Home რუბრიკები პოლიტიკა ალასანიას გამბიტი და ბირთვული ზამთარი საქართველოში

ალასანიას გამბიტი და ბირთვული ზამთარი საქართველოში

643

ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების განხილვა და კომენტირება, როგორც წესი, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი საზოგადოებას ყურადღება სხვა თემებზე გადააქვს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც, ასე მაგალითად: ირაკლი ალასანიას 30 აპრილის მოწოდება საქართველოში ნატო-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსების შესახებ კვლავინდებურად აქტუალურია და მის განხილვაზე გასულ კვირას როგორც პოლიტიკოსებმა, ისე მათმა ამომრჩევლებმა საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია დახარჯეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ დისკუსიაში, რომელიც ალასანიას განცხადებას მოჰყვა, როგორც სარკეში აირეკლა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის არაერთი პრობლემა.  

 

აპოკალიფსი ხვალ

30 აპრილს ვაშინგტონში გაიმართა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია «ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ», სადაც ირაკლი ალასანიამ განაცხადა (ციტატა თავდაცვის სამინისტროს საიტიდან): «რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა _ შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი _ საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს. ასევე, საჭიროა კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმა, რომელთაც ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს განვიხილავთ. ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან ერთად უნდა მოხდეს სამხედრო შემაკავებელი საშუალებების განთავსება რუსეთის საზღვრებთან და დავეხმაროთ უკრაინას მთავარი მიზნის მიღწევაში». ზოგადად, სიტუაცია, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი სრულიად დასავლეთს ჭკუას არიგებს და უხსნის, თუ რა უნდა(!) გააკეთოს მან, ერთობ ანეგდოტურად გამოიყურება, მაგრამ დროებით თავი დავანებოთ ამ მეორეხარისხოვან ნიუანსებს და ამ განცხადების არსებით განხილვაზე გადავიდეთ.

ალასანიას გამოსვლის კვალობაზე ზოგიერთმა ქართველმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ საუბარი ეხებოდა საქართველოში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების კუთვნილი სისტემების (მაგალითად, «პეტრიოტების» და, სავარაუდოდ, შესაბამისი პერსონალის) განლაგებას, ზოგი კი მივიდა დასკვნამდე, რომ ალასანია ქართული ჯარისთვის შეიარაღების გადმოცემას გულისხმობდა. 9 მაისს ტელეკომპანია «იმედის» ეთერში ალასანიამ თქვა: «როგორც თავდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, ვითხოვ შეიარაღებას… მე, ბუნებრივია, ვერ მოვითხოვდი ვიოლინოების პარტიას ჩვენი ჯაზგუნდებისთვის» და იქვე ბიუჯეტის შეზღუდულ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რითაც, ერთი შეხედვით, მეორე ვერსია გაამყარა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ალასანიას ნათქვამი სხვაგვარად (ანუ «პირველი ვერსიის» ფარგლებში) აღიქვეს. «ძალების მუდმივად განთავსება, როგორც მინისტრმა შემოგვთავაზა, შესაძლოა, უფრო წინააღმდეგობრივი იყოს, მაგრამ მე ამ შემოთავაზებას ბრიუსელში ჩავიტან», _ თქვა ნატო-ს გენერალური მდივნის მოდგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ.

ალიანსის გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში _ ჯეიმს აპატურაიმ კი განაცხადა: «ნატო-ს თავისი თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, ეს აქვთ მოკავშირეებს და ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა, მაგალითად, როგორც თურქეთისთვის განვახორციელეთ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით – «პეტრიოტის» სისტემა გადავისროლეთ, რომელიც შემაკავებელი გზავნილი იყო. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, მას განიხილავენ ნატოში» («რადიო თავისუფლება»). აშკარაა, რომ ორივე მაღალჩინოსნმა გაიგო ალასანიას ნათქვამი, როგორც მოწოდება საქართველოში ნატო-ს თავდაცვითი საშუალებების (ვერშბოუს ფორმულირებით, _ «ძალების») განთავსებისკენ და არა როგორც ჩვენი ჯარის შეიარაღებით მომარაგების იდეა. ამ ნიაუნსს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელზეც ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ.

ნატო-ს ობიექტების თუ ჯარების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის «წითელ ხაზს» მიღმა მდებარეობს. თავის დროზე ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა წერილი გაუგზავნა აშშ-ის თავდაცვის მდივანს და შესთავაზა, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ერთ-ერთი რადარი თურქეთის ნაცვლად საქართველოში დაემონტაჟებინა. ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა შემდეგი განცხადება გააკეთა: «ჩვენთვის სულერთი არ არის, სად გაჩნდება ეს სისტემა _ ჩვენი საზღვრებიდან შორს თუ მათ სიახლოვეს. ჩვენთვის სულერთი არ არის, გაჩნდება თუ არა ის საქართველოში ბოლოს და ბოლოს. და რა უნდა ვქნათ, ჩვენი მოიერიშე სისტემები ქართულ ტერიტორიას დავუმიზნოთ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა ეს?» (შეხვედრა რუსული მასმედიის ხელმძღვანელებთან, 18.01.2012). თუ რუსული სამხედრო ტერმინოლოგიის გამოყენების თავისებურებებს გავითვალისწინებთ, როდესაც საუბარი «მოირიშე სისტემების დამიზნებაზეა», იქ საქმე 99% შემთხვევაში ბირთვული შეიარაღების შესაძლო გამოყენებას ეხება. თუ რუსეთსა და ნატო-ს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყება, რუსების ერთ-ერთი პირველი ამოცანა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ობიექტების მწყობრიდან სწრაფი და გარანტირებული გამოყვანა იქნება, ყველაზე ეფექტური საშუალება ამისთვის კი ტაქტიკური ბირთვული იარაღია. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შედეგი მოჰყვება მის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, ვიდრე ამ აპოკალიფტურ პერსპექტივას განვიხილავთ, მითუმეტეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ამერიკელების გლობალურ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას არ ეხება, ალბათ, იმის დადგენა აჯობებს, წავა თუ არა ვაშინგტონი საქართველოში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ან სხვა შეიარაღების განთავსებაზე.

«პეტრიოტები», «სმერჩები» და «ურაგანები»

აგვისტოს ომის კვალობაზე, როდესაც რუსეთმა თავისი ბაზები კავკასიონის სამხრეთით, სეპარატისტულ რესპუბლიკებში განალაგა, ამერიკელი სამხედროების ინტერესმა საქართველოს მიმართ მნიშვნელოვნად იკლო. ყველაზე მოკლედ და გასაგებად ამის მიზეზები ჩამოთვლილია აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მოხსენებაში, რომლის ავტორები არიან ცნობილი ექსპერტი არიელ კოენი და პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი (ამ ოფიცერს საინტერესო ნაშრომები და ბიოგრაფია აქვს; გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოშიც, აშშ-ის საელჩოში მსახურობდა): «რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას შეერთებული შტატების და, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო ოპერაციებისთვის ჩრდილოეთ ირანის წინააღმდეგ. რუსეთს სურს, რომ, ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, შესაძლებლობა ჰქონდეს, შეაჩეროს კავკასიაში აშშ-ისა და მოკავშირეების ჯარების გაშლა, მათ შორის სამხედრო-საჰაერო ბაზების გამოყენებით. რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე სომხეთში და საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან ეფექტურად გამორიცხავს აშშ-ის საჰაერო ოპერაციებს მოსკოვის თანხმობის გარეშე». ამ «საჰაერო ასპექტის» გარდა, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთის «ტოჩკა-უ» და «სმერჩის» მსგავსი შეიარაღება («ისკანდერს» თავი რომც დავანებოთ) «წვდება» თითქმის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტს საქართველოს ტერიტორიაზე, ცენტრალური მაგისტრალი კი შეუძლიათ ჩვეულებრივი «დ-30»-ებიდან დაბომბონ და პრაქტიკულად მომენტალურად რამდენიმე ადგილას გადაჭრან. ამასთანავე, რელიეფი და რიგი სხვა ფაქტორები ქმნის საკმაოდ კარგ პირობებს რუსული სპეცნაზის რეიდებისთვის. «სუფთა სამხედრო თვალსაზრისით», ყოველივე ეს ძალიან ჰგავს ბანალურ ხაფანგს. მართალია, თეთრ სახლს შეუძლია აიძულოს პენტაგონი, დაჯგუფების გაშლა თუ «პეტრიოტების» გადასროლა ასეთ მძიმე სასტარტო პირობებშიც კი დაიწყოს, მაგრამ აქვს თუ არა ობამას ადმინისტრაციას პოლიტიკური ნება ამისთვის?

საგულისხმო მაგალითი: გასულ კვირას ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე თანმიმდევრულმა მოწინააღმდეგემ ჯონ მაკკეინმა «სი-ენ-ენისთვის» მიცემულ ინტერვიუში შემდეგი ისტორია მოყვა: «აი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რამდენად სუსტად გამვიყურებით… ბოლოს და ბოლოს, თეთრ სახლში ცხარე დებატების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, იქ საკვები გაეგზავნათ (იგულისხმება უკრაინისთვის აშშ-ის არმიის «მილ რედი-თუ-ით» რაციონების მიწოდება). მაგრამ მათი გაგზავნა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით არ მოისურვეს, რადგან ამას ვლადიმერ პუტინის პროვოცირება შეეძლო, ამიტომ დაიქირავეს გერმანული სატვირთო მანქანები». ეს და არაერთი მსგავსი ისტორია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის აშკარა ზრდის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაცია მაინც ფრთხილობს და ნაკლებად სავარაუდოა, ისეთ მკვეთრ ნაბიჯზე წავიდეს, როგორიცაა საქართველოში ბაზების განლაგება (ან თუნდაც ჩვენი არმიისთვის რამდენადმე სერიოზული შეიარაღების მიწოდება), რადგან ამას თითქმის გარანტირებულად კრემლის ძალიან ხისტი პასუხი მოჰყვება. ბირთვულ კატასტროფამდე საქმე ამ ეტაპზე, ალბათ, მაინც არ მივა, თუმცა (თუ ნატო და საქართველო დაიწყებენ რეალურ მსჯელობას «ალასანიას ვარიანტზე») დაძაბულობის სწრაფი ზრდა, ახალი სანქციები და საქართველოს პოტენციურად პრობლემურ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ რეგიონებში ჩრდილოელი «მწვავე კაცუნების» შემოსვლა ნამდვილად არ უნდა გამოვრიცხოთ. მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში პუტინი, სავარაუდოდ, უკან არ დაიხევს, რაზეც ცალსახად მიუთითებს ის, რაც მოხდა ყირიმში.

იმის ალბათობა, რომ ამერიკელები ალასანიას წინადადებას სერიოზულად განიხილავენ, საკმაოდ მცირეა და ეს, სავარაუდოდ, თავად ფიგურანტსაც ესმის. მაგრამ ვიდრე იმას დავადგენთ, რამ უბიძგა განხილული განცხადების გაკეთებისკენ, ალბათ, იმის დადგენა უნდა ვცადოთ, ჰქონდა თუ არა ალასანიას ამ იდეების ასეთი ფორმით გაჟღერების უფლება საერთოდ.

ახალი მიშა და ძველი «კრიშა»

თავდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა: «როცა თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ქვეყნის მთავარსარდალთან და უშიშროების საბჭოც უნდა ყოფილიყო აღნიშნულში ჩართული». ეს პრინციპული მომენტია; მნიშვნელობა არ აქვს, მოგვწონს ალასანიას განცხადება თუ არა, მივესალმებით მას თუ ვგმობთ, უპირველესად, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა თავდაცვის მინისტრს უფლება, ესოდენ მნიშვნელოვანი ინიციატივა დამოუკიდებლად, პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან შეთანხმების გარეშე, გაეჟღერებინა. ის, რომ ეს იყო უბრალოდ გამოსვლა და არა (ვთქვათ) ოფიციალური წერილი, ამ შემთხვევაში, ალბათ, მეორეხარისხოვანია, რადგან ნატო-ს წარმომადგენლებმა განიხილეს ის, როგორც გზავნილი, რომელიც ალიანსის შტაბ-ბინაში სავსებით სერიოზულ განხილვას ექვემდებარება.

ირინა იმერლიშვილი გამოცდილი იურისტია და საგულისხმოა, რომ თავის განცხადებაში მან იხმარა ფორმულირება «უნდა იყოს შეთანხმებული» და არა (მაგალითად) «სასურველია იყოს შეთანხმებული», რაც ალასანიას მიერ კანონის მოთხოვნების შესაძლო უგულვებელყოფაზე მიანიშნებს. ალასანიამ დამოუკიდებლად წამოაყენა ინიციატივა, რომლის რეალიზებამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან და ძალიან სწრაფად მასთან ახალი ომის პირას მიიყვანოს. როგორც ჩანს, ალასანია საკუთარ, ხელისუფლების პირველი პირებისგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც, როგორც იურიდიული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, სრულიად შეუწყნარებელია. ასე თუ გაგრძელდა, ხვალ შეიძლება საკუთარი ინიციატივით ვინმეს ომი ან ბლოკადა გამოუცხადოს. კიდევ ერთხელ _ მნიშვნელობა არ აქვს, კარგი იყო ალასანიას განცხადება თუ ცუდი, ნებისმიერ შემთხვევაში, ვალდებული იყო, ზემდგომებთან შეეთანხმებინა.

რატომ გააკეთა ეს თავდაცვის მინისტრმა? დღეს დასავლეთში ბევრს საუბრობენ «გადატვირთვის» დასრულებაზე და «ახალი ცივი ომის» დაწყებაზე. შესაძლოა, ალასანიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ გარემოების გამოყენების და საკუთარი თავის, როგორც რუსეთთან დაპირისპირებაზე ორიენტირებული ლიდერის, პრეზენტაციის მცდელობას, განსხვავებით ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან, რომელნიც «გადატვირთვასა» და «განმუხტვასთან» ასოცირდებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ის ამერიკული აუდიტორიის წინაშე წარსდგა, როგორც «გაუმჯობესებული მიშა», რომელიც მზადაა, 100%-ით დამჯერი იყოს, რაც ისედაც იცოდნენ და, ამასთანავე, საქართველო ფრონტისპირა (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის _ ვიქტორია ნულანდის ფორმულირება, რომელიც გასულ კვირას გამოიყენა) ან სულაც ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქციოს, მაგრამ, სააკაშვილისგან განსხვავებით, თავისუფალია მენტალური აშლილობისგან, რომელიც ასე აღიზიანებდა თეთრ სახლს. სააკაშვილი თითქმის დაუფარავად ოცნებობდა მინიატურულ მესამე მსოფლიო ომზე საქართველოს ტერიტორიაზე. რაზე ოცნებობს ალასანია? ისე, თავის დროზე საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ირაკლი ალასანია არ აკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს თავის ამერიკელ მეგობრებთან კონსულტაციის გარეშე და, შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მისი 30 აპრილის «ვაშინგტონური ბენეფისი», აგრეთვე, შეთანხმებული იყო მათთან.

რამდენად სჭირდება თეთრ სახლს ამ ეტაპზე ასეთი ლიდერი საქართველოში? დღეს ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია; ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინული კრიზისისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების დინამიკაზე და იმაზე, რამდენად თავდაჯერებულად იგრძნობს თავს ვაშინგტონი იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში ესკალაციაზე წავიდეს, რომელსაც შეიძლება არამხოლოდ წარმატება, არამედ დაკავებული პოზიციების დაკარგვაც მოჰყვეს. მაგრამ, ყოველივე თქმულის მიუხედავად, ალასანიას განცხადება, მის ბოლოდროინდელ ქცევასთან ერთად, ძალიან ჰგავს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადს როგორც (და უპირველესად) გარე, ისე შიდა აუდიტორიისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, ეს რიტორიკული თამაში იყოს. ირაკლი ღარიბაშვილისთვის სასურველია, შექმნილი სიტუაცია კარგად გააანალიზოს (ალასანიას, რესპუბლიკელებისა და «ნაციონალების» მიერ ალიანსის შექმნის შესაძლებლობის გათვალისწინებით), აგრეთვე, შეეცადოს, დაადგინოს, რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონი თუ ჩამოთვლილ ძალებსა და «ქართულ ოცნებას» შორის კონფრონტაცია დაიწყება. რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრს შეუძლია ჩათვალოს, რომ ირაკლი ალასანიას განხილული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ «პოზიორობის» სურვილმა გააკეთებინა, თუმცა არაერთი სიგნალი მიანიშნებს იმაზე, რომ სიტუაცია შეიძლება გაცილებით სერიოზული იყოს და «ოცნების» მოწინააღმდეგე ძალების შეთქმულება თანდათან რეალიზების სტადიაში გადადის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here