Home რუბრიკები საზოგადოება ცხოვრება გაძვირდა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 100 საწარმო კი არსად ჩანს…

ცხოვრება გაძვირდა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 100 საწარმო კი არსად ჩანს…

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ სიხარულით გვამცნო, რომ ეკონომიკაში 6%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა რეალურად ყველაფერი გაძვირდა და ცხოვრება გაჭირდა. პენსიამ არ მოიმატა, საარსებო მინიმუმი, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილისთვისაც მიუღებელი იყო და ირაკლი ღარიბაშვილმაც რამდენიმეჯერ ახსენა, რომ გადასახედია, მაინც ძველ ნიშნულზე დარჩა. უფრო მეტიც, მისი გადახედვა არც იგეგმება, რადგან, როგორც აღმოჩნდა, დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმიდან გამოთვალეს.

 

«საქართველო და მსოფლიო» რამდენიმე დღის განმავლობაში არკვევდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თუ რომელ მედიკამენტებზე და საკვებ პროდუქტებზე მოიმატა ფასმა. აღმოჩნდა, რომ გაძვირებულა ყველაზე ხშირად მოხმარებადი წნევის წამლები: «ადელფანი» 75 თეთრი ღირდა, ახლა 95 თეთრი ღირს;, «ენაპაში» 3 ლარისა და 60 თეთრის ნაცვლად ახლა 5 ლარი ღირს; ასევე  კატასტროფულად გაზრდილია ძვირადღირებული წამლების ფასიც, მაგალითად, «დიაბეტონი» 12 ლარიდან 18 ლარამდე გაძვირდა; ასთმიანებისთვის სასიცოცხლო აეროზოლი «ბეროტეკი» _ 9 ლარიდან 14 ლარამდე და . .

რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, 1 კგ კარტოფილი 80 თეთრის ნაცვლად 2 ლარი ღირს, 1 კგ ლობიო 4 ლარის ნაცვლად _ 5 ლარი, 1 კილოგრამი მწვანილის ფასი კი 9 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. 10-15%-ით მოიმატა რძის პროდუქტებისა და ბურღულეულის ფასმა.

ცხოვრება გაჭირდა, გაძვირდა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებული 100 საწარმო კი არსად ჩანს

რატომ არ გადაიხედა საარსებო მინიმუმი? რა შედის სამომხმარებლო კალათაში? რამდენია ყოველდღიური აუცილებელი კილოკალორია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრს ვეწვიეთ.

რამაზ გერლიანი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

_ 2012 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, რომ გადასახედია საარსებო მინიმუმი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. საარსებო მინიმუმი, რომლითაც დღეს ხელისუფლება ხელმძღვანელობს, აბსურდულია. 2012 წლის ბოლოდან იგი არათუ გაიზარდა, პირიქით _ 150 ლარიდან 147 ლარამდე დაიყვანეს.

ჩვენ აქამდეც ვაწარმოებდით კვლევებს ამ მიმართულებით, მაგრამ ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებას სახსრები სჭირდება, ამიტომ ჩვენი პროექტი «ჯიპაკმა» დააფინანსა.

დღეს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაც კი მიუღებელია. სამომხმარებლო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის, რომლებიც საერთო ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს. მასში არ არის შეტანილი მწვანილი და ბოსტნეულის სახეობები, რომელთაც უღარიბესი ოჯახიც კი ყოველდღიურად მოიხმარს. უკანასკნელად «გადახალისებულ» სამომხმარებლო კალათაში 70% საკვებ პროდუქტს უჭირავს, ხოლო 30% _ სხვა დანარჩენს. 30%-ში შედის მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები. აქედან ლოგიკურად ვიღებთ ასეთ სურათს: 110 ლარი ადამიანმა ყოველთვიურად უნდა იმყოფინოს საკვებზე, 40 ლარი კი _ კომუნალური გადასახადებისთვის, მგზავრობისთვის, მედიკამენტებისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო საგნების შესაძენად. საქართველოში, სადაც ყველაზე მეტად ინფლაცია პროდუქტების ფასებზე აისახება, ასეთი გათვლა არარეალურია.

 პრობლემას ქმნის სეზონური პროდუქციაც, მათი ფასი სხვადასხვა დროს ცვალებადია, რაც სამომხმარებლო კალათაში გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, სტატისტიკოსები მონაცემებს მხოლოდ 5 ქალაქში ითვლიდნენ (თუ, რა თქმა უნდა, ითვლიდნენ). წესით, ასეთი მონაცემები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში უნდა დაითვალოს. ისეთი დიდი ქალაქებში, როგორებიცაა ზუგდიდი, გორი, ზესტაფონი, ბოლნისი და ა.შ. ახლანდელი საარსებო მინიმუმი არ არის დათვლილი. აქედან გამომდინარე, არსებული კალათა რეალობასთან ახლოს ვერ იქნება. ახლა ზუსტად ასეთი გეგმა გვაქვს _ ყველა რეგიონის ცენტრალური ქალაქების მონაცემები შევკრიბოთ.

_ უკანასკნელად როდის მოხდა სამომხმარებლო კალათის გადახედვა და დღეს რა უშლის ხელს ამ პროცესს, ახალი მთავრობის პროირიტეტი არჩევნებამდე ხომ სწორედ ეს იყო?

_ საარსებო მინიმუმი 2003 წელს დადგინდა. მას მერე ამით რატომღაც არავინ  დაინტერესებულა.

ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრი შეეცადა, გადაემოწმებინა დღეს არსებული მონაცემები, რათა დაგვედგინა პროპორციები 70X30-ზე, ამისთვის შევქმენით ვირტუალური კალათა, რომელშიც შედის კომუნალური გადასახადები, მგზავრობის, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და ტანსაცმლის ხარჯები, ასევე გავაკეთეთ საკვებზეც. ბევრად განსხვავებული მაჩვენებელი მივიღეთ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ინფლაცია ძალიან საგრძნობია. საარსებო მინიმუმი ითვლება შრომისუნარიანი მამაკაცის მოთხოვნის მიხედვით. მოგახსენეთ, რომ ეს ვირტუალურად შექმნილი კალათაა, ამიტომ ციფრებს მაშინ დავდებთ, როდესაც უკვე რეალურად დავიწყებთ მუშაობას და ყველა დიდ ქალაქში ავიღებთ მონაცემებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სულ სხვა შედეგი გვექნება _ მივიღებთ ძალიან ცუდ სურათს.

აუცილებლად გვექნება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეკონომიკურ გუნდთან და, ალბათ, მათგან მოვისმენთ არგუმენტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

_ თქვენ კილოკალორიები ახსენეთ. რამდენ კალორიას უნდა იღებდეს ყოვედღიურად შრომისუნარიანი ადამიანი? როგორ არის ეს გათვალისწინებული სამომხმარებლო კალათაში?

_ კალათაში კალორიულობის აწევის მიზნით ყველაზე მეტი პურის მოხმარებაა გათვალისწინებული, სამაგიეროდ დაბალია ხორცისა  და სხვა ძვირადღირებული საკვები პროდუქტების მოხმარება. 2300 კილოკალორია, რომელიც შეიძლება ადამიანმა მხოლოდ პურის ჭამითაც მიიღოს, არაა საკმარისი იმისთვის, რომ კავკასიელი მამაკაცი შრომისუნარიანი იყოს, თუმცა ამაზეც იყო დავა; საკანონმდებლო ორგანოში ამბობდნენ, რომ 1800 კკალ საკმარისიაო.

აპრილის ბოლოს ჩვენ უკვე შევძლებთ ყველა მონაცემის დადებას, რომელთაც აუცილებლად მივაწვდით შესაბამის ორგანოებს, გავაცნობთ მედიასაშუალებებს და არასამთავრობოებს. სასურველია, რომ მანამდე შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია.

ფინანსთა სამინისტროს საარსებო მინიმუმის საკითხში თავის წვლილი ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა _ რის საფუძველზე შემოიღეს დაუბეგრავი მინიმუმი თუ მათ არ დაუთვლიათ საარსებო მინიმუმი? 1800 ლარი, რომელიც დაუბეგრავია 150 ლარის თორმეტჯერადია და ეს შემთხვევითი არ არის, რამდენადაც ვიცი, კანონში ეს თანხა იმიტომ ჩაიწერა, რომ საარსებო მინიმუმმა განაპირობა, რაც კიდევ ერთი დიდი შეცდომაა.

 კანონში ლარებზე ლაპარაკი არ შეიძლება. კანონში უნდა ჩაწერილიყო ასე _ დაუბერგარვი მინიმუმი საარსებო მინიმუმის თორმეტჯერადი იქნება, რადგან ციფრები მუდმივად იცვლება.

_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება, რადგან დაუბეგრავ მინიმუმს უკვე წერტილი დასმული აქვს.

_ შესაძლოა, არჩევნებს დაელოდებიან. ჩვენ ამ 1800 ლარით მაშინვე დავინტერესდით და ვიკითხეთ, რატომ მაინცდამაინც 1800 ლარი? პასუხი ვერ გაგვცეს.

ამირან კაპანაძე, ეკონომისტი:

_ კილოკალორიების თემას დავუბრუნდეთ. სხვა ქვეყნებში როგორ არის? რამდენია იქ დღიური ნორმა და რამდენად ჩამოვრჩებით ჩვენ?

_ სასურსათო უსაფრთხოების პროგრამებზე ხშირად მიმუშავია. 2300 კილოკალორია, რომელიც ჩვენთან დადგენილი ყოვედღიური ნორმაა, ყველაზე ქვედა ზღვარია იმისთვის, რომ ადამიანმა სიცოცხლის უნარი შეინარჩუნოს. ლაპარაკი არ არის შრომისუნარიანობაზე, სრულფასოვნებაზე. ეს არის სიღარიბის ის ზღვარი, რომლის ქვემოთ ადამიანი ვეღარ იარსებებს. 2003 წლის შემდეგ არც კალორიების დათვლა შეცვლილა.

განვითარებულ ქვეყნებში 2800 კილოკალორია პასიურად მცხოვრები ადამიანის რაციონია, ანუ იმის, ვინც არ მუშაობს, მაგრამ საღად აზროვნება სურს. ვინც კარგად ცხოვრობს, მისი ყოველდღიური კილოკალორია 3200-ს შეადგენს. ნებისმიერ განვითარებად ქვეყანაში კი 2700 კილოკალორია დადგენილი ნორმაა. კალორიებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მინერალები ადამიანისთვის. ამაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მუშაობდნენ.

იოსებ არჩვაძე, სტატისტიკოსი:

_ თქვენ წინა ხელისუფლების სტატისტიკური მონაცემებისადმი გულგრილ მიდგომაზე ხშირად საუბრობდით, როგორი ვითარებაა დღეს და არის თუ არა ახლი ხელისუფლება ამ მეტად მნიშვნელოვანი სამსახურის განვითარებით დაინტერესებული?

_ ის, რასაც წლების წინ ვამბობდი, დღესაც აქტუალურია. სტატისტიკურ მონაცემებში არაფერი შეცვლილა. სტატისტიკური სამსახური მაშინ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც მას თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა აქვს. მეოთხედი საუკუნეა, ამ სამსახურში არავინ დაწინაურებულა.

სტატისტიკის სამსახურმა დღეს ფორმალური დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ, დამოუკიდებლად მუშაობა რომ შეძლოს, ამისთვის საჭიროა სტატუსი, დაფინანსება და ხელმძღვანელის კარგი რეპუტაცია, მან უნდა შეძლოს სტატისტიკის დაცვა ზეწოლისგან.

_ ბატონო სოსო, ამბობენ, რომ ეკონომიკა 6%-ით გაიზარდაო. ეს ბევრია თუ ცოტა? არის თუ არა ეს ციფრი იმხელა, რომ თითოეული მოქალაქის ყოფას სასიკეთოდ დაეტყოს?

_ პროცენტი რაც უფრო მაღალი იქნება, უკეთესია, მაგრამ ამას იგრძნობს ის კატეგორია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ 6%-ის ფორმირებაში და იგრძნობს მაშინ, როდესაც ვნახავთ, თუ რა სახსრები წამოვა ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებზე. ბიუჯეტში ყოველი ერთი ლარიდან 25 თეთრი გათვლილია დახმარებაზე. 6%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ ბიუჯეტში მშპ-ს მატების 1,5% გვექნება. შედარებისთვის გეტყვით: ჩვენი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯებიდან, რომელშიც შედის საგადასახადო შემოსავლები, საგარეო და საშინაო ვალები, ჯამში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 1100 დოლარი მოდის. მაშინ, როცა ეს ისრაელში 13000 დოლარია, ამერიკაში _ 20000. ასე რომ, საქართველოში წარმოუდგენელია სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. საქართველოს სჭირდება ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა, სხვანაირად მოსახლეობას ეს სასიკეთოდ არ დაეტყობა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here