Home რუბრიკები პოლიტიკა აურელიანოს ოქროს თევზი

აურელიანოს ოქროს თევზი

1204

გაბრიელ გარსია მარკესის «მარტოობის ასი წელიწადი», ყველას თუ არა, ბევრს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ბევრში ორჰან ფამუქი არ იგულისხმება, როგორც გაირკვა, ეგ კაცი მარტო თავის დაწერილს კითხულობს და სხვა ერების კულტურა არ აინტერესებს. მოკლედ, არანობელიანტი მკითხველის იმედი მაქვს, რომ მარკესის შედევრი წაკითხული ექნება. «მარტოობის ასი წელიწადის» მთავარი გმირი აურელიანო ბუენდია გახლავთ, პოლკოვნიკი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის, მთელი შეგნებული ცხოვრება და ამ შეგნებულ ცხოვრებას მას შემდეგ იწყებს, რაც სრულწლოვანი ხდება, სახლიდან მიდის და

 

რა მოხდებოდა, მარკესს «მარტოობის ას წელიწადში» აურელიანოს ნაცვლად საქართველო რომ ეგულისხმა?! ჩვენც ხომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავიწყეთ შეგნებული ცხოვრება და იმ ოქროს თევზების ძიება, პოლკოვნიკი აურელიანო თვითონ რომ აკეთებდა და ვიღაცებს ჩუქნიდა. ახლა არ მითხრათ, ჩვენ ოქროს თევზი არ გვქონია და არც არავისთვის გვიჩუქებიაო, მაგრამ, ვისაც აფხაზეთი და .. სამხრეთ ოსეთი ოქროს თევზზე ნაკლები ჰგონია, ფამუქის «ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები» წაიკითხოს.

რაღაც ეს ფამუქი ცუდად ამეკვიატა, თურქეთის იმპერიასავით არ მაცდის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის წერას…

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი სისულელე ჩავიდინეთ. სიმართლე გითხრათ, მოყოლა 1921 წლიდან მინდა, მაგრამ ამ ფამუქს ვერ ვიშორებ (რა ჯიუტი ყოფილა, არადა, მარკესზე ვწერ, გაბრიელ გარსიაც ნობელიანტია) და იძულებული ვარ, ძალიან თუ არა, გვარიანად გადავწიო ისტორიის ბორბალი და ვახსენო, როგორ დადიოდა კარდაკარ სულხანსაბა ორბელიანი, როგორ სთხოვდა ევროპას, დაგვეხმარეთო, როგორ შევიდა ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან მეთხუთმეტე კაცად და როგორ დაბრუნდა სამშობლოში ხელცარიელი. მაშინ არც ნატო იყო და არც ევროკავშირი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ოქროს ხანამ გაიარა (მაგ ოქროს ხანაში ტრაბზონში ქართველები იყვნენ, ორჰან! და შენი წინაპარი ქართველი იმპერატორის, ალექსი კომნენის თუქსუსი თუ ტუტუცი იყო, ნობელიანტი ტუტუცი, ორჰან!), ევროპა ზემოდან გვიყურებდა და მხცოვანი სულხან-საბას თეთრ წვერს პატივი არავინ სცა. მერე იყო, რუსეთის კარს რომ მივადექით და იმ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა სარწმუნოებამ ითამაშა. ურჯულოებს გეძახდით მაშინ, ფამუქ, და ამას წინათ რომ თქვი, ჩემი დიდი ბებია წარმოშობით ქართველი იყოო, ის თუ გიფიქრია, ბებიაშენს თურქეთში რა უნდოდა და საიდან მოხვდა?! ორი ვარიანტია _ ან შენმა წინაპრებმა ტყვედ გაიგდეს ბებიაშენი სხვა ქართველებთან ერთად, ან შენი წიგნის გმირივით ბოზი იყო და ფულის საშოვნელად ჩავიდა თურქეთში რუსეთმა კი კალთის ნაცვლად ჩექმა გადაგვაფარა და, რაც ხონჩით მივართვით, სრულად შეირგო.

აურელიანოსი არ იყოს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ძიებაში აჯანყებებს ვაწყობდით, პარალელურად, ოქროს თევზებს ვაკეთებდით და, როცა ლამაზი გამოდიოდა, სხვას ისე ვუძღვნიდით, არ გვენანებოდა. ერთ-ერთი მცდელობა 1918 წელს წარმატებით დასრულდა და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა საქართველოში ბრიტანეთის ჯარი ჩავაყენეთ და რუსებს ენა გამოვუყავით.

1989 წლის 9 აპრილი გახდა ჩვენი მორიგი დამოუკიდებლობის დასაწყისი, თუმცა გამოუცდელი ქვეყნისთვის უდიდეს განსაცდელად იქცა. კარგად მახსოვს, მთელი საქართველო რომ ამბობდა, მხოლოდ ბორჯომითა და ჩაით მოვახერხებთ ეკონომიკის აყვავებასო. აქეთ ევროპა გვიკიჟინებდა, გვერდით გვიგულეთო და ვაი, რომ მაშინ სულხანსაბა არავის გაახსენდა («სიბრძნე-სიცრუისა» თუ წაგიკითხავს, ორჰან?! საბას ნობელის პრემია არ მიუღია, თუმცა იმხანად ნობელი არ იყო). საერთაშორისო ომებში არავინ მიგვიწვია და ამიტომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ ომი შეგვიძლია და ერთმანეთს დავერიეთ _ თუ რამ დასანგრევი იყო, დავანგრიეთ, თუ რამ გასაძარცვი იყო, გავძარცვეთ და ქვეყნიდან გავიტანეთ (ძირითადად, თურქეთში, ორჰან, და ახლა რომ ფოტოგრაფობ, რუსული «ზენიტი» მასობრივად სწორედ ქართველებმა განახეთ თურქებს), ერთი სიტყვით, ისე მოვიქეცით თითქოს დამოუკიდებლობა კი არ მოვიპოვეთ, არამედ დამამშვიდებელი პერანგი გავიხადეთ და შლეგობას მივყავით ხელი.

ჩაისა და ბორჯომის მეშვეობით ეკონომიკის აყვავება არ გამოვიდა, ამიტომ  ახალი, უფრო გრანდიოზული ტყუილი იყო საჭირო მშიერი ხალხის კუჭის ამოსავსებად დაგამოჩნდა აბრეშუმის გზა. ამ გზაზე ძაფის გაბმას წლების განმავლობაში ვცდილობდით, მორიგი დევიზი იყო ეს ჩვენთვის, აურელიანოს ოქროს თევზი, მაგრამ აბრეშუმის ჭია ვერ გამოვზარდეთ და, შესაბამისად, ეს გზაც ისე დაიშალა, როგორც მანამდე კომუნისტების მიერ გაკეთებული გზები და საქართველო ხან ევროპას მიშტერებული, ხან ამერიკის დაპირებებით გაბრუებული, ისე ჩაება რუსეთთან მორიგ ომში, თვალი არ დაუხამხამებია. როცა დაახამხამა და  ისევ გაახილა, აქეთ აფხაზეთი იყო დაკარგული, იქეთ _ «სამხრეთ ოსეთი» და თურქეთი აჭარაზე იწევდა (შენი თურქეთი, ორჰან, შენი დიდი ბებიის სამშობლოზე იწევდა და… ისე, მაინც საიდან მოხვდა ბებიაშენი თურქეთში, იფიქრე რა?!).

წაგებული, დამარცხებული და თავლაფდასხმული საქართველო ამერიკას შეეაჯა, _ ნატოში მიმიღე, რუსებს რომ მოვერიოო. დაპირება ისე გაიცა, როგორც ჩვენ გვპირდებოდნენ დამოუკიდებლობის მოპოვების წინ დიად მომავალს, მაგრამ ნატოს კარამდე სავალ გზაზე კუჭი იყო ამოსავსები და ამიტომ, რაც კი გვებადა, ზოგი საზღვარგარეთ გავიტანეთ, ზოგი _ მშრალ ხიდზე და ეს ადგილი მართლა პატარა საქართველოს დაემსგავსა. ქართულ დოვლათს კაპიკებში იტაცებდნენ უცხოელები და სუვენირებად გაჰქონდათ.

«იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული»…

ნიკო ლორთქიფანიძის მიერ წლების წინ დაწერილი ცხადად ხდებოდა მშრალ ხიდზე (არც ლორთქიფანიძე წაგიკითხავს, ორჰან, მაგრამ არა უშავს, შენი ქვეყანა არ ყიდულობდა, შენი ქვეყანა იპყრობდა და თარეშობდა, ამიტომ არ ინერვიულო).

აბრეშუმის გზის პერსპექტიულობაში ქართველებმა ეჭვი შეიტანეს და, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარ მიზნად ნატო და ევროკავშირი დაისახეს. მხოლოდ ეს ორი ორგანიზაცია საქმეს ვერ შველოდა და პერიოდულად ისეთ საინტერესო პროექტებში ვეძებდით შველას, როგორიც არის ფოთის ჭაობების ბაყაყების იმპორტი და მოცვის პლანტაციების გაშენებანატოს ალიანსმა კი ერთგულების დამტკიცება საქმით მოგვთხოვა და ჩვენი ბიჭები ავღანეთში გავუშვით საბრძოლველად, ახლა კი ცენტრალური აფრიკისთვის ვამზადებთ. აფრიკის კონტინენტზე ბრძოლას მაინც მიჩვეული ხართ ქართველები, მამლუქთა ნახევარი ხომ სწორედ ქართველი იყოო და ის კი აღარავის ახსოვს, მამლუქი ქართულად თეთრ მონას რომ ნიშნავს. ამასობაში კი რუსეთი (ერთმორწმუნე რუსეთი) კიდევ გავაბრაზეთ და, რაც შერჩენილი გვქონდა, ისე გადავულოცეთ ორ ღამეში, თითქოს არც გვქონია. ჩვენი მხარდამჭერი ამერიკა აღშფოთდა, ევროპა შეშფოთდა და ისევ ისე დავრჩით გაღიმებული, როგორც დახვრეტის წინ კედელთან მდგარი აურელიანო იღიმოდა უეჭველი სიკვდილის მოლოდინში და მაინც იმედით იმისა, რომ ვიღაც თუ რაღაც არ გაწირავდა.

«გაივლის წლები და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგარი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს»… გასახსენებელი ჩვენც ბევრი გვაქვს, ბევრი კი არადა, გასახსენებელიღა დაგვრჩა: ალაგ-ალაგ საამაყო წარსული, თორემ აწმყოთი ვერ ვიტრაბახებთ; რაც შეეხება დროს, ჩვენ ის აურელიანოზე ნაკლები გვაქვს, ძალიან ცოტა და, თუ გონს არ მოვეგებით, ვერაგი გეოპოლიტიკა თვალისდახამხამებაში დაგვაყენებს დასახვრეტ კედელთან…

წრეზე სიარულს ისევ განვაგრძობთ და ეგებ იმის დრო მოვიდა, გავჩერდეთ, ამოვისუნთქოთ და კარგად დავფიქრდეთ _ რა გვინდა. ნატოში ჩვენი გაწევრება ამერიკას სასაცილოდ რომ არ ჰყოფნის, კი დაადასტურა ობამამ, ევროკავშირში ჩვენნაირ დამშეულ ქვეყანას რომ არავინ მიიღებს, ცნობილია და იქნებ შევეშვათ ოქროს თევზის კეთებას და იდეაფიქსებს!

 იქნებ ის გზა ავირჩიოთ, დღეს და ახლა რომ წაადგება ქვეყანას, თორემ აურელიანო ბუენდიასი არ იყოს, შარდვის დროს პაპაჩვენის დარგულ კაკალთან აღმოგვხდება სული და დამტირებელიც არავინ იქნება.

თითქოს ისევ იმ გასაყარზე ვდგავართ, თავის დროზე ერეკლე მეფე რომ იდგა…

ერეკლე მეფე, იცი, ვინ არის, ორჰან?!

ბებიაშენს ჰკითხე!

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here