Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული ოცნებები და მივლინება ცენტრალურ აფრიკაში

ქართული ოცნებები და მივლინება ცენტრალურ აფრიკაში

557

გასულ კვირას საქართველოში მომავალზე გაცილებით მეტს საუბრობდნენ ვიდრე აწმყოსა და წარსულზე. საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტის (ან პრემიერმინისტრის) სავარაუდო შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და ნატოს სექტემბრის სამიტი, რომლის გახსენებას და, ზოგადად, მსჯელობას ნატოსაქართველოს ურთიერთობებზე ბიძგი თბილისში ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომის გამართვამ მისცა. ამ თემებმა მედიასა და სოციალურ ქსელებში არანაკლები (თუ არა უფრო დიდი) ადგილი დაიკავეს, ვიდრე თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებულმა ბატალიებმა ან საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ხარვეზებმა, რომელნიც, დიდი ალბათობით «შენელებული მოქმედების ნაღმების» როლს შეასრულებენ.

 

შესაძლოა, საგარეო ფრონტზე ყურადღების გადატანის უკან კვლავინდებურად იდგა საზოგადოების სურვილი, მოძებნოს მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებში ისეთი ფორმულა, რომელიც საქართველოს უმძიმეს პრობლემებს მყისიერად მოაგვარებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცხადია, მსგავსი ფორმულა არ არსებობს.

ავღანეთიდან აფრიკაში

მიუხედავად იმისა, რომ 42 ამერიკელმა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის მაპის მინიჭებას და მოსთხოვა სახელმწიფო მდივანს, ამ მიმართულებით გააქტიურდეს, კომენტატორების უდიდესი ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურ პოზიციას აფიქსირებს. ნატოს «ძველევროპელი» წევრების, უპირველესად, გერმანიის პოზიცია ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია და აქედან გამომდინარე, ნატოს 2014 წლის სამიტზე საქართველო, დიდი ალბათობით, მიიღებს არა მაპს, არამედ, როგორც წინა წლებში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის კიდევ ერთ (მერამდენე?) დადასტურებას. ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცოს, რომ ამჯერადაც «მაპზე უკეთესი» მივიღეთ და აქცენტს 2015 წლისთვის ნატოს რეაგირების ძალებში ქართველი სამხედროების ჩართვაზე გადაიტანს. მაგრამ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამას, ალბათ, ენთუზიაზმის გარეშე შეხვდება _ ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში შესვლას 2015-16 წლებში ხომ ფინეთიც, შვედეთიც და უკრაინაც აპირებენ (სხვათა შორის, უკრაინელებს ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2010-ში შესთავაზეს). ამ სახელმწიფოებს მკაცრი ნეიტრალიტეტი კანონმდებლობაში აქვს დაფიქსირებული და მათი (ისევე, როგორც საქართველოს) თანამშრომლობიდან ნატოსთან არანაირად არ გამომდინარეობს ალიანსში გაწევრიანება. ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ ნიშნავს გაწვრიანებას ევროკავშირში _ ის არაერთ ისეთ სახელმწიფოს აქვს ხელმოწერილი, რომელიც ევროკავშირის წევრი აპრიორი ვერ გახდება. ამგვარად, ქართული საზოგადოება, დიდი ალბათობით, სკეპტიკურად შეხვდება «მაპზე უკეთესის» ტიპის დემაგოგიას, რადგან ბოლო წლებში მან საკმაოდ კარგად ისწავლა ერთმანეთისგან დეკლარაციების, არაფრისმომცემი ჟესტებისა და რეალური საქმეების გამიჯვნა. რეალური კი ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი სამხედროები მალე, სავარაუდოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სწორედ ესაა ვილნიუსში დიდი ზარზეიმით ხელმოწერილი დოკუმენტების პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ხელშესახები შედეგი.

«როიტერის» ცნობით, საქართველომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროები გააგზავნოს. 15 თებერვალს, ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში საქართველოს ელჩმა ბელგიაში ნატალია საბანაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: «საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამ ეტაპზე, როგორც გითხარით, არის ჩვენი მხრიდან გამოთქმული ინტერესი, რომ წვლილი შევიტანოთ. არის ძალიან დიდი სურვილი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს ასე მოხდეს და დაზუსტება ხდება დეტალების, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საქართველომ ხელი მოაწერა ვილნიუსში ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას და დაიწყო საუბარი იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ცხოვრებაში ამ ჩარჩო ხელშეკრულების გატარება. მართალია, ჯერ პარლამენტმა უნდა გააკეთოს ამის რატიფიცირება. ხელმოწერის შემდეგ პირველი ძალიან სერიოზული კრიზისული სიტუაცია შეიქმნა ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში». ბოლო ფრაზაში ელჩმა, როგორც ჩანს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იგულისხმა, სადაც დიდი უბედურება ტრიალებს. ქრისტიანებისა და მუსლიმების შეტაკებების გამო მილიონამდე მოქალაქე დევნილად იქცა, მათ შორის მხოლოდ იანვარში 200 ათასი, დეკემბრიდან დღემდე, სულ მცირე, 2000 ადამიანი დაიღუპა. გაერომ დაახასიათა ეს, როგორც «ეთნო-რელიგიური წმენდის ტალღა» და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზონად გამოაცხადა. სამშვიდობოებს მოქმედება ძალიან რთულ პირობებში უწევთ, დაღუპულია რამდენიმე სამხედრო საფრანგეთიდან და ჩადის რესპუბლიკიდან. 13 იანვარს ჯარისკაცებმა ბურუნდის კონტინგენტიდან ვერ აღკვეთეს ბრბოს მიერ მშვიდობიანი მოქალაქის ჩაქოლვა და ცოცხლად დაწვა და საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერივნენ, რაც ერთერთმა მკვლელმა მსხვერპლის სხეულის ნაწილების ჭამა დაიწყო (დაფიქსირდა კანიბალიზმის კიდევ რამდენიმე შემთხვევა). მოკლედ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სრული ჯოჯოხეთია.

ევროკავშირის მისია მიზნად ისახავს დახმარების აღმოჩენას ფრანგი სამხედროებისთვის, რომელნიც ყოფილ კოლონიაში, აფრიკული ქვეყნების კონტინგენტებთან ერთად, წესრიგის აღდგენას ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის დამატებითი კონტინგენტი არა იმდენად «წინა ხაზზე», არამედ ბანგის აეროპორტის ზონაში იმოქმედებს, სადაც გარემო შედარებით უსაფრთხოა და უამრავი დევნილია თავმოყრილი, თუმცა აშკარაა, რომ იმ ქაოსში, რომელიც ქვეყანაში სუფევს, საუბარი სრულიად უსაფრთხო ზონებზე უადგილოა. შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავეს ქვეითების გაგზავნისგან და ჰუმანიტარული ოპერაციისთვის მხოლოდ სატრანსპორტო ავიაცია გამოყვეს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ძალისხევას არ დაიშურებს, რათა ამ უბედურებას ბოლო მოუღოს, მაგრამ საქართველოში, განსაკუთრებით იმ დიდი დანაკარგის შემდეგ, რომელიც ავღანეთში განვიცადეთ, შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს კითხვა: რატომ უნდა გავაგზავნოთ იქ ჩვენი სამხედროები? საქართველო არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის და მისი კონტრიბუცია ცენტრალური აფრიკის კრიზისის დაძლევაში შეიძლება გაცილებით მოკრძალებული იყოს (მაგალითად, ჰუმანიტარული ტვირთის ან რამდენიმე ექიმის გაგზავნა და ა. შ.). რა საჭიროა ჩვენი ჯარისკაცების გადასროლა ამ ურთულეს კლიმატურ და ეპიდემიოლოგიურ გარემოში, სამხედრო ასპექტებს თავი რომც დავანებოთ? საზოგადოება, ალბათ, არ მიიღებს «სამშობლოს ასე სჭირდება» და «ნატოში გაწევრიანებას ასე სჭირდება» ტიპის პასუხებს და ნაკლებად სავარაუდოა, ის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის, ფრაზამ დააკმაყოფილოს: «საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს» (ინტერპრესნიუსი), რადგან ერთობ გაუგებარია, რომელ «ევროპულ უსაფრთხოებას» «მოიხმარს» საქართველო. დაიძრება თუ არა ადგილიდან თუნდაც ერთი ევროპელი ჯარისკაცი თუ კრიტიკულ სიტუაციაში დახმარება დაგვჭირდება? ბოლო წლების გამოცდილება ამ მხრივ ნეგატიურია.

რატომ შფოთავს დავით უსუფაშვილი?

13 იანვარს, ტალინში გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მაპის არმიცემა უბიძგებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს, წინა პლანზე წამოწიონ მოსაზრება: «ნატოში მისწრაფება რომ არა, საქართველო ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებდა» და დასძინა, რომ სამიტის დასრულება «ძალიან მცირე პროგრესით, ამის გასაღება ხალხისთვის დიდ წარმატებად ძალიან რთული იქნება». უსუფაშვილმა, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ ქართული საზოგადოება მიუახლოვდა ზღვარს, რომლის მიღმა საკმაოდ ბანალური მიზეზშედეგობრივი კავშირების გავლება და ხელისუფლებისგან თუნდაც მცირე, მაგრამ ძალიან კონკრეტული წარმატებების მოთხოვნა იწყება.

რუსეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ფორმით არაერთგზის დააფიქსირა, რომ ოფიციალურ თბილისთან დაპირისპირებისა და აგვისტოს ომის (თავისი შედეგებით) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ხელისუფლების სურვილია _ ქვეყანა ნატოში გააწევრიანოს. ამ დაპირისპირებამ საქართველოს წლების განმავლობაში უდიდესი ზარალი მოუტანა და მან ვერ მიიღო ვერაფერი, რაც მის, თუნდაც ნაწილობრივ, კომპენსირებას მოახდენდა. ქვეყნის ინტეგრაცია ნატოში კი, ფაქტობრივად, დაიბლოკა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოზიციის გამო. ის სავარაუდო რეაქცია, რომელზეც დავით უსუფაშვილი საუბრობს, ასეთ სიტუაციაში სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური ჩანს და, შესაძლოა, ის მოსალოდნელზე კიდევ უფრო მკვეთრი გამოდგეს, რადგან საზოგადოების ნაწილმა რუსეთის პრეზიდენტის სურვილში ქართველ კოლეგას შეხვდეს, დაინახა უმძიმესი სიტუაციიდან გამოსვლის შანსი, «სინათლე გვირაბის ბოლოს» და ამას ნათლად ხედავს ყველა, ვინც მასმედიისა და სოციალური ქსელების თუნდაც ზედაპირულ მონიტორინგს აწარმოებს.

თეორიულად, ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილისდროინდელ დემაგოგიას მიმართოს და «რუსეთთან ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებების» კონტექსტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ისაუბროს, თუმცა ეს, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტური იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ მას თავიდანვე არ წარმოუჩენია «პარაფირება-ასოცირება» დიადი ბრძოლის აქტად, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა ახლახან «რუსთავი 2»- განუცხადა: «რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე საქართველოს სუვერენიტეტზე ზეწოლა იმ თვალსაზრისით, რომ არ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ასეთ რამეს მე ვერ ვხედავეს უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ არ შევქმნათ ილუზია იმისა, რომ რაღაც ზეწოლა ხორციელდება». ხოლო ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, სავარაუდოდ, არ მოჰყვება სიტუაციის სწრაფი და საგრძნობი გაუმჯობესება უსაფრთხოების ან ეკონომიკის სფეროში (ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, ეკონომიკაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს) საზოგადოების უმრავლესობის რეაქცია მასზე, დიდი ალბათობით, იქნება არა «მოვაწერეთ და გვეშველა», არამედ «მოვაწერეთ და მერე რა?!». ამას, ალბათ, დაემატება იმედგაცრუება ნატოს სამიტის ხმამაღალ, მაგრამ რეალურად არაფრისმომცემ დეკლარაციებთან დაკავშირებით და სავსებით აქტუალური გახდება წინა პლანზე იმ ლოზუნგების წამოწევა, რომლებზეც დავით უსუფაშვილმა ტალინში ისაუბრა. მაგრამ რამდენად ადეკვატურად იმოქმედებენ მის მიერ ნახსენები «ზოგიერთი პოლიტიკური ძალები» და შეძლებენ თუ არა, სათანადოდ გამოიყენონ იმედგაცრუება, რომელიც საზოგადოებაში დღესაც ფიქსირდება, ხოლო სექტემბერში, ნატოს სამიტის პერიოდში, თითქმის გარანტირებულად, უფრო ძლიერი გახდება. შესაძლოა, ხელისუფლების ერთადერთი შანსი ამ ძალების სისუსტეში მდგომარეობს და მხოლოდ ის აძლევს საშუალებას, ძველი პოლიტიკა გააგრძელოს ისე, რომ საზოგადოების მზარდი უკმაყოფილება არ გაითვალისწინოს.

მოჩქარეს მოუგვიანდესო

ახალ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელებს და ალასანიას ჯგუფს, ნამდვილად არ სურთ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვნმა ნაწილმა ისევე მტკივნეულად აღიქვას მისი უშედეგო მოწადინება ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, როგორც, მაგალითად, კოაბიტაცია ან ჩინოვნიკების დაუფარავი სურვილი, ბიუჯეტის ხარჯზე «იგრიალონ», ვინაიდან ცარიელი პროპაგანდა, კონკრეტული მიღწევების გარეშე, განსაკუთრებულს ვერაფერს მოუტანს (და უსუფაშვილი ამას აღიარებს). ერთადერთ გამოსავლად მას შეიძლება იმ ძალების პრევენციული დასუსტება მოეჩვენოს, რომელნიც ნატოს საწინააღმდეგო (საბოლოო ჯამში, ანტიდასავლური) ლოზუნგებით ოპერირებენ. მაგრამ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უხეშ რეპრესიებს მიმართოს და მხოლოდ პოლიტიკური და საინფორმაციო ინსტრუმენტების გამოყენება მოუწევს.

პრიმიტიული «მიშისტური» პოლიტოლოგია ნატოს ყველა მოწინააღმდეგეს ერთ ქვაბში ხარშავდა და «პრორუსულ ძალებად» აცხადებდა. არადა, მათ შორის არიან როგორც რუსეთთან კავშირის, ისე მკაცრი (სკანდინავიური ტიპის) ნეიტრალიტეტის მომხრეები, უბრალოდ, წინა რეჟიმის ზეწოლამ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეების ტოტალურმა დომინირებამ პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში ისინი ერთმანეთის ტაქტიკურ მოკავშირეებად აქცია, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გზები გაიყოფა. დღეს, ადგილობრივი არჩევნების წინ, ანტიდასავლური განწყობების სულ უფრო ფართო გავრცელების ფონზე, ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ დადგა ამ ჯგუფების გაერთიანების და პოლიტიკური განაცხადის გაკეთების დრო, მაგრამ, შესაძლოა, ამის გაკეთება ჯერჯერობით ნააადრევია.

ადგილობრივ არჩევნებში ყველაზე შთამბეჭდავი წარმატებაც კი საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე უშუალო ზემოქმედების საშუალებას არ იძლევა. აქტიური ჩარევა საარჩევნო ბატალიებში გადააქცევს ხსენებულ ჯუფებს რესურსად ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების დაკმაყოფილებისთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე აქტუალური მათთვის დღეს, ალბათ, მაინც პროპაგანდაზე კონცენტრირებაა. არსებობს ყველა წინაპირობა ნატოს საწინააღმდეგო იდეების ფართოდ გავრცელებისთვის (და სწორედ ამის ეშინია უსუფაშვილს), მაგრამ წინაპირობები ხელისუფლებაში, თუნდაც ნაწილობრივი შეცვლისთვის, ჯერჯერობით არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ამ ჯგუფების გაერთიანება, ლიდერების ამბიციების გამო, საკმაოდ რთული იქნება. პროპაგანდისთვის კი გაცილებით ეფექტური მცირე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი (მაგრამ ამავე დროს ერთგვარ ერთიან ქსელში ჩართული) ჯგუფების მოქმედება ჩანს, ვიდრე სასწრაფო წესით შეკოწიწებული ერთიანი მონსტუროზული გაერთიანების.

წინაპირობები პოლიტიკური გარღვევისთვის, ალბათ, შეიქმნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება (განსაკუთრებით კი მისი პრაგმატული და საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილთან ალიანსზე ორიენტირებული წარმომადგენლები) იძულებული გახდება, საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული, ნატოში ინტეგრაციის საწინააღმდეგო მოსაზრებები და, ამასთანავე, მოხდება საპირისპირო იდეების კიდევ უფრო საგრძნობი, მიზანმიმართული  დისკრედიტაცია. შესაძლოა, ნატოს მოწინააღმდეგე ძალების ინტერესებშია, არ «გადაახტნენ» პროპაგანდის გაძლიერების და შიდა კონსულტაციების ეტაპს და ტაქტიკურ წარმატებებზე ფიქრი დროებით გვერდზე გადადონ. მარტივად რომ ვთქვათ, წარმატებული წინსვლისთვის საჭიროა მეთაურებს შორის თანხმობის მიღწევა, გეგმის შედგენა, ძალთა მობილიზაციის დასრულება და მათი გამარჯვებისთვის მთელი რიგი წინაპირობების შექმნა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here