Home რუბრიკები საზოგადოება გოჩა კაკაბაძე: ვისთვის გვინდა ის სამუშაო ადგილები _ დაჩაჩანაკებული შვილებისთვის თუ ძლიერი,...

გოჩა კაკაბაძე: ვისთვის გვინდა ის სამუშაო ადგილები _ დაჩაჩანაკებული შვილებისთვის თუ ძლიერი, ჯანსაღი თაობისთვის?

საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია არსებობის თითქმის 30 წლიან ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მისი აღზრდილები, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი სპორტსმენები, არაერთ ჩემპიონატსა თუ ტურნირში მონაწილეობდნენ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა კაკაბაძე ამბობს, რომ, მიუხედავად რიგი პრობლემებისა, ახალგაზრდებში ორთაბრძოლის ხელოვნებისადმი ინტერესი დიდია.

«ძალიან განვითარებული, გონიერი თაობა მოდის, _ განაცხადა საუბრის დასაწყისში ორგანიზაციის თავკაცმა, _ ყველას ვაკვირდები და ვხედავ, რომ ბევრს აქვს უდიდესი პოტენციალი, საერთაშორისო სარბიელზე დიდ წარმატებებს მიაღწიოს და სამშობლო ასახელოს. პრობლემებიც, რა თქმა უნდა, ბევრია, ზოგადად ქვეყანაშია ეკონომიკური ფონი მძიმეა და, ბუნებრივია, ის სპორტზეც აისახება. მიუხედავად ამისა, ღვთის წყალობით, წარმატებებს მაინც ვაღწევთ და მომავალშიც მივაღწევთ, რადგან სრულად ვაცნობიერებთ, რომ სპორტში და არამხოლოდ სპორტში, მაქსიმალური თავგანწირვისა და თავდადების გარეშე სულ მცირე წინსვლაც შეუძლებელია».

_ ვიდრე პრობლემებსა და შედეგებზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რა გზა გაიარა თქვენმა ფედერაციამ შექმნიდან დღემდე.

_ ჩვენი ფედერაცია შეიქმნა წმინდა გიორგის სახელობის ჯგუფის ბაზაზე. თავად ეს ჯგუფი დაფუძნდა გასული საუკუნის 80-იან წლებში აფხაზეთში. თავდაპირველად ჩემმა ძმამ კახაბერ კაკაბაძემ და მე გავხსენით კარატეს ჯგუფი «წმინდა გიორგი». 1990-იან წლებში საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, საომარი მოქმედებები დაიწყო და ჩვენი ჯგუფიც იძულებული შეიქნა, საქმიანობა გადმოეტანა დედაქალაქში, სადაც ომის დამთავრებამდე ჩემი ძმა მარტო უძღვებოდა საქმეს, ვიდრე მე ომიდან არ დავბრუნდი.

ქვეყანაში შექმნილმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ საგრძნობლად დააზიანა მოსახლეობის ჯანმრთელობა და საზოგადოების აზროვნება. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მოზარდთა ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა, რადგან საგრძნობლად გავრცელდა ნარკომანია, ტოქსიკომანია და სხვა მავნე ჩვევები. იმძლავრა დანაშაულმა არასრულწლოვანთა შორის. ასეთ პირობებში კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ ფიზიკურ და სულიერი განვითარების ხელშეწყობას. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ თითოეულ მოზარდს მიეცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს და განავითაროს თავისი სპორტული ნიჭი და ჩამოყალიბდეს ღირსეულ და სრულფასოვან მოქალაქედ. ჯგუფმა გააძლიერა მოზარდებთან მუშაობა, რათა ხელი შეეწყო ზემო აღნიშნული პრობლემების დაძლევისთვის ჩვენს ქვეყანაში. ჯგუფი გარდაიქმნა ფედერაციად. დღეს ჩვენი ოფიციალური სახელწოდებაა საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია. 2011 წლიდან, ტელეგადაცემა «ნიჭიერში» მონაწილეობის შემდეგ, გვიცნობენ კარატისტთა ჯგუფ «წმინდა გიორგის» სახელითაც.

_ ამჟამად რამდენი მოსწავლე გყავთ?

_ დაახლოებით 1000 მოსწავლე, თუმცა ეს რიცხვი ხშირად იცვლება. ახალგაზრდები მოდიან და მიდიან, მოგეხსენებათ, სპორტი ისეთი რამეა, ყველა ვერ მისდევს ბოლომდე და ბევრი თავს ანებებს.

_ რამდენი წლის ბავშვებს იღებთ?

_ 4-5 წლიდან ნებისმიერ ბავშვს ვიღებთ. რაც შეეხება ზედა ზღვარს, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იყოს ექიმისგან ნებართვა და რეკომენდაცია.

_ როგორც ვიცი, 1986 წლიდან არსებობთ, ამ ხნის განმავლობაში რომელ შეჯიბრებებში მონაწილეობდით და რა შედეგს მიაღწიეს თქვენმა მოწაფეებმა?

_ თავისი არსებობის მანძილზე ჩვენ ჯგუფს აღზრდილი ჰყავს 20 ათას სპორტსმენზე მეტი, რომელთა შორის ბევრია საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი, ასევე იაპონიის, ესპანეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, კავკასიის, აზიის, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ასევე მონაწილეობა გვაქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში საზღვარგარეთ. სხვათა შორის, იაპონია რადგან ვახსენე, საქართველო მსოფლიოში ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 18 წლამდე სპორტსმენებს შორის ჰყავს იაპონიის ჩემპიონი.

_ თქვენს ფედერაციას, ძირითადად, სკოლის შენობებში აქვს სავარჯიშო დარბაზები. სულ რამდენ სკოლაში გაქვთ სექცია?

_ ამ ეტაპზე 28 სკოლაში გვაქვს სექცია და მომავალში კიდევ ვაპირებთ გაფართოებას. გარდა ამისა, გვყავს ჯგუფები ქუთაისში, გორში, კასპში, ხაშურში, ხარაგაულის რაიონსა და ბათუმში.

_ დაინტერესებული თუ არის დღეს ახალგაზრდობა სპორტით და კონკრეტულად, ამ სახეობით? მშობლებისგან ხშირად გვესმის, ბავშვები დიდ დროს უთმობენ კომპიუტერს, რის გამოც ფიზიკურ აქტივობას მოკლებულნი არიანო…

_ საერთოდ, კარატე, როგორც საბრძოლო ხელოვნება, მამაკაცის ბუნებაში თავისთავად დევს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოზარდი ხედავს, რომ ვითარდება ქუჩა, ვითარდება ეზო და გარემო, ბუნებრივია, თვითონაც უნდა განვითარდეს, თორემ დაიჩაგრება. ახლა კონკრეტულად სპორტით დაინტერესებას რაც შეეხება, ძალიან გონიერი თაობა მოდის, გაცილებით მეტი იციან და მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე, ვთქვათ, ჩვენს თაობას ჰქონდა, მაგრამ არსებობს ერთი მინუსი _ ეს თაობა უფრო მექანიკურია, ანუ ტექნოლოგიებზე უფროა დამოკიდებული, აზროვნებაზე კი _ ნაკლებად.

_ რა არის ამის მიზეზი, ეს ყველაფერი ტექნოლოგიურმა პროგრესმა გამოიწვია?

_ ზუსტად ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტია: ადამიანი, რომელმაც არ იცის თავდაცვა, ხშირად ხდება აგრესიის მსხვერპლი. ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც არ შეგიძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხარ სუსტი, ,სამწუხაროდ, შენს გარშემო მყოფთაგან ზოგს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, დაგჩაგროს.

_ ასეთი ადამიანები, ალბათ, თვითონაც უფრო აგრესიულები არიან.

_ რა თქმა უნდა, სუსტი შინაგანად ყოველთვის უფრო აგრესიულია იმიტომ, რომ დაკომპლექსებულია საკუთარი უსუსურობით. არ მინდა, საუბრის თემას გადავუხვიო, მაგრამ ამის შედეგი ჩვენ ვიწვნიეთ კიდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბავშვობაში დაგროვილი ბოღმა ერთბაშად გადმოანთხია და უბედურებები დაატრიალა. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ბავშვმა თავისი შესაძლებლობების რეალიზება უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება კომპლექსები, რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოუტანოს როგორც მას, ისე მის გარშემო მყოფთაც.

_ სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ ხელშეწყობა?

_ სახელმწიფო რომ დაგეხმაროს, პირველ რიგში, ის უნდა შედგეს, მაგრამ, საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ბოლომდე შემდგარი სახელმწიფო. უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტები _ რა გვინდა და რა სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას. და, როდესაც ვამბობთ, რომ მთავარია სამუშაო ადგილების შექმნა, უნდა ვიცოდეთ, ვისთვის გვინდა ეს სამუშაო ადგილები _ დაჩაჩანაკებული და გაურკვეველი ორიენტაციის შვილებისთვის თუ ძლიერი და ჯანსაღი თაობისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალი თაობის სულიერ და ფიზიკურ აღზრდას.

საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ რა აღნიშნულ პრობლემას, შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ქვეყანას როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში, ისე სპორტის აღორძინებაში. მაგრამ ჯერჯერობით პრობლემა პრობლემად რჩება. მოზარდი თაობა კვლავაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ თითოეულ მოზარდს მიეცეს საშუალება, გამოავლინოს და განავითაროს თავისი სპორტული ნიჭი და შესაძლებლობები; გააცნოს იგი სხვა ქვეყნებსაც, მიიღოს გამოცდილება და ჩამოყალიბდეს ღირსეულ და სრულფასოვან მოქალაქედ.

_ აქვს კი დღეს საქართველოს ამის შესაძლებლობა?

_ დასაწყისშიც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ყველას გვესმის, რა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად ფული არამიზნობრივად იხარჯებოდა. მაგალითად, იმ ფულით, რომელიც შაკირას ერთდღიან კონცერტზე დაიხარჯა, რამდენი კარგი სამომავლო საქმის გაკეთება შეიძლებოდა?!

ახლა, საზოგადოდ, რაც შეეხება სპორტის ხელშეწყობას. განსაკუთრებით კარგი პირობები სპორტის თითქმის არც ერთ სახეობაში არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ სახეობას (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ძიუდო და სხვ.), შედარებით მეტი მფარველობა და მზრუნველობა აქვს. სპორტის არაოლიმპიური სახეობები კი ყურადღების მიღმა რჩება. არადა, სწორედ სპორტული საბრძოლო ხელოვნება არის მოზარდთა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის საუკეთესო გზა.

_ რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რას აპირებთ და კონკრეტულად რომელ შეჯიბრებებში აპირებთ მონაწილეობას?

_ ახლო მომავალში ვაპირებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირსა და ჩემპიონატში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, იაპონიაში. მომავალი წელი ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რადგან 10 წელი გვისრულდება საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრებიდან. ამის აღსანიშნავად ვგეგმავთ საინტერესო ღონისძიებების ჩატარებას. ყველაზე მაშტაბური კი იქნება ამ დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს იაპონიის, ჩინეთის, კანადის, რუსეთის, ევროპისა და აზიის ქვეყნების ნაკრებებმა. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ბატონმა იუკიო ნიშიდამ გამოთქვა სურვილი, ჩამოვიდეს და დაესწროს ამ ტურნირს. ასე რომ, მიმდინარე და მომავალი წელი დახუნძლულია შეჯიბრებებით, შეკრებებით, სემინარებით, საჩვენებელი გამოსვლებითა და სხვა ღონისძიებებით, რაც ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here