Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფო გადატრიალებების ამერიკული მანქანა

სახელმწიფო გადატრიალებების ამერიკული მანქანა

689

მცირე შემოკლებით გთავაზობთ ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, ნიკოლას დევისის წერილს, რომელიც მან www.alternet.org-ზე გამოაქვეყნა.


2004 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალისხმევით დაამხეს ჰაიტის პრეზიდენტი ჟან ბერტრან არისტიდის რეჟიმი, არისტიდის ადვოკატმა აირა კურზბანმა მაიამიში სიტყვით გამოსვლისას დასვა კითხვა: «რატომ არასდროს ხდება სახელმწიფო გადატრიალება ვაშინგტონში?» და იქვე უპასუხა: «იმიტომ, რომ ვაშინგტონში აშშ-ის საელჩო არ არსებობს». ადვოკატის ამ სიტყვებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ მსმენელები, რომელთა უმრავლესობასაც ჰაიტიდან წამოსული ამერიკელები შეადგენდნენ. ისინი მიხვდნენ, რაზე ლაპარაკობდა კურზბანი.

უკრაინის უშიშროების ყოფილმა შეფმა ალექსანდრე იაკიმენკომ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ შეთქმულების ორგანიზატორები, რომლებმაც უკრაინის კანონიერად არჩეული ხელისუფლება დაამხეს, «თითქმის ცხოვრობდნენ აშშ-ის საელჩოში. ისინი იქ ყოველდღე იმყოფებოდნენ». მასალებიდან, რომლებიც საჯაროდ გავრცელდა, ვიცით, რომ ამ ადამიანებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აშშ-ის ელჩთან უკრაინაში ჯეფრი ჰაიეტთან და აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რომელთა შორისაც იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი.

თუ უკრაინაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ აშშ-მა 1953 წლიდან მოყოლებული, სულ ცოტა, 80-ჯერ მოახერხა წარმატებული თუ წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა უცხო ქვეყნებში. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ირანის მაგალითზე აღმოაჩინა, რომ ცსს-ს შეუძლია დაამხოს არჩეული ხელისუფლება, რომელიც უარს ამბობს, თავისი ხალხის მომავალი დასავლეთის ინტერესებს შესწიროს.

აშშ-ის მიერ მოწყობილი ბევრი გადატრიალების შემდეგ დაიწყო სასტიკი რეპრესიები, ადამიანების მოტაცება, გასამართლება გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, წამება, კორუფცია, საშინელი სიღარიბე, უთანასწორობა. აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის პლუტოკრატიული და ულტრაკონსერვატიული ძალებიც, არ იქნება, ალბათ, გამონაკლისი.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ნოამ ჩომსკი ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის საუკეთესოდ მიიჩნევს უილიამ ბლუმის ნაშრომს «იმედის მკვლელობა: ამერიკელი სამხედროებისა და ცსს-ს ინტერვენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ» (Likking Hope:US Military and Cia Interventions since World Warll).

ისტორიულ კონტექსტს იმისა, რასაც კითხულობთ და ხედავთ ტელეეკრანზე უკრაინის შესახებ, «იმედის მკვლელობა» მოგცემთ. ეს სათაური ისე, როგორც არასდროს, მიესადაგება დღევანდელობას, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინის ყველა რეგიონის მოსახლეობის იმედი მსხვერპლად ეწირება იმ მიზნებს, რომელთა გამოც თავის დროზე დაზარალდნენ ხალხები შემდეგი ქვეყნებისა: ირანი (1953); გვატემალა (1954); ტაილანდი (1957); ლაოსი (1958-1960); კონგო (1960); თურქეთი (1960, 1971, 1980); ეკვადორი (1961 და 1963); სამხრეთ ვიეტნამი (1963); ბრაზილია (1064); დომინიკის რესპუბლიკა (1963); არგენტინა (1963); ჰონდურასი (1063 და 2009); ერაყი (1963 და 2003); ბოლივია (1964, 1971 და 1980); ინდონეზია (1965); განა (1966); საბერძნეთი (1967); პანამა (1968 და 1989); კამბოჯა (1970); ჩილე (1973); ბანგლადეში (1975); პაკისტანი (1977); გრენადა (1983); მავრიტანია (1984); გვინეა (1984); ბურკინა-ფასო (1987); პარაგვაი (1989); ჰაიტი (1991 და 2004); რუსეთი (1993); უგანდა (1996) და ლიბია (2011).

ამ ჩამონათვალში შეტანილი არ არის წარუმატებელი, აგრეთვე, აფრიკასა და სხვა ადგილებში მოწყობილი გადატრიალებები, რომლებშიც აშშ-ის მონაწილეობა დამტკიცებული არ არის, თუმცა ეჭვი არსებობს.

საგანგაშო რეალობა არის ის, რომ დემოკრატიის გასანადგურებლად მიმართული ამერიკის ძალისხმევა, თანაც იმ დროს, როდესაც აშშ ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს იცავს მას, მსოფლიოში ვითარებას უფრო სახიფათოს, უფრო უსამართლოს ხდის, და კლავს იმედს.

მწერალმა ჰაროლდ პინტერმა 2005 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე თქვა: «ამერიკა, უბრალოდ, პათოლოგიურად მანიპულირებს ძალაუფლებით მთელ მსოფლიოში, ამასთანავე, ინიღბება საყოველთაო კეთილდღეობის მომტან ძალად. ეს ჰიპნოზის ბრწყინვალე, ჭკვიანური და ძალიან წარმატებული აქტია… ეს არის სასტიკი, გულგრილი, მედიდური და შეუბრალებელი მოქმედებები, თუმცა ეს ძალიან ჭკვიანური მოქმედებებია».

ამერიკელთა მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებების მექანიზმი 1953 წლიდან დღემდე თითქმის არ შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია, აგრეთვე, ძალადობაში აშშ-ის მონაწილეობის ხარისხში.

აშშ უპირატესობას ანიჭებს «დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებს» და უარს ამბობს შეჭრასა და ოკუპაციაზე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და სხვა სპეცსამსახურები იმ საიდუმლო ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებიც მიმართულია ხელისუფლებების დასამხობად და იმ მოძრაობების ჩასახშობად, რომლებიც მსოფლიოზე აშშ-ის ბატონობას ეწინააღმდეგება, მარიონეტებს იყენებენ. გადატრიალება ასეთი ოპერაციების საკვანძო მომენტია. ხოლო, როდესაც «დაბალი ინტენსივობის» მეთოდები შედეგს არ იძლევა, ქვეყანაში აშშ-ის პირდაპირი სამხედრო ჩარევა და ოკუპაცია გარდაუვალია.

აშშ პანამას თავს დაესხა 1989 წელს _ სახელმწიფო გადატრიალების 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გენერალი ნორიეგას დამხობის შემდეგ. მანუელ ნორიეგა და სადამ ჰუსეინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ცსს-ს აგენტები და მათ მშვენივრად იცოდნენ ამერიკელთა საიდუმლო ოპერაციებისა და მეთოდების შესახებ, ამან მათ საშუალება მისცა, დაპირისპირებოდნენ გადატრიალების მცდელობებს, ვიდრე ამერიკელებმა სამხედრო ძალა არ გამოიყენეს.

ამერიკელები უცხო ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებისთვის იყენებენ მეთოდებს, რომლებიც თითქმის არ შეცვლილა 1953 წლიდან დღემდე, როცა უკრაინაში დაამხეს კანონიერად არჩეული მთავრობა.

ეს მეთოდიკა ითვალისწინებს სამ ეტაპს:

1. ოპოზიციური ძალების შექმნა და გაძლიერება

რეჟიმის შეცვლის ამერიკული გეგმის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის არჩევნების გზით და ანტიკონსტიტუციური ქმედებებით გადატრიალების მოწყობას შორის. ეს მეთოდები და ხერხები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიმუშავეს ევროპისა და აზიის ოკუპირებულ ქვეყნებში მემარჯვენე ძალების ხელისუფლების სათავეში მოსაყვანად. ამ მეთოდებს შორის არის პოლიტიკური პარტიების, სტუდენტური ორგანიზაციების პროფკავშირების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შექმნა და დაფინანსება, კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში სასურველი ძალების გასამარჯვებლად აშშ-მა კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად პოპულარული მომღერალი ფრენკ სინატრაც გამოიყენა. გარდა ამისა, იტალიური წარმოშობის ამერიკელებისთვის დაბეჭდეს 10 მლნ წერილი იტალიაში მცხოვრები ნათესავებისთვის გასაგზავნად. ამასთანავე, ამ ომისგან დანგრეულ ქვეყანას დახმარების შეწყვეტითაც დაემუქრნენ. შედეგად იტალია აღმოჩნდა კორუფცირებული კოალიციის ხელში, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. აშშ-მა ანალოგიური მეთოდი გამოიყენა ჩილეს წინააღმდეგ 1960-იან წლებში სალვადორ ალიენდეს არჩევისთვის ხელის შეშლის მიზნით. 1958 წელს ალიენდეს ხმების 3 პროცენტი დააკლდა პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად, ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ჩილეში სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცსს-ს 100-კაციანი ჯგუფი გაგზავნა 1964 წლის არჩევნებში ძირგამომთხრელი საქმიანობის შესასრულებლად. და ალიენდე 17%-ით დამარცხდა, მაგრამ, ამერიკული პროპაგანდის მიუხედავად, 1970 წელს ის მაინც აირჩიეს. სწორედ აქ გადაწყდა მისი ბედი _ აშშ-ის მხარდაჭერით გათამამებულმა აუგუსტო პინოჩეტმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო.

აშშ უკრაინაში მუშაობს 1991 წლიდან, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ისინი იქ პროდასავლურ პარტიებს ეხმარებოდნენ, რამაც უკრაინა 2004 წელს «ნარინჯისფერ რევოლუციამდე» მიიყვანა. თუმცა დასავლეთისგან მხარდაჭერილი იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს მთავრობა არანაკლებ კორუმპირებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი, და 2010 წელს პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს. შემდეგ აშშ-მა ყველა თავისი ტრადიციული მეთოდი და ხერხი გამოიყენა და ამან 2014 წელს უკრაინა სახელმწიფო გადატრიალებამდე მიიყვანა.

დემოკრატიის მხარდამჭერმა ამერიკელმა ნაციონალურმა ფონდმა (National Endowment For Democraty), რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 100 მლნ დოლარს შეადგენს, ცსს-ს ფუნქციები ნაწილობრივ შეითავსა ოპოზიციური პარტიების, მოძრაობებისა და კანდიდატების მომზადების საქმეში. ფონდის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა 2013 წელს «ვაშინგტონ პოსტში» გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინას «მთავარი პრიზი» უწოდა.

2. ქუჩის დემონსტრაციები ძალადობის გამოყენებით

2013 წლის ნოემბერში ევროკავშირმა პრეზიდენტ იანუკოვიჩს წარუდგინა 1500-გვერდიანი «შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ», რომელშიც მინიშნებაც კი არ იყო ევროკავშირში უკრაინის გაწევრებაზე. ეს შეთანხმება უკრაინის საზღვრებს ხსნიდა დასავლეთის ექსპორტისა და ინვესტიციებისთვის, მაგრამ არ ითვალისწინებდა ევროკავშირის საზღვრების გახსნას უკრაინული პროდუქციისთვის. უკრაინას, რომელიც ყველისა და ქათმის უდიდესი მწარმოებელია, შეთანხმების მიხედვით, ყველისა და ქათმის მხოლოდ 5 პროცენტის გატანა შეეძლო. ამასთანავე, დასავლურ ფირმებს საშუალება ეძლეოდათ, უკრაინა გამოეყენებინათ რუსეთის ბაზრის ასათვისებლად. გასაგები მიზეზების გამო, იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს სიგნალი აღმოჩნდა პროდასავლურად განწყობილი ძალებისთვის და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ… 2014 წლის იანვარში ქუჩის საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა, როდესაც ბრბოს სათავეში ჩაუდგნენ ნეონაცისტური პარტია «სვობოდას» და «მემარჯვენე სექტორის» წარმომადგენლები. «მემარჯვენე სექტორი», რომელსაც აშშ-ში მცხოვრები უკრაინელები აფინანსებენ, სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ არის შექმნილი. კიევის ცენტრში აშშ-ის დახმარებით ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს 110 ადამიანის დაღუპვა და 1000-ზე მეტის დასახიჩრება მოჰყვა. უკრაინის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ სნაიპერები, რომლებიც ხალხს ფილარმონიის შენობიდან ესროდნენ, ამერიკელების მიერ იყვნენ დაქირავებულნი.

3. სახელმწიფო გადატრიალება

ოპოზიციური ძალების შექმნა და მათი მომზადება აქტიური მოქმედებისთვის, აგრეთვე, ქუჩებში ძალადობა _ ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია საგანგებო ვითარების შესაქმნელად, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს კონსტიტუციურად არჩეული მთავრობის ჩამოსაშორებლად და შემდეგ _ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან მივლინებულმა კურატორებმა გადატრიალების ლიდერები მოამზადეს, ამერიკის ხელისუფლებამ გეგმა აამოქმედა და ქუჩებში დაიწყო ძალადობა. თითქმის მთლიანად უარყოფილი იქნა კანონი და წესრიგი, მუშაობა შეწყვიტა სახელმწიფო დაწესებულებებმა, და დარჩენილი იყო გადამწყვეტი დარტყმა ხელისუფლების დასამხობად და მის ადგილას სახელმწიფო გადატრიალების ლიდერების დასმა.

ვიტალი კლიჩკოს განცხადების მიუხედავად, პარლამენტი დაიწყებს იანუკოვიჩის იმპიჩმენტის პროცედურას, იმავე დღეს, რადგან იმპიჩმენტისთვის საჭირო 338 ხმის მოგროვება ვერ შეძლეს, საპარლამენტო უმცირესობამ, დეკლარაცია მიიღო პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენების შესახებ და მის ადგილას არაკონსტიტუციური გზით ალექსანდრე ტურჩინოვი დანიშნა. 27 თებერვალს კი პრემიერმინისტრად არსენი იაცენიუკი დანიშნეს _ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნულანდი და ჰაიეტი გეგმავდნენ.

მთავარი, რითაც უკრაინაში მომხდარი გადატრიალება განსხვავდება აშშ-ის მიერ მოწყობილი წინა გადატრიალებისგან, არის ის, რომ უკრაინაში არმიის როლი მინიმალური იყო. 1953 წლიდან ამერიკელთა ძალისხმევით მოწყობილ გადატრიალებებში გამოყენებული იყვნენ ადგილობრივი ოფიცრები. ჯილდოდ კი ისინი იღებდნენ პრეზიდენტის პოსტს, დიქტატორის უფლებამოსილებებს ან მაღალ პოსტებს მთავრობაში, რომელსაც მხარს აშშ უჭერდა. უკრაინის არმიის ნეიტრალურმა პოზიციამ მიზანშეუწონელი გახადა მისი გამოყენება ანტირუსული გადატრიალებისთვის, ამიტომ ნულანდმა და ჰაიეტმა უკრაინაში სიახლე დანერგეს _ ძალადობის გასაფართოებლად და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამრტყმელ ძალად ნეონაცისტური პარტია «სვობოდა» და «მემარჯვენე სექტორი» გამოიყენეს.

ძალადობა, ქაოსი, სიდუხჭირე და არასტაბილურობა კი ყოველთვის იმ ხალხის მხრებს აწვება, რომელიც აშშ-მა მიზანში ამოიღო. გადატრიალების ამერიკელი ლიდერები, ნულანდისა და ჰაიეტის მსგავსნი, ხშირად მიირთმევენ ღვეზელის პირველ თუ არა მეორე ან მესამე ნაჭერს მაინც, და წინ მიიწევენ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ცენტრალური სამმართველოს იერარქიულ კიბეზე. ამერიკული გადატრიალებების კიდევ ერთი მახასიათებელი არის ის როლი, რომელსაც დასავლური მედიასაშუალებები თამაშობენ ოფიციალური ლეგენდებისა და ისტორიების რეკლამირებაში, აგრეთვე, ნამდვილი ჟურნალისტიკის ჩახშობაში. დასავლური საინფორმაციო საშუალებები ბოროტებას სიკეთედ ასაღებენ და აშშ-ის მტრების დემონიზაციით სიამოვნებას იღებენ. ისინი მალავენ აშშ-ის პასუხისმგებლობას ძალადობასა და ქაოსზე, ამერიკის მიერ წარმოებულ პოლიტიკას კი სიკეთისკენ მიმართულ ძალისხმევად წარმოაჩენენ.

ნიკოლას დევისი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here