Home რუბრიკები საზოგადოება ადრე სოციალიზმს გიშენებდით, ახლა გიმღერებთ!

ადრე სოციალიზმს გიშენებდით, ახლა გიმღერებთ!

667

რჩეულიშვილებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ზედაპირზე ამოსვლა და, რადგანაც «ნაციონალური მოძრაობა» და მისი ერთერთი სახე, რუსუდან კერვალიშვილიც, წარსულს ჩაბარდა, მესამე წრეზე წავიდნენ და ისევ ტუი წამოწიეს.

 

ჩემს ბავშვობაში ანეკდოტი იყო ასეთი: ბავშვი შინ ბრუნდება და სიმღერის გარდა ყველა საგანში ორიანი ჰყავს. მამა ეკითხება, ყველამ თუ ორიანი დაგიწერა, რა გემღერებოდა, შენი დედაცო

ეს ანეკდოტი კი მაშინ გამახსენდა, როცა ამღერებული ტუი დავინახე. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ტუი ვახტანგ რჩეულიშვილია და ბავშვობაში შერქმეული მეტსახელი დიდობაშიც შერჩა. სხვათა შორის, ერთხელ ჯაბას ჰკითხეს, იოსელიანს, ახალგაზრდობაში ტუის თუ იცნობდი, როგორი ბიჭი იყოო და ჯაბამაც ჩვეული პირდაპირობით უპასუხა, _ ტუი და ხ..ი არ ვიცი მეო.

ახლა საინტერესო ის არის, რა ემღერება რჩეულიშვილს მაშინ, როცა ნახევარი საქართველო თაღლითობაში ადანაშაულებს, მეორე ნახევარი _ ბინების წართმევაში (ასეთებიც არიან რჩეულიშვითაგან დაზარალებულთა სიაში და ისეთებიც, რომელთაც რჩეულიშვილებმა  ბინა, რომელიც დღემდე არ აქვთ, ორჯერ აყიდინეს).

არადა, იყო დრო, რჩეულიშვილი პოლიტიკოსობდა, პარლამენტის ვიცესპიკერიც იყო და სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეობით სოციალიზმს აშენებდა. ეს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო და ბაბუც მშვიდად უყურებდა ტუის შემოქმედებას, იმასაც, როგორ ასხამდა რჩეულიშვილი ბორჯომს ნოდარ ნათაძეს და პრინციპით _ გიჟი მიუშვი ნებასა, მოვლენების განვითარებას ელოდა. რჩეულიშვილის ხელში სოციალიზმი ვერ აყვავდა და მართალია, «ვარდების რევოლუციის» დროს თავი გაუტეხეს, მაინც მოახერხა და ახალ ხელისუფლებასაც შეუძვრა. მერე რა, რომ ამისთვის ხან თავი გაუტეხეს, ხან ცარიელ აუზში ახტუნავეს და კისერშეხვეული ატარეს; მთავარი მიზანი, რომელიც ხალხის მოტყუების ხარჯზე ბიზნესის აყვავებასა და სოციალიზმის მშენებლობას გულისხმობდა, უკვდავი იყო.

ვახოს ცემით რომ დაიღალა ყოფილი ხელისუფლება, რჩეულიშვილმა ჭკუა იხმარა და მათთან ცოლისდა შეაგზავნა. «ბარბი» კერვალიშვილი თვალების ფახულით ცდილობდა მოტყუებული ხალხის შეკავებასა თუ «დაბოლებას», მაგრამ ბოლოს მასაც აღარ მოუთმინეს და მერე იყო, სადაც კერვალიშვილი გამოჩნდებოდა, უბინაოდ დარჩენილი ხალხი მაშინვე იქ მიდიოდა და ისეთ რაღაცებს ეძახდა, არც ერთ ყურში რომ არ შეიშვება.

ამის მიუხედავად, რჩეულიშვილებმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს ზედაპირზე ამოსვლა და, რადგანაც «ნაციონალური მოძრაობა» და მისი ერთერთი სახე რუსუდან კერვალიშვილიც წარსულს ჩაბარდა, მესამე წრეზე წავიდნენ და ისევ ტუი წამოწიეს.

ახალი პროექტი «ორი ვარსკვლავი» როცა დაანონსდა და გაირკვა, რომ მასში მონაწილეობას ვახტანგ რჩეულიშვილიც მიიღებდა, მეგონა, დუეტში მეუღლესთან ერთად იმღერებდა. ჯერ ერთი, შეხმატკბილებულად ატყუებენ, ამდენი წელია, ხალხს და ხმის შეწყობა არ გაუჭირდებოდათ და ვახტანგ და მაია რჩეულიშვილებზე მეტი ვარსკვლავები რა გინდათ! არ გამართლდა ჩემი ვარაუდი, ვახო ნინა წკრიალაშვილთან ერთად მღერის და რა ქნას, თუ ემღერება!

ტუის ემღერება იმიტომ, რომ, რაც შევარდნაძის დროს ჭამა, შერჩა; იმიტომ, რომ, რაც სააკაშვილის დროს ჭამა, ისიც შერჩა და ისიც, ახლა რომ ჭამს (თან დიდი კოვზით), ესეც შერჩება. სხვაგვარად რომ იყოს საქმე, არ იქნებოდა რჩეულიშვილი სიმღერის განწყობაზე და თავის ფიზიონომიას არ აუფრიალებდა გამწარებულ ხალხს ისე, როგორც ესპანეთში ხარებს უფრიალებენ წითელ ნაჭერს. თუმცა, სოციალიზმის მშენებელი ვახოსთვის წითელი ნაჭრის ფრიალი უცხო არ არის, დაუსჯელობის სინდრომი კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ყოფილ ხელისუფლებას კი არა, მასაც შეჰყრია და ამიტომაც დასცინის გამწარებულ ხალხს ტელეეკრანიდან. სწორედ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიბრუნეს რჩეულიშვილებმა სამშენებლო ბიზნესი და ისევ «საქმეში» არიან.

ისე, ამ გადაცემაში რჩეულიშვილის სიმღერას ერთი პლუსი მაინც აქვს _ გამწარებულ ხალხს მისი სახის წარმოდგენა აღარ დასჭირდება, გადართავენ კონკრეტულ დროს კონკრეტულ არხზე და კონკრეტულად აგინებენ. ვერ დაგპირდებით, რჩეულიშვილს ეს ყველაფერი შეაწუხებს-მეთქი, მაგრამ…

თუ ყველაფერში ორიანი გყავს, მართლა რა გემღერება?!

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. ვინ თქვა ყველაფერში ორიანი ჰყავს ვახტანგ რჩეულიშვილსო.ბატონო დავით თქვენ ეტყობა დაგავიწყდათ გამოთქმა :ნე პოიმან,ნე ვორ-ო.პირიქით მას უველაფერში 5 ჰყავს.მხოლოდ ჩვეულებრივ სკოლაში არ დადის ,აფერისტების სკოლაში დადის.გამწარებული ხალხი კი ყველა მთავრობებს ჰკიდიათ.ზოგს ბინა ორჯერ აყიდინაო,თქვენ ბრძანეთ.ზოგს კი არა ყველას.ხელშეკრულებაში პირველად დაგვპირდნენ გამზადებულ ბინებს ჩაგაბარებთო.მერე დექსუსსმა დაგვემუქრა და ხელი მოგვაწერინა დღგ-ს გადახდაზე.თუ არ მოვაწერდით ბინის გაყიდვით დაგვემუქრა.მერე ისევ რჩეულიშვილები დაბრუნდნენ ბიზნესში და ამბობენ დექსუსი აფერისტი,მაიმუნი და ა.შ. იყო ყველაფერში,მხოლოდ დღგ მაინც უნდა გადაიხადოთო.თანაც უკვე მარტო კარკასს ჩაგაბარებთო. ჩემი 2 ოთახიანი ბინა/თუ ააშენეს/საცხოვრებლად გამოსადექი რომ გავხადო,70000 $ მაინც დამიჯდება.თბილისში კი ამ ფასად მინიმუმ 3 ოთახიან ევრორემონტიაბ ბინას შეიძენს კაცი.ეს ორჯერ ნაყიდი არ გამოდის? ერთ წელში ყველაფერს გავაკეთებთ,ოღონდ არ დაგვიჭიროთო და თუ რამეს აკეთებენ ისევ ჩვენი ფულით.აბა თავის მილიონებს ხომ არ მოაკლებენ.აი ეს არის ჩვენი ახალი მთავრობის სამართალი.კაცი რომ ვიყო ვიტყოდი ამისთანა მთავრობის……..

    ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here