Home რუბრიკები საზოგადოება «ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს!» ანუ სოსო ცისკარიშვილის «აღმოჩენა», რომელსაც გვერდს...

«ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს!» ანუ სოსო ცისკარიშვილის «აღმოჩენა», რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით

ადამიანი ფულით იძენდა და იძენს არა მხოლოდ მატერიალურს, რაც მას საარსებოდ სჭირდება, არამედ იმასაც, რაც სხვებზე მაღლა დგომის, ბატონობის შესაძლებლობას აძლევს _ წოდებას, თანამდებობას, სახელისუფლო სავარძელს, ანუ ძალაუფლებას. რაც მთავარია, ფულით ხერხდება როგორც ცალკეული ადამიანების, ისე ხალხთა მასების ნების სასურველი მიმართულებით წარმართვა მოსყიდული, უკაცრავად, დაფინანსებული (პროფესიულ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით, ცხადია) ჟურნალისტების, ექსპერტებისა და ე.წ. ლობისტების მეშვეობით.


ოქრო-ვერცხლის ძალაზე უამრავი ისტორია, მხატვრული ნაწარმოები თუ ლაპიდარული გამოთქმა არსებობს. «ჯოჯოხეთის მანათობელ» ძალას ყველა აღიარებს და არც არავის შეუტანია ეჭვი გამოთქმაში: «ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს!». ასე იყო 2014 წლის აპრილამდე, ვიდრე ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარემ, ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა ამ გამოთქმის თავისი ინტერპრეტაცია არ შემოგვთავაზა.

ამას წინათ ცისკარიშვილის ერთი ინტერვიუ (საინფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსთან») კრიტიკულად განვიხილე და ნამდვილად არ მეგონა, მისი მომდევნო ინტერვიუც თუ საკრიტიკო გახდებოდა. არადა, იყო დრო, პრეზიდენტად მესახებოდა ბატონი სოსო და მისთვის საქებარი სიტყვებიც არ დამიკლია პრესის ფურცლებზე. ამჟამინდელი ინტერვიუ, ჟურნალისტ თამთა ქარჩავასთვის მიცემული («იქნებ, უკრაინელებს ან მოლდოველებს ვკითხოთ, რა ტიპის დანაშაულია სეპარატიზმი»), მიუღებელ (ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის) დასკვნებთან ერთად, ერთ «აღმოჩენასაც» შეიცავს.

მაშ ასე, მივყვეთ ინტერვიუს:

«რუსეთს საომარი მოქმედების წარმოება არ ძალუძს, ამას არც მიზანშეწონილად თვლის» (იგულისხმება, საქართველოს წინააღმდეგ _ ი. ლ.).

ჰო, რა თქმა უნდა, არ ძალუძს _ რუსეთი თავისი დაჟანგული ტანკებით ამერიკელების მიერ ერაყ-ავღანეთ-აფრიკაში საბრძოლველად გაწვრთნილ ჩვენს ჯართან, რას გახდება! თანაც, მას ხომ 2008 წლის აგვისტოში თავგამოჩენილი გენერლები _ ნაცი «ბაგრატიონები» უდგანან ისევ სათავეში!

რაც შეეხება «…ამას არც მიზანშეწონილად თვლის», სწორია, ოღონდ, ჯერჯერობით(!), არავინ იცის, როდის ჩათვლის რუსეთი «ამას» მიზანშეწონილად, ეს, ძირითადად, ნატოსკენ ჩვენს გაუაზრებელ ლტოლვაზეა დამოკიდებული!

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვინ შეიძლება საქართველოში წარმოადგენდეს მეხუთე კოლონას, რომლის საშუალებითაც კრემლი ცდილობს რბილი ძალის ამოქმედებას («რბილი ძალა» ბატონ სოსოს განმარტებული აქვს, როგორც რუსეთის სტრატეგია, ანუ «ნაზუქი, რომელსაც მათრახთან ერთად რიგრიგობით დაარიგებს». _ ი. ლ.), იგი ასე პასუხობს (მომყავს სრულად, გამოთქმულ მოსაზრებას რაიმე რომ არ დააკლდეს და კონტექსტიდან ამოგლეჯაზეც არ იყოს ეჭვი):

«თვითლუსტრაცია დღეს აშკარად დაფიქსირებულია გაზეთში «საქართველო და მსოფლიო». ნუ დაიზარებენ ჩვენი მკითხველები, შეიძინონ რამდენიმე ნომერი, თუ სადმე ერთ გადაკრულ ფრაზას მაინც ამოიკითხავენ რუსეთის კრიტიკის სახით, მაშინ ბოდიშს მოვუხდი ამ გაზეთს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ადეკვატური ურთიერთობის დამყარების შესახებ, ცხადია, ეს თემა იფარგლება ქართულ-რუსული ურთიერთობებით. მაგრამ, როდესაც ამის პარალელურად არის არსებული ხელისუფლების ლანძღვა-გინება, ისევე როგორც წინა ხელისუფლების იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, რა მიაქანებს ამ გაზეთს პირდაპირ კრემლისკენ და არა რუსეთისკენ? მეხუთე კოლონა, ასე, შუბლზე დაწერილი ემბლემით ქუჩაში არ გამოდის. მაგრამ, საქართველო არაა იმხელა ქვეყანა, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს. ყველას თავისი სახელი და გვარი აქვს».

პატივცემული ექსპერტის ამ პასუხზე ჩემი, არაექსპერტის, პასუხი ასეთია:

მკითხველი, სხვათა შორის, ბატონი სოსოს თხოვნის გარეშეც, დაუზარელად ყიდულობს და სიამოვნებით კითხულობს «საქართველოს და მსოფლიოს».

თუ გაზეთი, რომელიც თავის პოზიციას არ მალავს და ზოგიერთივით არ ინიღბება, მეხუთე კოლონაა, მაშინ მისი მკითხველები, რომლებიც იქ გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებს, ამ კოლონის რიგებში მდგარი ჯარისკაცები გამოდიან. საინტერესოა, პროამერიკული პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში, რომელ კოლონად მიიჩნევდა ბატონი სოსო «საქართველოს და მსოფლიოს» _ ისევ მეხუთედ თუ «დემოკრატიულ» მეხუთედ?

რაც შეეხება რუსეთის კრიტიკას გაზეთის ფურცლებზე, რუსეთის მინუსებზე ძალიან ბევრი დაიწერა არა მარტო საგაზეთო სტატიებში, არამედ სკოლის სახელმძღვანელოებშიც. ამიტომ, თუ ობიექტურობაზე ვდებთ თავს, მაშინ არც პლუსებზე და არც მოსალოდნელ საფრთხეებზე (ნატოსკენ ლტოლვით წარმოშობილზე) უნდა ვხუჭავდეთ თვალს, განსაკუთრებით დღეს, როცა რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებისა და ამერიკა-ნატოს ქება-დიდების მეტი არაფერი გვესმის! კარგი იქნებოდა, ბატონი სოსო თვითონ თუ გაგვახსენებდა თავის, თუნდაც ერთ, გადაკრულ ფრაზას ამერიკის საგარეო (ან საშინაო) პოლიტიკისა და ნატოში გაწევრების მინუსებზე. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ვიღაც მოსწონდეს და ვიღაც – არა, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო, ექსპერტი, რომელიც გაზეთში წერს ან ინტერვიუებს არიგებს, ვალდებულია, თავისი მოსაზრება პროამერიკულობის უპირატესობის შესახებ არგუმენტების მოშველიებით დაასაბუთოს და არა რუსეთის განქიქებით. ექსპერტის შეფასება ყოველთვის აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, ანუ დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესების პრიზმაში გატარებული! ამის გარეშე კაპიკია ყველა ანალიზის ფასი! ეს ასეა, მაგრამ რა ჰქნან, როცა არგუმენტები არ აქვთ (მისი არარსებობის გამო)? რომ ჰქონდეთ, ზოგად ფრაზებს რატომ ამოეფარებოდნენ, ამ თემებზე ღია ეთერში დისკუსიას (ჭეშმარიტ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან) რატომ გაექცეოდნენ და მონოლოგის რეჟიმში რატომ ილაპარაკებდნენ? თანამოაზრე «ნაცებთან» შიგადაშიგ გამართული «კოჰაბიტაციური დაკა-დაკა» ყალბი ილუზიების შესაქმნელად, მოსახლეობის «დასაბმელადაა» მოფიქრებული.

რომელი ლოგიკით «ჩნდება კითხვა», რომ ძველი და ახალი ხელისუფლების კრიტიკა გაზეთს პირდაპირ კრემლისკენ მიაქანებს და არა რუსეთისკენ?! ეს ხომ აბსურდია! გამოდის, ამგვარი იარლიყების მოწებების შიშით, ვერ ამოგვიღია ხმა, ვერ გაგვიკრიტიკებია ერთდროულად «ქოციც» და «ნაციც»! და კიდევ _ ეგებ აგვიხსნან, შეიძლება თუ არა პირდაპირ რუსეთისკენ გაქანება კრემლის გვერდის ავლით? ან თვითონ ბატონი სოსო ამერიკისა და ნატოსკენ ვაშინგტონის გვერდის ავლით მიექანება?!

ვეთანხმები ბატონ სოსოს, რომ «საქართველო არაა იმხელა ქვეყანა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს». ყველა ყველაფერს ვიგებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად _ საკმაოდ დაგვიანებით. აბა, თავიდანვე რომ გვცოდნოდა, ვინ ვინ არის, ვინ რომელი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელია, სააკაშვილსა და «თავისუფლების» ინსტიტუტში დაფრთიანებულ ხალხს ხომ არ დავისვამდით თავზე?! ურემი რომ გადაბრუნდა, ახალი გზა თითქოს გამოჩნდა, მაგრამ ისე ტექნიკურად დაგვაბრუნეს ძველ გზაზე, რომ ბევრი დღესაც ვერ მოსულა აზრზე! ძველ გზას რომ ადგას, სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებთ ძველთან ერთად ახალ ხელისუფლებასაც!

შემდეგი ნაწყვეტი ინტერვიუდან:

«ამა თუ იმ ორგანიზაციის (არასამთავრობო – ი. ლ.) მიერ ფურცელზე დაწერილი მიზნები ისე კეთილშობილად ჟღერს, რომ არც იქნება სწორი, რაიმე მიზნით ისინი არ დარეგისტრირდნენ, თუმცა დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ, გარდა ენთუზიაზმისა, ამ სტრუქტურას უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტები ასეთი კონტროლისა, რამდენად არადემოკრატიული არ უნდა იყოს ასეთი ინტერესი».

მართალია ბატონი სოსო, მაგრამ მერე ვინ უშლის ხელისუფლებას, დაამყაროს ეს კონტროლი? სალანძღავმა რუსეთმა კარგა ხნის წინათ მიიღო შესაბამისი კანონი და კიდევ ბევრი სხვაც. ეს კანონები უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების კონტროლის, ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის და მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის თაობაზე ექსპერტებს უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და ამიტომ არ იღებენ ხმას თუ რადგან რუსეთშია მიღებული, თავი უნდა შევიკავოთ?! ეს ხომ პრიმიტიული აზროვნებაა!

შემდეგი:

«დღევანდელი გადასახედიდან ასეთი ორგანიზაციების (იგულისხმება რუსეთზე ორიენტირებული ორგანიზაციები. _ ი. ლ.) მხარდამჭერი შეიძლება იყოს ქვეყნის ღატაკი და ულუკმაპურო მოქალაქე. სამწუხაროდ, ვერც გავკიცხავთ და ვერც დავაჯერებთ იმაში, რომ ის, თუ ახლა შიმშილობს, ოცი წლის მერე, თუ შთამომავალი შემორჩა, ის აღარ იშიმშილებს. ამაზე ცოტა ადრე უნდა გვეფიქრა ყველას ერთად».

უკაცრავად, მაგრამ ექსპერტს არ ევალება, აგვიხსნას, რატომ არის ქვეყნის ღატაკი მოსახლეობა ასეთი ორგანიზაციების მხარდამჭერი? ან რატომ ვერ დავაჯერებთ იმაში, რომ მომავალში აღარ იშიმშილებს? რუსეთია ყველაფერში დამნაშავე? შთამომავლობაც რომ შეიძლება არ შემოგვრჩეს, იმაშიც? ასეთი ნიჰილიზმი გაჭირვებული კაცის ბრალია თუ ხელისუფლების? მაშ, ყოფილა ხელისუფლება საკრიტიკო, თანაც გვარიანად!

ცოტა ადრე უნდა გვეფიქრაო, _ ბრძანებს ექსპერტი. ნამდვილად, მაგრამ, თუ ახლაც არ ვფიქრობთ და ჩვენს დამაქცევარ (ეკონომიკურად და პოლიტიკურად) გზას ვადგავართ, საშველი ისევ რუსეთის ლანძღვასა და ამერიკის ქებაში უნდა ვეძებოთ? განვლილი გზის ანალიზის გარეშე შეუძლებელია სწორ გზაზე დადგომა, გზის კრიტიკული ანალიზია გადამწყვეტი და არა _ სააკაშვილისა და სხვა «ნაცების» პიროვნული ლანძღვა-გინება ან თუნდაც დაპატიმრება!

შემდეგი:

«ნაციონალურ მოძრაობას» რომ არ დაესწრო, ასეთი აქციები (იგულისხმება «ნაცმოძრაობის» მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი «მე ვირჩევ ევროპას». _ ი. ლ.) ჩატარდებოდა კრემლის დაფინანსებით. თუ ამ ორი სუბიექტის ინტერესები ემთხვევა, მაშინ უფრო თავმოყვარე ნაწილმა უნდა გამიჯნოს თავი ასეთი დუეტიდან».

ცოტა გაუგებარია, ასეთი აქციის («მე ვირჩევ ევროპას») დაფინანსებას დაასწრებდა კრემლი?! ჯერ ვიფიქრე, რომ კრემლის დაფინანსებით მოწყობილ (შესაძლოა, მომავალში!) აქციაში ბატონმა სოსომ «მე ვირჩევ რუსეთს» იგულისხმა, მაგრამ არა, ექსპერტი გარკვევით ამბობს, რომ, «თუ ამ ორი სუბიექტის ინტერესები ემთხვევა, მაშინ, უფრო თავმოყვარე ნაწილმა უნდა გამიჯნოს თავი ასეთი დუეტისგან». ე. ი. რა გამოდის? «ნაცები» და კრემლი _ ორივენი «მე ვირჩევ ევროპას» აწყობენ?! ბევრი რამაა შესაძლებელი, მაგრამ არა ასეთი აბსურდი. არ არის გამორიცხული, ბატონი სოსოს აზრი ჟურნალისტმა ზუსტად ვერ გადმოსცა, მაგრამ, ასეც რომ იყოს, კითხვა მაინც რჩება: თუ აქცია არა დუეტის («ნაცმოძრაობის» და რუსეთის), არამედ მხოლოდ «ნაცების» მიერაა ორგანიზებული, მაშინ პრეზიდენტის მისვლა ასეთ ღონისძიებებზე უთავმოყვარეობად არ ჩაითვლება?

დასასრულ, კვინტესენცია _ ჟურნალისტის მიერ არასამთავრობოებისა და მედიის დაფინანსების თაობაზე დასმულ მეტად მნიშვნელოვან კითხვას ბატონი სოსო წარმოუდგენლად მოკლედ, ერთი პატარა წინადადებით უპასუხებს:

«ფული ვისია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ვინ წარმართავს მათ სტრატეგიას»!

ძალიან გამაოცა ბატონი სოსოს ამ თვალსაზრისმა ფულის მფლობელზე, ანუ მუსიკის შემკვეთზე, თითქოს არ იცოდეს, რომ ცალკეული დამფინანსებელი (პიროვნება თუ ორგანიზაცია) პირადი სიმპათიით ან ანტიპათიით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ სტრატეგიის განმსაზღვრელთა პოლიტიკას ატარებს (ამ პოლიტიკასაც ისევ ფულის, ოღონდ დიდძალი ფულის მფლობელი ხალხი აყალიბებს). უცხოელთა პირადი ინტერესები თავისთავად თან სდევს და უნისონშია ამ სახელმწიფოების სტრატეგიასთან!

ექსპერტი, რომელიც იტყვის: «ფული ვისია, ამას მნიშვნელობა არ აქვს», ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ იგი ფინანსდება, თანაც, დიდი ალბათობით, უცხოეთიდან! თუმცა მერე რა, ამას ხომ, თურმე, მნიშვნელობა არ ჰქონია, ბატონი სოსო მაინც იმას იტყვის და დაწერს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს და მას დამოუკიდებელი, თავისუფალი აზროვნებისთვის წაახალისებენ კიდეც! სულ ამ ნიშნით არ აფასებს და აფინანსებს დასავლეთი არასამთავრობოებს, ჟურნალისტებსა და ექსპერტებს?

იაკობ ლეჟავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here