Home რუბრიკები პოლიტიკა ვაშინგტონი ზედამხედველად ანკარას გვიტოვებს?

ვაშინგტონი ზედამხედველად ანკარას გვიტოვებს?

590

პოლიტიკაში ახლადფეხშემოდგმულ ბიძინა ივანიშვილს პირველივე პრესკონფერენციაზე, 2011 წლის 1 ნოემბერს ვკითხე, თუ როგორ აპირებდა კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, რუსეთის, თურქეთის, ევროპისა და აშშ-ის ინტერესების დაბალანსებას. მიპასუხა, რომ ამ საკითხებზე პროფესიონალები იმუშავებდნენ და ყველაფერი დაბალანსდებოდა. 


მას შემდეგ თითქმის 3 წელი გავიდა, ბიძინა ივანიშვილი (იგულისხმება «ქართული ოცნება»), უკვე წელიწადნახევარია, რაც ხელისუფლებაშია და დაბალანსების ნიშნები ჯერ არ გამოკვეთილა. ეს არც არის გასაკვირი. სააკაშვილის მემკვიდრეობა სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა ახალ (რაღა ახალ, მაგრამ მაინც) ხელისუფლებაში იმდენი «მიშისტია» (წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით), რომ ძნელი წარმოსადგენი არ არის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს.

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გლობალური პოლიტიკის ჭრილში განხილვა დიდ დროსა და ადგილს წაგვართმევს, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, არავინ არაფერს ეკითხება, როცა დიდი სახელმწიფოების მეთაურები საუბრობენ… ჩვენზე! ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ ქართველი «აზრის გიგანტები», რომელთა სიმცირეს არც ხელისუფლება უჩივის, არც ოპოზიცია და არც «ნაციონალურ მოძრაობად» წოდებული ბანდიტური დაჯგუფება, ერთხმად აღიარებენ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დაშვებულ არაერთ შეცდომას, უპირველესად კი _ არათანმიმდევრულობას. მიუხედავად მედიისა და საზოგადოების არაერთი მცდელობისა, როგორმე დაებრუნებინა ისინი «ქართულ წიაღში» და საქართველოს ინტერესები დაეცვათ, უკვე წლებია, ოკეანის წყლით იკლავენ წყურვილს.

სამწუხაროა, რომ ქართველ პოლიტიკოსთაგან ძალიან ცოტა ან თითქმის არავინ ფიქრობს ქართულად და მათი რიტორიკა პატრონების მიმართ ერთგულების დამტკიცების მცდელობებს ვერ გასცდა. აი, სწორედ აქ იკარგება «ქართული კვალი» და ამით სარგებლობენ ჩვენი ახლო მეზობლები თუ შორეული «მეგობრები». ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს _ დიდს დიდი და პატარას კიდევ უფრო მასშტაბური; გადარჩენისთვის ბრძოლაში პატარას უფრო მეტი სიფრთხილე მართებს. თანამედროვე პოლიტიკა კი კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა და ერთპოლუსიანობის დასასრულმა სახელმწიფოთა ინტერესებს შორის დიდი წინააღმდეგობები წარმოშვა. ახლა ხშირად მოისმენთ საუბრებს მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების თაობაზე, თუმცა ეს ომი უკვე დაწყებულია, უბრალოდ, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებმა საომარი საშუალებები დახვეწა.

მართალი გითხრათ, «ქართული ოცნების» გამარჯვებაში, თვითონ «მეოცნებეებისგან» განსხვავებით, ეჭვი არასოდეს შემპარვია და ბიძინა ივანიშვილის ამ წერილში ნახსენები პასუხიც დამაიმედებლად მომეჩვენა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველომ ვერ დაძლია «სტრატეგიული ყმობის» სინდრომი. არ ვარ შეთქმულების თეორიების დიდი მოყვარული და ადამიანებზე გადაჭარბებული წარმოდგენების ასაკიდანაც უკვე გამოვედი, ამიტომ ამ ტიპის საუბრები _ «ჩვენ ვერ ვხვდებით, თორემ რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ყველაფერს ხმამაღლა ხომ არ იტყვის» _ ჩემთვის მიუღებელია. ასეთი რამის დასაჯერებლად, სულ მცირე, ამ «რაღაცის» შემსრულებლებია საჭირო, დღევანდელ ხელისუფლებაში კი (სააკაშვილის ჭირვეული და უზნეო ბავშვების მთავრობაზე აღარაფერს ვამბობ) ნამდვილად ვერ ვხედავ დიდ სტრატეგოსებსა და ტაქტიკოსებს. ზოგადად, ქვეყნის ხელისუფლებაში სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები უნდა მოდიოდნენ, ჩვენთან კი (უკვე მერამდენედ) კომფორტზე შეყვარებული ადამიანები («ჭამე, ნოდარები») შეგვრჩნენ ხელთ.

ასე ხელაღებით ვერ დავდებთ ბრალს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, თუმცა დარწმუნებული ვარ, შარლ დე გოლთან მის შედარებასაც ვერ მომიწონებთ (მომავალში რას იზამს, ღმერთმა იცის). ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, საერთაშორისო ფორუმის ერთერთ პანელზე _ «ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა» _ ალასანიამ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. მისი თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს. «ქართველი მანერჰაიმის» ამ განცხადებას ადეკვატურს ნამდვილად ვერ ვუწოდებ საქართველოში და მის ირგვლივ, თუ გნებავთ, მთლიანად რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ალასანიას ეს სურვილი ვაშინგტონის სცენარში კარგად ჯდება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გამოიწვევს რუსეთის წინააღმდეგ «სამხრეთის ფრონტის» გახსნის მცდელობა საქართველოში. ანდა, რა დიდი წარმოდგენა უნდა, ეს უკვე ვნახეთ სულ ახლახან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის მინისტრს განცხადება არ შეუთანხმებია უმაღლეს მთავარსარდალთან _ ქვეყნის პრეზიდენტთან, ხოლო როდესაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამასთან დაკავშირებით საოცარი ქართულით განაცხადა, «არსებობს უშიშროების საბჭო, კონსტიტუციური ორგანო, სადაც უნდა იქნეს ასეთი საკითხები განხილული და იქიდან გამომდინარე უნდა იქნას კომენტარები გაკეთებული ამასთან დაკავშირებით»-ო, მას სუბორდინაციის ქართული სინამდვილისთვისაც კი მოულოდნელი დარღვევით უპასუხა მინისტრის მოადგილემ _ ვარლამ ავალიანმა: «თავდაცვის მინისტრი არის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრი და, შესაბამისად, ის აჟღერებს იმ პოზიციას და ატარებს იმ კურსს, რომელსაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი ატარებს».

ამ მოკლე და პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის, ალბათ, გასაგებ (ჩემთვის კი აბსოლუტურად მიუღებელ და საშინლად გაუმართავ) კომენტარში ორჯერ არის ხაზგასმული ირაკლი ღარიბაშვილის პერსონა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვიცემინისტრ ავალიანისთვის პრეზიდენტი მარგველაშვილი არც პრეზიდენტია და არც უმაღლესი მთავარსარდალი. წარმოუდგენელია, რომ მას ასეთი «უხამსი» კომენტარი მინისტრ ალასანიასთან შეუთანხმებლად გაეკეთებინა. ის კი, თავის მხრივ, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ხელდასხმით უგულვებელყოფს უმაღლეს მთავარსარდალს.

ვინმე მეტყვის, რომ პრეზიდენტის ჩაწიხვლა უფრო მაღლიდან, ანუ ბიძინა ივანიშვილისგან არ არის სანქცირებული? ასეთ ვითარებაში კი პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა. როგორც ჩანს, ჩვენ დღესაც «ტუტუცი ბავშვების» მთავრობა გვყავს (არსებობს გამონაკლისიც) და პრეზიდენტის ივანიშვილისადმი დაუმორჩილებლობას სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა შეეწირება. თვით ის ფაქტი, რომ საყოველთაოდ გაცხადდა უმაღლეს მთავარსარდალთან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შეუთანხმებლობა, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით ულახავს სახელს საქართველოს პრეზიდენტს, არამედ საზღვარგარეთაც. და როდესაც ვიღაცას (ნეტავ, ვის?) უჩნდება სურვილი, ამ ფორმით ყველას დაანახოს, თუ «ვინ არის ამ სახლში უფროსი», სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

თუმცა, ეს მაინც მოგვარდება _ მარგველაშვილი ადრე თუ გვიან გამოვა საპრეზიდენტო ეიფორიიდან, ივანიშვილის კეთილგანწყობასაც დაიბრუნებს და მის კომპეტენციასაც აღარავინ (მითუმეტეს, ავალიანი) გადააბიჯებს, ხოლო თავდაცვის მინისტრის სურვილის ასრულების შემთხვევაში საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ შემცირდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ისეთ გამოცდილ და გამოწვრთნილ პოლკოვნიკს, როგორიც ირაკლი ალასანიაა, გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგს მოგვიტანს ნატოს თავდაცვითი საშუალებების აქ განთავსების მცდელობაც კი.

რასაკვირველია, საქართველომ უნდა იზრუნოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უკრაინის გამოცდილებას  («ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან ერთად უნდა მოხდეს სამხედრო შემაკავებელი საშუალებების განთავსება რუსეთის საზღვრებთან და დავეხმაროთ უკრაინას მთავარი მიზნის მიღწევაში,» _ ესეც ირაკლი ალასანიას სიტყვებია), ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს. ასეთ დროს ცივი გონებით მოქმედებაა საჭირო და არა მხატვრულ კითხვაში დაოსტატება, ძალიან რომ ცდილობენ ალასანიას ფანები და, მათთვის სამწუხაროდ, ესეც არ გამოსდით. ირაკლი ალსანიას მცდელობა კი, ჩაანაცვლოს სააკაშვილი ვაშინგტონის კარზე და ობამას ნაჩუქარი «ხალათი» მოიზომოს, ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს!

თავი დავანებოთ შიდასახელისუფლო ინტრიგებს და დავსვათ ძალიან მარტივი შეკითხვა: ვისი, ნატოს წევრი რომელი ქვეყნის «თავდაცვითი საშუალებები» უნდა განთავსდეს საქართველოში? ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე ახლოს თურქეთია და, ბუნებრივია, მას ამ პირველობას ვერავინ წაართმევს. აშშის მიმართ ქართველთა განხიბლვამ და გაუცხოებამ ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა და ახლა ვაშინგტონი ზედამხედველად ანკარას გვიტოვებს, რისთვისაც პრეზიდენტებმა _ შევარდნაძემ და, განსაკუთრებით, სააკაშვილმა სერიოზული საფუძვლები შექმნეს. დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ცდილობს, ჯამბაზის ოსტატობით გაიაროს მისი ცოდნისა და გამოცდილებისთვის შეუსაბამოდ მაღლა გაბმულ მავთულზე, მაგრამ ხელის წამომკვრელების ნაკლებობას არც შიგნით უჩივის და საგარეო საფრთხეების წინაშე კი ძალიან უსუსურად გამოიყურება.

დიდი ხანია, თურქეთს სტრატეგიული ინტერესები აქვს კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში და, ბუნებრივია, სიამოვნებით გაგვიწევს ზედამხედველობას. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ არის ავტორი  ცნობილი წიგნისა «სტრატეგიული სიღრმე», რომელსაც სათაურიც საგანგებოდ აქვს შერჩეული და მომძლავრებული თურქეთის სამოქმედო პროგრამაცაა. თურქეთისთვის ძველი დიდების დაბრუნების გზა კი კავკასიაზე _ საქართველოზე გადის, რადგან თავის დროზე რუსეთმა სწორედ კავკასიისთვის ბრძოლებში დამარცხებით ჩაასვენა ოსმალეთის მზე შავ ზღვაში.

მართალია, მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ როგორც მაშინ, გამორიცხული არ არის (უფრო შესაძლებელია), რუსეთმა და თურქეთმა ამჯერადაც მიაღწიონ შეთანხმებას და საქართველოში ორივემ დაიკმაყოფილოს თავისი ინტერესი. მაგრამ ჩვენ რა? ჩვენ რას მივიღებთ, ქვეყანა გაერთიანდება? უფრო _ პირიქით.

აი, ამიტომ მაინტერესებდა ბიძინა ივანიშვილის აზრი კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში რუსეთის, თურქეთის, ევროპისა და აშშ-ის ინტერესების დაბალანსების თაობაზე. მაშინ რაც მიპასუხა, უკვე იცით, ახლა კი ივანიშვილი საქართველოს ფაქტობრივი მმართველია _ «ქართული ჯამახირიის» ლიდერი, თუმცა მისი და მისი ერთმანეთთან მოქიშპე ქვეშევრდომების მოქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, ქართული სახელმწიფოს პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანია დასახიფათოც!

ბონდო მძინარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here