Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ რას ფიქრობს უსუფაშვილი _ რუსეთში დავრჩით,...

პეტრე მამრაძე: კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ რას ფიქრობს უსუფაშვილი _ რუსეთში დავრჩით, ევროპაში აღმოვჩნდით თუ შუა გზაზე გავიჩხირეთ?!

728

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას სკანდალურ განცხადებასა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას აფასებს:


_ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში დაყენების შესახებ აპატურაი-ალასანიას ე. წ. შეთანხმებაზე საუბარს აზრი არ აქვს. დავესესხები სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს, რომელმაც თქვა, რომ ალასანიას ეს განცხადება იყო არაკომპეტენტური და, ამასათანავე, სახიფათოც. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებამ შეიძლება გააღიზიანოს რუსეთის მთავრობა და შესაძლოა, ამიტომ გაატაროს პრევენციული ზომები.

_ რატომ თქვა ეს ირაკლი ალასანიამ?

_ მიჭირს პასუხის გაცემა. სჯობს, ალასანიამ თავის არაადეკვატურ განცხადებაზე თვითონ აგოს პასუხი. თუ ფიქრობდა, რომ ამ განცხადებით თავის რეიტინგს გაზრდიდა, შეცდა. არა მგონია, ამ განცხადების შემდეგ ალასანიას ნდობით შეხედოს საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილმაც კი. დასავლეთს მსგავსი განცხადებები კი ყოველთვის აღიზიანებს. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დასავლეთი მრავალი წლის განმავლობაში აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი, რადგან ამის გამო დასავლეთი რთულ ვითარებაში ვარდება. მას არ სურს რუსეთთან კონფლიქტი საქართველოს გამო და არც არასდროს გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან. გავიხსენოთ ნატოს გენერალური მდივნის _ რასმუსენის არაერთხელ ნათქვამი, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების დიდი მონაპოვარია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა. ასევე, გავიხსენებ პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებასაც, როცა თქვა, რუსეთის იზოლაცია სასურველი არ არის, ნაკლებად პროგნოზირებადსა და სახიფათოს გახდის მის მოქმედებასო. აი, ამ აზრს იზიარებენ დასავლელი სახელმწიფო მოღვაწეები.

_ თითქმის ორი წელია, რაც «ქართული ოცნება» ხელისუფლებაშია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა.

_ შენგენისა და პრაღის ფორმატის გარდა, სადაც კარასინი და აბაშიძე ხვდებიან ერთმანეთს, მეტი არაფერი ხდება. რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრას, ეს თავიდანვე არასერიოზული თემა იყო. ყველას გვახსოვს პუტინის განცხადება, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალისტს უპასუხა შეკითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. პუტინმა უპასუხა, რატომაც არა, თუ მას ამის სურვილი ექნებაო. ცხადია, რუსეთის პრეზიდენტს სხვანაირი პასუხი ვერ ექნებოდა, ხომ არ იტყოდა _ არავითარ შემთხვევაში არ შევხვდებიო, ეს ხომ პოლიტიკურად და დიპლომატიურად დაუშვებელია. მეტიც, პუტინმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დადებითი ძვრები ჩანს საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების თვალსაზრისით, აღნიშნეს თანამშრომლობა უსაფრთხოების დარგში, რომელიც შეეხებოდა სოჭის ოლიმპიადის მზადებას. აგრეთვე, რუსი დიპლომატის მკვლელის ექსტრადირება საქართველოდან რუსეთში და ზოგი დადებითი ტენდენცია; მიესალმნენ სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებას. პუტინმა ისიც კი თქვა, შესაძლებელია, საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე ფიქრიცო. აი, ამ ყველაფრის ფონზე, ჟურნალისტის იმ შეკითხვას სხვანაირად ვერც უპასუხებდა, თუმცა ეს არ იყო პუტინის ინიციატივა. რეალური ვითარება კი ასეთია: 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა განახორციელა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნით, მიეღოთ ზომები სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის წინააღმდეგ. სააკაშვილს კი არ მიუმართავს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის, ამის ნაცვლად მან ომში «გამარჯვებისადმი» მიძღვნილი აღლუმის ჩასატარებლად ცხინვალში წაიღო ტრიბუნები, სცენა, 2000-ზე მეტი დროშა, წითელი ფიანდაზები და ა. შ. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთი მოითხოვდა, გაეროს უშიშროების საბჭოსგან ამ საკითხის განხილვას. აი, ამის შემდეგ დაიწყო რუსეთმა ოპერაცია, რომელსაც დაარქვა «სააკაშვილის იძულება მშვიდობისათვის». ამის შემდეგ მსოფლიომ აღიარა, რომ სააკაშვილმა ლანგრით მიართვა პუტინს ამ ოპერაციის ჩატარების საშუალება და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთბა რუსეთთან და დღეს რუსეთის მთავრობის პოზიცია ძალიან მკვეთრია. ისინი არაფერს სთხოვენ საქართველოს, არავითარ ინიციატივას არ იჩენენ და მხოლოდ უპასუხებენ საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. რუსეთი არ სთხოვს საქართველოს, აღადგინოს მასთან დიპლომატიური ურთიერთობა, რომელიც საქართველომ თავისი ნებით გაწყვიტა, მაგრამ ისიც ითქვა, რომ, თუ საქართველოს ეს უნდა, მაშინ მან უნდა ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მოაწეროს ხელი მათთან გარკვეულ შეთანხმებებს, მისცეს უსაფრთხოების გარანტია და ამის შემდეგ შეიძლება ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი. ასე რომ, ფიქრი იმაზე, რომ, ვინაიდან საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ დათმობებზე წავა, მით უფრო, ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არასერიოზულია, თუმცა არც უპერსპექტივო. პუტინმა თქვა, თუ ოდესმე აფხაზები და ქართველები, ოსები და ქართველები მოილაპარაკებენ, რომ ურჩევნიათ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება, ეს მათი საქმეაო. თუმცა ამის მიღწევას შეიძლება თაობები დასჭირდეს… ცოტა ხნის წინათ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თქვა საკმაოდ არაადეკვატური ფრაზა: თუ საქართველო წელსვე არ მიიღებს მაპს, ქვეყანაში მოხდება პოლიტიკური დესტაბილიზაციაო, რაც არის აბსურდი, რადგან საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამას რაიმე მნიშვნელობას ანიჭებდეს, მით უმეტეს, მაპი უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ იძლევა _ მაპის მქონე ქვეყანას ნატო არც დაიცავს და არც დაეხმარება გაჭირვების ჟამს. უსუფაშვილმა ისიც თქვა, ნატოს გარეშე საქართველო აილაგმებაო. არადა, ეს ყველაფერი არის ტყუილების კორიანტელი. ვინ ვინ და, პარლამენტის თავმჯდომარემ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრჯერ მოისმინა ნატოს წარმომადგენლებისგან ის, რაც ობამამაც თქვა, რომ ნატო არ აპირებს საქართველოს მიღებას თავის რიგებში. როდესაც პარლამენტის თავმჯომარემ, და არა მხოლოდ მან, იცის, რომ ნატო არც ჩვენს მიღებას აპირებს და არც დაცვას, ტყუილის ლაპარაკი სამარცხვინოა.

_ რა გველის ახლო მომავალში?

_ კარგი არაფერი, ვინაიდან არც ევროგაერთიანება და არც ნატო საქართველოს დაცვას არ აპირებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ლიდერები ტყუილად აღიზიანებენ როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს. კურიოზულია ის, რომ ეს ყველაფერი არის «ნაცებისა» და «ქოცების» პინგ-პონგი, რომელსაც მოსახლეობის თავზე თამაშობენ. მათ ხალხი დაივიწყეს და ერთმანეთს ეპაექრებიან ეროვნული ინტერესების დაზარალების ხარჯზე. ღარიბაშვილის ნათქვამში, ევროგაერთიანებასთან ასოცირების ხელშეკრულება არის ისტორიული მოვლენა, ეს პარაფირება შეუქცევადს ხდის საქართველოს ევროინტეგრაციასო, ყოველი სიტყვა არის ტყუილი. მსგავს ხელშეკრულებაზე ხელი სირიასაც აქვს მოწერილი, 50 წლის წინათ _ თურქეთსა და 30-მდე სხვა ქვეყანას, რომლებიც ვერაფრით დაუახლოვდნენ ევროგაერთიანებას.

ის, რომ კოალიცია არის ეკლექტური, ის, რომ მასში შემავალი ადამიანების უმრავლესობას ერთმანეთისადმი აგრესიული დამოკიდებულება აქვთ, ისედაც ვიცოდით. გვახსოვს, «ნაცების» მიერ უკანონო ჩანაწერებში «ქოცები» როგორ აგინებდნენ ერთმანეთს დედას. ეს ვითარება დღესაც არ გამოსწორებულა, შესაბამისად, სამომავლოდ შესაძლებელია, მათ შორის მოხდეს არაერთი განხეთქილება, მაგრამ დღეს ვითარება ასეთია: რეალური ძალაუფლების 100-ვე პროცენტი, ანუ რეალური გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულების ნება კონცენტრირებულია ერთ ადამიანში. დიახ, ყველაფერი ღარიბაშვილის ხელშია. ღარიბაშვილი კი ცდილობს, გააკონტროლოს მთელი ქვეყანა შსს-სა და პროკურატურის მეშვეობით. პარლამენტის ხელმძღვანელობაც და პრეზიდენტიც უსიტყვოდ ემორჩილებიან ღარიბაშვილის გადაწყვეტილებებს. ჯერჯერობით ეს ასეა, რადგან «ქოცები» უყურებენ ღარიბაშვილს, როგორც ივანიშვილის დანატოვარს, და მათთვის დღეს ღარიბაშვილი არის ივანიშვილი.

_ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე რას ფიქრობთ?

_ ფაქტია, რომ დასავლეთში ჰომოსექსუალების უფლებათა დაცვა, ე. წ. ჰომოფობიასთან ბრძოლა გადაგვარდა და გადაიზარდა ჰომოფილიაში, ანუ ჰომოსექსუალებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნასა და მათი ცხოვრების წესის პროპაგანდაში. ის დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა კანონის მიღებისა და განხილვის დროს, გამოწვეულია ქოცების არაპროფესიონალური მოქმედებით. მათ დროულად ვერ გააცნეს კანონპროექტი საზოგადოებას, ასევე, ეკლესიას სათანადო ახსნა-განმარტება არ მისცეს და კანონში შესწორებები შეიტანეს სულ ბოლო სხდომაზეც _ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ატყდა აჟიოტაჟი და შეიქმნა დაძაბულობა. ახლა თვითონ აღიარებენ, რომ ძალიან დიდი სხვაობაა მიღებულ ტექსტსა და თავდაპირველ ტექსტს შორის, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა პრემიერს. ამ ფონზე უსუფაშვილის განცხადებას, რომ ან ამ კანონს არ მივიღებთ და დავრჩებით რუსეთში, ან მივიღებთ და წავალთ ევროპაში, აბსურდულსა და კომიკურს თუ უწოდებს ადამიანი. ნეტა, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ რა აზრზეა უსუფაშვილი _ რუსეთში დავრჩით, ევროპაში აღვმოჩნდით თუ შუა გზაზე გავიჩხირეთ?! ეს მარაზმია იმიტომ, რომ კანონს საერთო არაფერი აქვს სადმე დარჩენასთან ან სადმე შესვლასთან. როდესაც ვუნდერკინდი პრემიერი, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოში, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარი და აუხსნელია აჟიოტაჟი ამ კანონთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა _ კი მაგრამ, ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ასეთი კანონპროექტის განხილვას, შეიძლება იყოს პრემიერმინისტრი?!

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here