გლობალიზაციის ეკონომიკური ასპექტები ბოლო ხანს მეცნიერთა ინტენსიური კვლევის ობიექტად გადაიქცა. ურთიერთგაგებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის აუცილებლობას დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ეკლესიაც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამბობს: «გლობალიზაცია არის გარდაუვალი მოვლენა და იგი უკავშირდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო გახდა გლობალური. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა შთანთქან მცირე ქვეყნების კულტურული, სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი, რათა შეიქმნას ერთიანი და უსახო კულტურა. ზოგს ჰგონია, თითქოს მცირე ერების სულიერი თუ ეროვნული ფასეულობანი ქმნის კონფლიქტს და დაპირისპირებას, რაც შესაძლოა, მტრობასა და შუღლშიც გადაიზარდოს. სინამდვილეში ეს სულაც არ არის ასე. ეს ფასეულობანი, მათი მრავალფეროვნება, პირიქით _ ამდიდრებს მსოფლიოს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საჭიროა, ჩამოყალიბდეს საკაცობრიო ღირებულებათა ზნეობრივი ღერძი, რომელსაც ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მიგვაჩნია, რომ იგი ხელს შეუწყობს ცივილიზაციათა შორის დიალოგს. …ცივილიზაციათა შორის დიალოგი აუცილებელია და მას საქართველოც აქტიურად უჭერს მხარს».
სამწუხაროდ, პრობლემისადმი ასეთ მიდგომას უარყოფენ ის ანტიქრისტიანული ძალები, რომლებიც მსოფლიოში გაბატონებას ესწრაფვიან და თავიანთი მიზნების მისაღწევად, ნებისმიერ უზნეო ეკონომიკურ და ფინანსურ მეთოდს იყენებენ.
მსოფლიოს ეკონომიკის დამანგრეველი კრიზისის ძირითადი მიზეზი არის მსოფლიო ვალუტის _ აშშ დოლარის _ ხელახალი წარმოება. 1971 წლიდან, როდესაც დოლარები შეუზღუდავი რაოდენობით ჩაუშვეს მიმოქცევაში, სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკამაც დაიწყო დოლარის ძალის უზრუნველყოფა, არასდროს ჰქონიათ დოლარის ემისიის მოცულობაზე კონტროლის დაწესების საშუალება. ეს კონტროლი რეალურად აშშ-ს მთავრობასაც არ გააჩნია. ამის უფლება მხოლოდ აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას (აშშ-ის ცენტრალურ ბანკს) აქვს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის 20 კერძო ბანკს ეკუთვნის. მათი მთავარი ბიზნესი კი მსოფლიოს ვალუტის ბეჭდვაა. ამის მისაღწევად აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელმა მფლობელებმა უამრავი დრო დახარჯეს და უზარამზარი ძალისხმევა გასწიეს. შედეგად, კერძო პირების ჯგუფმა დოლარების მიმოქცევაში ჩაშვებისა და მათი მოცულობის ვადების განსაზღვრის უფლება მიიღო. 1971-დან 2009 წლამდე მსოფლიოში დოლარის მასის მოცულობა ათჯერ გაიზარდა და საქონლის მასის რეალურ მოცულობას რამდენიმეჯერ გადააჭარბა. ასეთი ვითარება ხელსაყრელი იყო აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მფლობელებისა თვით აშშ-ისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის.
ცნობისათვის: აშშ-ის მეპ-ი (მთლიანი ეროვნული პროდუქტი) მსოფლიოს მეპ-ის დაახლოებით 20 %-ს შეადგენს. აშშ კი მოიხმარს 40 %-ს მსოფლიოს ყოველწლიური წარმოებიდან. ჩნდება კითხვა: თუ ვინმე აწარმოებს 20 %-ს (ან 15 %-ს?) და მოიხმარს 40 %-ს, მაშინ ვიღაცამ ხომ უნდა გადაიხადოს ამის საფასური? და ამის საფასურს იხდის დანარჩენი სამყარო, რომელიც აძლევს ამერიკას თავის საქონელს, ანუ ხდება მსოფლიო სიმდიდრეების გადანაწილება აშშ-ის სასარგებლოდ.
ამ უფლების მისაღებად კი დაიხარჯა ინტელექტი (შესანიშნავი ტვინების) დიდი შრომა, ფული და წლები, ამისათვის ორგანიზებული იქნა რამდენიმე კრიზისი და რამდენიმე მსოფლიო ომი.
დოლარის გაუფასურება რომ არ მოხდეს, რაც გარდაუვალია, თუ დოლარი მიმოქცევაში იქნება მეტი, ვიდრე სასაქონლო აქტივები მსოფლიოში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მფლობელების გენიალურმა ტვინებმა მოიგონეს ვირტუალურ საქონელში დოლარის მასის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავშირებისა და გაყინვის ხერხები.
ამისათვის, პირველ რიგში, გამოიყენეს საფონდო ბაზარი. მნიშვნელოვანია, იზრდებოდეს თქვენი აქციების პაკეტის ღირებულება _ ეს არის ინვესტორის მთავარი შემოსავალი. სინამდვილეში კი ეს არის მთავარი მზაკვრობა უმეცართათვის. საფონდო ბაზარი შეიძლება შევადაროთ რუსული რულეტის თამაშს, ოღონდ უფრო მკაცრი პირობით: რევოლვერის «ბარაბნის» 6 უჯრედში ხუთი ტყვია დევს.
რეალურად, საფონდო ბაზარი უზრუნველყოფილია მხოლოდ 1-2 %-ით. ვინაიდან ეს ბაზარი ვირტუალურია და მისი შექმნის მომენტიდან არ იყო გათვალისწინებული, რომ ინვესტორები მოახერხებენ მისგან მასობრივად გასვლას და იმის გატანას, რაც მათ რეალურად გადაიხადეს შესვლისას. აქ არავინ არავის არაფერი უნდა გადაუხადოს. არც არავინ აპირებს რამის მიცემას. ვირტუალური საფონდო ბაზრის გადასარჩენად აუცილებელია 100 ტრილიონი დოლარის დაბეჭდვა, მაგრამ მათი დაბეჭდვის შემთხვევაში, დოლარი კიდევ 10-ჯერ დაინგრევა, ამიტომ არავინ აპირებს ასეთი ფორმით საფონდო ბაზრის გადარჩენას.
ამჟამად ხდება «კონტროლს დაქვემდებარებული ნგრევა». ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ნგრევის ამ ეტაპმა უნდა გააძლიეროს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პოზიციები მსოფლიოში. ის თვითონ დაინგრეოდა 2-3 წლის შემდეგ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პროცესი ვერავინ გააკონტროლებდა და ზიანს მოუტანდა ფინანსური პირამიდის შემქმნელებს. «კონტროლს დაქვემდებარებული ნგრევისათვის» ემზადებოდნენ წლების განმავლობაში. საქმე ის არის, რომ ამ ეტაპზე შემოსავლიან საწარმოებს მუქთად შეისყიდიან.
მსოფლიოს ეკონომიკურ მოდელში სესხების გარეშე ვერ იმუშავებდა ვერც ერთი მსხვილი საწარმო, ვერც ერთი ბანკი. სასესხო რესურსების ხელმისაწვდომობა დასავლეთში შესანიშნავი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი უეცრად ქრება, როგორც კი საწარმოები და ბანკები იწყებენ სესხის ვადამდე დაბრუნებას, თუმცა მიზეზები ძალიან «ობიექტურია» და გაწერილია სასესხო ხელშეკრულებაში. ეს ძალიან ჰგავს 1929 წლის კრიზისის _ «დიდი დეპრესიის» დასაწყისს. იქაც, სესხების პირობებით, კრედიტორს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სესხის დაბრუნება ერთი დღის განმავლობაში. ასეთი მოთხოვნები ერთდროულად და უცბად იქნა წამოყენებული და მსესხებლები იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ გაეყიდათ აქციები, რამაც გამოიწვია აქციების ბაზრის წამიერად დანგრევა. როდესაც დადგება სესხების დაბრუნების ვადა, მათი დაბრუნება იქნება რეალურად შეუძლებელი. აქციების ფასები კიდევ უფრო დაეცემა, ნაწარმის გასაღება ნოლს გაუტოლდება. ასე მოხდება საკუთრების გლობალური გადანაწილება, რაც «კონტროლს დაქვემდებარებული ნგრევის» მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, ჯერ ბიზნესი ჯერ გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში (ჩინოსნები უცბად დაიკავებენ მკაცრ პოზიციას ოლიგარქების მიმართ _ სად წახვალ ამ პირების ბრძანების წინააღმდეგ? მათი ბრძანების შეუსრულებლობა სიკვდილის ტოლფასია), შემდეგ კი სახელმწიფოსგან გადავა იმ პირებზე, რომელთაც ის ეკუთვნის.
ამის შემდეგ დადგება ყველაზე საინტერესო და საშიში ეტაპი. ეს ყველაფერი იწერება უბრალო ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ მცირე დანაზოგები, მცირე და საშუალო ბიზნესმენებისათვის, რომლებმაც პატიოსანი შრომით დააგროვეს 100 ათასიდან 2 მილიონ დოლარამდე. გლობალურმა პროცესებმა, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, შეიძლება დამანგრევლად იმოქმედოს მათი შრომის შედეგებზე. რეალური სურათის ცოდნის შემთხვევაში კი შედარებით იოლი იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება და მრავალწლიანი შრომის შედეგების შენარჩუნება.
ამჟამად მიმდინარეობს საკუთრების გლობალური გადანაწილება, წარმოიქმნება მსოფლიოს ახალი კონფიგურაცია. ისეთ სიტუაციაში, როდესაც საჭიროა ადამიანური მსხვერპლის გაღება და დიდი მოგების მიღება, მათ, ვინც პროცესებს მართავს, იციან, როგორ მოიქცნენ. კომბინაციების განხორციელება ზოგჯერ მილიონობით სიცოცხლეს მოითხოვს მსხვერპლად. პირველ მსოფლიო ომში 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მეორეში – 60 მილიონი. როგორი ოპერაციები ხორციელდებოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს? ვინ მოიგო ამით, ვისთვის იყო ეს ხელსაყრელი? მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა, მაგრამ ომისგან გამორჩენა ჰქონდა აშშ-ს. პირველ მსოფლიო ომშიც ასევე მოხდა. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად, დოლარის დასანგრევად შერჩეული არაა უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრისა და ომის გზა.
საერთოდ, დოლარის დანგრევა, აშშ-ის მიერ მასზე უარის თქმა გარდაუვალია. გარდაუვალობა განსაზღვრულია იმით, რომ მსოფლიოს ახლანდელი ფინანსური სისტემა აშენებულია ფინანსური პირამიდის პრინციპით. ერთდროულად დაინგრევა ევრო და სხვა ერთეულები…
როდესაც ყველას პრაქტიკულად გაუქრება ფული, დაიწყება ახალი მსოფლიო ეკონომიკური, ანტიქრისტიანული, უკიდურეს ანგარებასა და უსულგულობაზე დაფუძნებული სისტემის მშენებლობა…
მთავარი პოზიციები ექნებათ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ ყველაზე შემოსავლიან აქტივებს (რეალურ საწარმოებს და ა.შ.). ისინი ყველაზე სწრაფად და ყველაზე მეტად დაიწყებენ ახალი ფულის ახალი წესებით კეთებას. დანარჩენები კი უიმედოდ ჩამორჩებიან მათ. ასეთი მზაკვრულია მსოფლიო ანტიქრისტიანული ძალების გეგმები, მიზნები და მათი მიღწევის გზები. მატერიალურ-ფინანსური და სულიერი კატასტროფისაგან კაცობრიობის გადარჩენა კი მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეკლესიური ცხოვრების საფუძველზეა შესაძლებელი.
დეკანოზი ბასილ ახვლედიანი,
ბოლნისის ეპარქია, აკაურთას სიონის წინამძღვარი,
ეკონომიკის დოქტორი