Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია _ ვაშინგტონური მონეტის რევერსი

ირაკლი ალასანია _ ვაშინგტონური მონეტის რევერსი

715

საქართველოს სამოქალაქო პატრიარქად წოდებულმა ბიძინა ივანიშვილმა გლეხურად და გასაგებად გვითხრა, რომ ევროპელები და ამერიკელები «აწვებოდნენ», მოქალაქე პატრიარქის მიერ პარლამენტის თავმჯდომარედ ნაკურთხმა დავით უსუფაშვილმა განგვიმარტა, რომ «ნაცმოძრაობის» გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანა ყოფილა, მისმა უკუნისამდე თანამეცხედრემ თინა ხიდაშელმა კი აქეთ დაგვდო ბრალი, ქართველი ხალხის შეკვეთაა პოლიტიკურ ძალად წოდებული ბანდიტების ხროვის გადარჩენაო; ის კი აღარ დაუკონკრეტებია, შეკვეთა როდის მიიღო რესპუბლიკელების «ოფიციანტმა». მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ირაკლი ალასანიამ  ვაშინგტონში განაცხადა. თურმე სააკაშვილის ბანდას ისეთი მიღწევები ჰქონია, რომ ჩვენ მათი წარმატებით დაწყებული საქმე უნდა განვაგრძოთ. რა გასაკვირია, თუ გაიხსენებთ პრეზიდენტობის კანდიდატის _ გიორგი მარგველაშვილის (ესეც კიდევ ერთი ნაკურთხი; მერე კი «უკურთხეს» ერთმანეთს მაკურთხებელმა და ნაკურთხმა, მაგრამ ამით რა შეიცვალა?!) წინასაარჩვენო ლოზუნგს _ «ერთად განვაგრძოთ წინსვლა». რა წინსვლა? რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა, რასაც 10 წლის განმავლობაში ვხედავდით და ვებრძოდით, ის წინსვლა და წარმატება იყო?

ეს ყველაფერი ჩვენი უახლესი წარსულის მძიმე მაგალითებია, სულ ახლახან კი ირაკლი ალასანიამ გაღიზიანებულმა მრისხანედ დააკვესა სიკეთით სავსე თვალები, არავის ვურჩევ დინების საწინააღმდეგოდ სვლასო. ეს რომ ჩვენთვის კი არა, მოქალაქე ივანიშვილის, პრემიერ ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის გასაგონად ითქვა, ყველა მიხვდა, თორემ გურამ ოდიშარიასთვის გინდ გითქვამს და გინდ არა, ჩაძირულია „შავი ზღვის ოკეანის“ ტალღებში და ხანდახან თუ ამოყვინთავს…

დინების საწინააღმდეგოდ ცურვა საქართველოში მხოლოდ ერთ ადამიანთან ასოცირდება და ეს საქართველოს პირველი პრეზიდენტია. ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა კი საქართველოს ეროვნული ფასეულობების გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლას გულისხმობდა და შეეწირა კიდეც სამშობლოს ინტერესებს. ძალიან გამიჭირდება, დღევანდელი ხელისუფლებიდან ვინმე ასე უაპელაციოდ შევადარო პირველ პრეზიდენტს, მაგრამ, ეს საბედისწერო ფრაზა რომ შემთხვევით არ დასცდა ირაკლი ალასანიას ბაგეს, მგონი, მისი ყველაზე დიდი მოყვარულიც დამეთანხმება და ყველაზე დიდი მოძულეც. ახლა ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ 60 წელს მიღწეული სამოქალაქო პატრიარქის გულისწუხილი, რომ ადამიანის ხასიათის ასე შეცვლა არ გაუგია, თუმცა, ალასანიას შემთხვევაში, ეს გაცილებით ადრე მოხდა. მაშინ ივანიშვილს ბევრი არ უფიქრია და რაკი არ გამორიცხავდა ალასანიას «გადაბირებას თუ გადაზიდვას», ვიცეპრემიერის პოსტს ჩამოაშორა «მძიმე საუბრის» შემდეგ. ამ საუბარს წინ უსწრებდა ფამილარული მხარზე მოთათუნება ფილარმონიაში,  ივანიშვილიც რომ გააკვირვა და მისი გარემოცვაც, თუმცა ვაშინგტონის ფავორიტი ალასანია «გამდიდრებულ სოფლელზე» საკუთარი გავლენის დემონსტრირებას ცდილობდა.

ირაკლი ალასანიას მთავრობიდან დათხოვნა ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა და ირაკლი ღარიბაშვილი მითუმეტეს ვერ გარისკავს. არა იმიტომ, რომ მისი თანაგუნდელები _ თეა წულუკიანი (პარტიაში ალასანიას მოადგილე იყო), ალექსი პეტრიაშვილი და, რასაკვირველია, მაია ფანჯიკიძეც გაჰყვებოდნენ; არც იმიტომ, რომ პარლამენტში 10-კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილითავისუფალი დემოკრატები“. არა, მიზეზი გაცილებით სერიოზული და ძალიან საფრთხილოა: ირაკლი ალასანია ვაშინგტონში მოჭრილი მონეტის რევერსია. ჩვენ 10 წელი ვუყურებდით ამ მონეტის ავერსს _ მიხეილ სააკაშვილს. ამჯერად კი რევერსის დროა. თუმცა ეს დრო მხოლოდ ახლა არ დამდგარა. ირაკლი ალასანიას დიდი ხანი ამზადებდნენ ნახტომისთვის.

ამიტომაც, უკვე აგვისტოს ომის შემდეგ, გაეროში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის პოსტი მკვეთრი განცხადებით დატოვა და სააკაშვილის ხელისუფლების გაკრიტიკება დაიწყო. უკვე მაშინ ცხადი გახდა, რომ ალასანიას საგანგებო მისია დაეკისრა. მას უნდა ჩაენაცვლებინა არაპროგნოზირებადი სააკაშვილი, რომლის ავანტიურამ არამხოლოდ კავკასიის რეგიონს, არამედ მთელ ევრაზიას შეუქმნა საფრთხე. რუსეთის მიერ საქართველოში «ძალის არაპროპორციულმა გამოყენებამ» (იხ. ტალიავინის დასკვნა) უცებ ააფორიაქა აშშ-ც და ევროპაც. აღარაფერს ვამბობ სომხეთსა და აზერბაიჯანზე და, განსაკუთრებით, «ჩვენს ისტორიულ მეგობარ» თურქეთზე, რომლის პრემიერმინისტრი სასწრაფოდ მოსკოვს ეწვია საქართველოს «პროპორციულად გაყოფის» თაობაზე მოლაპარაკებების გასამართავად.

საქართველო მსოფლიო მაგიდაზე ლანგრით იდო და, სანამ შეშინებული ხელისუფლება თვითგადარჩენის ინსტიქტებს იყო აყოლილი, აშშ-მა მოქმედების სათადარიგო ფორმულაზე მუშაობა დაიწყო. უკვე ცხადი ხდებოდა, რომ სააკაშვილი ამ ფორმულაში ზედმეტი იყო, მაგრამ ქართული პოლიტიკიდან ყველა მოუმზადებელი აღმოჩნდა საშიში რეალობისთვის თვალის გასასწორებლად, ამიტომაც გამოაცხადეს მორატორიუმი «ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლი ხელისუფლების» კრიტიკაზე. სიტუაციიდან გამოსასვლელად აშშ-ში გადაწყვიტეს, სასწრაფოდ საქართველოში დაებრუნებინათ ირაკლი ალასანია. მას შეეძლო მოზომილად, ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი კრიტიკით ხელისუფლების ოპონირება და, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის რესურსიც ჰქონდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისთვის მას უარყოფითი (არც დადებითი, სხვათა შორის!) იმიჯი ნამდვილად არ ჰქონდა საქართველოში, მისი პერსონა ყველაზე მისაღები იყო.

ალასანიამ იცოდა, რომ ერთი ნახტომით სააკაშვილისთვის ძალაუფლების წართმევა იოლი არ იქნებოდა და მიზანმიმართულად დაიწყო მუშაობა ხელისუფლების პროამერიკულ ნაწილთან, რომელთან ურთიერთობა ახლაც აქვს, რადგან ისინიც და ესეც ვაშინგტონის ერთი პროექტის ნაწილები არიან. პრინციპში, დიდი ძალისხმევაც არ დასჭირდა _ ყველანი ერთი ფორმულით მოქმედებენ. უბრალოდ, მხოლოდ ის განასხვავებთ, თუ რა პოზიცია უკავიათ სახელისუფლო ვერტიკალზე.

ვაშინგტონში ჩამოსხმული მონეტის რევერსი «ნაციონალებისთვის» უცხო ადამიანი არ უნდა ყოფილიყო. თეთრი სახლისთვის იყო ამოსავალი წერტილი და ამ პრინციპიდან არც გადაუხვევიათ. მთავარი კი მაინც საგარეოპოლიტიკური კურსის უცვლელობაა.

ასეც მოხდა მცირედი კორექტივებით. ალბათ, გახსოვთ, როგორ აკოწიწებდა ბიძინა ივანიშვილი კოალიცია «ქართულ ოცნებას». ალასანია და რესპუბლიკელები თავიდანვე წამყვანი მოთამაშეები იყვნენ ახლადშექმნილ კოალიციაში და მნიშვნელოვანი პოსტებიც დაიკავეს. ისიც გეხსომებათ, როგორ აქტიურობდა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და როგორ დაუდგა «ბოდიგარდად» ზუგდიდში ჩასულ მაჟორიტარი დეპუტატობის დამარცხებულ კანდიდატს.

ირაკლი ალასანია კი თავდაცვის მინისტრის პოზიციიდანაც დინებას მიჰყვება და ზუსტად ასრულებს ინსტრუქციას. ზვიად გამსახურდია დინებას არ მიჰყვებოდა, რადგან დინებას გაყოლა ვაშინგტონის, მოსკოვის, ანკარის, თეირანის თუ ბრიუსელის ინტერესების დაცვას ნიშნავდა და ნიშნავს, მაგრამ, თუკი ამ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავ და შენი სამშობლოს ინტერესებს იცავ, თუკი ამ დაცვის დროს შინაური მტერიც ბევრი გაგიჩნდება, მაშინ სწორედ ისე ტრაგიკულად დაამთავრებ სიცოცხლეს, როგორც პირველმა პრეზიდენტმა დაამთავრა. ალასანია კი ვაშინგტონის ინტერესებს იცავს საქართველოში, ოღონდ ამჯერად ანკარის გავლით. ამას ადასტურებს თავდაცვის მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის პოლიტიკის კვარტალურ ჟურნალში Turkish Policy Quarterly. ეს ვრცელი ინტერვიუ ბევრ საინტერსო ამბავს გვიმხელს.  ირაკლი ალასანიას გამოცემის მთავარი რედაქტორი ნიგარ გიოქსელი ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრი ახსენებს 2008 წლის მოვლენებს და ამბობს, რომ ამ მოვლენებმა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტალური გავლენა იქონია საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებსა და საფრთხეების აღქმაზე. მე ვიტყოდი, რომ თურქეთი თამაშობდა ან ცდილობდა, ეთამაშა როლი, რომელიც არსებითად დაიცავდა საქართველოს ინტერესებსაც. იმ დროს მე ვესაუბრებოდი თურქეთის თანამდებობის პირებს და ისინი ცდილობდნენ, შეევსოთ არსებული სიცარიელე, რომელიც აშორებდა საქართველოს დასავლეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო მიტოვებული ჰუმანიტარული და დიპლომატიური თვალსაზრისით, არსებობდა სიცარიელე რომელიც უნდა შევსებულიყო. ანკარიდან იმ დროს არსებობდა შემოთავაზებები, რომლებიც მაშინ არ განხორციელდა. მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თურქეთი ხელმძღვანელობდა არა მარტო თავისი საკუთარი, არამედ საქართველოს ინტერესებითაც“.

საინტერესოა, რა „სიცარიელე“ უნდა შეევსო თურქეთს და როგორ? იმ დროს ირაკლი ალასანია საქართველოს წარმომადგენელი იყო გაეროში და ვისი სახელით ელაპარაკებოდა თურქეთის თანამდებობის პირებს, რა იყო საზღაური? რა შემოთავაზებები იყო ანკარიდან და როდის ხელმძღვანელობს თურქეთი საქართველოს ინტერესებით _ იქნებ მაშინ, როცა სკოლაში ასწავლიან, რომ აჭარა თურქეთის ვილაიეთია? ბევრი შეკითხვა ჩნდება, ძალიან ბევრი… ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს «მეტისმეტად მგრძნობიარე» თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ 5 წლის წინათ მხარს უჭერდა, რომ თურქეთს შეევსო «სიცარიელე, რომელიც აშორებდა საქართველოს დასავლეთისგან». და თან იმუქრება, დინების საწინააღმდეგოდ სვლას არ გირჩევთო. თურმე დინებას უნდა მივყვეთ და ეს დინება შეგვიყვანს ევროკავშირსა და ნატოში, შეგვიყვანს ანკარის გავლით. ოღონდ იმის გაუთვალისწინებლად, რომ ევროკავშირის წევრი თურქეთიც ვერ გახდა ჯერჯერობით. მაშ, როგორ უნდა შეევსო აზიურ თურქეთს ეს «სიცარიელე»?

ირაკლი ალსანია კი განაგრძობს: მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მიმართ რუსეთის პოზიციას, ეს ფაქტი არასდროს ასახულა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებზემე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ საქართველოთურქეთის ორმხრივ თანამშრომლობაში, ვერც ისეთ მგრძნობიარე საკითხში, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თურქეთს ჰქონდა უნიკალური როლი საქართველოაფხაზეთის დაახლოებაში. ეს მეტად მგრძნობიარე საკითხია და მხოლოდ თურქეთს შეუძლია ეს როლი იკისროს, რომელიც ამჟამად განუხორციელებელია. თურქეთმა ეს შემოთავაზება რამდენიმეჯერ გააკეთა, მაგრამ ჩვენ, აფხაზები და ქართველები, როგორც ჩანს, მზად არ ვიყავით. მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში თურქეთი უნიკალურ როლს ითამაშებს, რათა ახალი საქართველო გააცნოს აფხაზ ხალხს და პირიქით. ასე რომ, დიდი პოტენციალი არსებობს იმისა, რომ თურქეთმა  მომავალში ითამაშოს როლი რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებაში“.

აქ კი სერიოზული დაფიქრება გვმართებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ „თურქეთს ჰქონდა უნიკალური როლი საქართველო-აფხაზეთის დაახლოებაში“ და „მხოლოდ თურქეთს შეუძლია ეს როლი იკისროს“. მომავალშიც „უნიკალურ როლს“ ითამაშებს და ახალ საქართველოს გააცნობს აფხაზებს და პირიქით. ეს იმდენად სახიფათო სიახლეა, რომ ჩვენ, როგორც ჩანს, სამუდამოდ დავემშვიდობებით «ლურჯ მთებს და თეთრ სანატორიას». როგორც კი საქართველო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მედიატორად თუ მხარედ ჩართავს თურქეთს, რომელსაც, დიდი ხანია, თვალი უჭირავს არამხოლოდ აფხაზეთზე, არამედ მთელ საქართველოზე, ადვილი წარმოსადგენია, ეს რას გამოიწვევს მოსკოვსა და სოხუმში. თურმე „მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მიმართ რუსეთის პოზიციას». შეუძლებელია, ირაკლი ალასანია არ აცნობიერებდეს არამხოლოდ რუსეთის პოზიციის მნიშვნელობას, არამედ იმასაც, თუ რას მივიღებთ მოსკოვისა და ანკარის შეთანხმებით (მათი კავკასიური დაპირისპირება საუკუნეებს ითვლის) საქართველოსთან დაკავშირებით. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებისთვის, შესაძლოა, ეს არც იყოს მნიშვნელოვანი; ახლა მთავარია, ქვეყანამ ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას და უელსის სამიტზე «მაპზე უარესი» მაინც მოგვცენ. შედეგად კი მივიღებთ კიდევ უფრო გაუცხოებულ სოხუმსა და ცხინვალს. ჩვენ გვახარბებენ, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით, მაშინ, როცა კიდევ უფრო მეტად ვშორდებით სოხუმსა და ცხინვალს. და თურმე მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის პოზიციას.

შეკითხვაზე _ როგორ მოაგვარებს თურქეთი რეგიონულ კონფლიქტებს? კერძოდ, შეუძლია თუ არა თურქეთს უფრო მეტად შეუწყოს ხელი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს?  _ ალასანია უპასუხებს: „უდავოდ. თურქეთი ევროპული და ნატოს წევრი ქვეყანაა, იგი ერთერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია რეგიონულ  და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მას შეუძლია პლატფორმის როლი შეასრულოს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ნატოში, სწორედ ამ საკითხს განვიხილავ ჩემს თურქ კოლეგასთან ამჟამად. ისინი მზად არიან დახმარებისთვის. მათ მხარი დაგვიჭირეს ნატოსაქართველოს საბჭოზე მინისტრების დონეზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თურქულ მხარეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ კარგად ესმით, რამდენად ხელსაყრელია მათთვის, თუ საქართველო ნატოში შევა“.

რასაკვირველია, თურქეთისთვის ხელსაყრელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ეს იმდენად ცხადია, რომ ალასანიას დარწმუნებით საუბარი არც არის საჭირო, მაგრამ ნატოს წევრი უდიდესი და რეგიონის ერთერთი მძლავრი სახელმწიფოს _ თურქეთის სამხედრო დანამატად საქართველოს გადაქცევით რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა?

ძალიან ადვილია სხვის სამსახურში ყოფნა. ქართველი დიდებულები შაჰის კარზეც აღწევდნენ წარმატებას და სულთნის სამსახურშიც იდგნენ, რუსეთის მეფეთაგან ბოძებულ ორდენებსაც სიამოვნებით იბნევდნენ და ამაყადაც ატარებდნენ ჯინჯილებს. სამშობლოსთვის თავდადება კი მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. ისინი დინებას არ მიჰყვებიან და ამიტომაც იღუპებიან..

ირაკლი ალასანია დიდ თამაშშია ჩართული და ვაშინგტონში ჩამოსხმული მონეტის რევერსობასაც იფერებს. ასეთი ადამიანი ვერასოდეს გაბედავს სვლას დინების საწინააღმდეგოდ. ასეთები მხოლოდ დინებას მიჰყვებიან

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here