Home რუბრიკები საზოგადოება ნუგზარ სულაშვილი: ევროპაში არათუ ემიგრანტები, საკუთარი მოქალაქეები ჰყავთ დაუსაქმებელი

ნუგზარ სულაშვილი: ევროპაში არათუ ემიგრანტები, საკუთარი მოქალაქეები ჰყავთ დაუსაქმებელი

3100

ქართველმა ემიგრანტმა ნუგზარ სულაშვილმა საქართველო ცხრა წლის წინ იძულებით დატოვა. დღეს ის საქართველოსაფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ქალაქ ბერჟერაკის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ევროპის ტრანსნაციონალური კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის ექსპერტკონსულტანტია. ახლახან, 9 წლის შემდეგ, ნუგზარ სულაშვილი პირველად ჩამოვიდა საქართველოში. როგორია ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო და რა შეიცვალა ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში, ამის თაობაზე ნუგზარ სულაშვილი  თავის შთაბეჭდილებებს «საქართველო და მსოფლიოს» უზიარებს.

 

_ ბატონო ნუგზარ, თქვენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურს ხელმძღვანელობდით, მაგრამ 2004 წელს იძულებული გახდით, ქვეყანა დაგეტოვებინათ. რა მოხდა მაშინ?

_ იმ პერიოდში ტრეფიკინგის შემთხვევები საქართველოში ძალიან ხშირი იყო, ე. წ. საქონელს (ასე ეწოდება იურიდიული ტერმინოლოგიით), ძირითადად, იღებდნენ ქვეყნები: აშშ, საბერძნეთი და თურქეთი. იმ პერიოდში ბევრი იყო ბავშვთა ტრეფიკინგის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახალშობილთა გაყვანის ფაქტები.

_ ეს ბავშვები გაშვილების მიზნით გაჰყავდათ თუ დანაშაულის კვალმა მათი ორგანოებით ვაჭრობამდე მიგიყვანათ?

_ ოფიციალურად ეს ბავშვები გაშვილების მიზნით გაჰყავდათ, მაგრამ, როცა დეტალურად გავეცანით ინფორმაციას, გამოიკვეთა, რომ ამ ბავშვების შესახებ, რომლებიც ვითომდა გაშვილების მიზნით გაიყვანეს ქვეყნიდან, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია არ ფორმდებოდა და ჩვენ საშუალება არ გვქონდა, მათი შემდგომი ბედი გამოგვეკვლია, რადგან ამ ბავშვების კვალი ქრებოდა. ბავშვთა ტრეფიკინგის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია პროსტიტუციაში ქალთა იძულებით ჩაბმის ფაქტები, რომელთაც საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობდა არამხოლოდ შსს და უშიშროება, არამედ პარლამენტის რამდენიმე წევრიც, რომლებიც დამნაშავეთა ჯგუფებს მფარველობდნენ. ეს ინფორმაცია კონფიდენციალური იყო, ამიტომ არ შეიძლებოდა იმ პერიოდში მათი ვინაობის დასახელება. ამას სჭირდებოდა სერიოზული გამოძიება, რომელსაც იმ პერიოდში შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობაც ართულებდა. ძირითადი ინფორმაცია, რომელიც თავს იყრიდა ჩვენთან, შემდგომი გადამოწმებისა და გამოძიების მიზნით ეგზავნებოდა შსს-ს, უშიშროების სამინისტროსა და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელსაც იმხანად როლანდ გილიგაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა არც ერთი საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

თვითონ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები ხშირად ხდებოდნენ მაფიოზური კლანების ძალადობის მსხვერპლნი. ჩემს ოჯახზეც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. სამი საათის განმავლობაში მძევლად ვყავდითპოლიციამ მხოლოდ ერთი დამნაშავის დაკავება მოახერხა და საინტერესოა, რომ ეს ადამიანი, ვინმე კუტალაძე, პოლიციის მაიორი აღმოჩნდა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც, მაგრამ 2 თვეში საქმე დაიხურა და შს სამინისტროს არქივებიდანაც გაქრა. ეს კუტალაძე არც დაუკავებიათ. ამის შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გაასაჯაროა რამდენიმე დეპუტატის ვინაობა. მახსოვს, ერთ-ერთი, ვინმე ოთარ ღორჯომელაძე, «აღორძინების» გუნდიდან იყო და ვფიქრობ, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი, «გაიმეტეს» და დაასახელეს მისი ვინაობა.

_ თუმცა თქვენ ქვეყნის დატოვება მოგიწიათ 2004 წელს. როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში უკვე ახალი გუნდი მოვიდა, ვითარება მაინც არ შეიცვალა?

_ საქმეც ის არის, რომ ზუსტად 2004 წელს მოხდა ჩემი 10 წლის ქალიშვილის გატაცების მცდელობა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ეს საქმეც თვე-ნახევარში გააქრეს. ჩემი ბევრი ახლობელი იყო ხელისუფლებაში, თუნდაც ვანო მერაბიშვილი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვთანამშრომლობდი კიდეც, როდესაც ის მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის წევრი გახლდათ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, იმდროინდელმა სახალხო დამცველმა, გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინეს. ჩემი ოჯახი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან ჩემი წასვლის შემდეგ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომაც შეწყვიტა საქმიანობა.

_ დღეს საქართველოსაფრანგეთის თანამეგობრობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხართ. ვიცი, რომ ურთიერთობა გაქვთ ქართველ ემიგრანტებთან. რა პრობლემები აქვთ და როგორ ირჩენენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები თავს?

_ ევროპასა და ამერიკაში ქართული ემიგრაცია ძალიან სუსტია. აღსანიშნავია, რომ, როდესაც ქართველები საკუთარ ქვეყანას ტოვებენ, არ არიან მოტივირებულები, უცხო ქვეყანაში თავი დაიმკვიდრონ. მათი მიზანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა გზით, ძირითადად, ქურდობით ან პატიოსანი შრომით, რისი საშუალებაც მიეცემათ, ორიოდე კაპიკი მოაგროვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ. თუმცა ემიგრაციაში ისე სწრაფად გადის დრო, რომ ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველაზე ქმედუნარიან ეტაპს უცხოეთში ატარებენ.

ემიგრანტების ძირითად ნაწილს, 90-95%-ს, უხდება ყველაზე «შავი სამუშაოს» შესრულება. სწორედ ეს არალეგალები არიან ყველაზე მეტად დაუცველები, თუნდაც ჯანმრთლობის მხრივ. ბევრი ქართველი ემიგრანტი ძალიან იოლად განკურნებადი დაავადებებით იღუპება. მაგალითად, ბევრჯერ მომხდარა, რომ ბრმა ნაწლავი ასტკივებია ადამიანს, მაგრამ იმის გამო, რომ არ ჰქონდა ფინანსური საშუალება, ექიმთან მისულიყო ან არალეგალობის გამო სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, დაიღუპა.

_ საფრანგეთმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია და პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდება. შესაბამისად, ქართველები პოლიტიკურ თავშესაფარს საფრანგეთში ვეღარ მიიღებენ. რამ გამოიწვია საფრანგეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება?

_ ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესმა გამოიწვია, ვინაიდან, თუ ქვეყანაში კოჰაბიტაციაა, გამოდის, რომ პოლიტიკური ნიშნითაც არავინ იდევნება, თუმცა გამონაკლისის დაშვება ყოველთვის ხდება.

_ საქართველოში საზოგადოების ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანების  დიდი მოლოდინი აქვს, განსაკუთრებით ეს სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებას ეხება. ბევრი იმედოვნებს, რომ თავისუფლად შეძლებს ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას, მაგრამ რას მიიღებს ამით რიგითი ქართველი? ევროპას თავისი გასჭირვებია და სამუშაო ადგილების პრობლემაც აქვს

_ ევროკავშირში გაწევრიანება ისე მარტივი არ არის, როგორც ზოგიერთს ჰგონია. მეღიმებოდა ხოლმე იმ განცხადებებზე, რომელთაც პარაფირების ხელშეკრულების შესახებ თუნდაც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენდი. მგონი, ზოგიერთმა წარმოიდგინა, რომ უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიყავით.

ევროპას სერიოზული კრიზისი აქვს შრომის ბაზარზე და საკმაოდ ბევრი დაუსაქმებელი ჰყავს; განსაკუთრებით ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, სადაც შრომითი მიგრაცია ყველაზე მაღალი იყო. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებმა სერიოზული ეკონომიკური კრიზისი განიცადეს და ევროპაში არათუ ემიგრანტები, საკუთარი მოქალაქეები ჰყავთ დაუსაქმებელი. რა თქმა უნდა, რაღაც დოზით შეღავათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნიდან გასვლა და ვიზების მიღება რომ არ გაურთულდებათ, მაგრამ იმის ილუზია, რომ საქართველოდან უცხოეთში წასულთაგან ბევრი მოახერხებს დასაქმებას, არ უნდა გვქონდეს. ემიგრანტები, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ ევროპაში, წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ მუშაობას. მაგალითად, ადრე თუ ევროპელი მშენებლობაზე ან შავ სამუშაოზე უარს ამბობდა, დღეს ამაზეც თანახმაა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here