Home რუბრიკები პოლიტიკა იყო თუ არა გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე კამპუჩიის დაზვერვის რეზიდენტი საქართველოში და რატომ...

იყო თუ არა გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე კამპუჩიის დაზვერვის რეზიდენტი საქართველოში და რატომ აიძულეს ავღანეთის ომის ვეტერანი, ხელმეორედ დაეტოვებინა სამშობლო?

875

გასულ კვირაში 25 წელი შესრულდა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის დატოვებიდან. უშიშროების გენერალლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე ავღანეთის სამხედრო კამპანიის მონაწილეა.

 

_ დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ ამ ისტორიულ ფაქტს, ბატონო ვალერი: წააგო ომი საბჭოთა კავშირმა და იძულებული გახდა, გამოეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან?

_ მე ასე არ ვიტყოდი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ იმ წლებში ინტენსიური მოლაპარაკებები მიდიოდა იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირს ამ ქვეყანაში დაეტოვებინა უმნიშვნელო სამხედრო კონტინგენტი და ავღანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ძალისმიერი აქცენტიდან ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ყოფილიყო გადატანილი. მაშასადამე, ავღანეთიდან გამოსვლა ჯერ კიდევ მაშინ იდგა დღის წესრიგში.

_ ესე იგი ჯარების გამოყვანა ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელების შედეგი იყო?

_ ასეა მიჩნეული… თუმცა გამოსვლას გააჩნია: გორბაჩოვის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, ავღანელებს დავუტოვეთ ჯარისკაცების სრული ეკიპირება, იარაღი, ტყვია-წამალი, მოკლედ, ყველაფერი, რაც არმიას სჭირდება.

_ მაგრამ, როგორც ამბობენ, ორსამ დღეში ეს ყველაფერი ბაზრებში გაიყიდა და დუშმანების ხელში აღმოჩნდა.

_ დიახ, ასე მოხდა, რადგან, ფაქტობრივად, მაშინ არც ავღანეთის არმია არსებობდა, არც სახელმწიფო იყო ჩამოყალიბებული. გორბაჩოვმა ნაჯიბულას ხელისუფლება ბედის ანაბარად მიაგდო მაშინ, როცა ძალას იკრეფდა ამერიკელების მიერ უხვად დაფინანსებული და საბჭოთა იარაღით აღჭურვილი «ალქაიდა».

_ საბჭოთა იარაღით?!

_ დიახ. ამერიკელები ამ იარაღს ყიდულობდნენ ეგვიპტისგან და ჩინეთისგან. ამასთან, მთელი ძალით მოქმედებდა აშშ პროპაგანდისტული მანქანა, რომელსაც, მოგეხსენებათ, განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნდა. ამ პროპაგანდისტული კამპანიის უმთავრესი «არგუმენტი» იყო ის, რომ თითქოს შურავი (ასე ეძახდნენ ავღანელები საბჭოელებს) ავღანეთში ისლამის ამოსაძირკვად იყვნენ ჩასულები, რასაც არავითარი საფუძველი არ გააჩნდა.

სამწუხაროა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამ ვერ გამოიყენა ის ვითარება, რომელიც შეიქმნა საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის შემდეგ. ამ გამოყვანაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ედუარდ შევარდნაძეს.

_ ჩვენ რას ვაკეთებდით ამ დროს?

_ ანალიტიკოსები იმოწმებენ ავტორიტეტულ წყაროებს და ამტკიცებენ, რომ გორბაჩოვმა უღალატა მეგობარ ქვეყანას _ პირისპირ შეატოვა ავღანეთი, ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქვეყანა ამერიკელებს.

_ სტრატეგიული მნიშვნელობის?

_ დიახ, როცა საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ფეხი მოიკიდა, ისტერიკაში ჩავარდნილი ბჟეზინსკის მოწოდებით (პრეზიდენტ კარტერის თანაშემწე იყო მაშინ), ამერიკელები სერიოზულად შეშინდნენ, რომ კარგავდნენ კონტროლს სპარსეთის ყურეზე, რომელსაც საბჭოელები უახლოვდებიან, რაც მათ ნავთობის ექსპორტს საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ დაიწყეს მოჯაჰედების გაძლიერებული დაფინანსება.

_ ცნობილია, რომ აშშ დუშმანების მხარდაჭერა ყოველდღიურად 2 მილიონი დოლარი უჯდებოდა.

_ 10 წლის განმავლობაში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ავღანეთს 6-7 მილიარდი დოლარი დაახარჯა. მთავარი დამფინანსებელი, რა თქმა უნდა, აშშ-ის ადმინისტრაცია იყო, მაგრამ არანაკლები იყო საუდის არაბეთის წვლილიც, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ამერიკის მიერ გაღებულ ერთ დოლარს ერთს თავისას უმატებდა.

_ ისლამურ რადიკალიზმთან დაპირისპირება პირველად ავღანეთში მოხდა. ხომ ასეა?

_ 1986 წელს ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც მე ვმუშაობდი, მოიპოვა პირველი ოპერატიული ინფორმაცია პაკისტანის სანდო წყაროებიდან, რომ დაარსდა თალიბანების მოძრაობა, რომელიც იხელმძღვანელებდა რადიკალური ისლამიზმის პრინციპებით.

_ საბჭოთა კავშირი პირველი დაუპირისპირდა რადიკალურ ისლამიზმს, რომელიც შემდეგ მსოფლიოს მოედო და გლობალურ პრობლემად იქცა.

_ მოდი, ასე დავაზუსტოთ: საბჭოთა კავშირი კი არ დაუპირისპირდა რადიკალურ ისლამიზმს, არამედ ისლამური რადიკალიზმი დაუპირისპირეს საბჭოთა კავშირს. ეს იყო იმ დიდი, გლობალური გეგმის ნაწილი, რომელიც შემუშავებული იყო საბჭოთა კავშირის დასანგრევად.

_ საბჭოთა კავშირი დაინგრა. ავღანეთში კვლავ საომარი მდგომარეობაა, ოღონდ ამჯერად აშშის შეიარაღებულ ძალებსა და ავღანელ პატრიოტებს შორის. მუსლიმთა საფლავებზე ორი ფერის დროშა ფრიალებს _ მწვანე და შავი. პირველი ნიშნავს, რომ ავღანელი მეომარი მტერთან შეტაკებისას დაიღუპა. შავი ფერის დროშა კი მუსლიმებს შეახსენებს, რომ მუხანათურად მოკლული ავღანელის სული თანამოძმეთ შურის საძიებლად მოუწოდებს.

დღეს ავღანეთში შექმნილი კატასტროფული ვითარების ფონზე ყოფილი მოჯაჰედები საბჭოთა ჯარისკაცების ჰუმანიზმზე ალაპარაკდნენ.

_ მოჯაჰედების რამდენიმე ხელმძღვანელისგან პირადად მომისმენია ასეთი შეფასება: თქვენ ღირსეული მოწინააღმდეგე იყავითო. ავღანელები დიდი მეომრები არიან. ბევრმა შეიძლება მათგან ვისწავლოთ, რა არის ქვეყნის სიყვარული და ჭეშმარიტი პატრიოტიზმი. მათი დაჩოქება შეუძლებელია.

_ ამაოდ დაშვრა აშშ?

_ ამერიკას ტერორიზმთან ბრძოლა არ აინტერესებს, არც ნარკოტიკების გავრცელების გზების გადაკეტვა. მისი მიზანია საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაკმაყოფილება.

მაგრამ მინდა, რომ სწორად გამიგოთ: ავღანეთში იყო ომი, სისხლისღვრა რომელიც ტრაგედიად შემოუბრუნდა ორივე მხარეს. ავღანეთის ომში 15500 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს ქვეყნისთვის და, უწინარესად, იმ თხუთმეტ ათასზე მეტი ოჯახისთვის, რომელთაც არმიაში გაწვეული შვილები შინ ვეღარ დაუბრუნდნენ?!

ომი ომია! მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ავღანეთში მებრძოლ ჩვენს თანამემამულეებს ორ კატეგორიად ყოფენ _ ისინი, ვინც ახლა იბრძვიან, გმირები არიან (მეც ამას გავიმეორებდი); ხოლო ისინი, ვინც 1979 წლიდან ავღანეთში 10 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, არავის ახსოვს. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. სამწუხაროა, რომ რატომღაც მაინცდამაინც საქართველოა ამ შემთხვევაში გამონაკლისი, რადგან დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ისინი ყველგან ღირსეულად არიან დაფასებულნი.

დღეს ზოგიერთი მაღალჩინოსანი გაიძახის, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას. ისინი ან თვითონ არიან დილეტანტები, ან საქართველოს საზოგადოებრიობა ისეთი დაბალი განვითარების ჰგონიათ, რომ ამგვარ იაფფასიან და აშკარად პროპაგანდისტულ სატყუარას ჭეშმარიტებად აღიქვამს.

_ ორმაგი სტანდარტი, ეტყობა, თქვენზეც, როგორც ავღანეთის კამპანიის მონაწილეზე, გავრცელდა. თქვენ, ბატონო ვალერი, სულ ახლახან არ აღგიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა?

_ თანმიმდევრობით მოგიყვებით. იძულებით ემიგრაციაში წავედი ყოფილი ხელისუფლების დროს და ბოლოსდაბოლოს რუსეთის ფედერაციის ქალაქ სტავროპოლში დავბინავდი, მივიღე რუსეთის მოქალაქეობა. საქართველოს კანონმდებლობით, ვალდებული ვიყავი, ხელისუფლება ჩამეყენებინა საქმის კურსში, რომ ვარ რუსეთის მოქალაქე, და განცხადებით უნდა მიმემართა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რათა მოეცა ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობაც ან გაეუქმებინა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ «დიდი პატივისცემა» მქონდა ვაიპრეზიდენტის მიმართ, პრინციპულად მიზანშეწონილად არ მივიჩნიე ამის გაკეთება პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან გაუგონარი დევნა იყო განხორციელებული ჩემ წინააღმდეგ, კატეგორიულად არ მინდა პოლიტიკურ დევნილად გამოვაცხადო თავი. არა. ერთ ფაქტსაც დაგისახელებთ. იმ წელს დედის დაკრძალვაზე ჩამოსვლა რომ დავაპირე, მეგობრებმა გამაფრთხილეს, თავი შემეკავებინა, რადგან ჩემი გვარი გადაცემული ჰქონდათ საკონტროლოგამტარ პუნქტებზე მითითებით, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე დავეპატიმრებინე.

ამ განკარგულების გამცემებს პრინციპულად ვერ ვთხოვდი მოეცათ ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული, მივმართე თხოვნით, მოენიჭებინათ ჩემთვის ორმაგი მოქალაქეობა. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურიდან უარი მივიღე. ინფორმაციით, რომელიც გამაჩნია, ჩემი განცხადება სამინისტროს ხელმძღვანელობამდე არც მისულა. ჩამაწვეთეს, რომ რომელიღაც სპეცსტრუქტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს კურირებს, წინააღმდეგია ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის.

ძალიან მაინტერესებს, კონკრეტულად რა აქვთ საწინააღმდეგო ჩემს მიმართ და რატომ მეუბნებიან უარს.

_ არ აგიხსნეს?

_ არა, თუმცა ვალდებულები არიან. ალბათ, მიიჩნევენ, რომ ცხინვალი და სოხუმი, კოდორის ხეობა მე ჩავაბარე სეპარატისტებს; ალბათ, მაბრალებენ, რომ წლების განმავლობაში კამპუჩიის დაზვერვის რეზიდენტი ვიყავი, რომ საქართველოს საზღვრის ნაწილი მივყიდე მტერს და ა. შ. ყური მოვკარი, რომ უარს მეუბნებიან, რადგან საშიში ვარ საქართველოსთვის. რატომ ვარ საშიში, მითხრან მაინც

მოდით, პირდაპირ გეტყვით: არავითარი პრეტენზია არ მაქვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ სერიოზულად ვეჭვობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მუშარგოლებში ჩარჩენილი არიან ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ყოფილების მმართველობის დროს სააკაშვილისა და მერაბიშვილის მითითებით განახორციელებდნენ იმ უმსგავსობას, იმ დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ დადასტურდა. დღეს ამ კატეგორიის ადამიანები თავიანთი საქმიანობით, უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებით სახელს უტეხენ ახალ ხელისუფლებას, შეგნებულად იწვევენ იმ ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებას, რომლებიც რეჟიმის მიერ იყვნენ დაჩაგრულები და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომლებიც კი შეიძლება გაუჩნდეთ ჩემ მიმართ. მანამდე კი თვითონ მინდა ვიკითხო: როდემდე გაგრძელდება პოლიტიკური დევნის, არაობიექტური დამოკიდებულების, უსამართლობის ზეობის ის ტენდენცია, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დანერგა საქართველოში?

_ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახლახან საქართველოდან თქვენი წასვლა მეორე იძულებითი ემიგრაციაა?

_ არ მინდა ამის დაჯერება…

ჩემი წასვლა ამჯერად დაემთხვა მოსკოვში ბატონ ლეო ბოკერიას კლინიკაში ჩემს აუცილებელ ჩასვლას. შარშან, იანვარში ბაკულევკაში გავიკეთე ოპერაცია და გრაფიკით ახლა უნდა ჩავსულიყავი სამედიცინო შემოწმებაზე. გამორიცხული არ არის ოპერაციის ხელმეორედ გაკეთება…

_ ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო ვალერი!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here