Home რუბრიკები პოლიტიკა ჯუმბერ პატიაშვილი: არავის უნდა ქვეყანა, რომლის თავკაციც არატრადიციული ორიენტაციის იქნება

ჯუმბერ პატიაშვილი: არავის უნდა ქვეყანა, რომლის თავკაციც არატრადიციული ორიენტაციის იქნება

953

მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ფრთხილად, მაგრამ მაინც მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე საუბრობენმსოფლიოს წამყვან ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩება, საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს და უკრაინის დროებით მთავრობასთანაც ხშირ სატელეფონო საუბრებს აწარმოებს. საოცარია, მაგრამ ამ ორომტრიალში ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს ძალიან ხშირად ახსენებენ. რა ვითარებაა უკრაინაში? ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე და რა აკავშირებს საქართველოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ჯუმბერ პატიაშვილი ესაუბრა.

 

_ უკრაინაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, რაც ფარულ, მალულ მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს. უკრაინაში როდესაც დაპირისპირება დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ასე უბრალოდ არ დასრულდებოდა. ეს არის პროექტი.

უცხო ძალებისთვის ანტისახელმწიფოებრივი შეკვეთის შემსრულებელი მეხუთე კოლონის პოვნა ისეთ ქვეყანაში, რომელიც მშიერია, ძალიან იოლია, უკრაინა ასეთი ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება. კორუფციამ შეჭამა ყველაფერი. ოლიგარქებმა გადაჭამეს ქვეყანა. ოლიგარქობა ზოგს კარგი ჰგონია, მაგრამ ასე არ არის, პირველი მილიონი საიდან მოდის, უნდა გაარკვიო, ძირში უნდა ჩაჰყვე. უკრაინაში ეს ამბავი შემთხვევით არ მომხდარა, აქ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაა. იანუკოვიჩი როგორ აირჩიეს, მაგის მომსწრეებიც ვართ, საქართველოდან ამ არჩევნებს 2 ათასი დამკვირვებელი ესწრებოდა. ახლა ამბობენ, რომ ეს სიები უნდა გამოითხოვონ და გაარკვიონ, საქართველოდან ვინ იყო ჩასული…

თავი და თავი ამ დაპირისპირებისა რუსეთთან დავაა, ხომ ნახეთ, სირიაში რა მოხდა? სწრაფად აღიკვეთა მოქმედებები, ძალიან ბევრი ხალხი კი დაიღუპა, მაგრამ გეგმაში იყო, რომ ეს გაგრძელებულიყო. საუბარია ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, მაგრამ უკრაინაში პროცესების ასეთ განვითარებას მაინც არავინ ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ ევრომაიდანზე სასტიკი დაპირისპირების ნიშნები იკვეთებოდა.

_ ბატონო ჯუმბერ, რატომ ახსენებენ ასე ხშირად ამ ომში საქართველოს? საშიშროება რაში გამოიხატება?

_ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვისაც ძალიან მძიმეა. ორივე ქვეყანა ჩვენი მეგობარია, პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინას მეგობარს უწოდებენ და რუსეთს მტერს, დიდ შეცდომას უშვებენ, ისინი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. ვფიქრობ და მეშინია, რომ იქ დატრიალებული ამბები ჩვენზეც ცუდად აისახება.

_ რას გულისმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ჩვენზეც ცუდად აისახება?

_ ყველა ადამიანს აქვს მიზანი, მიზანი აქვს სახელმწიფოსაც. ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი და პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, ეს პროცესი ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად ესმის, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს ის მიზანი, რომლისთვისაც თითოეულმა ქართველმა უნდა იცხოვროს. საქართველო სოხუმის გარეშე დღემდე ვერ წარმომიდგენია. ეს ჩვენი ტრაგედიაა. ამ დრომდე მხოლოდ ერთი მხარის დანაშაულს ვხედავთ, თან რამდენი პროტესტიც არ უნდა გამოვხატოთ, არაფერი შეიცვლება არც საქართველოში და მითუმეტეს _ უკრაინაში. ასე ვინც ფიქრობს, ცდება. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირება ცუდია, თან იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი ხვალინდელი დღე ბევრად არის დამოკიდებული. თუ ჭკუას არ მოვუხმეთ, არეულობა აუცილებლად ჩვენკენაც რაღაც დოზით გადმოიწევს და ის პატარა იმედი, რომელიც გაჩნდა, ჩაკვდება.

ყველა მოქმედებას შედეგი მოჰყვება, ამაზე თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს. რაღაცას რომ აპროტესტებ, იმაზე უნდა იფიქრო, რა შედეგს მოგიტანს. ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ბრიუსელი და ვაშინგტონი უნახავთ, მაგრამ საქართველოს არ იცნობენ.

სამწუხაროა, რომ საქართველო იკარგება ისეთი ადამიანების დისკუსიებში, რომელთაც ამის უფლება არ აქვთ. ევროპულ ფასეულობაზე ლაპარაკობენ და არც კი იციან, რომ ფასეულობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ევროპა ნატრობს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელშეკრულების პარაფირებით რაიმე დიდი და განსაკუთრებული მოხდა, ცდება, ან მაპის მიღებით თუ რამე შეიცვლება.

 ჩამოვიდა რასმუსენი 27 მინისტრთან ერთად, დაისვენა, ჭკუა გვასწავლა, ჩვენც მოვუსმინეთ და წავიდა. გასაკვირია პირადაპირ, საქართველოში აღარ უსმენენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც მართლა ჭკუა მოეკითხებათ, სიმართლეს ამბობენ, ფაქტებით საუბრობენ და უსმენენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც ქართული არაფერი აინტერესებთ, არ აინტერესებთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენი მიწა-წყალი. გაფეტიშება ვიცით ყველაფრის. ამ გაფეტიშებას ამერიკაში ვიზიტსაც მოვაყოლებ. სიამაყით ვუყურებდი, მაგრამ ახლა იმას ვნერვიულობ, თუ როგორ გაარძელებს იქიდან დაბრუნებული ქვეყნის ხელისუფალი მუშაობას საკუთარ ქვეყანაში.

რა ინტერესი აქვს ამერიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს ყველამ კარგად ვიცით. ცუდი სათქმელია, სიტყვაც არ მომწონს, მაგრამ რუსეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირების პოლიგონი ვართ, ეს უნდა გვახსოვდეს და დიდი ყურადღებაც უნდა მივაქციოთ.

_ ბატონო ჯუმბერ, პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევრომაიდანი არ ემუქრება, რადგან ქართველი ერი ერთსულოვანია და ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში გასაწევრიანებლად ხელს არაფერი გვიშლისო. მას არ უხსენებია აფხაზი ხალხი, არც ოსი; არ უთქვამს, რა უნდა ამ ხალხს. ასე არ მოხდა უკრაინაშიც, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არავინ ჰკითხა, რა უნდოდა?

_ აპელირება იმით, რომ რეფერენდუმმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, დაადასტურა ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანის სურვილი, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რადგან მაშინდელ არჩევნებს თუ გაყალბებულს ვუწოდებთ, მაშინ რატომ გვგონია, რომ რეფერენდუმი იყო სამართლიანი? არავის უკითხავს ოსი და აფხაზი ხალხისთვის, რა სურთ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცოდა, ხმას რას აძლევდა. არ შეიძლება, გაურკვეველი წარმოშობისა და ლობის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა ჭკუა დაგვარიგონ და გვითხრან, რა არის ქვეყნისთვის საჭირო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა. თუ ნატო იძლევა გარანტიას, რომ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, იმავეს ვიტყვი ევროკავშირზეც, მაშინ ყველანი თანახმანი ვიქნებით, რომ ამ კოალიციებში გავერთიანდეთ, მაგრამ ვინმე მეტყვის დაზუსტებით, რომ ეს ასე იქნება?

რუსეთმა გვითხრა, რომ აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთმანეთში მოილაპარაკეთო, მაგრამ ეს ვინმემ დაიჯერა? ჩვენ რუსეთის კეთილგანწყობის გარეშე ვერაფერს გავხდებით.

საქმე ისაა, რომ მე ყველა პოლიტიკოსს, რომლებიც ამინდს ქმნიან, ვიცნობ, ყველა მათგანის წარმოშობა და განვლილი გზა ვიცი, ძალიან ძნელია მათი მოსმენა და დამამცირებელიც. თავმოყვარეობისა და ღირსების გარეშე საუბრობენ, თავმოყვარეობადაკარგული ადამიანი საშიშია. არადა, ეს ადამიანები იტყვიან და შენ გაიძულებენ, კიდეც დაიჯერო და შეკითხვებიც არ დასვა.

ევროკავშირი და ნატო რასაც ჩვენგან ითხოვენ, იმის შესრულება ძალიან ძნელი იქნება ქართველებისთვის.

_ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება საქართველოში? ჩვენ შემოგვთავაზებენ იმას, რაც მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის მიუღებელიაგამოვა ქუჩაში ხალხი ამ მიზეზით?

_ ასეთ საშიშროებას ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ თუ ისე მოხდა, როგორც უკრაინაში, სადაც მართლაც ფაშისტური ნიშნები შეიმჩნეოდა, პროგნოზის გაკეთება ძნელი იქნება. უკრაინელებს რუსულად ლაპარაკი აუკრძალეს. ეს მიუღებელია, ამას ვინც ტაშს დაუკრავს, ის, არ ვიცი, როგორ აზროვნებს. თუ აქაც ასეთ მეთოდებს გამოიყენებენ, ვფიქრობ, დაპირისპირებას ვერ გადავურჩებით.

 საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები და არის კუთხეები, რომელთაც ჩვენთან ერთად ცხოვრება სურთ, მაგრამ არ უნდათ საკუთარ ოჯახებში ევროპული პრინციპების გატარება. ამბობენ, რომ უკრაინის პრემიერმინისტრი საეჭვო ორიენტაციის არისო. არავის უნდა ქვეყანა, რომლის თავკაციც არატრადიციულ ორიენტაციისა იქნება. არავის უნდა დასავლური ღირებულება იმ სახით, როგორსაც ჩვენ გვთავაზობენ. არავის უყვარს საქართველო ჩვენზე მეტად, შეუძლებელია საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ვინმემ იცოდეს, რა სურს ქვეყანას.

დაბოლოს, აქედან იმის ძახილი, რომ უკრაინელ ხალხს მხარს ვუჭერთ, არაფერში გამოგვადგება, რუსეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო გავაფუჭებთ, მატარებელი დაიძრა და ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, რომ არც მას სცალია ჩვენთვის და არც ჩვენ ვიჩენთ სურვილს. არ უნდათ თავდაჯერებული გამომეტყველებით ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. ნუ თავხედობენ, ნუ უზრდელობენ და ჭკუას ნუ გვასწავლიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ვინატრებდი რომ ისევ თქვენ იყოთ საქარტველოს პრეზიდენტი. დიდი პატივისცემით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here