Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და რას მოგვიტანს რეალურად ევროინტეგრაცია

რას მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და რას მოგვიტანს რეალურად ევროინტეგრაცია

1262

დასავლური პროპაგანდით გათიშული და გაბრუებული საზოგადოება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც მესიის მოსვლას, ისე ელოდება. ხალხმა ლამის გულწრფელად დაიჯეროს, რომ «ისტორიულ არჩევანთან» დაახლოება საქართველოში ერთბაშად ეკონომიკურ ბუმს გამოიწვევს. არადა, ამის ფონზე მით უფრო გაუგებარია, ეს პროცესი ესოდენ საიდუმლოდ რატომ მიდის. რას მოითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და რეალურად რას მოგვიტანს ევროინტეგრაცია, _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიო» განაგრძობს რესპონდენტების გამოკითხვას.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი:

_ საქართველოს გააჩნია სერიოზული გამოწვევები და მისი გლობალური უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ ნატოთი ან ევროკავშირით არ წყდება. ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამერიკის პრეზიდენტის ამასწინანდელმა განცხადებამ, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის. ასე რომ, ბოდვა, თითქოს ჩვენი მთავარი მიზანი არის ევროატლანტიკური სტრუქტურები, საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ჩვენთვის მიზანია გლობალური უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და ქართული სახელმწიფოს მშენებლობა.

_ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის წევრობა ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს?

_ ჩვენთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ის მთავარი ტკივილი, რომლის მოუშუშებლადაც რაიმე თემაზე რაიმე გლობალურ გამოწვევებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტი იქნება. ამიტომ ჩვენი პოლიტიკაც უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ადექვატური. რაც შეეხება ეკონომიკას, არანაირი მიმზიდველობა ამ ევროატლანტიკურ სივრცეს საქართველოსთვის ეკონომიკურად არ გააჩნია, ვინაიდან საქართველო დღეს ძირითადად არის მომხმარებელი და არა მწარმოებელი.

გიორგი გერმანიძე, «გლობალური ტენდენციების კვლევის ინსტიტუტის» პრეზიდენტი:

_ ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ხელმოწერა არაფრით  შეიძლება. ეს ნიშნავს უპირობო შესვლას ამ ორგანიზაციაში, რაც იქნება დამღუპველი ჩვენი ეკონომიკისთვის. ნახეთ, რა დღეშია ბალტიისპირეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და კიდევ მრავალი ევროპული ქვეყანა. სანამ შევიდოდნენ, მათაც ეგონათ, რომ აყვავდებოდნენ და დღეს, ფაქტობრივად, კატასტროფული მდგომარეობა აქვთ.

_ ღირებულებით ნაწილში თუ ხედავთ ევროკავშირის წევრობაში საფრთხეს?

_ აქ საფრთხეს კი არ ვხედავ, უკვე შედეგზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, ცალკეული სუბიექტები რომ ებრძვიან ეკლესიას, სამღვდელოებას, ეროვნულ მენტალიტეტს და ფასეულობებს, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება?! საკმარისია, ცოტა ჩაუღრმავდე ამ ყველაფერს და ნათლად დაინახავ, ვინ და რა ძალები დგანან მათ უკან.

_ დასავლეთი უმაგრებთ ზურგს?

_ რა თქმა უნდა. აბა, ეს ორგანიზაციები ციდან ხომ არ ჩამოცვივდნენ. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული, გაწერილი გეგმა, რომელიც დროში უნდა განხორციელდეს. ჩვენი პირობების გათვალისწინების გარეშე, რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, ბუნებრივია, მით უფრო ღია შეტევები განხორციელდება ეკლესიაზე, სულიერებაზე, მენტალობაზე და ზოგადად, ყველაფერზე, რაც შენი ეროვნული იდენტობის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს.

_ თქვენი აზრით, საქართველო იმდენად სჭირდება ევროკავშირს, რომ ჩვენ მათთან ჩვენი პირობებით შეგვიძლია საუბარი?

_ და თუ არ ვჭირდებით, მაშინ რატომ უნდა შევიდეთ იქ? უკვე 20 წელია, ჩვენი ხელისუფალნი სხვის ინტერესებს ემსახურებიან და ბოლოს და ბოლოს წერტილი ხომ უნდა დაესვას ამ უგუნურებას!

ლევან ჩაჩუა, ყოფილი პოლიტპატიმარი:

_ ევროინტეგრაციის ეს ყბადაღებული პროცესი საქართველოში, შეიძლება ითქვას, ჩუმი დივერსიის სახით მიმდინარეობს, არ ხდება ამ მნიშვნელოვანი საკითხების არანაირი საჯარო განხილვა, არ იმართება დისკუსიები, თუ კონკრეტულად რატომ არის იგი ჩვენთვის ისტორიული არჩევანი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, სხვათა შორის, მივმართეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და ვთხოვეთ, იქნებ გამოყონ გარკვეული საეთერო დრო ამ საკითხისთვის. ჯერჯერობით რა როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ხალხს აინტერესებს, რა არჩევანზეა საუბარი, რას გვაძლევს ეს ყველაფერი და საერთოდ, რატომ ვდგამთ ამ ნაბიჯს.

_ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ხომ დევს ის დოკუმენტი, რომელსაც ვილნიუსში მოეწერა ხელი?

_ დოკუმენტი დევს, მაგრამ მას არ აქვს ჩატარებული არც ლინგვისტური და არც სხვა სახის საჭირო ექსპერტიზა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე და მათგან კიდევ ნახევრის ნახევარს არ ექნება ეს დოკუმენტი ნანახი, პრაქტიკულად სულ რაღაც 8 პროცენტმა იცის მისი რეალური შინაარსი. ახლა რა გამოდის? ხელისუფლება, ფაქტობრივად, საზოგადოების გვერდის ავლით აწერს მასზე ხელს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ: ეს ხელშეკრულება არალეგიტიმურია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. გენიალური პასუხებია,მეტი რა ახსნა-განმარტება გვჭირდება,რომ დავიჯეროთ-მივდივართ არაფრისკენ!

  2. არაჩვეულებრივი პასუხებია,მართლა უტვინოები ხომ არ ვართ,ოქროს ხონჩით გვართმევდნენ და ჩვენ კიდევ უარზე ვიყოთ.ხონჩა ცარიელია და ვინც მასზე დადებულ ოქროს კილიტებს ხედავს,ეს უკვე მათი პრობლემაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here