Home რუბრიკები საზოგადოება «ბენდუქიძის ტყვე ქალს» მიზანმიმართულად წამლავენ

«ბენდუქიძის ტყვე ქალს» მიზანმიმართულად წამლავენ

625

«საქართველო და მსოფლიომ» რამდენიმე თვის წინ (2013 წ., #34, 18-24 სექტემბერი) წერილი გამოაქვეყნა ბიოქიმიის ინსტიტუტში კახა ბენდუქიძის მიერ დატყვევებული ქალის შესახებ. მაშინ ჩვენი გაზეთი თითქმის ყველა შესაბამის უწყებას დაუკავშირდა. ქალბატონის სანახავად რომ მივედით, ლტოლვილთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანამშრომელიც გვახლდა, რათა თავისი თვალით ენახა, ქალბატონ ესმერალდას გაჭირვება, მაგრამ ამ დრომდე მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, პირიქით, გაუარესდა კიდეც.


ქალბატონ ესმერალდას დევნილთა სამინისტრომ მარტში დანაპირები ბინა იმ მიზეზით არ მისცა, რომ 7 ქულა გაქვს და შენზე გაჭირვებულებიც არიანო. მაგრამ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, არა მგონია, ვინმემ ესმერალდას ქულებზე იდავოს.

ბენდუქიძის ტყვე ქალი ახლა უკვე ახალი ხელისუფლების ტყვედ იქცა. რაც შეეხება ბენდუქიძეს, მიუხედავად ჩადენილი ფინანსური, ეკონომიკური, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისა, «ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრეს». ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ სცადა გალაშქრება, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. თუმცა ბენდუქიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მარტო ამ ერთი უმწეო ქალბატონის ჩვენებაც ეყოფოდა, როგორც ჩანს, ბენდუქიძე მთლად ციხეში ჩასასმელად გასამეტებელი კაცი არ არის, მისგან სარგებლის მიღებაც შეიძლება.

ესმერალდა მინდიაშვილი:

_ შვილო, შენ გაიხარე, რომ მომაკითხე. ღმერთი არ მკლავს და ესენი მკლავენ. ნეტავ, 2008 წლის ომში დავღუპულიყავი და ამ დღემდე არ მოვსულიყავი. ჩემი გაჭირვება კარგად იცით. იცით, რა დღეში ჩამაგდო ნაძირალა ბენდუქიძემ, მაგრამ ახლა ამ ხელისუფლებაზეც ნაწყენი ვარ. ბინას არ მაძლევენ, 6 ქულიანები უნდა დავაკმაყოფილითო, შენ კი 7 ქულა გაქვსო. ჩემთან არავინ მოსულა, რა იციან, რა დღეში ვარ და 7 ქულა რაში დაწერეს, არ მესმის?! მე აქედან გასვლასაც ვერ ვახერხებ, ჩემს მეგობარს ვთხოვე, ჩემი ამბავი გაერკვია და იმას უთხრეს ასე.

ახლა გაჩვენებ, ბენდუქუძის ხალხმა რა დღეში ჩამაგო. ხომ იცით, ეს შენობა ბიოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნოდა. აქ უამრავი შხამ-ქიმიკატი ინახება; არის, ასევე, რადიაციული ბუნკერები. ამ რამდენიმე ხნის წინ ეს ბუნკერები გახსნეს და შხამ-ქიმიკატები გარეთ გამოიტანეს, კედლები, რომლებიც თავის დროზე ამოაშენეს, ახლა მოანგრიეს. ვიფიქრე, ყველაფრის გატანას აპირებენ-თქო, მაგრამ აქ დამიდგეს, ბუნკერიც გადახსნილი დატოვეს, მანქანები არ გვყავსო, ეს მოიმიზეზეს. ამასობაში თვალში სინათლე დავკარგე, ყურიდან სისხლდენა დამეწყო, ცხვირიდანაც სისხლის ნაფლეთები მომდის, თმები მცვივა…

_ გნებავთ, თქვათ, რომ მიზანმიმართულად გწამლავენ?

_ დიახ, მწამლავენ. აბა, რა დავარქვა იმას, რომ ცხვირწინ დამიდგეს ბიო და რადიაციული ნარჩენების თავღია ბუნკერები? შენობის ნგრევაც დაიწყეს, უპატრონოდ არის მიტოვებული, საღამოობით კაცები მოდიან და ქალები მოჰყავთ, შიშით პირდაპირ აღარ ვიცი, რა ვქნა. შენობას ანგრევენ, მთელი კარ-ფანჯრები ჩამოხსნეს და ვიღაც არჩვაძეს აძლევენ. ის, როგორც გავიგე, მუხრანში ფერმას აშენებს და იქ ეზიდება. რა ჩემი საქმეა, მაგრამ ასეთი შენობიდან არაფრის გატანა არ შეიძლება, აქ ყველაფერი რადიაციულია. ყველაფერი დალეწეს, დაამტვრიეს, სკამები ღუმელის დასანთებად მიაქვთ.

_ ეს არჩვაძე ვინ არის?

_ სახელი არ მახსოვს. არჩვაძე ბენდუქუძის ქვეშევრდომია. 14 კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მან მიითვისა, ჯართად სულ ამ არჩვაძეს აბარია.

2012 წელს 23 ოქტომბრიდან დეკემბრამდე ჩაკეტილი ხომ ვიყავი, ახლა 2013 წლის 23 ოქტომბრიდან ეს შხამები აქ დამილაგეს და რამდენიმე დღე მასუნთქეს. ცოცხლად რატომ მკლავთ, გიჩივლებთ-მეთქი, რომ ვუთხარი, ეტყობა, რაღაც ადამიანურმა გაიღვიძა მათში და დახურეს ბუნკერები.

დევნილი რომ გავხდი, ამ ინსტიტუტში დარაჯად თავადვე გამაფორმეს, თავიდან ხელფასსაც მიხდიდნენ, ვითომ თავშესაფარი მომცეს და ახლა მკლავენ, რა უნდათ ჩემგან? გამიყვანონ, აქ ჯერ მაინც არაფერი ხდება და თავზე რატომ მანგრევენ შენობას, ვერ ვხვდები. მთელი დღე კაციშვილის ჭაჭანება არ არის. ვეხვეწები _ გავლენა გაქვთ, სიტყვა შემაწიეთ, გამიყვანონ აქედან და თავშესაფარი მომცენ. თავადაც კარგად იციან ჩემი მდგომარეობა, ჩაქცევა რომ დამემართა, კობა გოგიჩაიშვილი ბენდუქიძის მოადგილე, ისეთი შეშინებული იყო, წამლებიც კი მიყიდა, თუმცა მას შემდეგ მთელი წელი აღარ გამოჩენილა.

შენობა რომ ამ დღეში ჩააგდეს, ვირთხები შემომესივნენ. ჩემს მეგობარს ფოტოები გადავაღებინე, დევნილთა სამინისტროში გავაგზავნეთ, მაგრამ არავინ გამოხმაურებია ამ ამბავს.

ორი ომი გამოვიარე, შვილო. პირველი ომის დროს გადავრჩით და სახლში ვიყავით, მეორე ომის დროს ყველაფერი დავკარგე, სოფელში კარგი სახლ-კარი მქონდა, არაფერს გავყიდდი, რაც არ უნდა გამჭირვებოდა, მაგრამ დამაკარგვინეს. ახლა ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ჩემზე, ასე უპატრონოდ ხომ არ მოვკვდები? რა ვქნა აღარ ვიცი! რომ ჩამოვედი, მითხრეს, შეგიძლია ფული მოითხოვო, 10 ათასიო, დავწერე განცხადება, ვიფიქრე, გირაოთი მაინც შევალ სადმე და მერე ვინც მომხედავს, იმას დავუტოვებ ყველაფერს-თქო, მაგრამ ფული არ მომცეს, ბინას კი შემპირდნენ, მაგრამ ახლა ეს ბინაც არ არის.

აქ ერთი ქალისგან წყალი მომქონდა, ბენდუქიძის ხალხმა გააფრთხილა, _ წყალი აღარ მისცეთ, იქნებ აქედან როგორღაც გავიყვანოთო. გამიყვანონ, ბატონო, წინააღმდეგი ხომ არ ვარ?! ერთს ვიხვეწები: აქ წამებით ნუ მომკლავენ.

გზის გადაღმა დიდი სახლი შენდება, იქაურ მუშებს ვეცოდები და რაღაცები მოაქვთ, ერთხელ ცხელი საჭმელიც მომიტანეს, კაცის გაკეთებული საჭმელი რა უნდა იყოს, მაგრამ იმედენი ხანია, ცხელი არაფერი მიჭამია, სიამოვნებით შევჭამე. 2012 წლიდან ამ შენობაში ისე ვცხოვრობ, შუქი არ მაქვს, ტუალეტი, წყალი, ეს ყველაფერი ბენდუქიძის ხალხმა მომისპო.

უპატრონოდ სიკვდილის მეშინია, შვილო. შორეული ნათესავები კი მყავს, მაგრამ თვითონ ისე უჭირთ, მე ვის რაში ვჭირდები, თანაც ავადმყოფი. მეგობარი მყავს, კვირაში ერთხელ ძლივს ახერხებს ჩემს მონახულებას, იმას ხომ ვერ შევეკედლები, თავისი ოჯახი აქვს, რომ მაკითხავს და ყურადღებას მაქცევს, ამისთვისაც მადლობელი ვარ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here