Home რუბრიკები საზოგადოება ო, ეს ტკბილი სიტყვები _ «თბილისის დინამო»!

ო, ეს ტკბილი სიტყვები _ «თბილისის დინამო»!

ამ სიყვარულს ვერც ახსნი და ვერც აღწერ. უბრალოდ, თვალები გაგიბრწყინდება და მოგონებათა საამო ჟრუანტელი დაგივლის, რაკი აშკარად გესმის ტრიბუნათა გუგუნის შორეული ექო და ეროსის (ბევრმა მისი გვარიც რომ არ ვიცოდით იმ დროს) ომახიანი, მაგრამ მაინც მთრთოლვარე ხმა…


ახლა წარმოუდგენელი და აუხსნელიცაა, რას ნიშნავდა ეს მაგიური სიტყვები (თბილისის «დინამო») ჩემი თაობის ადამიანებისთვის, რომლებიც მართლაც მიჯაჭვულნი ვიყავით რადიო-რეპროდუქტორებს გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, გულისფანცქალით ველოდით ახალ-ახალ რეპორტაჟებს და გონების თვალით გავცქეროდით, როგორ დაჰქროდნენ მოედანზე პაიჭაძე და ძმანი მისნი, მაგრამ ვაი, რომ, როგორც ლეგენდარული ხორავას ფენომენს ვერ ჩაწვდება ადამიანი, ვინც კი ვერ მოეწრო მის ეპოქას, ისე ვერც იმას აუხსნი ვინმეს, ვინ იყო ან ეგებ, უფრო სწორად, რა იყო ჩვენთვის ბორის პაიჭაძე და მერე გული გვწყდება, რომ ის სიხარული და ზეიმი, ის სიამაყე და მოლოდინი, რომელიც გვაკავშირებდა პაიჭაძესთან, სამწუხაროდ, ახლა შეიძლება გაიგივდეს მხოლოდ რომელიმე პოპულარულ ფეხბურთელთან თუ მსახიობთან…

ჩვენი სიჭაბუკის სიმბოლოებს, აწ ლეგენდებში გადასულ რაინდებს, ცხრა გზის მადლობა იმ ნეტარი განცდისთვის, რომლითაც ისე გვათბობდნენ და გვამაღლებდნენ!

აი, ასეთი საღერღელი ამიშალა ერთმა მშვენიერმა წიგნმა, რომელსაც ბალადას დავარქმევდი ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელებზე, რაკი ისინი გაცილებით მეტი იყვნენ ჩვენთვის _ ბევრ რამეს დახარბებული ადამიანებისთვის, ვიდრე სპორტის რომელიმე სახეობის უბრწყინვალესი წარმომადგენლები. ავტორს კი, ცნობილ ქართველ მუსიკამცოდნეს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თბილისის კონსერვატორიის სახელოვან პროფესორსა და უაღრესად სიმპათიურ ადამიანს _ ბატონ გულბათ ტორაძეს «ქართული ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში» დაურქმევია. ეს, ჩემი აზრით, ქვესათაურად უფრო გამოდგებოდა, რადგან აქ ისეთი სიყვარული და გული ჩანს, ისეთი მონატრება და სევდა, ისეთი მადლიერება და სიამაყე ჩემი თაობისა, რომ, ბუნებრივია, რაღაც პოეტური სათაური უფრო მოუხდებოდა _ ისეთივე ამაღლებული და განსაცვიფრებელი, როგორიც თვითონ ტექსტია ამ მშვენიერი მონოგრაფიისა. იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ წიგნი ათეულობით წლების ჩაკირკიტებული შრომის ნაყოფია, მაშინ ცხადი ხდება, რომ ბატონი გულბათისთვის, რომელსაც, როგორც სპორტულ ჟურნალისტს, 1987-2007 წლებში გამოცემული აქვს სამი კრებული ამ საკითხზე _ ეს არის მეორე პროფესია და არავითარ შემთხვევაში რაღაც სახალისო გატაცება.

საგაზეთო ფორმატის შეზღუდულობა რომ არა, სიამოვნებით განვაგრძობდი ამ დიდებულ წიგნზე საუბარს, მაგრამ ყოველივე ამასთან, რაკი ნაშრომი კარგადაც არის რედაქტირებული (რაც ერთობ იშვიათია ჩვენს საგამომცემლო სივრცეში), სწორედ ამ კუთხით მინდა მივუთითო იმ ლაფსუსებზე, რომლებიც მაინც გაიპარა, ერთხელ კიდევ ვიმეორებ, ამ პროფესიული კეთილსინდისიერებითა და საქმის ცოდნით რედაქტირებულ წიგნში.

დავიწყოთ უმარტივესი საკითხებით, რაც სადავო არ არის, ორთოგრაფია მაქვს მხედველობაში:

«ჩაფსკვნილი» კი არა (გვ. 65, 165, 180, 217) _ ჩასკვნილი, როგორც ხაზგასმულია ორთოგრაფიულ ლექსიკონში (გვ. 573);

«წინ» (52, 109, 173, 207, 225) კი არა _ წინათ (ცხადია, კონტექსტის მიხედვით): « «სენსაციური-თქო, იმიტომ ვამბობ…» (106) _ უნდა იყოს: მეთქი.

«ახლო პლანით» (208) _ ახლო ხედით (ცნობილი კინემატოგრაფიული ტერმინია);

«გავათიეთ» (225) _ გავათენეთ;

«დასასრულს» (59) _ დასასრულ;

«ერთის მხრივ» (148) _ ერთი მხრივ;

«მეორეს მხრივ» (146, 148, 157) _ მეორე მხრივ;

«სელექციონერული» (218) _ სელექციური;

«ჩემის აზრით» (85, 182) _ ჩემი აზრით.

ცალ-ცალკე უნდა ეწეროს:

«არცერთი» (204), «არცერთხელ» (236), «ახლადგადმოსული» (41), «ახლადდაარსებული» (9), «ახლადშობილი» (188), «ახლადდანიშნული» (111), «ახლადგამოცემული» (244), «ეგრეთწოდებული» (137), «ერთსადაიმავე» (237), «ზემოთაღწერილი» (85), «ზემოთგმოცხადებული» (141), «ომისშემდგომ» (49, 50, 57, 59, 67, 79, 226), «ფარგლებსგარეთაც» (105, 149) და ა. შ.

ერთად იწერება:

«ანა-ბანა» (44), «არა და» (23), «არა თუ» (166), «სიტყვა-სიტყვით» (240) და ა. შ.

დეფისით იწერება:

«ისის» (89), «ხელ ფეხი» (119) და ა. შ.

მოუწესრიგებელია სხვადასხვა გამოცემათა (წიგნი იქნება ეს თუ ენციკლოპედია და მისთ.) თარიღი და ქალაქის მითითება, მათ შორის ხან ტირეა, ხან წერტილი, ხან მძიმე და ხანაც არაფერი: (მოსკოვი _ 1997), (მოსკოვი. 1988) და ა. შ.

ზოგჯერ გვხვდება, მიხეილ ჯავახიშვილის ტერმინით რომ ვთქვათ, ე. წ. დაკუტებული წინადადებებიც (58, 106, 111): მაგალითად, «გამარჯვების განმტკიცებისათვის» კი არა _ «გამარჯვების გასამტკიცებლად» და ა. შ.

ხშირად უადგილოდ იხმარება სიტყვა «გარეშე»: «დაფიქრების გარეშე» (9), «წარსულის გარეშე» (52), «რისკის გარეშე» (117), «ლიდერის გარეშე» (208), «წარმატების გარეშე» (210) და ა. შ. არადა, მარტივად და ქართულად შეიძლებოდა გვეთქვა: «დაუფიქრებლად», «უწარსულოდ», «ურისკოდ», «ულიდეროდ», «წარუმატებლად»…

მოჭარბებულია ნაცვალსახელები მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის; ერთმანეთშია არეული დეფისი და ტირე; რუსული ციტატები იწყება პატარა ასოებით; არის პუნქტუაციური შეცდომებიც; ცუდადაა დაკაბადონებული (183-184) «დაუვიწყარი მატჩების ქრონოლოგია» და სარჩევიც; სათაურებშიც გვხვდება არასასურველი ერთფეროვნება («შოთა იამანიძე დაუვიწყარი კაპიტანი», «დაუვიწყარი ანატოლი ნორაკიძე», «გუნდის ხერხემალი დაუვიწყარი ვიტალი დარასელია», «დაუვიწყარი გივი ნოდია»).

მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი მაინც საძიებლების უქონლობაა _ გასაოცარია, რატომ გამორჩათ გამოცემის მესვეურებს ასეთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობა?! ფოტოსურათების ხარისხიც არ არის მოსაწონი, განსაკუთრებით _ ყდა, მარტო ინფორმაციულობა ცოტაა, აქ ისეთი ხარისხის ფოტოები უნდა ყოფილიყო, რომ გულშემატკივრებს, არც მეტი, არც ნაკლები, დაეტაცათ … რჩება კიდევ სხვა, უაღრესად პროფესიული საკითხები, რომელთა დაწვრილებითი და დეტალური განხილვა გვერდების მიხედვითაა საჭირო უშუალოდ წიგნის ავტორთან და რედაქტორებთან, რასაც, ნიშნად პატივისცემისა, ნამდვილად არ დავიზარებ, თუკი, ცხადია, ამის სურვილი იქნება.

გოგი დოლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here