Home რუბრიკები პოლიტიკა ეძებეთ ნავთობი

ეძებეთ ნავთობი

567

მსოფლიო უკვე მიეჩვია, რომ აშშ მსოფლიოზე გასაბატონებლად სიცრუის პოლიტიკას არ ერიდება და ამისთვის მზად არის, სხვა სახელმწიფოს მოსახლეობის ინტერესები იოლად გაწიროს. როგორც ჩანს, ახლა უკრაინის ჯერი დადგა. აშშ უკრაინას და მის «მაიდნურ» ხელისუფლებას, ინვესტიციების სანაცვლოდ, ბინძური ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოსაცდელ პოლიგონად გადაქცევას უპირებს.


ამით მოგებული დარჩება ამერიკის ელიტა, რომელიც, ოფიციალური კიევის ჩუმი თანხმობით, უკრაინის ძირითად ენერგეტიკულ ობიექტებს გააკონტროლებს. სწორედ ამის დასტურია ბუნებრივი აირის მწარმოებელი უდიდესი უკრაინული კომპანია Burisma Holdings-ის (მმართველი კომპანია რეგისტრირებულია კვიპროსის ოფშორულ ზონაში) დირექტორთა საბჭოში რამდენიმე ჰანტერ ბაიდენის დანიშვნა. ჰანტერ ბაიდენი არის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის უმცროსი ვაჟი. ამ კომპანიაში თავიანთი «წილი» მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შვილობილმა დევონ არჩერმა და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნიევსკიმ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლის რეპუტაციით სარგებლობს.

გაზის მწარმოებელ უკრაინულ კერძო კომპანიას (2013 წელს მოიპოვა 450 მლნ კუბ.მ) აქტივები აქვს დნეპროპეტროვსკ-დონეცკის, კარპატებისა და აზოვ-ყუბანის აუზებში, ყველაზე დიდი საბადო კი პოლტავის ოლქშია. «მაიდანის» გამარჯვების შემდეგ, როგორც ჩანს, აშშ-ისთვის დადგა მომენტი, უკრაინაში თავისი ხალხი დანიშნოს და დაიწყოს ფიქლური გაზის წარმოება. აშშ-ს ხომ ნავთობისა და გაზის «წყურვილი» ახრჩობს?!

სწორედ ამ თემას ეძღვნება პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის _ ნიკოლაი სტარიკოვის წიგნი «ეძებეთ ნავთობი. რატომ არის ჩვენი სტაბილიტაციის ფონდი იქ?»

ანოტაცია

წიგნი ნათლად წარმოაჩენს, რომ თანამედროვე პოლიტიკა სანავთობე მილის გარშემო ბრუნავს. თუ გავაცნობიერებთ, რომ ნახშირწყალბადების გასაკონტროლებლად ბრძოლა პოლიტიკური თამაშების მთავარი ლაიტმოტივია, ბევრი საკითხი ნათელი და გასაგები გახდება. «სიტყვის თავისუფლება», «პატიოსანი არჩევნები», «ბრძოლა დიქტატურასთან» ნავთობის საბადოებზე კონტროლის დაწესების მიღწევის მეთოდებია და სხვა არაფერი. ბრძოლა ენერგორესურსების გასაკონტროლებლად ყოველდღე მიმდინარეობს, მისი გამოძახილით სავსეა ტელეეთერი და გაზეთების ფურცლები, მაგრამ ყველა მოვლენა ჩვენამდე სხვა კუთხით მოაქვთ.

სანავთობე სარჩული უდევს ყველაფერს: სსრკ-ის კრახს, სადამ ჰუსეინის დამხობას ერაყში, დემონსტრაციებს მიანმაში თუ კოლუმბიელი პარტიზანების ბრძოლას. ეს არის პასუხები უაღრესად საინტერესო და საჭირბოროტო კითხვებზე:

რატომ განადგურდა სსრკ და შეიძლებოდა თუ არა მისი გადარჩენა?

ვის ეკუთვნის აშშ-ის დოლარი?

რატომ გახდა კომპანია THK-BP (სიდიდით მესამე ნავთობმომპოვებელი კომპანია რუსეთში) მუდმივი ნეგატიური სიახლეების ცენტრი?

რატომ ეცემა ამერიკული ვალუტის კურსი და რა ელის «ბაქსს» უახლოეს პერსპექტივაში?

როგორ იყენებს დასავლეთი ერაყს ჩინეთის წინააღმდეგ საბრძოლველად?

როგორ არის დაკავშირებული კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ნავთობის ფასებზე?

რა დგას რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების უკან?

პოლიტიკური ინტრიგების არსში ჩაწვდომა ნიშნავს, გაიგო, წარმოიდგინო ჩვენი წარსული და დაინახო მომავალი.

რისთვის არის საჭირო სახელმწიფოები? პოლიტიკური აზრი ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერი ხელისუფლებით არსებობისა, ნებისმიერი წყობილების პირობებში, ყოველთვის ერთი და იგივეა. მას რამდენიმე მიზანი აქვს დასახული, რომლებიც უნივერსალური და ერთნაირია ჩვენი პლანეტის ნებისმიერ კუთხეში, ყველა დროებასა და ყველა ხალხისთვის:

* ეკონომიკური ექსპანსია;

* საკუთარი საშინაო და საგარეო მდგრადობის მხარდაჭერა;

*კონკურენტი სახელმწიფოს მდგრადობის დარღვევა.

წარმატებული სახელმწიფოს ხალხი ყოველთვის უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე აუტსაიდერისა. შესაბამისად, თუ ქვეყანა კონკურენტების შერყევისა და თავისი ეკონომიკის მოქმედების ზონის გაფართოებისკენ ისწრაფვის და ამას წარმატებით აკეთებს, მაშინ მისი მოქალაქეები უკეთესად და მდიდრულად ცხოვრობენ და პირიქით. ეს წესი შეუფერხებლად მოქმედებს. თუ გერმანელები და ფრანგები თავიანთ ქარხნებს ბულგარეთსა და რუმინეთში აშენებენ, მაშინ ისინი იცხოვრებენ კიდეც ბულგარელებსა და რუმინელებზე უკეთ.

ნებისმიერ სახელმწიფოს ყოველთვის სურს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა. მათი მდგომარეობის გაუარესებას არავინ არასოდეს ცდილობს.

ნაცისტური რეიხი იმისთვის შეიქმნა, რათა გერმანელებს სხვა ხალხებზე უკეთესად ეცხოვრათ. ბოლშევიკებმა რევოლუცია იმისთვის განახორციელეს, რომ უფრო სამართლიანი საზოგადოება აეშენებინათ _ კომუნისტური უტოპია, სადაც თითოეული ადამიანი კარგად იქნებოდა. კამპუჩიაში პოლ პოტელებიც კი თავიანთ განათლებულ თანამემამულეებს იმიტომ უჩეჩქვავდნენ თოხებით თავს, რომ გულწრფელად იყვნენ დარწმუნებულნი _ ეს იყო გზა ნამდვილი თანასწორობისკენ. ასე რომ, მიზნები ყოველთვის კეთილშობილურია, მათი მიღწევის გზები კი _ ყველაზე მთავარი.

უმაღლესი პოლიტიკური პილოტაჟი _ ეს არის შეაჩეჩო მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მისი პრობლემების მოგვარების გზები, რომლებიც სინამდვილეში ამ პრობლემების გაღრმავებას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ეს ყოველთვის იწვევს ერთი ქვეყნის გახრწნასა და დაცემას და მეორე ქვეყნის აყვავებას.

ეს ადრე, ძველი რომის ეპოქაში იყო სახელმწიფოებს შორის ომები მარტივი და პატიოსანი. როდესაც კართაგენი რომს ეომებოდა, თითოეულმა კართაგენელმა და რომაელმა იცოდა: თუ მისი ქვეყანა დამარცხდებოდა, პირადად მას ელოდა ან სიკვდილი, ან მონობა. გამარჯვების შემთხვევაში, პირიქით _ აყვავება, იაფი მონები, ფული და უფასო პური. საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლის სტიმული, დამეთანხმეთ, ძალიან სერიოზულია. შეუძლებელი იყო, სახელმწიფოს დამარცხების ან კრახის შემთხვევაში, მისი მოსახლეობის ნაწილი მოგებული დარჩენილიყო. ბერძნებმა, როდესაც მრავალწლიანი ალყის შემდეგ მოტყუებით აიღეს ტროა, მისი ყველა მცხოვრები დახოცეს ან მონად გაყიდეს, თვითონ ქალაქი კი გაანადგურეს.

რომელი სჯობს: რომი, კართაგენი თუ ალექსანდრე მაკედონელის სამეფო? ეს კითხვა ნებისმიერ ისტორიკოსს შეაკრთობს.

ეს როგორ _ რომელი სჯობს? არსებობდა სხვადასხვა სახელმწიფო, მათ ჰქონდათ განსხვავებული საზოგადოებრივი წყობილება, სხვადასხვა ენა, კულტურა. ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს, ვიღაც დამარცხდა, ვიღაცამ გაიმარჯვა. და, ალბათ, გამარჯვებული არის კიდეც საუკეთესო, რადგან გამარჯვება შეძლო.

აი, თანამედროვე ცხოვრებაში კი ასე არ არის. დღეს გულმოდგინედ ცდილობენ, შთაგვაგონონ, რომ სახელმწიფო შეიძლება იყოს «კარგი» ან «ცუდი» და კიდევ _ «ძალიან ცუდი». ამ «ძალიან ცუდი» სახელმწიფოს მაგალითია მესამე რეიხი და საბჭოთა კავშირი. «ცუდი» ქვეყნები _ კვლავაც რუსეთია, აგრეთვე, ირანი, ჩრდილოეთი კორეა და სხვ. «კარგი» ქვეყნების სიაც ცნობილია _ აშშ, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, იტალია. ესენი არიან დიდები და «კარგები», თუმცა არსებობენ პატარები და «კარგებიც». «კარგები» არიან, ოღონდ პატარები _ ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, ხორვატია. რადგან ისინი «კარგები» არიან, ოღონდ _ პატარები, ამიტომ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ «კარგებს», ოღონდ დიდებს. მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი კეთილშობილური იდეებისთვის ხდება, სწორია.

სიტყვები «ცუდები» და «კარგები» ბრჭყალებში ჩავსვით, თანამედროვე მასმედია კი მათზე მთელი სერიოზულობითა და უბრჭყალებოდ ლაპარაკობს. აქ მიზანი საკმაოდ გამჭვირვალე და ორმაგია: შთააგონო უცხო ქვეყნის მოსახლეობას სიმპათია მოწინააღმდეგ სახელმწიფოსადმი და სიძულვილი _ საკუთარი სახელმწიფოსადმი.

ანტიკური ეპოქიდან დღემდე პოლიტიკური პროგრესი შორს წავიდა. იმხანად თავში აზრადაც არავის გაუელვებდა, კართაგენის მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ რომი «კარგია», კართაგენი _ «ცუდი», და ამიტომ მსოფლიოში, სახელდობრ, რომმა უნდა იბატონოს. თითოეულმა კართაგენელმა იცოდა, ასე რომ მომხდარიყო, ყელზე მონის საყელურს გაუკეთებდნენ, ამიტომ მზად იყო, სამშობლოსთვის სიცოცხლე გაეწირა. სწორედ ამიტომ კართაგენელები და მათი მოკავშირეები სამი ომის განმავლობაში ებრძოდნენ რომაელებსა და მათ მოკავშირეებს. ჩეხავდნენ ერთმანეთს, წვავდნენ და კლავდნენ, ამასთანავე, ყოველთვის იყვნენ ბარიკადების «თავის მხარეზე».

იყვნენ მოღალატეები? რა თქმა უნდა, იყვნენ. მშიშრები და ნაძირლები ყველა ეპოქაში არიან, მაგრამ ესენი, სახელდობრ, მშიშრები და ნაძირლები იყვნენ. მტრის მხარეზე გადასულებს არასოდეს ჰქონიათ იდეოლოგია, ისინი სამშობლოს ცვილიზაციის საკეთილდღეოდ ან მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად არ ღალატობდნენ. ეს ადამიანები მხოლოდ თავიანთი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ისინი ზიზღის გარდა არაფერს იწვევდნენ მათში, ვისაც უღალატეს და მათშიც, ვის მხარესაც გადავიდნენ.

თუმცა მათ ხალისით იყენებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ გარეწრებს უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდათ. ალმოდებული კართაგენის უკანასკნელი დამცველები სწორედ რომიდან გაქცეულები იყვნენ, რომლებიც განწირულის გააფთრებით იბრძოდნენ…

შემდეგ ვითარება შეიცვალა. გარკვეულ ეტაპზე ცხადი გახდა: თუ მოწინააღმდეგის მოსახლეობას არ შთააგონებდი, რომ მათი სახელმწიფო «მართალი» არ არის, ისინი გააფთრებით აღარ იბრძოლებდნენ. უცნობია, რომელმა გენიოსმა და რომელ წელს გამოიყენა მოწინააღმდეგის შიგნიდან განადგურების ფორმულა.

სამშობლოს ღალატი ადვილი და სასიამოვნო რომ იყოს, საჭიროა ორი რამ:

* მტრის მხარეზე გადასული თავს არამზადად არ უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ, ისე საზოგადოების თვალში;

* სახელმწიფო, რომლისთვისაც მან სამშობლოს უღალატა, თეთრი ტანსაცმლით უნდა იყოს შემოსილი.

ამისათვის კი საჭიროა შეფასების კრიტერიუმი. მან, ამ კრიტერიუმმა, ადამიანის დეზორიენტაცია უნდა გამოიწვიოს, დააბნიოს, შთააგონოს, რომ «ის» მხარე სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის, «ეს» მხარე კი სრულიად უსამართლოა.

ასე გაჩნდა «ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები», «ადამიანის უფლებები», «სიტყვის თავისუფლება» და სხვა ტერმინები, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ყველა იმეორებს, თუმცა მათი აზრი, მნიშვნელობა არავის ესმის. ზუსტად ასე ვერ აცნობიერებს რიგითი ადამიანი ამ ტერმინების გაჩენის მთავარ მიზანს. ბევრი ვერ ხვდება, რომ ეს პროგრესული სიტყვა-სიმბოლოები სინამდვილეში საშინელი იარაღია. ის მოწოდებულია, უზრუნველყოს ერთი სახელმწიფოს (ან სახელმწიფოების კონგლომერატის) გამარჯვება მეორეზე მისი შინაგანი გახრწნის გზით.

პოლიტიკა, როგორც ცნობილია, ბინძური საქმეა. ყველა დროის ყველა სახელმწიფოს, ყველა ხელისუფლების პოლიტიკა ერთნაირად მყრალი სუბსტანციაა. ეს შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ სახელმწიფოებს შორის ომი, რომელიც პოლიტიკის უმაღლესი გამოვლინებაა, სწორედ ასეთია. მსოფლიოს პოლიტიკურ ველზე არიან მხოლოდ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთი სახელმწიფოებისთვის სარგებელს ეძებენ (თავიანთი სახელმწიფოებისთვის!). მაშასადამე, ჩვენც ჩვენი ქვეყნის მხარეს უნდა დავდგეთ. თითქოს აზრი აბსოლუტურად ნათელია. გვესმის, რომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მთავარი საზრუნავი მისი ოჯახის კეთილდღეობაა. მეგობრები, მეზობლები, ქველმოქმედება _ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და საჭირო, მაგრამ, პირველ რიგში, ოჯახი; აი, ქვეყნის დონეზე კი ეს ჭეშმარიტება ჩვენთვის რატომღაც მთლად გასაგები არ არის.

ნებისმიერი ომი _ ცხელი, ცივი, საინფორმაციო თუ ლოკალური _ ყოველთვის გამარჯვების მოსაპოვებლად იწყება; გამარჯვების შემთხვევაში _ რაღაცის შესაძენად, დამარცხებული ქვეყნისთვის რაღაცის წასართმევად. სასურველი ობიექტი შეიძლება იყოს ტერიტორია, სასარგებლო წიაღისეული, სამხედრო ბაზები, ანუ ყველაფერი.

არ შეიძლება მხოლოდ ერთადერთი: ერთი სახელმწიფო მეორესთან ომს არასოდეს დაიწყებს იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოსახლეობამ უკეთესად და თავისუფლად იცხოვროს.

პოლიტიკა ალტრუიზმს ვერ იტანს. რომმა კართაგენი, აფრიკული ტომების გასათავისუფლებლად კი არა, თავისთვის სარგებლის მოსაპოვებლად გაანადგურა _ რომაელ ვაჭრებს მსოფლიოს ყველა პორტში და ბაზარზე კონკურენცია რომ აღარ ჰქონოდათ. მათი კართაგენელი კოლეგები კი, ვაჭრობის ნაცვლად, რომაელთა ხომალდებზე მძიმე ნიჩბებს უსვამდნენ.

რუსეთში ბევრ განათლებულ ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ ამერიკელი სენატორების მთავარი საზრუნავი რუსეთის ხალხების კეთილდღეობაა, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტი იმიტომ შეიქმნა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვი კარგად იკვებებოდეს. ეს ძალიან სასაცილო იქნებოდა, სამწუხარო რომ არ იყოს. ზრდასრულმა ბიძებმა და დეიდებმა ათწლეულობით მიმდინარე პროპაგანდის დახმარებით დაიჯერეს დასავლეთის მიერ შექმნილი ზღაპარი «თავისუფლების რაინდებზე», რომლებიც კაცობრიობას გაასხივოსნებენ. ოღონდ ეს ზღაპარი მთლად უწყინარი არ არის _ ამ ყმაწვილებმა XX საუკუნეში ორჯერ, 1917 და 1991 წლებში, ჩვენი ხალხი, რომელმაც ლამაზი ზღაპრები დაიჯერა, სრულიად შიშველი დატოვეს.

მაგრამ დადგა ვითარებაში გარკვევის დრო. დროა, გამოვფხიზლდეთ, დროა, შევიგნოთ, რომ რეალურ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ზღაპრები არ არსებობს, არც სასწაულები ხდება. ეს სამყარო ძალიან მკაცრია. მას თავისი ურყევი წესები აქვს.

დამარცხებულები ყოველთვის უფრო ცუდად ცხოვრობენ, ვიდრე გამარჯვებულები.

დამარცხებულები ყოველთვის უხდიან ხარკს გამარჯვებულებს.

ასე იყო და ასე იქნება. საჭირო არ არის ფიქრი იმაზე, რომ ცივ ომს, «ცხელი ომისგან» განსხვავებით, სხვა წესები აქვს. განსხვავება ამ ომების წარმოების მეთოდებშია. ბოლო პერიოდამდე განსხვავება იყო იმ პირების დაჯილდოებაშიც, რომლებმაც ომებში თავი გამოიჩინეს.

რეალური ბრძოლების გმირებს ორდენებსა და მედლებს აძლევდნენ, ხოლო ცივი ომის გმირებს _ მხოლოდ მემუარების წერის უფლებასა და უზრუნველ სიბერეს. მაგრამ სენატორმა ჰილარი კლინტონმა და მისმა თანაპარტიელმა კოლეგებმა წინადადება წამოაყენეს აშშ-ში ახალი ჯილდოს დაწესების შესახებ _ «ცივი ომის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის».

«ცივი ომი იყო განსაკუთრებით სახიფათო და ზოგჯერ სასიკვდილოდ სახიფათო გლობალური სამხედრო ოპერაცია მამაცი ჯარისკაცებისთვის, მეზღვაურებისთვის, მფრინავებისა და საზღვაო ქვეითებისთვის, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობდნენ», _ ნათქვამია ამ კანონპროექტის ინიციატორის, კონგრესმენ რობერტ ენდრიუსის განცხადებაში.

ასე გაცილებით სწორად და პატიოსნადაა ნათქვამი: გლობალური სამხედრო ოპერაცია. თუმცა ასეთი პატიოსნების გამოვლენის უფლებას ამერიკელები მხოლოდ იმ დოკუმენტებში აძლევენ თავს, რომლებსაც თავიანთ პარლამენტს უგზავნიან ან რომლებიც ამომრჩევლისთვის სჭირდებათ.

«ცივილიზებულ მსოფლიოს» რუსეთისთვის მოვლენების სრულიად სხვა ვერსია აქვს. ეს ვერსია სხვადასხვანაირად გადაამღერეს ჩვენმა ლიბერალებმა და სხვადასხვა ჯურის მედასავლეთეებმა, და ამ «გუნდის» ნამღერში უვნებელი სიტყვებით «ცივი ომი» იკარგება ცივილიზაციის მარცხის აზრი. არადა, ამ «რბილი» დამარცხების შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის იმაზე არანაკლებ საშინელი იყო, ვიდრე გერმანიისთვის პირველ და მეორე მსოფლიო ომში განადგურება.

ჩვენც ზუსტად ასე დავკარგეთ ტერიტორიები, ეკონომიკური პოტენციალი, ათეულმილიონობით თანამემამულე…

გაგრძელება

შემდეგ ნომერში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here