Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთი რევანშს არა «ქართული ოცნების», არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გეგმავს

დასავლეთი რევანშს არა «ქართული ოცნების», არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გეგმავს

651

ყველას კარგად გვახსოვს ფრაზა შესანიშნავი ფილმიდან «მოსკოვს ცრემლების არ სჯერა», რომლის ერთერთი მთავარი გმირი (რომლის როლსაც ირინა მურავიოვა ასრულებს) თავის მეგობრებს მიმართავს: Не учите меня жить! Лучше помогите материально! ვისაც არ ახსოვს ან ეს ფილმი სხვადასხვა მიზეზის გამო არ უნახავს, შევახსენებ, რომ ირინა მურავიოვას გმირი ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში. აქვს ძალიან ბუნდოვანი პერსპექტივა და იმისთვის, რომ სწრაფად გამოასწოროს თავისი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია, ცდილობს, გაიცნოს და ცოლად გაჰყვეს უზრუნველყოფილ მამაკაცს. ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო დღეს სწორედ ირინა მურავიოვას გმირის მდგომარეობაშია.

 

ჩვენც, ასე ვთქვათ, «საერთო საცხოვრებელში» ვცხოვრობთ. გვაქვს ძალიან ბუნდოვანი პერსპექტივა და არსებული მდგომარეობის სწრაფად გამოსასწორებლად ვცდილობთ, «ვიქორწინოთ წარმატებულ ევროპაზე».

ამ დროს ყველა, აბსოლუტურად ყველა, ვისაც არ ეზარება, შინაურიც და გარეულიც, ცდილობს, ცხოვრება გვასწავლოს; ცდილობს, გადაგვიყვანოს იმ რელსებზე, რომელიც, მისი აზრით, მიგვიყვანს იმ რძის მდინარესთან, რომელსაც კისელის ნაპირები აქვს.

მოდით ჭკუის გარეულ დამრიგებლებს თავი დავანებოთ და შინაურებს მივხედოთ.

თუ სწორად და ყოველგვარი ემოციების გარეშე გადავხედავთ საერთაშორისო მდგომარეობას, ყოველგვარი გამადიდებელი შუშის გარეშეც დავინახავთ, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია და ჩვენი მდგომარეობა _ არც თუ ისე სახარბიელო. სწორედ ასეთ დროს არის საჭირო მოვლენების ზუსტი შეფასება, სწორი ანალიზი და გამოსავლის პოვნა. ისეთი გამოსავლის, რომელიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენთვის _ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის.

როგორც წესი, ამ ფონზე თავს წამოყოფენ სხვადასხვა ჯურის ექსპერტები, ანალიტიკოსები, სხვადასხვა იდეისა და მსოფლმხედველობის მატარებელი პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი «ნააზრევი» თავს მოახვიონ ქვეყნის მოსახლეობას და სიმართლე გითხრათ, რაც შეიძლება მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ.

იმისათვის, რომ «შორს გაიტანო შენი სათქმელი» კარგი პიარია საჭირო. რაღა დაგიმალოთ და დღევანდელ საქართველოში პიარის ყველაზე დიდი სპეციალისტები «ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში» სხედან. მათ აქვთ, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი საშუალებები, გავლენა მოახდინონ საზოგადოების დიდ ნაწილზე; სხვადასხვა მეთოდით გაავრცელონ თავიანთი იდეები და, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, განახორციელონ რევანში.

დიახ, რევანში, ოღონდ არა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის _ კოალიცია «ქართული ოცნების», არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა «ნაციონალურ მოძრაობას» ასპარეზზე გამოსვლის და «დემოკრატიის მედროშის» როლის დაბრუნების საკმაოდ კარგი შანსი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მედიის სხვადასხვა საშუალებაში აქტიურად მიდის მათი პიარი (გასართობი გადაცემებით დაწყებული, პოლიტიკური თოკშოუებით დამთავრებული), ისინი ქუჩაში აქტიურად გამოსვლას მაინც ვერ ბედავდნენ. ვერ ბედავდნენ, რადგანაც კარგად იციან საზოგადოების დამოკიდებულება. იციან და ახსოვთ 8 თებერვალი, 17 მაისი, დავით ბაქრაძესთან ზუგდიდური დახვედრა და მრავალი სხვა.

«ნაცმოძრაობის» წარმომადგენლებს რევანშისთვის სასწრაფოდ სჭირდებათ ქუჩაში ხალხის გამოყვანა. არადა, საბაბის მოძებნა საკმაოდ რთულია. რთულია, რადგან «ქართული ოცნება», ფაქტობრივად, მათ კურსს ადგას და მათი მხრიდან «რაიმე შარის მოდება», უბრალოდ, სასაცილოა.

ასეთ დროს, როგორც იტყვიან, «ნაცებს» უკრაინის ამბებმა სულზე მოუსწრო.

გააქტიურდა სააკაშვილი. კვლავ გამოჩნდა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე «რუსთავი 2»-ის თოკშოუებში, გამოჩნდა საინფორმაციო გამოშვებებსა და ანალიტიკურ სტატიებში.

ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას, მიუხედავად თავისი დამოკიდებულებისა, მაინც არ აქვს უფლება, ჩაერიოს უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში და მისი განცხადებები, როგორც წესი, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ასეთ დროს კი ოპოზიციურ პარტიას ეძლევა დიდი შანსი, გამოვიდეს დემოკრატიული პრინციპების, დემოკრატიული სტანდარტების დამცველად და «თავისი სიტყვა თქვას» გლობალურ პოლიტიკაში; ეძლევა საშუალება, მოძმე ერის დაცვის მიზნით, გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, შეაჩვიოს საზოგადოება აქტიურობას და ამით შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები.

თუ სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟებისა და სხვადასხვა უცხოურ არხზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ ყველას 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამე გვახსენდებოდა, ერთ-ორ მწარე სიტყვასაც ვამბობდით კოაბიტაციის, პროკურატურის უნიათობის და ორმაგი სტანდარტების მქონე ევროპის მისამართით და სამომხმარებლო კალათაში ჩასადები გიტარის შესაძენად მივდიოდით, დღეს უკვე სხვა სიტუაციაა.

დემოკრატიული სტანდარტებისა და ცივილიზაციის მონაპოვრების დაცვის მონოპოლია «ნაცმოძრაობამ» აიღო. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა 80%-ით არის მიხეილ სააკაშვილისადმი, «ნაცმოძრაობისადმი» და მათი რევანშისადმი მხარდაჭერა და მხოლოდ 20%-ია იქ მიმდინარე პოროცესებზე რეალური  გულისტკივილი.

ბუნებრივია, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი არ უჭერს მხარს სისხლისღვრას, ომს, ადამიანების გაუბედურებას (ეს ძალიან კარგად ვიცით), მაგრამ ის ისტერიკა, როგორი ფორმითაც მიმდინარეობს . . მხარდაჭერა, ის ხალხი, რომელიც მკერდში მჯიღის ცემით იცავს «უკრაინულ გაზაფხულს», მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» რევანშს უწყობს ხელს.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ხვდება და მართლაც გულწრფელად განიცდის იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც შეიძლება უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციას მოჰყვეს, მაგრამ ისიც ვიცი, თუ როგორ ხდება პოზიციის დასაფიქსირებლად მათი მიყვანა ტელეკამერებთან.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ხალხისთვის საყვარელი მსახიობი ან სპორტსმენი, მომღერალი და თქვენი ცხოვრებისთვის აუცილებელია მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. უცებ მოდის «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტი და გისვამთ კითხვას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ბუნებრივია, რომ დაგმობთ სისხლისღვრას და მოუწოდებთ ყველას, მშვიდობიანად მოაგვარონ პრობლემები. სიუჟეტში თქვენ წინ განცხადებას აკეთებენ ვინმე გიორგი კანდელაკი და გიგა ბოკერია, შემდეგ _ ვინმე მომღერალი.

დამერწმუნეთ, რომ მაყურებლის ქვეცნობიერში თქვენ არა უკრაინის ან დემოკრატიული პრინციპების, არამედ «ნაცმოძრაობის» მხარდამჭერად ჩაილექებით.

ასეთ განცხადებებზე, ჭკუის სწავლებაზე და სხვადასხვა ფორმით დამუნათებაზე, ყოველთვის ვამბობ: Нე უჩმიე სენჭ დმიტ!

დიახ, რადგანაც, თუ უკრაინაზეა საუბარი, მაშინ ისიც გვითხარით, რომ, იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარდა, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა რამდენიმე ქალაქის მერს და ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებს. თანამდებობიდან გადააყენეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი მოსამართლე და 13-ის განთავისუფლების შესახებ გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. გადადგა თხუთმეტი ქალაქის მერი და გუბერნატორი.

ისიც გვითხარით, რომ ამ არც თუ ისე კანონიერ ქმედებებს დასავლეთი მიესალმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის და სამართლიანობის აღდგენის მოტივით.

თუ ცხოვრებას გვასწავლით, მაშინ ისიც გვითხარით, რომ დასავლეთის სტანდარტები უკრაინასთან დაკავშირებით სხვაა და საქართველოსთან დაკავშირებით _ სხვა.

ბრალდებული გიგი უგულავას საზღვარგარეთულ ვოიაჟებზე როგორ ამოიღებ ხმას, მაშინ, როდესაც ძალოვანი უწყებების იმ თანამშრომლებს, რომლებიც წლების მანძილზე ჩაბმულნი იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, არამცთუ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ აძლევენ, თანამდებობიდანაც არ ათავისუფლებენ, რადგანაც თურმე დემოკრატიის სტანდარტებს არ შეესაბამება და დასავლეთი ვერ გაგვიგებს.

სააკაშვილის ძებნადაკავება კი არა, «ნაციონალური მოძრაობის» პერიოდის ნებისმიერი თანამდებობის პირის მოწმის სახით დაკითხვაც კი დემოკრატიის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პოლიტიკურ დევნად აღიქმება.

რა ძებნა-დაკავებაზეა საუბარი მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა «არჩევანში», ურცხვად და, თავხედურად ისაუბრა 2007 და 2011 წლებში განვითარებულ მოვლენებზე:

«2007 და 2011-ში არავის გაუსროლია და ცეცხლსასროლი იარაღით არავინ დაღუპულა, თუმცა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გადავდექი. წელიწადნახევრით შევამცირე ჩემი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა ამ აქციებს. მაგრამ იყო სხვა რამეებიც, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ეს იყო გირგვლიანის ფაქტი, უმუშევრობა. არ იყო მარტო რუსული კომპონენტები, იყო სხვა კომპონენტებიც. სხვა საკითხია და ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ, თუ რამდენად ადეკვატურად და რამდენად მკვეთრად ან თავშეკავებულად უნდა ემოქმედა მთავრობას, მაგრამ ჩვენ ვიცავდით საქართველოს სუვერენიტეტს».

აქ ყურადღება მინდა გავამახვილო არა თავად განცხადების შინაარსზე (არც მიკვირს, რადგანაც სააკაშვილისგან მონანიებას და ცრემლის ღვრას ნამდვილად არ ველოდები), არამედ მისთვის ღია ეთერის დათმობაზე. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე იჯდეს და მოსამართლის შეკითხვებს ფეხზე ამდგარი სცემდეს პასუხს, დემოკრატიის სტანდარტების წყალობით, ურცხვად აცხადებს _ 26 მაისს ეროვნული დღესასწაულის ჩაშლა უნდოდათ პუტინის ფულით და პუტინის ინსტრუქციითო.

სააკაშვილის საერთაშორისო აქტივობასთან დაკავშირებით, მინდა, ორიოდე შეკითხვა მეც დავუსვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:  როდესაც ადამიანი, რომლის რეჟიმსაც ებრძოდა საქართველოს მოსახლეობა, გამოდის საზღვარგარეთული ტელეარხებით (სი-ენ-ენი, უკრაინის მეხუთე არხი), საუბრობს დემოკრატიაზე, ყველანაირი მეთოდებით ამწვავებს ურთიერთობას რუსეთთან და მას იმ ტელეარხების წამყვანები უდიდეს მადლობას უძღვნიან დემოკრატიის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის, რატომ არ უკავშირდება იმ ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩო იმ ტელეარხებს და რატომ არ აწვდის 2011 წლის 26 მაისის დარბევის ვიდეო და ფოტომასალებს? რატომ არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებებს? და საერთოდ, რას აკეთებენ ეს საელჩოები?

პასუხი მარტივია: _ არაფერს. ქვეყნისთვის აბსოლუტურად არაფერს! და სწორედ ამის ბრალია ის, რომ დემოკრატიის სტანდარტი საქართველოსთვის სულ სხვაა და უკრაინისთვის _ სულ სხვა.

გია გაბრიჭიძე

 

1 COMMENT

  1. ვინ რა განცხადების გამკეთებელია, იმის ფიქრში არიან, ნაცების მოსვლისას თავი როგორ გადაირჩინონ!

  2. ხალხი აღარც ძველ და აღარც ახალ მთავრობას აღარ ენდობა,რადგან ყოველმხრივ გაცრუებულია …

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here