Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ქვეყანას სააკაშვილი კი არა, «თავისუფლების ინსტიტუტი» მართავდა

სოსო ცინცაძე: ქვეყანას სააკაშვილი კი არა, «თავისუფლების ინსტიტუტი» მართავდა

668

საქართველოს პრემიერმინისტრის ქართველ ექსპერტებთან შეხვედრას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს ყველაფერი დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად, ნაწილმა კი ექსპერტების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. აღნიშნული შეხვედრისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრება.

 

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებული ტონი შეარჩია პრემიერმა ექსპერტებთან საუბრისას, როდესაც მათ დაჟინებით სთხოვდა საკუთარი სიტყვების დასაბუთებას? მაგალითად, ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ «ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის არჩეულ პირველ პირს ექსპერტების მსგავსი განკითხვა ძალიან ძვირი დაუჯდებოდა»…

_ თითქოს უკვე ბიბლიურ ჭეშმარიტებასავითაა დადგენილი, როგორი ფორმატის უნდა იყოს პრემიერთან შეხვედრა და, როდესაც ნორმიდან გადახვევას ვაწყდებით, ვაპროტესტებთ. მე ასეთი შეხვედრის ფორმატი უფრო მომწონს და, რომ მცოდნოდა, ასე ჩაივლიდა შეხვედრა, აუცილებლად მივიდოდი. არ წავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს შეხვედრაც ძველებურად ჩაივლიდა.

_ რატომ ვერ დაიცვეს საკუთარი პოზიცია უფრო მკაფიოდ და გამოჩნდნენ თუ არა სუსტები ქართველი ექსპერტები?

_ იქ ერთი ექსპერტი იყო _ ბიძინა ივანიშვილი. ექსპერტებს დამაჯერებელი არგუმენტები არ ჰქონდათ. მაგალითად, კახა კახიშვილმა იცის, რასაც ლაპარაკობს. იურისტია, ყოფილი პროკურორია და კარგად ერკვევა ვითარებაში. ამიტომაც პრემიერს კახასთვის არ უთქვამს, რასაც წერ, ტყუილიაო.

_ რამდენად დროული და მართებული იყო პრემიერის მხრიდან ზურაბ ადეიშვილის ქება? გამოდის, რომ ადეიშვილი მხოლოდ სისტემის მსხვერპლი იყო და კარგი ხელისუფალის პირობებში მშვენივრად იმუშავებდა. სააკაშვილმაც მოუხადა ორი დღის წინ ბოდიში ქართველ ხალხს და როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, ყველას ყველაფერი აპატიოს?

_ ჩვენი ყურისთვის ცოტა უცნაურად მოსასმენია, როცა ივანიშვილი ადეიშვილს აქებს. მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ ადეიშვილს მიიღებდა სამსახურში და მის ხელში კარგი კადრი იქნებოდა. ადეიშვილი იყო ბრწინვალე მენეჯერი და ნებისმიერი დავალების შემსრულებელი. ამიტომ ასრულებდა სააკაშვილის დავალებებს, ის არ იყო რევოლუციონერი, რომ ბარიკადებზე ასულიყო.

ხშირად ვწერ ახალი ხელისუფლების მხრიდან შურისძიებაზე. რასაკვირველია, დანაშაული ბევრმა ჩაიდინა, მაგრამ არ იჭერენ, იმიტომ, რომ ვერ დაუმტკიცებენ. არაფერს გეუბნებათ ახალაიასა და მერაბიშვილის პროცესი? ამ 9 წელიწადში პროკურორებმაც მტკიცებულებების მოპოვების უნარი დაკარგეს, რადგან განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოჰქონდათ. აქ კიდევ მეორე ფაქტორია, ამ დაჭერებს დასავლეთი აპროტესტებს.

_ რატომ არ აძლევს ხელისუფლებას დასავლეთი სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯის უფლებას?

_ ვფიქრობ, ამერიკაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოში ორპარტიული სისტემა დამკვიდრდეს. ერთი იქნება სახელისუფლო «ქართული ოცნება» და მეორე _ «ნაციონალური მოძრაობა». მესამე პარტიისთვის ადგილი არ რჩება. 3-4 თვის წინ უსუფაშვილმა ამერიკაში ყოფნისას განცხადა, ჩვენი მიზანია, «ნაციონალური მოძრაობა» გადავარჩინოთო. ორი კვირის წინ კი ალასანიამ თქვა, «ნაციონალებმა» რაც კარგი გააკეთეს, არ უარვყოფთ და ჩვენც გავაგრძელებთო. თუნდაც NDI-ის გამოკითხვები ამტკიცებს, რომ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ, თორემ ვის სჯერა, რომ «ნაციონალები» ნინო ბურჯანაძეზე ორჯერ უფრო პოპულარულები არიან და უფრო მეტად უყვართ? ქუჩაში ხშირად მესაუბრებიან მოქალაქეები და, როდესაც მათ ვეკითხები, მხარს ვის უჭერენ, ყოველი ათიდან 8 ბურჯანაძეს და ორი-სამი ბაქრაძეს ასახელებს. არც ერთი მარგველაშვილს არ ამბობს. იმიტომ არა, რომ ცუდი კაცია, არა, მაგრამ პრეზიდენტად არ ვარგა, იმიტომ, რომ ნეტარმორწმუნე იდეალისტია. საზოგადოებას აჩვევენ, რომ პირველ ადგილზე მარგველაშვილი გავა, მეორეზე _ ბაქრაძე.

_ რატომ გახდა ამ არჩევნებში მეორე ადგილის მოპოვება ასე მნიშვნელოვანი?

_ იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება. აქვე აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გაყალბება არ მიმაჩნია უსამართლობად. უსამართლობაა, როცა მარგველაშვილი კახელ მევენახეებს ხვდება და მის გვერდზე სოფლის მეურნეობის მინისტრი დგას. მარგველაშვილს მეორე ტურში ბაქრაძესთან პაექრობა აძლევს ხელს, რადგან ბაქრაძე უფრო ადვილი დასამარცხებელია, საკმარისია, მას ბოლო 9 წელი გაუხსენონ…

_ ამ ლოგიკით, ნინო ბურჯანაძესაც ხომ შეიძლება წარსული გაუხსენონ?

_ რასაკვირველია, მაგრამ ასეთი ყველას შეიძლება გაუხსენო, მათ შორის, მარგველაშვილსაც, თუნდაც «თავისუფლების ინსტიტუტში» მუშობა. მე სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და კარგად ვიცი, რაც იყო «თავისუფლების ინსტიტუტი». ერთ-ერთ შეხვედრაზე ლევან რამიშვილმა, რასაც ჰქვია, დაკითხვა მოუწყო სააკაშვილს. ყველაფერი იქ წყდებოდა, ქვეყანას პრემიერი ჟვანია ან პრეზიდენტი სააკაშვილი კი არა, «თავისუფლების ინსტიტუტი» მართავდა.

_ სად წავა სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და აქვს თუ არა მას გარკვეული გარანტიები მიღებული ხელისუფლებისგან?

_ ობამასა და სააკაშვილის შეხვედრა, გამორიცხულია, შემთხვევით მომხდარიყო. ობამასთან მისი შეხვედრა იყო ინდულგენცია. როდესაც ობამამ ჰკითხა სააკაშვილს, რას აპირებთ პრეზიდენტობის შემდეგო, ამით ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ირაკლი ალასანიას ყველაზე კარგ მინისტრად დასახელებაც არ ყოფილა შემთხვევითი. სამომავლოდ ამერიკელების სარეზერვო ფიგურა ირაკლი ალასანიაა.

_ მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლას როგორ შეაფასებთ, სადაც მან საერთაშორისო საზოგადოებას ანექსიის დასასრულებლად დახმარება სთხოვა. რა შედეგს გამოიღებს ეს თხოვნა?

_ სააკაშვილის ადრესატი ამ შემთხვევაში არც თბილისია და არც მოსკოვი, მისი ადრესატი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის ოპოზიცია. ის თავს უკვე რეგიონულ ოპოზიციონერ ლიდერად ხედავს. არ არის გამორიცხული, ესეც ამერიკასთან შეთანხმებული იყოს, რათა სააკაშვილი საერთო სამხრეთკავკასიურ ოპოზიციურ ლიდერად მოგვევლინოს.

არც ამერიკა და არც ევროპა ჩვენ გამო რუსეთთან კონფლიქტს არ დაიწყებს. დღევანდელი პოლიტიკით ვერც ნატოში შევალთ და ვერც რუსეთს შევურიგდებით. ჩვენ თავად უნდა გავაანალიზოთ, რა კომპრომისზე შეგვიძლია რუსეთთან წავიდეთ.

ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რუსეთი ამბობს, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნატო. ცოტა ხნის წინ ფინეთში მედვედევმა თქვა, რუსეთი ყველა ზომას მიიღებს, რომ თავის უახლოეს პერიმეტრში ნატოს წევრი არავინ გახდესო. საქართველოს საგარეო კურსი კი დღეს როგორია? როდემდე უნდა ვიყოთ გაურკვეველ მდგომარეობაში? თქვა ივანიშვილმა, შევისწავლოთ ევრაზიული კავშირი რა არის, თუ კარგია, რატომაც არაო და ერთი ამბავი ატეხეს. აქამდე ევრაზიის კავშირი ტაბუირებული იყო, მისი ხსენებაც კი _ აკრძალული. დღეს რას მოუტანს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება და როგორი იქნება ეს კავშირი, არავინ იცის. საკითხი შესასწავლია. ნატოში გაწევრიანების შანსი კი საქართველოს ორ შემთხვევაში აქვს: თუ ნატო ნატო აღარ იქნება და რუსეთი რუსეთი აღარ იქნება. სხვა შემთხვევაში შანსი არ აქვს.

_ ახალ ხელისუფლებას ხშირად უწუნებენ რიტორიკას რუსეთთან დაკავშირებით, თუნდაც ახლა, როდესაც დვანში ჩვენი ტერიტორია თანდათან მცირდება, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

_ დაუკვირდით: უცნაურია, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, როცა სააკაშვილი პუტინს აგინებდა, მავთუხლართების გადმოწევა დვანში არავის გახსენებია, რატომღაც ეს ახლა ხდება, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა. პუტინი თავს მოტყუებულად მიიჩნევს რაღაცაში, არ ვიცი, რაში. პუტინს არ გაუმართლა მოლოდინი ივანიშვილმა. მე მოსკოვში ვიყავი, როცა სააკაშვილი პირველად შეხვდა პუტინს და მახსოვს, მთელი რუსული პრესა სააკაშვილით აღფრთოვანებული იყო, ჩამოვიდა საქართველოში და 20 დღის მერე ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინი ამბობს გასაოცარ ფრაზას: მიშამ «გადაგვაგდოო». როგორც ჩანს, აქ რომ ჩამოვიდა, ვიღაცებმა, არ ვიცი გარე თუ შიდა ძალებმა, «ყური აუწიეს» და უთხრეს, რომ ქვეყნის მთავარი კურსი პროდასავლურიაო. გადახედეთ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში ბიძინა ივანიშვილიც რა ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მისი ევროპაში ვიზიტის შემდეგ ბიძინაც სულ ევროპულ გზას ახსენებს. შედეგიც ეს მავთულხლართებია. დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთ გამოსავალს ვხედავ _ ივანიშვილი პუტინს უნდა შეხვდეს, დიახ, ივანიშვილი და არა მისი მემკვიდრე, რომელსაც რუსები არ ენდობიან.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here