Home რუბრიკები პოლიტიკა შიმონ პერესი: თუ გინდა, ლიდერი იყო, ხალხი კი არ უნდა მართო, არამედ...

შიმონ პერესი: თუ გინდა, ლიდერი იყო, ხალხი კი არ უნდა მართო, არამედ უნდა დაეხმარო – ეს უმთავრესია

746

„ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში, ვიმედოვნებ, ხვალ იქნება. ჩემთვის, სინადვილეში, ყველაზე დიდი წარმატება მშვიდობის მიღწევაა. თუ ჩვენ მშვიდობის დამყარებას მოვახერხებთ, ეს ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იქნება.“ – ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის ეს სიტყვები, ფაქტობრივად,  მის მრავალწლიან პოლიტიკურ და ხელმწიფოებრივ მოღვაწეობას გამოხატავს.

დსთ-და ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრებთან შეხვედრისას ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა: „ახლა ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობის როლი ძალიან შეიცვალა. ფაქტობრივად, ხელმძღვანელები უკვე ვეღარ მართავენ სახელმწიფოს…  ფაქტობრივად, ჩვენზე ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული, ამიტომ, უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ადამიანს, რომელსაც სურს ხელმძღვანელი, ლიდერი იყოს… უნდა ესმოდეს, რომ დღეს სინამდვილეში ლიდერი ხალხს არ მართავს. იგი ეხმარება ხალხს, რომელსაც მართავს მისი კეთილი ნება და არა სურვილი, ვინმეს ასიამოვნოს, ანდა ხელკეტის შიში.“

შიმონ პერესმა ისაუბრა ისრაელის მთავრობაში თავის 60-წლიან საქმიანობაზე და განაცხადა, რომ  სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას (იგი იყო პრემიერ-მინისტრიცა და მინისტრიც სხვადასხვა მთავრობაში) მისი დროის ნახევარი იმაზე იხარჯებოდა, რომ ადამიანებს შორის ნაირგვარი დაპირისპირება აღეკვეთა.

„მთავრობაში მუდამ ყველა ჩხუბობს, ერთ მინისტრს არ უყვარს მეორე, გამუდმებული დაპირისპირებებია, კონფლიქტები, სულ ვიღაც უნდა აწყნარო, ანუგეშო. ვიღაცას ჰგონია, რომ „ფეხს უდებენ“, ვიღაცა სხვის წარმატებაზე ეჭვიანობს,“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა.

ბევრი ქვეყნის ხელისუფლების საყურადღებოა რცევა, რომელსაც გამოცდილი პოლიტიკოსი გვთავაზობს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებში კეთილი ნების მქონე ხელისუფლებები იყოს. ზოგჯერ ჩვენთან ახალგაზრდები მოდიან და გვეკითხებიან, რას ნიშნავს ლიდერობა, მინდა ვიყო ლიდერი, შევასრულო მნიშვნელოვანი როლიო და მე ვეუბნები: „თუ გინდა, ლიდერი იყო, ხალხი კი არ უნდა მართო, არამედ უნდა დაეხმარო – ეს უმთავრესია“. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას როცა ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ბოლო წლებში მთავრობისადმი პატივისცემამ მკვეთრად იკლო. პოლიტიკოსები არავის უყვარს…“

პრეზიდენტმა პერესმა ერთი თავშესაქცევი ისტორიაც უამბო რედაქტორთა კლუბის წევრებს:  „ჩვენს კავშირგაბმულობის სამინისტროში მსმენია, რომ ერთი ახალგაზრდა კაცს გოგონა შეუყვარდა და მას ყოველდღე სასიყვარულო წერილებს წერდა. შედეგად კი ეს გოგო ცოლად გაჰყვა ფოსტალიონს. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსებმაც ფოსტალიონებზე იქორწინეს და არა საკუთარ ხალხზე. ხალხის სიყვარული კი გაქრა და ახლა, როცა მსოფლიო ასე სწრაფად იცვლება, პოლიტიკოსებიც ძალიან სწრაფად უნდა შეიცვალონ.“ – საუბრის ეს ნაწილიც ახალგაზრდა კოლეგების მიმართ რჩევით დაასრულა ბრძენმა პოლიტიკოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ.

დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრები მეშვიდე სესიაზე იერუსალიმში შეიკრიბნენ და 4-5 თებერვალს შეხვედრები გამართეს ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here