Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ დაუკვეთა სატელეფონო მოსმენები და აქვს თუ არა ყოველივე ამასთან ...

ვინ დაუკვეთა სატელეფონო მოსმენები და აქვს თუ არა ყოველივე ამასთან კავშირი გიგა ბოკერიას?

644

კოჟორიძეგიგაურისა და სხვა არასამთავრობოების აქტიურობა სატელეფონო მიყურადების კამპანიის თემაზე «ეს შენ გეხება» უცნაურად დაემთხვა გიგი უგულავას მიერ შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის აფრიალებას. «ნაცმოძრაობის» თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავკაცი უგულავა ხელისუფლებას სატელეფონო მოსმენებში ადანაშაულებს. ამის პარალელურად კი «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» თავმჯდომარის მისამართით მედიაში უკვე გაჩნდა შეკითხვა: «კოჟორიძე, ანოსი ხარ თუ ვანოსი?».

 

არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოუვა ის აზრი, რომ იქ, სადაც ოპერატიული სამსახურებია, სატელეფონო მოსმენები საერთოდ არ ხდება. ბუნებრივია, ჩვენც მათ შორის, მაგრამ უცნაურია, რომ ქალაქის ყოფილი მერისა და «ნაცების» ერთ-ერთი ლიდერის ბრიფინგს წინ უძღოდა კოჟორიძე-გიგაური-ტუღუშის გააქტიურება ამ თემის ირგვლივ. ეს ყველაფერი კი ნებით თუ უნებლიეთ ისეთ ასოციაციას ტოვებდა, რომ არასამთავრობოების ნაწილმა «ნაციონალებს» ხელისუფლებისა და მოქმედი ძალოვანების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, უბრალოდ, «გაუპრავა». იქნებ ეს მხოლოდ ასოციაციაა, თუმცა ფაქტები სხვას მიუთითებს. უგულავასა და არასამთავრობოებს შორის ლოგიკურ კავშირს თავად «ნაციონალებიც» არ მალავენ.

დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ «მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გიგი უგულავასა და მისი ქალიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის თაობაზე, დაწყებულია არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია. პროექტის განხილვა პარლამენტმა დროულად უნდა დაიწყოს», თუმცა კამპანიის «ეს შენ გეხება» წევრებმა ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ აღნიშნული კამპანია «არ მოქმედებს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების მხარდასაჭერად. რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ამ პროცესის ამგვარად წარმოჩენა პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება და ჩვენთვის კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ მიმდინარე კამპანიის საკუთარი ინტერესებისთვის მორგების მცდელობა», თუმცა კამპანიის ნაწილის შესახებ მაინც ჩნდება ეჭვები.

ყოფილი პრემიერმინისტრის მოსაზრების არ იყოს, გასარკვევია, საიდან იღებენ დაფინანსებას არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, რომელთაც ავტომატურად მათ დაკრულზე ცეკვა უწევთ, ვინც ამ ფულით მუსიკას უკვეთავს. ბუნებრივია, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ და არც იმას, რომ არასამთავრობოების ნაწილი უგულავა-ბოკერიას ყულაბიდან ფინანსდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალგაზრდა გოგობიჭები 2013 წლამდე ასე ომახიანად არ გაჰყვიროდნენ მერაბიშვილის დანერგილ სატელეფონო მოსმენებზე და ახლა, როცა სიტუაცია ამ მიმართულებით გაცილებით გამოსწორებულია, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და სატელეფონო ჩანაწერების განადგურებას თავადვე ესწრებოდნენ და როცა მათი ტონი «ნაციონალების» ბრალდების ადექვატურია, რა გასაკვირია, რომ მათი ამჟამინდელი გააქტიურების თაობაზე ჩნდება ეჭვები.

 რა ხელი უნდა ჰქონდეს ამასთან კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასა და მისი დაჯგუფების წევრად ცნობილ ნიკა ვაჩეიშვილს, რომელიც ლაშა ტუღუშის ცოლის ძმაა, დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ვაჩეიშვილი ბოკერიას ფანკლუბის წევრიცაა. ჩვენ არ გვითქვამს და ყოფილი ოპოზიცია აცხადებდა, რომ «თავისუფლების ინსტიტუტის» «დაბროს» გარეშე ლარიანი გრანტიც კი ვერ შემოფრინდებოდა საქართველოში და, რეკომენდაციას ამ პერსონებს გრანტების მისაღებად «თავისუფლების ინსტიტუტის» «გურუ» ლევან რამიშვილი უწევდა თუ თავად უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ბოკერია, ეს ტუღუშმა იცის ყველაზე უკეთ; ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს» აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა იცის ყველაზე უკეთ, თუ რა როლი აქვს მის კარიერულ აღზევებაში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილ შეფსა და ნინო ბურჯანაძის ქმარს _ ბადრი ბიწაძეს. გიგაური, სხვათა შორის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში ბიწაძის მოადგილედ «ვარდების რევოლუციის» შემდგომ მოვიდა და ბიწაძეს ყველა ვიზიტის დროს თან ახლდა. ეტყობა, ამის გამოძახილი იყო, რომ მათი განსაკუთრებული მეგობრობისა და ლობისტობის შესახებ აქტიურად საუბრობდნენ «ნაციონალები» და ეს ინფორმაცია «ნაციონალების» ბოსების კართოტეკაში დღემდე ინახება.

მეტიც, გიგაურის სააკაშვილისა და «ნაციონალებისადმი» დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაცია «ვიკილიქსის» მასალებშიც მოხვდა.

მოკლედ, კოჟორიძე-გიგაურის ტანდემი ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლება თითქმის იმავე აქტივობით გვისმენს, როგორც მიშა-ვანოს დროს. თუმცა სხვა სურათს იძლევა ოფიციალური სტატისტიკა და რეალური სურათი: სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წელს პროკურატურიდან მიიღო 5951 შუამდგომლობა ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე და მათგან 5939 დაკმაყოფილდა. 2012 წელს სასამართლომ 7195 შუამდგომლობიდან 7187 დააკმაყოფილა. «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ კი 2013 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურიდან 1195 შუამდგომლობა მიიღო ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე და აქედან 1064 დაკმაყოფილდა.

როგორც ციფრებიდან დასტურდება, ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობა 7000-დან 1000-მდე შემცირდა, სხვაობა თვალშისაცემია, თუმცა რატომღაც არა არასამთავრობოების იმ ნაწილისადმი, რომელიც სულ სხვა კამპანიას აწარმოებს. ამას გარდა, პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელზეც ევროსაბჭოს ექსპერტების დახმარებით მალე დასკვნა დაიდება და სატელეფონო მიყურადების დღემდე არსებულ ხარვეზებსაც აღმოფხვრის.

 კოჟორიძისა და ძმათა მისთა კამპანიას კი ამჯერად სულ სხვა გეგმები აქვთ.  ისინი გეგმავენ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში «მოსმენების» დასაგმობად. კერძოდ, 19 მარტს იგეგმება მშვიდობიანი აქცია შესაბამისი ტრანსპარანტებით, მაისურებით, შეგროვდება ხელმოწერები და ისე წარმოჩინდება, რომ ვანო უფრთო ანგელოზად მოგეჩვენება და ბოკერია კი _ «ფრთიან» ხელისუფლად. თუმცა ეს არასამთავრობოების ნაწილის ტენდენციურობისადმი გამოთქმული არც ერთადერთი აზრია და არც უკანასკნელი. «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» ორმაგი სტანდარტებისადმი  მიდრეკილებაში მიუთითებს  ზუგდიდში სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში ნაპოვნი მოსასმენი აპარატურის ფაქტიც. მაშინ ამის თაობაზე ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ კვარაცხელიამ «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებიდან საჯაროდ განაცხადა, თუმცა კოჟორიძესა და ამ კამპანიის სხვა მონაწილეებს ხმაც არ ამოუღიათ. არადა, «საია» ყველა თემაზე კომენტარს აკეთებს. თუმცა კოჟორიძეს ბოლო ხანს რატომღაც მერაბიშვილის «გამპრავებელი» განაცხადები უფრო დაუგროვდა. ეს განცხადებები «რეპორტიორშიც» გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ: «წარმოგიდგენთ: «საია»: გავრცელებულ კადრებში ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება. «საია» მერაბიშვილის განცხადებაზე საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს», «საია» საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს», «საია» მიიჩნევს, რომ «ნაცმოძრაობის» წევრების დაკავება კითხვის ნიშნებს ბადებს» და . .

ვის წისქვილზე ასხამს კოჟორიძის შპს-დ ქცეული «საია» აჟიოტაჟითა და აქტიურობით წყალს და რატომ დუმს ახლა?! პასუხი მარტივია: ან გულის სიღრმეში კმაყოფილნი არიან ამ განაჩენით, ან სამართლებრივად მიაჩნიათ მოსამართლის გადაწყვეტილება. არადა, მე და თქვენ ხომ ვიცით, რომ ამათგან არც ერთი არ ასახავს ობიექტურობასა და რეალობას». მოკლედ, «ნაცებისა» და არასამთავრობოების ნაწილის აქტივობა ერთი ერთზე ჰგავს და საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

 არადა, ელისო კილაძის უგულავასადმი მიწერილი სოციალური სტატუსის არ იყოს, «ტელეფონების საუბრის ჩანაწერი გაგიკვირდა, შე კაცო?! საძინებლებში უვარდებოდით საკუთარ თანამებრძოლებს, სასტუმროს ნომრებში დასდევდით. შენც გივარდებოდნენ, ცოლთან სექსს გიღებდნენ და მერე პრეზიდენტთან მიარბენინებდნენ. არ იცი, ჰო??? რა გიკვირს, შე კაცო, რაააააა…».

ჭიქაში ქარიშხლის ატეხვასა თუ უგულავა-»ნაციონალებისა» და დამოუკიდებლად ცნობილი არასამთავრობოების ნაწილის შეხმატკბილებული კამპანიის უკან, შესაძლოა, საეჭვო ქვედა დინებები და ქვენა მოტივებიც კი იკვეთებოდეს. უგულავა-ბოკერიას თამაშის წესებსა და მათი ინტერესების გამხმოვანებელ დინებებს «საიას» განცხადებების მიხედვითაც შევამჩნევთ, დემოკრატიის სახელით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას რომ აკრიტიკებენ. კი, ბატონო, კრიტიკაც აუცილებელია და დემოკრატიაც, მაგრამ არასამთავრობოების დიდი ნაწილიც «გასამარგლი» ყოფილა. თუ «საიასთვის» 26 მაისი ადამიანის უფლებათა დარღვევის მხრივ გამორჩეული თარიღი იყო, მისი დამრღვევი მერაბიშვილისთვის შეფარდებული სულ რაღაც 5 წელი კოჟორიძეს არც კი გაუპროტესტებია.

«საქართველო და მსოფლიო» კომენტარისთვის სამივე მათგანს დაუკავშირდა.

ჩვენთან საუბრისას ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ «არ სცალია და კომენტარისთვის პრესსამსახურს უნდა დავუკავშირდეთ». ჩვენს თხოვნაზე, რომ პირადად მისგან გვსურს კომენტარი საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისი მუშაობის დროინდელ პერიოდზე, გიგაურმა უარი გვითხრა.

«რეზონანსის» რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა კი ჯერ რაგბის მატჩზე, შემდეგ კი მანქანის საჭესთან ყოფნა მოიმიზეზა, მოგვიანებით კი ჩვენს ზარებს საერთოდ აღარ უპასუხა.

«საიას» ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კი ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

«უგულავას ამბის შესახებ, პროკურატურის მიერ მის შვილთან სატელეფონო  ჩანაწერი რომ გამოაქვეყნა, საერთოდ არც ვიცოდით. ჩვენი კამპანია იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე უგულავას შვილთან საუბრის ჩანაწერის ამბავი გახმოვანდებოდა. უგულავასა და «ნაციონალების» ფაქტებთან ჩვენი დაკავშირება  ცალსახად არასწორია. ჩვენ პარლამენტში 2013 წლის აპრილში შევიტანეთ კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ არსებული ხარვეზების თაობაზე, რათა დაწყებულიყო ამ პროექტის განხილვა. ხელისუფლების მხრიდან რომ დაგვენახა მზაობა საამისოდ, ახლა არც დავიწყებდით ამ კამპანიას.

_ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ევროექსპერტებს უკვე გადაეცათ აღნიშნული პროექტი და მალე დაიწყება მისი განხილვა.

_ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ავტეხეთ ხმაური. ევროექსპერტებს, ალბათ, თავად კანონპროექტის ავტორებმა გადასცეს, პარლამენტს ამის თაობაზე განხილვა არ დაუწყია. ერთადერთი, რაც პარლამენტმა გააკეთა, ისაა, რომ ეს პროექტი აქცია საპარლამენტო ინიციატივად და ამით გაჩერდა ამ პროექტის  განხილვა.

_ როცა ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ ამ ხელისუფლების მოსვლის შემდგომ საგრძნობლად შემცირდა სატელეფონო მიყურადების ფაქტები, ამის ფონზე 2013 წელს «საიას» მხრიდან ასეთი გააქტიურება სხვა ეჭვებს აჩენს. რატომ ატეხეთ ასეთი აჟიოტაჟი მხოლოდ ახლა? სააკაშვილის ხელისუფლების დროს მერაბიშვილის შსს ლამის საძინებლებში რომ გვისმენდა, მაშინ რატომ არ ატეხეთ ასეთი მძაფრი ხმაური და მაშინ რატომ არ შეგქონდათ პარლამენტში კანონპროექტები?

_ მინდა შეგახსენოთ, როდის გაიგო საზოგადოებამ, რომ ასე მასობრივად ახდენდნენ უკანონო სატელეფონო მიყურადებას. ეს მოხდა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ.

_ ვერ დაგეთანხმებით, მედია აქტიურად წერდა ამის თაობაზე და თქვენი განცხადებები მაშინ არ გამიგონია. ახლა რატომ არ ითხოვთ მერაბიშვილის დასჯას ამის გამო? ამიტომაც გაჩნდა მედიაში შეკითხვა: «კოჟორიძე, ანოსი ხარ თუ ვანოსი

_ თუ მოსმენები ასეთი მასშტაბური იყო, დადასტურებული არ არის. თქვენ თუ გაეცნობით ჩვენს განცხადებას, გარდა არსებული  საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისა, ჩვენ ვითხოვთ იმ თანამდებობის პირების დასჯასაც, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ამის ინიციატორი იყო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც  დადგება. თუ გავიხსნებთ, იმავე 26 მაისის დარბევის ფაქტებზე სასამართლოში «საიას» წარმომადგენლები იყვნენ ბრალდების მოწმეებად. ბევრი ამბობს, რომ მაშინ, 26 მაისს «საია» არ იყო სათანადოდ კრიტიკული. ვინც ჩვენ ამ მიმართულებით ბრალს გვდებს, თუნდაც მედიის წარმომადგენლები, გვაჩვენონ,   თვითონ რას აკეთებდნენ ფარული მოსმენების საწინააღმდეგოდ. ვეთანხმები თქვენს  პათოსს, რომ უკეთესი იქნებოდა, წინა ხელისუფლების დროს დაწყებულიყო არასამთავრობოების ასეთი აქტიურობა, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ «საია» ამ მიმართულებით მაშინ არაფერს აკეთებდა.

ესაუბრა

ელენე ჩეჩელაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here