Home რუბრიკები სამართალი ელენე ჩიტუაშვილი: უკვე ბრენდადქცეული წარმოება «კულა» ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა!

ელენე ჩიტუაშვილი: უკვე ბრენდადქცეული წარმოება «კულა» ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა!

1215

ელენე ჩიტუაშვილი იმ ბიზნესმენთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ უკიდურესაც დააზარალა და ახალ ხელისუფლების პერიოდშიც ვერ იპოვა სამართალი. თუ რა გადაიტანა მშვენიერმა ქალბატონმა, დედამ და მანდილოსანმა, ამაზე თვითონ გვესაუბრება:

 

_ პროფესიით იურისტი ვარ, 2006 წლამდე გორის რაიონულ სასამართლოში ვმუშაობდი სამეწარმეო და ადმინისტრაციული სამართლის დარგის წამყვან სპეციალისტად. 2006 წელს შიდა ქართლის იმჟამინდელი გუბერნატორ მიხეილ ქარელის თხოვნით, სააქციო საზოგადოება «გორკონის» დირექტორი გავხდი. ქარხანა, ფაქტობრივად, დაშლილი ჩავიბარე. მხოლოდ 27 ადამიანი მუშაობდა. დირექტორი კი ჩემამდე  ივანე გოგლიძე, მეტსახელად «კულა», გახლდათ. 

_ მიხეილ ქარელმა დირექტორის პოსტზე თქვენი კანდიდატურა რატომ შეარჩია?

_ მე და მიშა კურსელები და მეგობრები ვიყავით. მთხოვა,  მხოლოდ ორი კვირით გადავსულიყავი ქარხანაში დირექტორის მოადგილედ,  საბუღალტრო დოკუმენტაცია რომ შემესწავლა. როდესაც ივანე გოგლიძეს მოვთხოვე დოკუმენტაცია, მხოლოდ ნაწილი მომცა, დანარჩენი კი _ მისმა ბუღალტერმა. აღმოვაჩინე, რომ «გორკონის» ბაზაზე არაერთი ე. წ. შავი ფირმა იყო გახსნილი და 487-ზე მეტი აქციონერი გაკოტრების პირას იდგა. «გორკონის» ბაზაზე  შექმნილი იყო შპს «მარვანი», რომელიც 100%-იან მოგებაზე მუშაობდა. «მარვანი» იყენებდა «გორკონის» ელექტროენერგიას, დანადგარებს, საამქროებს, მუშახელს, ბუნებრივ აირს… თანაც იმავე სამუშაოებს (ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, კონცენტრანტების დამზადება და ა.შ .) ასრულებდა, რომელსაც «გორკონი», განსხვავება მხოლოდ ნაწარმოები პროდუქტის ეტიკეტებში იყო.

აღმოვაჩინე, რომ «მარვანის» ასეთმა მუშაობამ მილიონ ორასი ათასამდე ვალი დაადო «გორკონს». როგორც კი ეს დარღვევა ვიპოვე, ვანო გოგლიძეს მოვახსენე. განრისხდა, _ საიდან მოხვდა ეს დოკუმენტაცია შენს ხელშიო. როდესაც შეიტყო, რომ ამ ამბის გასაჯაროებას ვაპირებდი, მითხრა, 250 ათას დოლარს ჩაგირიცხავ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე და დარჩი ქარხანაში ჩემს მოადგილედ, ნორმალურ ხელფასს დაგინიშნავ, ოღონდ ეს ამბავი ჩვენში დარჩესო. უარი განვუცხადე და მოვთხოვე, რომ ეს 250 ათასი ლარი გამგეობისთვის გადაეცა, მაგრამ ივანე გოგლიძე მეორე დღიდან აღარ გამოჩენილა. ეს ყველაფერი მიხეილ ქარელს მოვახსენე და მითხრა, შენ უხელმძღვანელე ამ ქარხანას და რამენაირად  აამუშავეო. სამეთვალყურეო საბჭოსთან დავდე ხელშეკრულება და, საერთო ჯამში, ჩემი ჯიბიდან ქარხანაში 470 ათასი ლარი ჩავდე. დავიწყეთ მუშაობა და ძალიან მალე დასაქმებულთა რაოდენობა 27 კაციდან 300 კაცამდე ავიყვანე. პროდუქცია ძირითადად საზღვარგარეთ _ გერმანიაში, უკრაინასა და ისრაელში გაგვქონდა. მოკლედ, მიწასთან გასწორებული ქარხანა ფეხზე დავაყენეთ, მაგრამ…

2007 წელს მიშა ქარელსა და ირაკლი ოქრუაშვილს მთავრობასთან ურთიერთობა აერიათ და მოულოდნელად სრული დატვირთვით მომუშავე ქარხანაში ფინანსური პოლიცია შემოვიდა.

_ იმხანად ვინ იყო ფინანსური პოლიციის უფროსი?

_ რამაზ ნიკოლეიშვილი. თვითონ ნიკოლეიშვილი არ ჩამოსულა, სამაგიეროდ იყვნენ ირაკლი კირკიტაძე (ქვემო ქართლის იმჟამინდელი გუბერნატორის _  დავით კირკიტაძის ძმა) იმხანად ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, აგრეთვე,  მამუკა ლეჟავა (რამაზ ნიკოლეიშვილის მარჯვენა ხელი) და ა. შ. რაც მთავარია, მათ მოჰყვა ივანე გოგლიძე, იგივე კულა!

_ რა სტატუსით?

_ არ ვიცი. გამორეკეს ხალხი ქარხნიდან და ყველა საამქრო და კაბინეტი თვითონ კულამ დალუქა. იმხანად ის არც პოლიციის თანამშრომელი იყო, არც საგადასახადოს და არც პროკურატურის, მაგრამ სახელდახელოდ შეითავსა ამ უწყებების თანამშრომელთა ფუნქციები. ვიცოდი, რომ მაინც ვერაფერს მიპოვიდნენ და არ ავღელვებულვარ. ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული მქონდა. რომ ვიკითხე, რა ხდებამეთქი, გაუგონარი სიტყვებით მაგინეს და, კაბინეტში რაც იყო, ყველაფერი დალეწეს. ბოლოს მკითხეს, რა ურთიერთობა გაქვს ირაკლი ოქრუაშვილთან და მიშა ქარელთანო? ვუთხარი, ოქრუაშვილი თვალითაც არასოდეს მინახავს-მეთქი, თუმცა არ დავმალე, რომ მე და ქარელი კურსელები ვიყავით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თანამშრომლებს სცემეს, ირაკლი კირკიტაძემ ერთერთს საფერფლით გაუტეხა თავი. დაახლოებით ღამის 11-12 საათი იქნებოდა, როცა დამაპატიმრეს. გზაშივე მითხრეს, თუ არ გინდა, დაიღუპო, რასაც გეტყვით, ის დაწერეო და ფინანსურ განყოფილებაში მიმიყვანეს, სადაც 5 დღე-ღამის განმავლობაში ერთ-ერთ კაბინეტში გამომკეტეს. ამ ხნის განმავლობაში არ მიძინია და ერთი ლუკმა პურიც არ მოუწოდებიათ. ჩემი დაპატიმრებიდან მეორემესამე დღეს ტელევიზიით გამოვიდა გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია და განაცხადა, დავაკავეთ ელენე ჩიტუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილისა და ქარელის კლანს აფინანსებდაო.

_ მაინც რას მოითხოვდნენ თქვენგან?

_ უნდა დამეწერა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით ოქრუაშვილსა და ქარელს ვაფინანსებდი. ვუპასუხე, ოქრუაშვილი თვალითაც არ მყავს ნანახი-თქო და რატომ უნდა დავწერო-მეთქი? როცა მივხვდი, რომ ამხელა წნეხს ვეღარ გავუძლებდი, ვთქვი, რაც გინდათ, დამაბრალეთ, ყველაფერზე მოვაწერ ხელს-მეთქი. შინ მეუღლე და შვილები მელოდებოდნენ, უმცროსი 2 წლის იყო.

როგორც იქნა, დაწერეს ტექსტი, ანუ ჩემი «აღიარება» და მომცეს, _ დაიზეპირეო. დაახლოებით ღამის ორ საათზე სასამართლოში წამიყვანეს. მომიყვანეს ვიღაც ადვოკატი, მითხრეს, არ ჰკითხო სახელი და გვარიო, შემიყვანეს დარბაზში, სადაც მხოლოდ ივანე გოგლიძე, ფინანსური სამსახურის თანამშრომლები და პროკურორები იყვნენ. მოსამართლე კი გიორგი ჩემია გახლდათ.

ჩემს საქმეს ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნუგზარ სალია, ზედამხედველი პროკურორი გახლდათ ლევან ზაქრაძე. სწორედ მათი დაწერილი იყო სცენარი, რომელიც წამაკითხეს. გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომის მეორე დღეს მოვიდნენ ნუგზარ სალია და ლევან ზაქრაძე და მითხრეს, სასამართლოზე გადაღებული კადრები უფროსობას არ მოეწონა, ამიტომ სხვა სცენარს მოვიფიქრებთ და ხელი მოაწერეო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას დაწერდნენ, ისე ვიყავი გაწამებული, მზად ვიყავიჰ ყველაფერზე მომეწერა ხელი. მომცეს ფურცელი, რომელზეც ეწერა რომ მე, ელენე ჩიტუაშვილმა, მიწიდან ამოვთხარე და დაუდგენელი მისამართით გადავმალე 444 მეტრი სიგრძის რკინიგზის ლიანდაგი. ამ აბსურდზე გამეცინა და ვუთხარი, თანახმა ვარ, ხელი მოვაწერომეთქი. ჩემი ირონია არ მოეწონათ და დამემუქრნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, ქმარს და შვილებს საშინელებას დავმართებთო. ბოლოს გირაოდ 2 ათასი ლარი შემიფარდეს. არადა, განაჩენის მიხედვით, სახელმწიფოსთვის 34079 ლარის ზიანი მქონდა მიყენებული. 

_ ქარხანას რა ბედი ეწია?

_ ქარხანა მუშაობდა და დირექტორი ვანო გოგლიძე იყო. როგორც კი დამაპატიმრეს, იმავე დღეს დანიშნეს! მითხრეს, ვანო გოგლიძე დაგიბრუნებს იმ თანხას, რომელიც ქარხანაში ჩადე, მაგრამ ამ ფულს სხვას გადაურიცხავო. ამასობაში ვანო გოგლიძის ძმა ალიკა გოგლიძე  შიდა ქართლის სოდ-ის უფროსად დანიშნეს, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება საბოლოოდ აქციეს კოშმარად. მეუღლიდან დაწყებული, ნათესავებით დამთავრებული, ყველას იჭერდნენ და ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა არავის აპატიმრებდნენ. ფინანსურ პოლიციაში ჩემს საქმეს ვინმე გრიშა იძიებდა, გვარი არ მახსოვს. მან მითხრა,  470 ათას ლარზე, ანუ იმ თანხაზე, რაც  ქარხანაში ჩადე, სახელმწიფოსთვის ჩუქების  განცხადებას დაწერ,  სამაგიეროდ პირველ არხზე დაიწყებ მუშაობას და ხელფასი 7 ათასი ლარი გექნებაო. კატეგორიული უარი ვუთხარი.

_ ძმებ კულებს ვინ მფარველობდა?

_ ივანე მერაბიშვილი. დიახ,  «გორკონის» ბაზაზე შექმნილი უკვე ბრენდად ქცეული წარმოება «კულა» ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა.  რისი წაღებაც შეეძლოთ, ყველაფერი წაიღეს, მე და ჩემს ოჯახს ახლა საკუთარი სკამიც არ გვაქვს! გოგლიძეებმა იძულებით დაგვატოვებინეს გორი და ამჟამად ვცხოვრობთ სხვის სარდაფში! მიუხედავად ჩემ მიმართ განხორციელებული უკანონობისა, ვცდილობდი, დაკარგული ქონების ნაწილი მაინც დამებრუნებინა. ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანი ზაზა რევიშვილი _ დეპუტატი «ნაციონალური მოძრაობიდან». დამპირდა,  დაგეხმარები, კომპეტენტურ ხალხთან  მიგიყვანო.  მიმიყვანა თეა თუთბერიძესთან, რომელმაც მითხრა, ეს საქმე თუ გამოვა, 150 ათასი დოლარი უნდა გადაგვიხადოო. გავგიჟდი, _ამხელა თანხა რომ გადავიხადო, მე რაღა დამრჩება-მეთქი  და უარი ვუთხარი.

_ ახლა რას აპირებთ?

_ შეტანილი მაქვს განცხადება პროკურატურაში, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. რაც მთავარია, ახლახან დამიკავშირდა ერთი ადამიანი, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით შეგნებულად არ ვახმაურებ და მითხრა, ტყუილად წვალობ, კულებს ახლა ამ ხელისუფლებიდან მფარველობენ და შენს ბრძოლას აზრი არ აქვსო. მე დასაკარგი არაფერი მაქვს, ასე რომ, არაფერს შევეგუები და სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.

_ ძმები კულები სად არიან?

_ ალიკა გოგლიძე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა,  ივანე გოგლიძემ მას შემდეგ, რაც შევიდა სს «გორკონში», 1 მლნ-ზე მეტი პროდუქცია მიითვისა, ჩამოაყალიბა შპს «კულა» და იქ გადაქაჩა ჩვენი შექმნილი პროდუქცია,  შეუცვალა ეტიკეტი და მიაწერა «კულა». ჩემი ფული, ქონება _ ყველაფერი მან მიითვისა!..

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here