Home რუბრიკები პოლიტიკა შიმონ პერესი: ანტისემიტიზმი არა ებრაელების, არამედ სხვა ხალხების ავადმყოფობაა

შიმონ პერესი: ანტისემიტიზმი არა ებრაელების, არამედ სხვა ხალხების ავადმყოფობაა

509

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი შიმონ პერესი 5 თებერვალს დსთ-ს და ბალტიის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრებს შეხვდა. რედაქტორთა კლუბის მეშვიდე სესიას ამჯერად იერუსალიმი მასპინძლობდა.

საუბრის დასაწყისში პრეზიდენტმა პერესმა ყურადღება გაამახვილა ანტისემიტიზმზე და აღნიშნა, რომ ებრაელები ამ მოვლენის გამო მუდმივად იდევნებოდნენ და მოსახერხებელი სამიზნე იყვნენ მათთვის, ვინც ნაირგვარ ბოროტმოქმედებაში მათ დადანაშაულებას ლამობდა. ჰოლოკოსტს 6 მილიონი ებრაელი შეეწირა. მათ შორის მილიონნახევარი ბავშვი.  

„ანტისემიტიზმი არა ებრაელების, არამედ სხვა ხალხების ავადმყოფობაა. ამიტომ მისი დამარცხებისა და მკურნალობის გზები ჩვენში კი არა, სხვა ქვეყნებში უნდა ვეძიოთ. ახლა იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიც გლობალიზაციაა, თუმცა, ამასთან, არსებობს ისეთი საშინელი მოვლენაც, როგორიც რასიზმია, რომელიც გლობალიზაციას ხელს უშლის. რასიზმი მძლავრად აფერხებს გლობალურ პროცესებს. თუ ერთ ადამიანს მეორე სძულს მისი კანის ფერის, ეროვნების, რაღაც სხვა მიზეზების გამო, ეს ხელს გვიშლის ურთიერთობებში. ეს ფენომენი როდისმე დასრულდება. ევროპაში გამოჩნდა კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ძალიან გვაშფოთებს. შობადობა მკვეთრად დაეცა, არ არის საკმარისი სამუშაო ძალა. ამიტომ მუშები სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. და ახლა ევროპელებს ეს ახალჩამოსულები არ ეპიტნავებათ. ახლა ანტისემიტიზმის გარდა, არსებობს ისეთი ფართოდ გავრცელებული მოვლენაც, როგორიცაა ქსენოფობია. თუმცა, ესაა იმ ადამიანების  სიძულვილი, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის აუცილებელი არიან. ვიმედოვნებ, რომ ეს სნეულება როდისმე განიკურნება და გაქრება. ისრაელში ანტისემიტიზმი არ არსებობს. მძიმეა ანტისემიტობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა პერესმა და თავისი ოჯახის ტრაგედიაზეც ისაუბრა.

„ჩემი ოჯახის დიდი ნაწილი დაიღუპა. ბაბუაჩემი, ბებიაჩემი და მათი ვაჟი ნაცისტებმა მოკლეს. ბაბუაჩემი რაბინი იყო. დაწვეს მისი სინაგოგა და ყველა, ვინც იქ იმყოფებოდა. ეს პატარა ქალაქი იყო, სადაც ათასამდე ებრაული ოჯახი ცხოვრობდა. დაახლოებით ნახევარი გადარჩა. მეორე ნახევარი კი ცოცხლად დაწვეს სინაგოგაში. ის ადგილები ჯერ კიდევ ომამდე დავტოვე, ბაბუაჩემთან გამომშვიდობება მოვასწარი. ვაგზალზე გამაცილა და მითხრა, რომ მარტო ერთი სათხოვარი ჰქონდა: არ ვიცი, რა ბედი გეწევა, არ ვიცი რა ბედი მეწევა. გთხოვ, მუდამ ებრაელად დარჩიო. მე დავიმახსოვრე ბაბუაჩემის სიტყვები,“ – აღნიშნა ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here