Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ ჭიპაშვილი: სააკაშვილს არც დაკითხავენ, არც დაიჭერენ

ჰამლეტ ჭიპაშვილი: სააკაშვილს არც დაკითხავენ, არც დაიჭერენ

589

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლახან საჯაროდ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მას იმედები გაუცრუა. მოსაზრება, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ქვეყანა სრულიად უფუნქციო პრეზიდენტს მიიღებდა, «საქართველო და მსოფლიოში» უკვე არაერთხელ დაიბეჭდა. რა გავლენას მოახდენს ბიძინა ივანიშვილის განცხადება ხელისუფლების შემდგომ მუშაობაზე, მიმდინარე მოვლენების შეფასება პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ვთხოვეთ.

 

_ ივანიშვილისა და მარგველაშვილის ამ ე. წ. არაპირისპირ შემდგარი დიალოგიდან გამომდინარე, ჩემზე პრეზიდენტმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ყოფილმა პრემიერმა.

ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორში წავიდა, ასეთი განცხადებებით გამოსვლის უფლებას თავს აღარ უნდა აძლევდეს. ის უკვე კერძო პირია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს ამდენი უფლებები, პრემიერის ან პრეზიდენტის მუშაობას ასე დაბეჯითებით აფასებდეს.

_ თუმცა სამოქალაქო სექტორში გადასულ ბიძინა ივანიშვილსაც ხომ აქვს პრეზიდენტის კრიტიკის უფლება?

_ რა თქმა უნდა, კრიტიკის უფლება აქვს, მაგრამ ეს არ ჰგავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის კრიტიკას. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ის, ფაქტობრივად, «ქურდად ზის» და ხელისუფლებას მართავს.

მარგველაშვილმა არ დაიცვა ივანიშვილის, მე ვიტყოდი, უაღრესად მცდარი დამოკიდებულება პრეზიდენტის სასახლეში გადასვლასთან დაკავშირებით, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია. მართალია, მიხეილ სააკაშვილმა ააშენა ეს რეზიდენცია, მაგრამ ეს სასახლე არ ეკუთვნის სააკაშვილს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია და ის ყველა მომდევნო პრეზიდენტს ეკუთვნის.

_ გაზეთი «საქართველო და მსოფლიოში» პრეზიდენტის ინსტიტუტისა და ფუნქციების შესახებ არაერთი წერილი და ინტერვიუ დაიბეჭდა. ცოტა ხნის წინათ ჩვენ ვწერდით: «ნათელი იყო, რომ პრეზიდენტის სახით ჩვენ მივიღებდით არაფრისმთქმელ და, რაც მთავარია, არაფრისმაქნის უმაღლესი თანამდებობის პირს» და, ვინაიდან საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის პირების შენახვის ფუფუნება, «პრეზიდენტის ფუნქციები ქვეყნის სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არისმიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან, ურთიერთობა» (ალექსანდრე ჭაჭია). რატომ არ იყენებს ხელისუფლება ამ ბერკეტებს?

_ ფაქტობრივად, დღევანდელი პრეზიდენტი არავითარი ფუნქციით არ არის აღჭურვილი და იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ შევიდეს იმ შენობაში, რომელსაც პრეზიდენტის სასახლე ჰქვია. პრეზიდენტისთვის უფრო დამამცირებელი რა უნდა იყოს! ვინ არის ყოფილი პრემიერი და რატომ უნდა განსაზღვროს, სად შევა პრეზიდენტი?! ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

დღეს პრეზიდენტს არავითარი უფლებები არ აქვს და ვერც საგარეო ურთიერთობების დარეგულირების კუთხით სერიოზულად ვერ იმუშავებს. ძალიან რთულია პრეზიდენტისთვის ასეთ პირობებში მუშაობა და რაიმე ინიციატივის გამოვლენა. მით უფრო, როცა ყოფილი პრემიერიც გამადიდებელი შუშით ათვალიერებს. ეს პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელია.

დააკვირდით, ივანიშვილის ყველა გამოსვლა, ყველა განცხადება სკანდალურია. ამ განცხადების მერე «ნაციონალებმა» მარგველაშვილს დაუჭირეს მხარი და ჩათვალეს, რომ უკვე მათი კაცია, თუმცა პრეზიდენტის ტაქტიანმა პასუხმა, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი, მისი უსუსურობის გამო, დიდად არ მომწონს, ჩემი სიმპათია დაიმსახურა.

_ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. აღშფოთებულმა «ნაციონალებმა» ეს ფაქტი დიდი სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების საფრთხედ მონათლეს. ამას გარდა, მათი პროგნოზით, ამ ყველაფერს დასავლეთისა და ევროკავშირის უარყოფითი რეაქცია მოჰყვება და ქვეყანა ბევრს წააგებს.

_ მე ამ ხელისუფლების არ მჯერა. პროკურატურამ გიგი უგულავაც დაიბარა პროკურატურაში დაკითხვაზე და კახა ბენდუქიძეც, მაგრამ დაკითხეს და გამოუშვეს. სხვა «ნაციონალების» შემთხვევაშიც, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, ციხეში უნდა ისხდნენ, ასე მოხდა. მგონია, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება სპეციალურად ხდება, რათა ხალხის მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილონ და თვალში ნაცარი შეაყარონ _ თითქოს საქმეს იძიებენ.

საერთაშორისო საზოგადოების არავითარი რეაქცია ამ ფაქტს არ მოჰყვება, ვინაიდან სააკაშვილს არავინ დაიჭერს. კი, ბატონო, სააკაშვილის დაჭერა შეიძლება ვიღაცას ეწყინოს ამერიკაში, განსაკუთრებით იმ რეაქციულ წრეებს, რომლებმაც ის გაზარდეს და აქ გამოგვიგზავნეს, მაგრამ არც ევროპა და არც ამერიკა ამის გამო არ გადაირევა. საქმე ისაა, რომ სააკაშვილს არც დაკითხავენ, არც დაიჭერენ. ეს ყველაფერი ხალხისთვის დადგმული სპექტაკლია.

_ თუ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში არ მივა, ხელისუფლების განცხადებით, მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება

_ არაფერიც არ მოხდება. სააკაშვილი ისევ ძველებურად ირბენს მთელ მსოფლიოში. ჯერ ერთი, ამათ შედგენილ დოკუმენტაციას ინტერპოლი არ მიიღებს, უკან დააბრუნებს და იტყვის, რომ დამაჯერებელი არ არისო, როგორც ეს დავით კეზერაშვილის შემთხვევაში მოხდა. განსაკუთრებით სასაცილოა, როცა «ნაციონალები» აცხადებენ, რომ სააკაშვილის დაჭერა თურმე პუტინის გეგმა ყოფილა. რა არის პუტინის გეგმა? ის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს? ეს უკვე იმდენად ზღვარგადასულია, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება, მაგრამ ერთს ვიტყვი: შევეშვათ ამ რუსეთს.

_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ ორი თვით გადმოიწია. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ განსაზღვრული აქვს ის საფრთხები, რომლებიც შეიძლება ასოცირების ხელმოწერას უკავშირდებოდეს. განსაკუთრებით, უკრაინის მოვლენების შემდეგ, რამდენად მზად არის ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხებისთვის?

_ აქამდე მეგონა, რომ ჩვენისთანა უჭკუო ხელისუფლება და ხალხი არავის ჰყავდა, მაგრამ უკრაინის მოვლენებმა საპირისპიროში დამარწმუნა.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველომ უკვე მოახდინა აღნიშნული დოკუმენტის პარაფირება და არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, ახლაც არაფერი მოხდება. როდესაც ეს ხელისუფლება რაღაც საფრთხეებზე საუბრობს, ცდილობს დასავლეთის თვალში თავისი პოზიციები გაზარდოს.

_ ფიქრობთ, რომ რუსეთს რეაქცია არ ექნება?

_ არაფერი მოხდება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს თუ არა საქართველო, ეს ფაქტი რუსეთისთვის ცუდის მომასწავებელი არ არის, მაგრამ, თუ საქართველო ნაბიჯს გადადგამს ნატოსკენ, მაშინ კი უნდა ველოდოთ რუსეთის რეაქციას.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here