Home რუბრიკები საზოგადოება რატომ სჭირდება აშშ-ს ომი

რატომ სჭირდება აშშ-ს ომი

სულ უფრო აშკარა ხდება დოლარის დასუსტება. ფასი ეკარგება, ძალა ეცლება, გავლენა კლებულობს. ანალიტიკოსები ცდილობენ ამ რეალობის მიზეზების გარკვევას _ წერენ წიგნებს, აქვეყნებენ შრომებს. ჩვეულებრივი მკითხველი, რომელიც დაინტერესებულია ამ პრობლემით, მაგრამ შესაბამისი განათლება არ გააჩნია, შეიძლება ადვილად დააბნიოს ეკონომისტებისა და ფინანსისტების სპეციფიკურმა ტერმინოლოგიამ, ასევე, მათი მსჯელობის ლოგიკამ.


ამიტომ, დილეტანტური კამათის გარეშე, ეგებ ჯობდეს, მოვისმინოთ მათი დასკვნები, დასაბუთება. საინტერესოა. მით უფრო, რომ მსოფლიოში შექმნილი რეალობა, გარემო, რომელშიც არსებობს სახელმწიფოთა ეკონომიკები, დაღდასმულია ერთადერთი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადანაცვლების ტენდენციით. იუანი ძალას იკრებს, რუსეთი უცხოეთთან რუბლით ვაჭრობაზე ალაპარაკდა, პრეტენზია აქვს ლათინური ამერიკის სახელმწიფოებსაც. ისინი სუკრეს ლობირებენ. სუკრე ბოლივიის დედაქალაქი და ეკვადორის ფულადი ერთეულია.

პრობლემა მრავალპლანიანია. მოკლე ანოტაციაში თუ შევეცდებით ამ მრავალსახეობის გადმოცემას, ასეთ სურათს მივიღებთ:

«დოლარი ძლიერდებოდა პირველი მსოფლიო ომის სისხლით. დოლარი მთავარი ვალუტა გახდა მეორე მსოფლიოს ნანგრევებზე. ჩაძირვისგან თავის დასაღწევად აშშ მზად არის, მთელი მსოფლიო ქაოსში დაახრჩოს… დოლარი, ევრო, ნატო, ევროკავშირი _ ყველაფერს საფუძველი ერყევა, რაც ჯერ კიდევ გუშინ უმყარესი გვეგონა».

ისტორია, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდაა გადახლართული. ურთულესი ერთობაა. შეგვიძლია კი გავერკვეთ ამ მოცემულობაში? თუ დღევანდელი მსოფლიოს მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია?

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გაუგებარი და გაუთვალისწინებელი არაფერია.

სანამ გადავწყვეტთ, რომ მივყვეთ სპეციალისტების აზრთა დინებას, გავარკვიოთ, ვისი ფულია დოლარი _ ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ სახელმწიფოსი, თუ კერძო «კანტორის» _ აშშ ფედერალური სარეზერვო კერძო სისტემის, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს არ ემორჩილება?

და, საერთოდ, ვინ არის ხელისუფლება აშშ-ში?

დააკვირდით დოლარის ბანკნოტს და წაიკითხავთ პასუხს ამ შეკითხვაზე. ბანკნოტს თავში აწერია: «Federal Reverse Note» _ «ფედერალური რეზერვის ბანკნოტი».

წარწერას, რომელიც ოდნავ ქვემოთაა _ «United States of America» _ გეოგრაფიული მნიშვნელობაღა რჩება, მხოლოდ მინიშნებაა, თუ სად, რომელ ქვეყანაშია ორგანიზაცია, რომელიც დოლარის ბანკნოტს ბეჭდავს.

ერთი ცნობილი აფორიზმის მიხედვით, ძალაუფლება მათ ხელში კი არ არის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ _ ვინც ფულს უშვებს.

ვინ ბეჭდავს ბანკნოტებს, უკვე ვთქვით.

ყველამ იცის, რომ აშშ-ში ახალი პრეზიდენტის მოსვლისთანავე იცვლება გუნდი, საგარეო და საშინაო პოლიტიკა; იცვლება ყველაფერი, ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურის გარდა. რატომ? იმიტომ, რომ ფსს კერძო კომპანიაა და ამერიკის სახელმწიფოს არ ემორჩილება, სახელმწიფო სტრუქტურა არ არის.

შევეცადოთ მის ანატომიაში გარკვევას: კომერციული ბანკები ტერიტორიული პრინციპით ერთიანდება ფედერალურ სარეზერვო ბანკებში. ამ 12 ფედერალური სარეზერვო (კერძოდ, კომერციული) ბანკის 12 ხელმძღვანელი ირჩევს ფსს ხელმძღვანელობის საბჭოს, რომელშიც 7 ადამიანი შედის. მმართველთა ამ საბჭოს 14 წლის ვადით ირჩევენ; ამერიკის პრეზიდენტს _ 4 წლით. შეუძლია კი 4 წლით არჩეულს 14 წლით არჩეულები აკონტროლოს? ცხადია, არა. მაშ, ვინ ვის აკონტროლებს?

საბჭოს წევრები თავიანთი წრიდან ირჩევენ ფსს-ს ხელმძღვანელს 4 წლით, რომელსაც ამტკიცებს აშშ-ის პრეზიდენტი. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია არ დაამტკიცოს იგი. მას, საერთოდ, არავითარი გავლენა არ აქვს ფსს-ს საქმიანობაზე, იმიტომ, რომ ეს «კანტორა» კერძოა. მმართველთა საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლები არ არიან. აშშ არ ფლობს ფსს-ს აქციების არც ერთ პროცენტს. კონგრესმენები, ისევე, როგორც პრეზიდენტი, უძლურნი არიან, ხელს ვერავის ახლებენ.

ცნობისთვის: აშშ-ში არ არის არც ერთი სახელმწიფო ბანკი.

აშშ-ის პრეზიდენტი ფორმალურად ხელს აწერს ფსს-ს ხელმძღვანელის დანიშვნის დოკუმენტს. ფედრეზერვის უახლესი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტს არ დაემტკიცებინა ფსს-ს ხელმძღვანელი. საინტერესო მაგალითი: ალან გრისპენი ფედრეზერვს 20 წლის განმავლობაში _ 1987 წლიდან 2006 წლამდე _ ედგა სათავეში და გამოიცვალა აშშ-ის ოთხი პრეზიდენტი: რესპუბლიკელი რეიგანი, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში (უფროსი), დემოკრატი ბილ კლინტონი, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში (უმცროსი).

ყოველი ახალი პრეზიდენტი თავიდან ნიშნავდა მას აშშ-ის უმაღლეს საფინანსო პოსტზე.

ძლევამოსილი ორგანიზაციაა!

ანალიტიკოსები ასაბუთებენ, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ მოაწყო დიდი დეპრესია და უახლესი კრიზისი, რომლის მოწმენი ჩვენ, ყველანი, ვართ. ფაქტობრივად, იგი ჩაენაცვლა აშშ-ის სახელმწიფოს. ეს ფედრეზერვი, უფრო ზუსტად, მისი დამფუძნებელი ბანკირები ნიშნავენ ამერიკის პრეზიდენტებს.

პარტიულობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთი ორგანიზმის ორი ხელია. ისინი მართავენ ლამაზ «საარჩევნო» შოუს, ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს შეერთებულ შტატებში და აქედან, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში.

კრიზისები ხელოვნურად იქმნება

ეს-ესაა ვთქვით, რომ უახლესი კრიზისის შემქმნელი ფედერალური რეზერვის სისტემაა. სპეციალისტების მტკიცებით, ეკონომიკური კრიზისი ფრიად მარტივად იქმნება. ამისთვის საჭიროა: ფულის გასესხება; შემდეგ ვალის დაბრუნების მოთხოვნა და, პარალელურად, გადაკრედიტირების აკრძალვა.

სწორედ ასე მოიქცა ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც მსოფლიოში ერთადერთ სარეზერვო ვალუტას ბეჭდავს.

კრიზისის მიზანი სამია: თვით ამერიკაში იაფად შესყიდვა კონტროლის გარეშე დარჩენილი საფინანსო ინსტიტუტებისა; დოლარის მასის დაწვა აქციების და ჩამოწერილი ბანკების ფასების გაიაფებით; მთელ მსოფლიოში ეკონომიკაში სიძნელეთა პროვოცირება, რომელსაც უნდა მოჰყვეს არასასურველი რეჟიმების დამხობა.

კრიზისის მთავარი იარაღი იპოთეკური სესხებია. აშშ-ის მოსახლეობა ადვილად ეგება ფულის იოლად შოვნის ანკესზე: კომპანიების აქტივების ზრდასთან ერთად, იზრდება რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობა. ის, რომ ეს კეთილდღეობა ვირტუალურია, არავის აწუხებს. ამაზე არავინ ფიქრობს. ადამიანები ყიდულობენ აქციებს, როგორც შეხიდებას, როგორც «პენსიებს» «შავი დღისთვის». არადა, სინამდვილეში მათ ხელში რჩებათ ფასიანი ქაღალდები, რომელთა ღირებულება პენსიის მიღების დროისთვის შეიძლება იმ ქაღალდის ფასზე მეტი არ იყოს, რომელზეც დაბეჭდილია.

მსოფლიო მასშტაბის კრიზისის გამოსაწვევად საჭიროა სერიოზული ფინანსური პრობლემები, მიიჩნევენ სპეციალისტები. «საფინანსო ბუშტის გასაბერად გამოიყენეს არამხოლოდ ფასიანი ქაღალდები უცნაური სახელწოდებით _ «დერივატივები», რომლებიც უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ანალიტიკოსების მოსაზრებებით, არამედ საფინანსო ბაზრის ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ის, რაც ყოფით გარემოში მოუხსნის ადამიანებს პრობლემებს _ დაზღვევა.

უბრალო და ჭეშმარიტი აზრი, რომ არ შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როცა ყველა დაზღვეულია, დამზღვევთა ჩათვლით, თავში არავის მოსვლია. ხომ აშკარაა, რომ დეფოლტის შემთხვევაში გადამხდელი არავინაა!

დაგროვდა კოლოსალური ვალი. დაიწყეს ფასიანი ქაღალდების ერთმანეთისთვის მიყიდვა. ჩამოწერის პრობლემა საფინანსო ბაზრის ყველა მონაწილეს ერთბაშად დაუდგა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო კრიზისი. მისი გადალახვა შეიძლებოდა ჩვეულებრივი საშუალებით, რომლითაც ფინანსისტები თავიანთ პრობლემებს აგვარებდნენ კრედიტების აღებით. მაგრამ სწორედ ამ მომენტში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ «გააჩერა» თავისი კონვეიერი, რომელიც დოლარის ახალ-ახალ კუპიურებს ბეჭდავდა.

ეკონომისტების დაკვირვებით, შეიქმნა სიტუაცია, როგორიც დიდი დეპრესიის დროს იყო _ ფულს ვერავის ესესხებოდი, ვალი კი გადასახდელი იყო. ბანკებს ანგარიშზე ფული აღარ ჰქონდათ. სად უნდა ეშოვათ?

გზა და საშველი ერთადერთი იყო: ბანკებსა და ბაზარზე მოთამაშეებს უნდა გაეყიდათ თავიანთი ფასიანი ქაღალდები. დაიწყო მათი მასობრივი და სწრაფი გაყიდვა. ამას კი მათი გაუფასურება მოჰყვა.

გაუფასურება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ამ დროს წარმოუდგენლად დაბალ ფასად შეიძლება აქტივების შესყიდვა.

სწორედ ეს დაიწყო აშშ-ში 2008 წელს. ფედრეზერვთან დაახლოებულმა ბანკებმა დაიწყეს კონკურენტების შესყიდვა აშშ-ის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით.

შეისყიდიდნენ ქვეყნებს, მთელ კონტინენტებს, ბანკებს. სწორედ ეს არის კრიზისის ორგანიზების არსი: გაბერეს ბურთი, შემდეგ გახვრიტეს და ჩაფუშეს.

პირველი დაემხო ბანკი «ვირ სტენე».

«ფინანსთა სამყაროში ყველაზე დიდი გარიგება დაფიქსირდა: Bank of America-მ იყიდა ბანკი Merill Lynch. შედეგად Merill გაკოტრებას გადაურჩა, მყიდველი კი იქცა «მსოფლიოში ყველაზე უფრო გავლენიან ბანკად».

პარალელურად გაიყიდა უმსხვილესი იპოთეკური სააგენტოებიც…

კრიზისი წამგებიანი არაა მისთვის, ვინც ბეჭდავს ფულს _ იგი არაფერს კარგავს, მოგება კი ყველაფრის შეუძლია.

კრიზისის ორგანიზატორი მოგებული დარჩა, ამერიკის დამოუკიდებელმა ბანკებმა კი შეწყვიტეს არსებობა.

ვინც ბეჭდავს ფულს, მუსიკასაც ის უკვეთავს.

მითი ნაციონალიზაციის შესახებ

გაგანია კრიზისის დროს ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საზოგადოებრიობა, რომ ამერიკის სახელმწიფო ეხმარება თავის ბანკებს, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანის ნაციონალიზაცია ხდება. ეს მტკნარი სიცრუე იყო, რადგან არავითარი ნაციონალიზაცია არ ხდებოდა, სულ სხვა პროცესს ჰქონდა ადგილი: ერთი კერძო ხელიდან საკუთრება მეორეში გადადიოდა. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მონაწილეობდა, მაგრამ არა «მოთამაშის» როლში და არც _ მეთვალყურის. სახელმწიფო ამ შემთხვევაში ხელსაწყოს ფუნქციას ირგებდა.

მექანიზმი «საზიზღრობამდე მარტივია». «გამოცდილია დროში» და «შემოწმებულია ელექტრონიკით». დიდი დეპრესიის წლებში ყველა ინვესტორი არ გაკოტრებულა, მხოლოდ ისინი გაპარტახდნენ, ვინც არ იცოდა, როდის დაიწყებოდა ჩამოშლა. მილიონობით აქცია თითქმის მუქთად გაიყიდა: ერთმა ნაწილმა გაყიდა, მეორემ (უმცირესობამ) _ იყიდა. ბევრ საბანკო სტრუქტურას მაინც და მაინც კრიზისის დროს კონკურენტების შესყიდვის მადა გაეხსნა.

როცა გვეტყვიან, რომ, მაგალითად, დაზღვევის უმსხვილეს კომპანიას AIG-ს (American International Group) დაეხმარა სახელმწიფოო, ეს «ქველმოქმედება» უნდა აღიქვათ, როგორც წმინდა წყლის სიცრუე. ზუსტად ასევე დაგეხმარებიან უახლოეს ლომბარდში. ფინანსთა სამინისტროს მიერ სიტყვიერად დამუშავებულ, «გადასარჩენად» გაწირულ მსხვერპლს, რომელიც კატასტროფული დაცემის ზღვარზე დგას, ბირჟაზე მისი აქციების გარდაუვალი გაუფასურების წინაშე დააყენებენ. ამის კვალზე მოდიან მყიდველები ფედრეზერვთან დაახლოებული ბანკებიდან და ჩალის ფასად ყიდულობენ კონკურენტს. ფინანსთა სამინისტრო და ფედერალური სარეზერვო სისტემა გაფაციცებით აკონტროლებენ, რათა მსხვერპლი ულაპარაკოდ დათანხმდეს შეთავაზებულ კაბალურ პირობებს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ამოქმედდებიან პროკურორები, რომლებიც მოულოდნელად დაინტერესდებიან «საქმის ვითარებით» მოცემულ ობიექტზე.

ზუსტად ისე, როგორც ეს იყო საქართველოში ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ოღონდ ჩვენთან, ლომბარდის პრინციპის ნაცვლად, ყაჩაღური თავხედობით ართმევდნენ ბიზნესს და აფორმებდნენ, როგორც საჩუქრად გადაცემას სახელმწიფოსთვის «სრულიად უანგაროდ».

ასეთი იყო ნაციონალიზაცია საქართველოში.

კონკურენტების შესყიდვის მეორე ვარიანტი მათთვის კრედიტის მიცემით ხორციელდება. კრედიტს ფედერალური რეზერვის სისტემა გასცემს _ კერძო ორგანიზაცია, სანაცვლოდ დაზღვეულის კომპანიის საკონტროლო პაკეტს ეუფლება. ნაციონალიზაციის სუნი არაფერს ასდის, გაზეთებში კი წერენ, რომ აშშ-ის მთავრობამ გაკოტრებას გადაარჩინა ესა და ეს სადაზვერვო კომპანიაო.

ასე ხდება კრიზისის დროს, ყველა შერწყმის, შთანთქვისა და «გადარჩენის» დროს. ასეთია ხელოვნურად შექმნილი კრიზისის ერთ-ერთი მიზანი _ ჩალის ფასად შეისყიდოს ფედერალური სარეზერვო სისტემისგან დამოუკიდებელი საფინანსო სტრუქტურების ნარჩენები შეერთებული შტატების ფარგლებში. ყველა ფული, ყველა სახსარი ერთ ხელში უნდა იყოს თავმოყრილი.

იცით, რა არის კრიზისი?

ფართო მკითხველი კრიზისის რაობას უკეთ რომ ჩასწვდეს, ანალიტიკოსები ასეთ «მხატვრულ» სახეს იყენებენ:

«წარმოიდგინეთ მრავალბინიანი სახლი, რომელშიც ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. მათი შემოსავალიც ძლიერ განსხვავებულია, ისევე, როგორც მენტალიტეტი და ზნე-ჩვეულება. ერთმა თავის ბინაში ევრორემონტი გააკეთა, მეორეს იატაკზე ძინავს, ლოთობს. მაგრამ ყველას რაღაც საერთო მაინც აქვს _ კანალიზაცია და წყალსადენი. როგორი რემონტიც გინდა გააკეთე, მაგრამ რაგინდ კარგი მენეჯერი იყო, პერსონალურ წყალსადენს და კანალიზაციას არავინ მოგიწყობს. წარმოუდგენელია, რადგან, ჯერ ერთი, ეს კოლოსალური ფასი ღირს; მეორეც, სახლი საამისოდ მოწყობილი არ არის _ მხოლოდ ერთი წყალსადენის ადგილია გათვალისწინებული და მორჩა!

ვის აბარია ამ სახლში წყალმომარაგება? _ სანტექნიკოსს, რა თქმა უნდა. მოისურვა ამ ტიპმა და გადაკეტა წყალი. კანალიზაციაც არ მუშაობს, ცხადია. აირია კომფორტი ქარხნის დირექტორის ოჯახში, რომელიც ევრორემონტიან ბინაში ცხოვრობს. ლოთსაც გაუჭირდა ცხოვრება თავის კეთილმოუწყობელ ბინაში. ყველას ერთნაირად გაუჭირდა და არც ერთ მათგანს დამოუკიდებლად არ ძალუძს პრობლემის მოგვარება. წყალი ყველას შეუწყდა, რადგან გადაიკეტა ონკანი, რომელიც არეგულირებს წყლის მიწოდებას.

ამის ანალოგიურია აშშ-ის კერძო სტრუქტურა (ფსს), რომელიც «მსოფლიოს მთავარ ფულს ბეჭდავს და საკუთარი სურვილისამებრ კეტავს საკრედიტო ონკანს. კომპანიები, ქვეყნები, ადამიანები ვეღარ იღებენ კრედიტებს.

მაგრამ წყალი საჭიროა.

საჭიროა სანტექნიკოსთან მოლაპარაკება. ვანია ან სეროჟა რომ იყოს, ერთ ბოთლ არაყად იყიდი, მაგრამ აქ შეერთებულ შტატებთან გაქვს საქმე, რომლის ვალუტა მაცოცხლებელი წყალია თანამედროვე ეკონომიკის.

რომელი ხელსაწყოთი გადაკეტა ონკანი «სანტექნიკოსმა»? ამ ხელსაწყოდ წარმოგვიდგა მიწერილობა FAL #157. სახეებით აზროვნებას თუ გავაგრძელებთ, მას შეიძლება ვუწოდოთ ნემსი, რომლითაც ჩაფუშეს მსოფლიო ეკონომიკის ბუშტი. ჯერ გაბერეს არაფრით უზრუნველყოფილი დოლარებით, შემდეგ ეს ნემსი უჩხვლიტეს. ახალ კრედიტებს ვერ აიღებთ, ძველ ვალებს ვერ გაისტუმრებთ; თქვენ, პრაქტიკულად, გაკოტრებული ბრძანდებით.

შედეგად რას ვიღებთ?

კრიზისს, რომელიც დიდი მზრუნველობითა და მონდომებით არის ორგანიზებული.

დოლარი მიდის ჩუმად და შეუმჩნევლად. და როგორ ხდება ეს, «საქართველო და მსოფლიოს» მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here