Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი თავდგირიძე: ირაკლი ალასანია «ნაცმოძრაობის» გზას განაგრძობს

გიორგი თავდგირიძე: ირაკლი ალასანია «ნაცმოძრაობის» გზას განაგრძობს

717

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინათ ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე საქართველოში ნატოს თავდაცვითი საშუალებების განთავსებისკენ მოუწოდა. ირაკლი ალასანიას ამ განცხადებამ ქართველ საზოგადოებაში, მათ შორის, «ქართული ოცნების» წევრებშიც, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრმა ამ ყველაფრის მიღმა სერიოზული საფრთხე დაინახა. თავდაცვის მინისტრის განცხადებას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძეც გამოეხმაურა და მას არაფრის მომცემი, მოუმზადებელი და ქვეყნისთვის სახიფათო უწოდა.


_ ბატონო გიორგი, თქვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას მოუმზადებელი და ქვეყნისთვის სახიფათო უწოდეთ. რა ხიფათის შემცველია ირაკლი ალასანიას განცხადება?

_ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია გულისხმობს მნიშვნელოვანი საკითხების საფუძვლიან მომზადებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებას, მით უმეტეს, როდესაც საქმე საერთაშორისო პოლიტიკას და სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება. სულ სხვაა, ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, როდესაც პოლიტიკოსს შეუძლია რომელიმე საკითხის უტრირება და ამით სპეკულირება პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად ან მოწინააღმდეგისთვის შავი პიარის ასაგორებლად. შემდგომ ალასანიას ქმედებითაც დადასტურდა, რომ მისი პირველი განცხადება აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. მან ჯერ მკაფიოდ მოუწოდა ნატოს, თავდაცვითი საშუალებები განეთავსებინა საქართველოში და შემდგომ, როდესაც გააკრიტიკეს, შეცვალა აზრი და ისე გამოვიდა, თითქოს მხოლოდ შეიარაღების გარკვეული სისტემების განთავსებას ითხოვდა.

ამას გარდა, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო ანტირუსულ ქმედებებზე პედალირებით ეძებდა დასავლეთის მხარდაჭერას. ასეთი მკაფიო, პრინციპული და მკაცრი პოლიტიკით და პარალელურად, ავღანეთში ჩვენი სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობით საქართველო გარკვეულწილად აიძულებდა დასავლეთს, ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ეს ბარიერები გადალახა და დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, ფაქტობრივად, გაშიშვლდა, შემაკავებელი ფაქტორები შეიცვალა. მხოლოდ დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტები, პოლიტიკური ზემოქმედება და განცხადებები, რომ საქართველო შეიძლება, ნატოს წევრი გახდეს ან საქართველოში თავდაცვითი საშუალებები შეიძლება განთავსდეს, რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორები არ არის. შესაბამისად, როდესაც იცვლება საერთაშორისო ვითარება, ჩნდება ახალი რეალობა, საქართველოს პოლიტიკაც კარდინალურად უნდა შეიცვალოს. ლაპარაკია დაბალანსებული პოლიტიკის აუცილებლობაზე.

ერთი რამ ცხადია: რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობას უკრაინაში განიხილავს, როგორც ცივი ომის ფაზას, ანუ საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინა პერიოდს და ამ დროს სახელმწიფოები აზროვნებენ არა რაღაც დემოკრატიული ღირებულებების, საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებზე დაყრდნობით, არამედ ყველა სახელმწიფოს განიხილავენ მომხრეებად და მტრებად. შესაბამისად, ახლა ამ ტერიტორიაზე, რამე ახალი შეიარაღების განთავსება ან სახელმწიფოს მხრიდან რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანება განიხილება, როგორც აგრესიული ქმედება და შეიძლება პრევენციისთვის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აქციაც განხორციელდეს.

შეიარაღების განთავსებაც კი, გარკვეულწილად, არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ ერთ დღეს, ყოველგვარი წინასწარი და ხანგრძლივი მომზადების გარეშე, ნატო გამოაცხადებს, რომ საქართველო არის ნატოს წევრი და, ვიდრე ეს სამხედრო ბლოკი იარსებებს, მისი ვალდებულება იქნება, დაგვიცვას და იბრძოლოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის; ხოლო ამ ეტაპზე საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსება ტექნიკურად შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო: ნატოს არაწევრ ქვეყანაში საბრძოლო სისტემების განლაგების პრაქტიკა ევროპაში ჯერჯერობით არ არსებობს. ეს, უბრალოდ, არარეალურია.

_ თუ არარეალურია, მაშინ რატომ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ასეთი რამ?

_ ამ კითხვას პასუხს, ალბათ, ალასანია გასცემს, მაგრამ, რაც მე დავინახე, ეს იყო ერთი ქართველი პოლიტიკოსის პიარგანცხადება. არ ვიცი, შეიძლება, ალასანიასაც იგივე მრჩევლები ჰყავს, რომლებიც სააკაშვილთან მუშაობდნენ, რადგან ირაკლი ალასანია გარკვეულწილად «ნაციონალური მოძრაობის» გზას განაგრძობს. ის განაგრძობს აგრესიული პიარკამპანიის წარმოებას, როცა რაც უფრო მყვირალა განცხადებებს გააკეთებ, რაც უფრო მეტ დემონიზებას მოახდენ რომელიმე მხარის და საკუთარ თავს წარმოაჩენ მასთან მებრძოლ მზეჭაბუკად, მით უფრო მაგარი იქნები.

საქართველოში არის ერთი პრობლემა: პოლიტიკოსები კონსულტაციებს არ გადიან სამხედროებთან და სამხედროები ვერ ბედავენ, ეკამათონ პოლიტიკოსებს, ამიტომ სამხედრო პირების რჩევები ან ხარვეზიანია, ან _ პოლიტიკოსთა სურვილებს მორგებული.

_ რატომ ვერ ბედავენ?

_ 23 წელია, სამხედროები ზეწოლას განიცდიან პოლიტიკოსებისგან და ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება შეიარაღებულ ძალებშიც ცვლილებებს იწვევს. ახალი პოლიტიკური ძალა ხმლითა და მახვილით თრგუნავს სამხედროებს. «ნაციონალური მოძრაობაც» ასე იქცეოდა, იდევნებოდა ყველა ის კადრი, რომელთაც დამოუკიდებლად აზროვნება შეეძლო ან ოდნავ განსხვავებული აზრი ჰქონდა. როდესაც ვეკამათე ოქრუაშვილს და შეიარაღებული ძალებიდან გამომიშვეს, ჩემ გამო პროფესიონალი კადრები გაათავისუფლეს: ცხონებული კახა კაციტაძე, რომელიც იმხანად პრორექტორი იყო სამეცნიერო დარგში, პაატა პაპავა _ პრორექტორი სასწავლო დარგში, გია ბლიაძე _ შტაბის უფროსი. თანამდებობებზე აღარ დანიშნეს გიორგი მელითაური და დავით მურღულია. სამაგიეროდ, დააკვირდით, ვინ დააწინაურეს _ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ საბრძოლო გამოცდილება და არც არანაირი პრინციპები. მაგალითად, უპრინციპო გოგავა, რომელიც 2008 წელს გენერალური შტაბის უფროსი იყო. ის პოლიციიდან გადმოიყვანეს და ამიტომ არ ეყო პრინციპულობა და კომპეტენცია ეხელმძღვანელა ომისთვის. ასეთივე უპრინციპო იყო გენერალი ნაირაშვილი, რომელიც ყველამ ვნახეთ, მუხროვანის ინციდენტის დროს როგორ იქცეოდა _ ეხმარებოდა პოლიციას სამხედროების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში, არადა, სულ სხვანაირად უნდა მოქცეულიყო. ასევე არასწორად მოიქცა სახმელეთო ჯარების სარდალი თელია. მათ უფრო პრინციპული პოზიცია უნდა დაეკავებინათ და აღარც გია კრიალაშვილი დაიღუპებოდა და არც იმ ბიჭებს დააპატიმრებდნენ, რომლებსაც 15-20 წელი დაუმსახურებლად მიუსაჯეს. ასეთი უპრინციპო გენერლები და ოფიცრები ომს ვერ იგებენ.

ერთ მაგალითსაც გეტყვით, რომელიც აღმაშფოთებელია: არსებობს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვაუქმებთ სახმელეთო ჯარებს და ვქმნით ორ საბრძოლო ჯარს. ასეთი შეზღუდული რესურსების პირობებში, ორი დამოუკიდებელი არმიის არსებობა წარმოუდგენელია. თანაც საგულისხმოა, რომ ეს არის «ნაციონალების» მიერ თეორიულად შემუშავებული სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელსაც ახალი ხელისუფლება დაჩქარებული წესით ახორციელებს. არც ერთი სამხედრო პირი ხმას არ იღებს. თუ არ იციან, რომ ეს პრობლემაა, ასეთი ოფიცრები არ გვჭირდება; თუ იციან და ჩუმად არიან, მით უმეტეს არ გვჭირდება ასეთი უპრინციპო სამხედროები, რომლებიც მინისტრს ვერ უბედავენ, აუხსნან, რომ შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა მის პიარს ეწირება.

2008 წელს ჩვენი პრობლემა იყო ოფიცერთა კადრების სუსტი მომზადება და შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა. ოქრუაშვილისა და კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში შეიარაღებული ძალები მორჩილად რომ ექციათ, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ასეთი ჯარი კი დათრგუნულია.

_ თქვენ ასევე განაცხადეთ: «თუ ალასანიას ტექსტს ჩავუღრმავდებით, გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ვთხოვთ თურქეთს შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას». ანუ, ნატოში გაწევრების შემთხვევაშიც კი, საქართველოში ჯარი თურქეთიდან შემოვა?

_ მოდი, ასე ვთქვათ: თუ ნატოში გავწევრდებით, შედგება ე. წ. ოპერატიული საბრძოლო გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება, ვინ სად დაიკავებს პოზიციებს, რა ქვედანაყოფები შემოვლენ ქვეყანაში. თურქეთის იქნება ეს ჯარები თუ სხვა ქვეყნის, არ ვიცი, მაგრამ, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ეს იქნება თურქეთი. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ეს სულ სხვა შემოსვლაა, თურქეთს ექნება საქართველოს დაცვის ვალდებულება, ისევე, როგორც საქართველოს _ თურქეთის და ეს ჯარიც მხოლოდ საბრძოლო ოპერაციების დროს შემოვა. ამიტომ ეს არ გამოიწვევს დისკომფორტს, პირიქით, ეს იქნება დახმარება. მაგრამ, რაც შეეხება ჩემს განცხადებას, როდესაც არ ხარ ნატოს წევრი, მშვიდობიანობის დროს ერთ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს ჯარის შესვლა სულ სხვაა.

თავდაცვის მინისტრს კი უნდა ესმოდეს, რომ, თეორიულადაც რომ დავუშვათ ნატოს თანხმობა ამ წინადადებაზე, შეიარაღებული ძალები თურქეთიდან შემოვიდოდა, ვინაიდან აშშ-ის ჯარების განთავსება საქართველოში ძალიან ძვირად ღირებული ოპერაციაა.

_ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ «რუსეთის შიშით კი არ უნდა გავჩერდეთ და დავიმალოთ, არამედ პირიქით _ ჩვენი თავდაცვითი სისტემა უნდა გავაძლიეროთ».

_ სამწუხაროდ, ირაკლი სესიაშვილიც უპასუხისმგებლოდ ეპყრობა ამ საკითხს. გასაგებია, რომ ალასანია მისი თანაგუნდელია, მაგრამ თანაგუნდელობა არაფერია, როცა ქვეყნის სამხედრო ძლიერებას ეხება საქმე. მეტაფორები, ლექსები და სადღეგრძელოები არც ერთი ირაკლისგან არ მჭირდება. კეთილი ინებონ და, შეიარაღებულ ძალებს მიხედონ, თორემ, რაც ხდება, იმის გამო არამხოლოდ ალასანიას, სესიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. გარე-გარე სირბილს და ნატო-ნატოს ძახილს, სჯობს, საქმეს მივხედოთ. ნატო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მნიშვნელობა არც ერთმა არ იცის. მათ რომ იცოდნენ, რა არის სამხედრო ორგანიზაცია და, საერთოდ, სამხედრო საქმე, ასეთ სისულელეებს არ იტყოდნენ.

_ რუსეთი დაუფარავად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას სასტიკად ეწინააღმდეგება. ასეთ ვითარებაში ადეკვატური და გონივრულია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები და განცხადებები? მით უფრო, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები უკვე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივა არ აქვს…

_ ბუნებრივია, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და საქართველოს _ თავისი. და სწორედ აქ არის ხელისუფლებისა და პოლიტიკოსის გონება საჭირო, თავის დროზე თქვას, რაც სათქმელია, და არ თქვას, როცა არ არის სათქმელი. ახლა ნატოზე პედალირება წამგებიანი საქმეა. მაგრამ უბედურება არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებენ და, როდესაც ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა, სწორედ მაშინ ჩნდება დიადი მომავალი ან კომუნიზმის, ან ნატოს სახით. როგორიც იყო საბჭოთა პროპაგანდა კომუნიზმის მიმართ, ისეთივეა დღეს პროპაგანდა ნატოს მიმართაც. ნატოში შესვლაზე რეალური მუშაობა სხვაა და პროპაგანდა _ სხვა. გამოდიან ეს პროპაგანდისტები და გეუბნებიან, მართალია, შენ გშია, მაგრამ უნდა იშიმშილო, მთავარია, ნატოში გავწევრდეთო. ოღონდ მე ჯიპით უნდა შევიდე ნატოში, შენ კი ურმით შემომყვეო. ტუტუცი და მაძღარი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანაში არსებული პრობლემები საგარეო პიარით, გარე წარმატებებით გადაფარონ. «ნაციონალებსაც» ასეთივე აგრესიული პიარი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ნატოში იმ პერიოდში არავინ მიგვიღებდა, მაგრამ განწყობა შექმნეს, თუ ნატოს წევრი გავხდებოდით, ყველა პრობლემა მოგვარდებოდა და სამოთხეში ვიცხოვრებდით.

ახალი ხელისუფლება თავდაპირველად საკმაოდ დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებდა, მაგრამ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ვერც ერთ პრობლემას თავი ვერ გაართვა, კვლავ ნატოს თემა წამოსწია წინ. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ აუხსნა ჩვენი თავდაცვის მინისტრსა და ხელისუფლებას, რისი შეთავაზება შეუძლიათ, ანუ დაანახა, თქვენ საქმის არსს არ იცნობთო.

თუნდაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ისე ვგზავნით სამხედრო კონტინგენტს, არც მოსამზადებელი სამუშაოები ჩაგვიტარებია და არც საზოგადოებისთვის გვიკითხავს, ანუ ოჯახური სცენა დატრიალდა _ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება.

_ თუმცა საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების გაგზავნის საკითხს. საქართველოს ავღანეთში საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვს, რას მიიღებს ქვეყანა ამ მისიისგან, გარდა მსხვერპლისა?

_ არაფერს. ჩვენ შეგვეძლო 3-4 ოფიცერი ან ოცეული გაგვეგზავნა, დაკვირვება გვეწარმოებინა. შეგვეძლო, მოგვეთხოვა ევროპისთვის სამედიცინო პერსონალის მომზადება, გარკვეული საინფორმაციო უზრუნველყოფა და რატომაც არა?! კი, ბატონო, ევროპის შემადგენელი ნაწილი ვართ და ერთობლივ ოპერაციებშიც შეიძლება მონაწილეობა, მაგრამ მოდი, ნუ ვიქნებით «რომის პაპზე მეტი კათოლიკეები». ევროპაში უამრავი სახელმწიფოა, მაგრამ მისიაში მხოლოდ 5 თუ 6 სახელმწიფო მონაწილეობს. ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში სამხედრო საქმე პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. განსაკუთრებით ალასანიას ვერ ვენდობი, როცა ამბობს, რომ ჩვენი ჯარი მზადაა ცენტრალური აფრიკის მისიისთვის, რადგან ის მატყუარაა. ეჭვი მაქვს, რომ მისთვის ჯარისკაცები მეორეხარისხოვანი ქართველები და ჩვეულებრივი საზარბაზნე ხორცია და, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ ცისფერი სისხლი, როგორც ალასანიას და პოლიტიკურ ელიტას. აქედან გამომდინარე, რა დაემართებათ აფრიკაში, არ აინტერესებთ.

_ უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ვინ დაიცავს საფრთხის შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება თუ არა ის სრულიად მარტო აღმოჩნდეს?

_ საფრთხის შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო მარტოა. ნატოს წევრებიც კი პირველ ეტაპზე მარტო დარჩებიან. სტრატეგიული მოულოდნელობა ზოგჯერ სამ ან ექვს თვესაც გრძელდება. ჩვენ მაგივრად არავინ იომებს. უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული პერიოდი მარტო მოქმედება მოგვიწევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here