Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის «ტროას ცხენი» პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

დასავლეთის «ტროას ცხენი» პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

695

«აღმოსავლური პარტნიორობის» პროექტი შეიქმნა იმისთვის, რათა დაებლოკა რუსეთის ინტეგრაციული ინიციატივები პოსტსაბჭოთა სივრცეში, _ წერს ამერიკელი ჟურნალისტი რიკ როზოფი. ავტორი დარწმუნებულია, რომ, წარუმატებლობის მიუხედავად, დასავლეთის ლიდერები განაგრძობენ რუსეთის იზოლაციის კურსს.

 

 

5 წლის წინათ, როცა დასავლეთმა აამუშავა პროექტი «აღმოსავლური პარტნიორობა», აშკარა იყო, რომ იგი მიზნად ისახავდა, რუსეთის გავლენიდან დაეხსნა დსთ წევრი აზიური სახელმწიფოები და მოეხდინა მისი (რუსეთის) იზოლაცია არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილისგანაც.

ავტორის აზრით, «აღმოსავლური პარტნიორობის» მიზანი იყო და რჩება ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო». «აღმოსავლური პარტნიორობის» ამოქმედების პერიოდისთვის ყველა ეს ქვეყანა დსთ წევრი იყო.

სამი თვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და მოახდინა ხუთდღიანი ომის პროვოცირება რუსეთის წინააღმდეგ. მალევე საქართველო გამოვიდა თანამეგობრობიდან.

2014 წლის მარტში, უკრაინაში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ განიხილა წინადადება დსთ-დან გამოსვლის შესახებ, _ აღნიშნავს თავის სტატიაში ამერიკელი ჟურნალისტი.

აშკარაა, წერს როზოფი, რომ აღმოსავლური პარტნიორობის მიზანია, ბოლო მოუღოს დსთ-ს, საბაჟო კავშირს, აგრეთვე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სამხედრო კავშირს, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ავტორი აღნიშნავს, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმა, საეჭვოა, გამხდარიყო ოპოზიციური ძალების თავდაპირველი პროტესტების, შემდეგ სისხლისმღვრელი თავდასხმების მიზეზი. ამჟამად კიევის მთავრობა ცდილობს, გამოასწოროს წინამორბედების «შეცდომა» და, თავისი დასავლეთელი სპონსორების მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს ხანში ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც მოიწონეს მოლდოვასა და საქართველოს პროდასავლურმა მთავრობებმა.

რიკ როზოფს არ დავიწყებია პოსტსაბჭოთა სივრცისთვის გამიზნული სხვა პროექტიც: 6 ქვეყნიდან, რომლებიც «აღმოსავლური პარტნიორობის» წევრი სახელმწიფოებია, ოთხი (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) აშშ-ის მიერ ინიცირებულ ორგანიზაციაში _ გუამში შედის. ავტორის აზრით, დასავლეთი აქტიურად გეგმავს და ცდილობს ამ ქვეყნებში «ფერადი რევოლუციების» მოწყობას.

ამ მომენტისთვის დასავლური ტრიადა _ აშშ, ევროკავშირი და ნატო _ თავიანთ ძალისხმევას «აღმოსავლური პარტნიორობის» უპირატესად სამი ქვეყნისკენ წარმართავს: უკრაინისკენ, მოლდოვისა და საქართველოსკენ. როზოფის აზრით, ევროკავშირთან მათი ინტეგრაცია გაგრძელდება ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრობამდე. პარალელურად რეალიზებული იქნება ამ ქვეყნების ნატოში შესვლის პროგრამაც.

როგორც ჩანს, დასავლეთის პროექტებში ყველაზე სწრაფად ინტეგრირდება საქართველო. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაყოვნდა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოსადმი მიმართვის გასაკეთებლად, აგრეთვე, აშშ თავდაცვის მინისტრთან ჩაკ ჰეიგელთან და ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის მიზნით. ვიზიტის ბოლო დღეს იგი ასევე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს _ ვიქტორია ნულანდს. შეხვედრის პრესრელიზის თანახმად, აღნიშნავს ჟურნალისტი, მხარეებმა განიხილეს «თავდაცვის სფეროში პარტნიორობის საკითხები» და «უკრაინის მოვლენები».

იმ დროს, როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში იმყოფებოდა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თბილისში ჩავიდა და დაადასტურა, რომ სამხედრო ბლოკი ცდილობს, «რაც შეიძლება ახლოს» დადგეს საქართველოსთან და საუბრობდა სამხედრო ტექნიკის შემოტანაზე ამ ქვეყანაში, წერს ამერიკელი ჟურნალისტი.

8 მაისს, მოლდოვასა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი და განაცხადა, რომ იგი გულწრფელად მხარს უჭერს «საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას და მის ტერიტორიულ მთლიანობას», ანუ საქართველოს მთავრობის გეგმებს დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარების თაობაზე.

ჰეიგის გამგზავრების შემდეგ საქართველოში ჩავიდა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კანცლერი მიკ მარანი. მისი ჩასვლის მიზანი იყო ქართველ კოლეგებთან ამ ქვეყნის ნატოსთან მიერთების სასწავლო პროგრამების განხილვა, ხაზს უსვამს ჟურნალისტი.

რიკ როზოფი ასევე აღნიშნავს, რომ 13 მაისს, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, თბილისში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. მისი მიზანი აშკარა იყო: ქართველი სამხედროების ჩაბმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგების თაოსნობით მიმდინარე მისიაში. საქართველოს დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პირველმა პირმა დაადასტურა, რომ იგი მხარს უჭერს ჰეიგის განცხადებას საქართველოს ევროინტეგრაციული კურსის შესახებ და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

მეორე დღეს, წერს ჟურნალისტი, ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, უკრაინასა და მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს ეწვია ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. მან განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მხარეთა თანამშრომლობის საბოლოო მიზანი.

ამერიკელი ჟურნალისტი მიმოიხილავს საქართველოს მხარის რეაქციასაც დასავლელი კოლეგების დაპირებებზე. ქართული მასმედიის ინფორმაციით, წერს როზოფი, ქვეყნის პრემიერმინისტრმა «აღმოსავლური პარტნიორობის» ამჟამინდელ სიძნელეებზე საუბრისას განაცხადა, რომ «ელოდება ევროკავშირის უფრო აქტიურ ძალისხმევას».

«მჯერა, რომ ევროკავშირი შეძლებს, აღმოუჩინოს «აღმოსავლური პარტნიორობის» ქვეყნებს სათანადო მხარდაჭერა», _ იმოწმებს რიკ როზოფი საქართველოს პრემიერის სიტყვებს.

დაბოლოს, ამერიკელი ჟურნალისტი ასკვნის, რომ დასავლეთი უწინდებურად ისწრაფვის თავისი ანგარებიანი მიზნების დაკმაყოფილებას და, როგორც ყოველთვის, ანგარიშს არ უწევს სხვა ქვეყნების ინტერესებს.

მომზადდა უცხოური პრესის მიხედვით

P.S. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზემოთ ციტირებული სიტყვები, მისი, დიპლომატიური ეთიკის ჩარჩოებში ჩასმული განცხადება, აშკარა მინიშნებაა იმაზე, რომ დასავლეთის დახმარება «აღმოსავლური პარტნიორობის» პროგრამის ფარგლებში დაპირებების საზღვრებს არ სცილდება, ყოველ შემთხვევაში, უეფექტოა.

უკრაინის მოვლენებმა, განსაკუთრებით კი ყირიმულმა აქცენტმა, შეაშფოთა აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები, სასწრაფოდ გადმოსხეს «აღმოსავლური პარტნიორობის» ქვეყნებში თავიანთი პროპაგანდისტული დესანტი, მაღალი რანგის გავლენის აგენტები.

რას გამოდნებიან «ვარსკვლავთა ამ აღლუმიდან», ვნახავთ ჩვენც და ისინიც.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here