ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც ახლახან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაც შეითავსა, განაცხადა: «ქართული ოცნების» სიაში ვერც ერთ ყოფილ «ნაციონალს» ვერ ნახავთო. ამ განცხადების შემდეგ წინასაარჩევნო პროცესის პირველი ნახევარი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ პირველი ნახევარი. როგორც კი «ოცნებამ» კანდიდატების დასახელება დაიწყო, ქვეყანაში ვაიუშველებელი ატყდა _ საქართველოში არ დარჩა რაიონი, სახელისუფლო კანდიდატის მიმართ მოსახლეობას პროტესტი რომ არ გამოეცხადებინა. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია რამდენიმე ქალაქში «ოცნების» მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებზე.
ფოთი. ამ ქალაქში იმთავითვე უჩიოდნენ საკუთარ მაჟორიტარს _ პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას, მაგრამ ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდნენ, თუმცა მოახერხეს და ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მაინც მიიტანეს. ამის შემდეგ ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა რამდენიმე მაჟორიტარი, მათ შორის, ფოთის მაჟორიტარიც.
აი რას ამბობენ ფოთელები «ოცნების» მიერ ფოთის მერად წარდგენილ კანდიდატ ირაკლი კაკულიაზე:
«ირაკლი კაკულიასა და «ნაციონალურ მოძრაობას» ყოველთვის ტკბილი ურთიერთობა ჰქონდათ. «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში ირაკლი კაკულიას ბანკმა კრედიტად 100 000 დოლარი ისე მისცა, რომ არანაირი გარანტია და საბანკო უზრუნველყოფა არ მოუთხოვია. მან ამ თანხით მარკეტი გახსნა, რომელიც შეუფერხებლად მუშაობდა და ეს მაშინ, როდესაც «ნაცები» წვრილ ბიზნესმენებსაც კი არ ახარებდნენ. ირაკლი კაკულიას ფოთში პრობლემები არასოდეს შექმნია. 2007 წელს ის რატომღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში აღმოჩნდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.
«ქართული ოცნების» მიერ ქალაქ ფოთის მერობის კანდიდატად წარდგენილი ირაკლი კაკულია საქართველოში, ჯამში, 9 თვეც არ იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოსო, _ ამბობს ხელისუფლება, მაგრამ ეს კანონი კაკულიას რატომღაც არ ეხება.
კაკულია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ «ოცნების» ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა 2012 წლიდან, რადგან მან ეს თანამდებობა 2013 წლიდან დაიკავა».
უარესი ვითარებაა ზუგდიდში. იქ როლანდ ახალაიას კაცია მერობის კანდიდატი «ქართული ოცნებიდან».
«ოცნების» მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია შევარდნაძის მმართველობის პერიოდში «მემარჯვენეების» წევრი იყო; შემდეგ თავისი გუნდით ასლან აბაშიძის «აღორძინებაში» გადაბარგდა. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ კი «ნაციონალებს» დაუახლოვდა. სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორად ზაზა გოროზიას მუშაობის პერიოდში ირაკლი გოგოხია ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და ბენზინისა და ცემენტის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მას როლანდ ახალაია დაეხმარა. გოგოხიას სიმამრი ზურაბ ცხონდია საპარლამენტო არჩევნებში მხარს აქტიურად უჭერდა როლანდ ახალაიას. საპრეზიდენტო არჩევნებში გოგოხია თავდაპირველად ნინო ბურჯანაძის შტაბს მიეტმასნა, სამიოდე დღის შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, ჩიქავას, გუნდში აღმოჩნდა».
«ოცნების» მიერ ქალაქ თელავის მერობის კანდიდატად დასახელებული პლატონ კალმახელიძე «ნაცების» მეგობარიც ყოფილა, მაგრამ დღეს უკვე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის _ თამაზ თამაზაშვილის ახლობლის სტატუსით სარგებლობს.
«ოცნების» კანდიდატი პლატონ კალმახელიძე დიდად ცნობილი პიროვნება არ არის, «ბილაინის» ოფისს ხელმძღვანელობდა და სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნისას გაიცნო საჭირო ადამიანები «ნაცებიდან» და ახლა უკვე «ოცნებიდანაც». ქალაქში ყველა უკმაყოფილოა, რადგან თვლიან, რომ, თუ პლატონ კალმახელიძემ გაიმარჯვა, სხვებისგან მართული იქნებაო.
პლატონ კალმახელიძე თამაზ თამაზაშვილის კადრია და შინაგან საქმეთა მინისტრ ლექსო ჭიკაიძესთან მეგობრობს».
ოზურგეთელებმა «ოცნების» კანდიდატი ჩვეული იუმორით მოკლედ დაახასიათეს:
«ქართული ოცნების» მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ადრე გურიის ტელევიზიას ხელმძღვანელობდა, შემდეგ თხილის ბიზნესს მიჰყო ხელი. ბევრი რა გელაპარაკოთ, მაფიოზაა, რა…
სხვა ქალაქების მცხოვრებლებისგან განსხვავებით, რუსთაველებმა მოახერხეს და «ოცნების» მერობის კანდიდატის წინააღმდეგ სარჩელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს.
«საქართველო და მსოფლიოს» ხელში ჩაუვარდა ამ დოკუმენტის ასლი.
«ა/წ 17 მაისის განკარგულებით #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაციაში იქნა გატარებული საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნება»-ს თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია. დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 2012 წლის ნოემბრამდე ჩართული იყო ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში), შესაბამისად, მისი რეგისტრაციით რუსთავის ოლქმა დაარღვია კანონი.
საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 167-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბმისად: «მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში».
მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს პრეცენდენტიც, როდესაც ცესკოს 2014 წლის 22 აპრილის 70/2014 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება თვითმმართველი ქალაქის გორის მერობის კანდიდატის _ ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ».
ეკა ნასყიდაშვილი