონალების» შესაძლო რევანში ან განხეთქილება მმართველ კოალიციაში; მიუხედვად იმისა, რომ ორივე თემა ერთობ გაცვეთილია, მათი ეფექტური გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

პოლიტიკური ბრძოლის სიმულატორი სტრატეგიული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად (უსაფრთხოება, ეკონომიკა), არაფერი ახალი ამაში არ არის. ამ სივრცეშიც მიმოფანტულია შედარებით მცირე «გადადებული ჯილდოები», მაგალითად, «ცოტაც და სამართლიანობა აღდგება», «ცოტაც და «ნაცებს» საბოლოოდ დავამარცხებთ», «ცოტაც და ხელისუფლებაში დავბრუნდებით» (ეს უკანასკნელი ლოზუნგი სააკაშვილის მიმდევრებისთვისაა), «ცოტაც და ღარიბაშვილი გააგდებს ხელისუფლებიდან ალასანია-რესპუბლიკელებს (ან პირიქით)», «ცოტაც და…» ა.შ. და ხშირად საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ საქმე არა რეალურ პოლიტიკურ ბრძოლასთან, არამედ ბანალურ მანიპულაციასთან აქვს.

ალტერნატივა ისე არ მოდის

პატარა ქვეყანას არ შეუძლია ცხოვრება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ევრაზიაში გავლენის სფეროების გადანაწილების პროცესი დაიწყო; ხანგრძლივი ყოფნა ასეთ ტრანზიტულ, «ჰაერში გამოკიდებულ» მდგომარეობაში შეიძლება ეროვნული კატასტროფით და სახელმწიფოებრიობის დაკარგვით დასრულდეს. ასეთ სიტუაციაში, ალბათ, გვერდზე უნდა გადავდოთ «სასურველია» ან «მიზანშეწონილია» ტიპის სიტყვები და პირდაპირ ვთქვათ, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს და, თუ პრობლემის გადაწყვეტას ნატოში ინტეგრაციის მეშვეობით ვერ ახერხებს, ალტერნატიული სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. ამისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება; წამზომი ჩართულია, პოსტსაბჭოთა სივრცე ძალიან სწრაფად და დრამატულად იცვლება.

გასულ კვირას, ვილნიუსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე თედო ჯაფარიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: «ნატოს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი იზიარებს საქართველოს ურყევ არჩევანს და მათ კიდეც გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ნების მიმართ, რომ სამოქმედო გეგმა სექტემბრის სამიტზე იქნას მიღებული. სხვების აზრით კი, ჩვენ უნდა დავჯერდეთ ნატოს წევრობის პერსპექტივას და გავააქტიუროთ რუსეთთან დიალოგი. მოვლენათა განვითარების ჭრილში დიალოგი კარგავს ძალას მანამ, სანამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია ეს «მომავალი». შემდეგ კი ჯაფარიძე მიუახლოვდა დილემას, რომელზეც ღია საუბარს ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ერიდება: «ჩვენი მთავარი შეკითხვა კვლავ ძალაშია: «თუკი სამოქმედო გეგმა ან ნატოს წევრობა არ დგას დღის წესრიგში, მაშ, რა დგას დღის წესრიგში? თუკი ჩვენ ვერ ვუპასუხებთ ამ შეკითხვას, მაშინ ჩანს, რომ არ გვაქვს საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიულად პასუხისმგებელ საგარეო პოლიტიკასთან. მაგრამ თუკი აგრესიის თავიდან აცილების მიზანი მიღწეული იქნა ნატოს წევრობის გარეშეც, მაშინ ეს ალტერნატივა ნათლად უნდა იქნას ახსნილი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, რათა ჩვენ ამ ვარიანტების კარგად აწონვის შესაძლებლობა გვქონდეს, ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა, _ განაცხადა ჯაფარიძემ, _ თუკი საქართველო არ არის მნიშვნელოვანი, თუკი მოლდოვა არ არის მნიშვნელოვანი, თუკი უკრაინა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ რაღაა მნიშვნელოვანი?! უელსის სამიტი ამ სტრატეგიულ ვადას განგვისაზღვრავს პასუხის მისაღებად და ამიტომაც პასუხის გაცემა გარდაუვალია».

რეპლიკამ «ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა», ისევე, როგორც უსუფაშვილის ზემოთ ციტირებულმა გამოსვლამ ზოგს შეიძლება გაახსენოს ძველი ანეგდოტი იმის თაობაზე, რომ «შერიფს ინდიელების პრობლემები არ ანაღვლებს», მაგრამ მთავარი აქ სულ სხვა რამ არის: საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველად (ფაქტობრივად) მოსთხოვა ნატოს პასუხის გაცემა კონკრეტულ ვადებში და, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოუთქვამს ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ტაბუირებული სიტყვა «ნეიტრალიტეტი», ახსენა «ალტერნატივა», მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ «ეს ალტერნატივა ნათლად უნდა იქნას ახსნილი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან».

სავარაუდოდ, აქ იგულისხმებოდა დაახლოებით ისეთი ტიპის რიტორიკა, რომელსაც დასავლეთი, კერძოდ კი ვაშინგტონი, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით იყენებს. უკრაინის ნეიტრალიტეტზე დღეს ღიად საუბრობენ, როგორც დასავლელი პოლიტიკოსები, ისე ექსპერტები (მაგალითად, ბჟეზინსკი), თუმცა ამის შესაძლებლობას ის აძლევს, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება (თუნდაც იგივე პრემირმინისტრი იაცენიუკი) აცხადებს, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი ხელისუფლება ნატოში სასწრაფო ინტეგრაციას ერთხმად მოითხოვს და ამიტომ დასავლეთი შეიძლება მხოლოდ მინიშნებებით შემოიფარგლოს, ისე, როგორც ეს ახლახან ბარაკ ობამამ გააკეთა: «უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე არ დგანან». დასავლეთი არ არის ვალდებული, ილაპარაკოს «ალტერნატივაზე», მისთვის, სავარაუდოდ, გაცილებით კომფორტულია, საკითხის გადაწყვეტა კვლავ გაურკვეველი ვადით გადადოს, ვიდრე აღიაროს, რომ საქართველოს ამდენი წლის განმავლობაში ცრუ იმედებით კვებავდა. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ უელსის სამიტი უშედეგოდ დასრულდება და საბოლოოდ ცხადი გახდება, რომ ნატოში რუსეთის ფაქტორის გამო არ გვიღებენ, ქართველ პოლიტიკოსებს მოუწევთ საკუთარი ამომრჩევლებისთვის იმის ახსნა, რომ ამდენი წლის განმავლობაში გატარებული კურსი სრული კრახით რატომ დაგვირგვინდა და ახლა ალტერნატიულ გზას (მაგალითად, ნეიტრალიტეტის, რომელსაც უკრაინისთვის შექმნილი «ბუდაპეშტის პროტოკოლის» მსგავსი, მაგრამ უფრო სრულყოფილი დოკუმენტი გაამყარებს) უნდა დავადგეთ. ეყოფათ თუ არა ნებისყოფა ამისთვის? თუ ამ შემთხვევაშიც შეეცდებიან, ნატოსთან დაკავშირებულ მითებს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი ცხოვრება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ქვეყანას კატასტროფით ემუქრება?

კამიკაძეებად არ იბადებიან

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, გასულ კვირას მიღებულ დეკლარაციაში მოუწოდა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა საკმაოდ მცირეა, რადგან არ ჩანს მიზეზი, რომლის გამო «ძველი ევროპის» მთავრობები პოზიციას შეცვლიან; ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, უკრაინის კრიზისმა ისინი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა. თუმცა, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ უელსში მოხდება სასწაული და საქართველოს მაპს მისცემენ, ალბათ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერი რეალური ნაბიჯი ნატოსკენ, ავტომატურად სტარტს მისცემს რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის ახალ რაუნდს, რომელიც შეიძლება ომითაც დასრულდეს, რადგან კრემლი გააკეთებს ყველაფერს, რათა სამხრეთ კავკასიაში ნატოს დამკვიდრება არ დაუშვას.

შუალედში საქართველოსთვის მაპის მინიჭებასა და ალიანსში გაწევრიანებას შორის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პრობლემურ რეგიონებში შეიძლება დაიწყოს დაახლოებით ისეთი პროცესები, როგორიც ახლახან ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარდა. აქვს თუ არა საქართველოს რესურსი ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი ჩარევა შესაძლო კონფლიქტის ლოკალიზაციაში თითქმის წარმოუდგენელი ჩანს?

აქვე, ალბათ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას მთელ ამ სიტუაციაზე, როგორც ფაქტორზე შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. უხეშად რომ ვთქვათ, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში დამაჯერებლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციები გამოიყურება, ყველა დანარჩენი კი ძალზე სუსტია იმისთვის, რომ მიაღწიოს მიზნებს, რომელსაც მათ მიაწერენ (ან მართლა დაუსახეს საკუთარ თავს). «ნაციონალებს» არ აქვთ საკმარისი რესურსი რევანშისთვის, ალასანია და რესპუბლიკელები არასაკმარისად ძლიერები არიან იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ კონტროლი აღმასრულებელ ან ცალკე აღებულ საკანონმდებლო ხელისუფლებაზე (თუნდაც «ნაციონალებთან» ერთად), ღარიბაშვილის გუნდი ვერ მოახდენს ჩამოთვლილი ძალების მარგინალიზაციას, რადგან ამას აქტიურად შეეწინააღმდეგებიან ამერიკელები, არასაპარლამენტო ოპოზიციას არ ძალუძს იმ მრავალრიცხოვანი ელექტორატის «ათვისება», რომელსაც სძულს «ნაციონალები», მაგრამ არც ახალი ხელისუფლება მოსწონს. მთელი ეს სიტუაცია მოაგონებს «პოზიციურ ჩიხს» პირველ მსოფლიო ომში _ ყველას უნდოდა წინსვლა, მაგრამ ამისთვის საკმარისი ძალა არ ჰქონდა.

ასეთ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარე მხარდაჭერა ხდება. სააკაშვილის მომხრეები დიდ იმედებს ამყარებენ «ახალ ცივ ომზე» და ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონს მალე საქართველოს სათავეში რუსეთთან მწვავე კონფრონტაციაზე ორიენტირებული ძალა დასჭირდება. ამავე სივრცეში თამაშის დაწყებას ირაკლი ალასანიაც ცდილობს, რომელმაც ახლახან საქართველოში ნატოს თავდაცვითი საშუალებების განთავსება მოითხოვა (ამას პრაქტიკულად გარანტირებულად მოჰყვება ყოვლისმომცველი დაპირისპირება რუსეთთან). მათი ლოგიკა არც ისე ძნელი გასაშიფრია _ «გადატვირთვამ» სააკაშვილის რეჟიმის დასამარებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და «ახალმა ცივმა ომმა», აგრეთვე, შეიძლება შეუწყოს ხელი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს საქართველოში. მაგრამ საკუთარი პოლიტიკური წარმატების დაკავშირება ისეთ სცენარებთან, რომელთა ფარგლებში საქართველო, ისევე, როგორც 2008-ში, განიხილება, როგორც რუსეთთან დაჯახებისთვის განწირული «ქვეყანა-კამიკაძე», მეტისმეტად ამორალური და უპასუხისმგებლო ჩანს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here