Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილი უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე

ივანიშვილი უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე

642

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ფილოსოფოსმა დავით თევზაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გაუგებარი ტერმინი კოაბიტაცია დასრულდება «ქართული ოცნებისა» და «ნაციონალების» ერთმანეთთან შერწყმით. თევზაძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილს აღარ აქვს უფლება, იწოდებოდეს ფილოსოფოსად მას შემდეგ, რაც დათანხმდა პრეზიდენტობის კანდიდატობას. «საქართველო და მსოფლიოს» თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ესაუბრება.

 

_ ბატონო დავით, ივანიშვილი ევროპის გააოცებას აპირებდა დემოკრატიითრა უნდა შეიცვალოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს?

_ რა თქმა უნდა, გაოცდება ევროპა… (იცინის) არჩევნები სამართლიანად კი არა, წესიერად რომ ჩატარდეს, ალბათ, უპირველესად, კანონმდებლობა და ის ადამიანები უნდა შეიცვალონ, რომლებიც ამ კანონმდებლობას აღასრულებენ, საარჩევნო კანონმდებლობა მაქვს მხედველობაში. გარდა ამისა, ამომრჩევლები არჩევნების წინ ცდილობენ, პირადი კეთილდღეობა მოიწყონ კანდიდატების ხარჯზე, ანუ იმდენად არის გასაცოდავებული ამომრჩეველი, რომ შეუძლია თავისი ხმა ნებისმიერ დაპირებაში გაცვალოს. და თუ საზოგადოება არ შეიცვლის ცხოვრების ნირსა და წესს, თუ იქნება ვიღაცის ხელისშემყურე, სამსახურის, პურის ფულის და .. მანამდე სულ ასე იქნება. ძლიერი საზოგადოება, უპირველესად, ის საზოგადოებაა, რომელსაც სერიოზული განცდა აქვს საკუთრების, ჩვენთან კი ეს განცდა ერთეულებს აქვთ.

_ ფილოსოფოსი ბრძანდებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი იქნება ფილოსოფოსი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად?

_ იცით რა, მარგველაშვილმა ფილოსოფიას იმ წუთიდან დაანება თავი, რა წუთიდანაც თანხმობა განაცხადა ამ მარათონში მონაწილეობაზე. ასე რომ, ფილოსოფოს მარგველაშვილზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ვისაუბროთ კანდიდატ მარგველაშვილზე. მე არ ვიცი, რა უნარი შეიძლება გამოამჟღავნოს მან მომავალში, მაგრამ იმ მონაცემებით, რომლებზეც მსჯელობის საშუალებას მისი ბიოგრაფია იძლევა, მარგველაშვილი არის ყველაზე სუსტი კანდიდატი, რეალური კანდიდატები მყავს მხედველობაში. არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პოლიტიკური ბიოგრაფია გაცილებით უფრო მდიდარია და, შესაბამისად, გამოცდილებაც. ასე რომ, დღეს არანაირი პირობა არ ჩანს იმისა, ადამიანმა იფიქროს, რომ მარგველაშვილი იქნება საუკეთესო არჩევანი ამომრჩევლისთვის.

_ მარგველაშვილი არჩევნების შემდეგ კოაბიტაციის დასრულებას დაგვპირდა, რაში გამოიხატება კოაბიტაციის დასრულება? ახალ სახელს ხომ არ დაარქმევენ ამას, მაგალითად, ქვეყნის აღმშენებლობას და ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი?

_ როგორ და რა იქნება, მოდით, მომავალს დავუტოვოთ. რაც შეეხება კოაბიტაციას, კარგად ვერ გავიგე, რაში მდგომარეობს და მისი დასრულება რას ნიშნავს, ცოტა ბუნდოვნად მესახება, თუკი პოლიტიკური სპექტრი დარჩა იგივე. სხვა სიტყვებით, პარლამენტი და მთავრობა, როგორიც დღესაა, და პრეზიდენტი, როგორიც იქნება მარგველაშვილი, თუ ის გახდა პრეზიდენტი, კოაბიტაციას ვერ დაასრულებენ, ვინაიდან გაუგებარია, რა შეიცვლება ამით. იცით, ძალიან მიჭირს გაუგებარი ტერმინებით ოპერირება. თუ ამიხსნის მარგველაშვილი, რაში მდგომარეობდა კოაბიტაცია და მეტყვის რაღაც განსხვავებულს იმისგან, რასაც ჩვენ ვუყურებთ, და მერე კარგად ამიხსნის, ამის დასრულება რას ნიშნავს, ალბათ, შემდეგ უფრო გამიადვილდება მსჯელობა. ეს არის ბუნდოვანი ტერმინების ბუნდოვანი გამოყენება. ასე რომ, ამაზე პასუხის მოცემა გამიჭირდება.

_ ივანიშვილის  პოლიტიკიდან წასვლას როგორ აფასებთსაინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს მას

_ მე უკიდურესად უარყოფითად ვიყავი განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ვთვლიდი, რომ მას წასვლის არანაირი უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა მთლიანად მასზე იყო ჩამოკიდებული. რაც უნდა ძლიერი ფიგურები ჰყოლოდა მას გუნდში, რომლებიც მან თავისთვის შეარჩია, იმ ფიგურებს არაფერი განუსაზღვრავთ, ანუ პარლამენტიც და მთავრობაც არის მისი ნდობის ხარისხის დემონსტრირება. ასეთ დროს შენ გაქვს ვალდებულებები, რომლებიც არ შეიძლება მოგწყინდეს და არ შეიძლება, რომ რაღაც მომენტში არ მოგეწონოს. ამიტომ წასვლას მე აღვიქვამდი არასწორ ნაბიჯად, მაგრამ იმ .. შეხვედრამ ექსპერტებთან გამიჩინა განცდა, რომ, რაც მალე წავა პოლიტიკიდან ივანიშვილი, მით უკეთესი იქნება. დიახ, ასეა. გამოიკვეთა, რომ ადამიანს არ შეუძლია კრიტიკის მოსმენა, გამოიკვეთა, რომ ადამიანთან არგუმენტი არ ჭრის, გამოიკვეთა, რომ კრიტიკას ის აღიქვამს, როგორც პირად წყენას. ეტყობა, აკლია ეს გამოცდილება და იმიტომ აღიქვამს ასე მტკივნეულად. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ, უსინდისო ვიყო, პირადად რა ცილისწამებაც შემხვდა ცხოვრებაში, ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა ავიტანე. ქვეყანას პირს ვერ აუკრავ და აზრის გამოთქმას ვერავის აუკრძალავ. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა ამ შეხვედრიდან და ვიფიქრე, რომ, ალბათ, მისი გადაწყვეტილება, რომ ის უნდა წავიდეს, მართლაც სწორი გადაწყვეტილებაა. დიახ, ივანიშვილი უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ გარანტიით, რომ თავისი დანატოვარით მანიპულირებას არ დაიწყებს გარედან, რადგან მაშინ მეორე უბედურება მოხდება _ საერთოდ ავცდებით სახელმწიფოებრივი განვითარების გზას. არ ვიცი, მას ვინ, როგორ მიუტანს ამ ინტერვიუს და სად დამიპირებენ «დაბარებას», მაგრამ ეს არის ჩემი მოსაზრება, რომელსაც ხმამაღლა ვამბობ.

_ ვინ უნდა დაგიბაროთ, თუმცა არც არის გამორიცხულიკარგია, რომ ცოტა გავმხიარულდით, ახლა კი ისევ ივანიშვილს დავუბრუნდეთ, ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მან ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდაო, ეთანხმებით?

_ ბუნებრივია, მოჭრის. იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც იქ ისხდნენ, მე ძალიან ახლოს ვიცნობ და ვიცი მათი წესიერების ხარისხიც და მათი აზროვნების შესაძლებლობებიცა და ფარგლებიც: ვიმეორებ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი, უპირველესად, საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი.

ივანიშვილმა (თუ წავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან) არ უნდა დაასახელოს პრემიერის კანდიდატურა, რადგან გადადგომის შემდეგ მისი საქმე აბსოლუტურად არ არის, ვინ იქნება პრემიერი. მან შეიძლება აზრი გამოთქვას, რომ ეს აჯობებსო, მაგრამ მას შეიძლება ისევე შეეშალოს, როგორც შეეშალა  მარგველაშვილის შემთხვევაში. ასევე საინტერესოა, რატომ მიდის თანამდებობიდან? შეიძლება თავის გარემოცვას გაურბის, შეიძლება რაღაც ისეთი პრობლემები დაინახა, რომლებსაც ვერ ჭრის, შეიძლება წნეხს ვერ უძლებს, გნებავთ, საგარეო პოლიტიკურს. კოაბიტაციას მაძალებენო, რომ აცხადებს, აი, ეს არ უნდა თქვას, აძალებენ და ნუ დაიძალებს!

მოკლედ, რთული სათქმელია, რატომ მიდის. ივანიშვილმა თუ დატოვა პარლამენტის ის კონფიგურაცია, რომელიც დღეს არის, მთლიანად კარგავს ლეგიტიმურობას, ხოლო ახალი არჩევნების შემთხვევაში ისინი, ვისაც ჰგონია, რომ პარლამენტში, ასე ვთქვათ, თვითონ არის ლოკომოტივი, შეიძლება პარლამენტს გარეთ აღმოჩნდნენ საერთოდ. ამიტომ, რა თქმა უნდა, კოაბიტაციის დასასრული თუ იქნა იმდაგვარი, როგორსაც მარგველაშვილი გვპირდება, ეს არ შეეხება პარლამენტს. კოაბიტაცია დასრულდება იმით, რომ, უბრალოდ, ყველა შეერწყმება ერთმანეთს. ამას წინათ ვიღაცამ იხუმრა _ კოაბიტაცია დამთავრებულია, ყველა ერთმანეთს ჩაეხუტაო. თავად კოალიცია, როგორც ჩანს, შემდეგ არჩევნებამდე ვერ მიატანს. ყველა ეცდება, იმ ნავში გადაჯდეს, რომელიც უფრო აჩენს ტივტივის უნარს. ფაქტია, ეს უკვე იძირება. ნავიც და გემიც თვითონ ბიძინა იყო, ივანიშვილი, ერთი კაცი.

სააკაშვილმა განაცხადა: საპასუხო ცეცხლი 2008 წელს რომ არ გაგვეხსნა, იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით, რომელშიც შევარდნაძე აღმოჩნდა 1998 წელს გალში», როგორც შევარდნაძის თავდაცვის მინისტრს, გეკითხებით: შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება?

_ გალის ამბები სააკაშვილმა ან არ იცის, ან იცის რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე მე მგონია. გალში არც ერთი სამოქალაქო პირი არ დაზიანებულა, ყველას გამოყვანა მოხერხდა და არც ახალი ტერიტორიული დანაკარგები მიგვიღია. არ მინდა ამ თემის გაშლა, იმიტომ, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა და როგორ იყო. რაც შეეხება 2008 წელს, დღეს ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად განმუხტვადი იყო სიტუაცია. ვიმეორებ: სიტუაცია იყო განმუხტვადი, უბრალოდ, არანაირი პოლიტიკური ნება ამ განმუხტვის არ არსებობდა. გადმოალაგეთ იაკობაშვილის ინტერვიუები, გადახედეთ, როგორი რიტორიკა მიდიოდა. დავანებოთ სააკაშვილს თავი, რეინტეგრაციის მინისტრი იმუქრებოდა ომით, ანუ იმით, რაც მისი საქმე საერთოდ არ იყო. როდესაც შენ არ გესმის, მაშინ უნდა გყავდეს გვერდით ვიღაც სხვა ისეთი, რომელსაც ესმის და რომელსაც დაუჯერებ. ასეთი არ ჰყავდა სააკაშვილს არავინ. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რა არის ამაში სატრაბახო, დღემდე არ მესმის.

_ . . სასაზღვრო ზოლზე მავთულხლართების გადმოწევაზე რას იტყვით?

_ ჩვენ არ ვიცით, ზუსტად სად გადაიწია და სად გადმოიწია. შეიძლება ავლებენ იმ პერიმეტრზე, რომელიც ძველ რუკებზეა დატანილი, როგორც ადმინისტრაციული საზღვარი. ბუნებრივია, არ არის კარგი სიტუაცია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს იყოს გარკვეულწილად აგრესიის გამოვლენა. იცით, რაშია საქმე? მე თუ ვაპირებ აგრესიას, მავთულხლართს, პირიქით, მოვხსნი, რადგან ის ჩემს აგრესიას ზღვარს უდებს და დაბრკოლებას ქმნის. სხვათა შორის, მე ოსების ადგილზე უფრო ვიდარდებდი ამ მავთულხლართებზე, მათ ესპობათ გადაადგილების საშუალება, რომ რაღაც ურთიერთობა მაინც იქონიონ. არ მინდა, ამ მოვლენებიდან უფრო დრამატული რაღაცები გამოვიდეს, ვიდრე არის.  ჩვენ თუ გვაქვს შნო იმისა, რომ არ დავადგმევინოთ და შნო იმისა, რომ ის დადგამს და მე მოვხსნი, მაშინ სხვა საკითხია. ხოლო როდესაც ამის შნო არ გაქვს, როდესაც, მხოლოდ დგახარ, უყურებ, აღრიცხავ, ხმაურობ და სხვა არაფერი, მაშინ, უბრალოდ, უნდა მიიღო ეს. 

_ დაბოლოს, სად ხედავთ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს: დააკავებენ თუ, მისი თქმის არ იყოს, ბიბლიოთეკას გახსნის? აქვე გაეროს ასამბლეაზე მისი გამოსვლაც შეაფასეთ

_ მისი გამოსვლისთვის არ მომისმენია, რადგან ჩემთვის მისი ლეგიტიმაცია დაახლოებით 11 თვის წინ დამთავრდა, მე, პირადად მისთვის ხელახალი ლეგიტიმაცია არ მიმიცია, ისევე, როგორც ქართველების უმრავლესობას. პარლამენტმა თავის ჭკუით განსაზღვრა და კი, ბატონო, პარლამენტმა უსმინოს, მე რა შუაში ვარ. შევარდნაძეს 11 თვე ჰქონდა თავისი ლეგიტიმური ვადის და ის არ აცალეს, ამას კი 11 თვე მისცეს სხვისი საპრეზიდენტო ვადიდან. მთავარია, თავად სად ხედავს თავის პოლიტიკურ მომავალს… დააკავებენ? არ ვიცი, გააჩნია, ოქტომბრის ბოლომდე რას მოილაპარაკებენ და ამას არც მე მკითხავს არავინ, არც თქვენ და, მით უმეტეს, არც საზოგადოებას. 

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

5 COMMENTS

  1. ბატონო დავით ყოველთვის როდესაც თქვენთვის მომისმენია ძალიან მოქნილად და ღრმად ახერხებთ აზრის ჩამოყალიბებას. მაგრამ ამ შემთხვევში ვერ ვიზიარებ თქვენს შეხედულებას. არ არის ჩემი აზრით ბატონი ბიძინა საკუთარი თავისაგან გადასარჩენი იგი ამას ვერც შეძლებს და არც უღირს. სხვა საქმეა თუ გილისხმობთ მისი ავტორიტეტის დაზიანებას. მისი ავტორიტეტი ჩვენ უფრო გვჭირდება გაცილებით მეტად ვიდრე მას. ვთქვათ დაკარგა ავტორიტეტი რა გაგვიჭირდება და ვერ მოვუხერხებთ თუ რა? (თქვენს თავზე არ გაქვთ გამოცდილი ჩვენს საზოგადოებაში ჭორებისა და რეალობის ერთმანეთისაგან გამორჩევის სურვილიც რომ არ შეინიშნება?) თუ პრემიერი აქ თავის ავტორიტეტს რისკავს, რისკის სფასურად არ ღირს, რომ ამ ერში კაცმა იკაცოს და ქალმა იქალოს? არ ღირს, რომ კაცმა და ქალმა ჭორაობა შეწყვიტოს? რა მოხდება მაშინ თუ ამ ავტორიტეტს გაფნანგავს? მან ეს გარკვევით თქვა, რომ იძულებული გახდება აღარ სეგვახსენოს თავისი ეხედულებები და შემდეგ ამას რა მოჰყვება? როგორც მანამდე არ ჩანდა ისე ვერარ ვიხილავთ. ჩვენ რა შეგვრჩება მთელ ერს ხელში? ალბათ ჩვენი გაგაბით ისევ ჭორიკანა დემოკრატია და ქაოსი მერე ნახეთ თქვენ. ჩვენ უფრო ბევრს ვკარგავთ ამით ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მას ეს ძალიან ეტკინება, მაგრამ ვალი მოხდილი ექნება რომ რაც შეეძლო მაქსიმუმები სცადა. ეტყობა ძალზე ემოციურად იმოქმედა თქვენზე ამ შეხვედრებმა და მხედველობიდან გამოგრჩათ, რომ იგი კრიტიკულ აზრს კი არა ჭორიკნობას ვერ იტანს? ხელახლა ნახეთ უფრო დამშვიდებულ განწყობაზე ეს შეხვედრები და დარწმუნებული ვარ არ გამოგეპარებათ.

  2. ყოველთვის, როდესა ბიძინა საუბრობს ჩანს მისი უბრალო ხასიათი, სუფთა გული და კეთილი განზრახვა. პატიოსანი კაცია, მაგრამ ისე ვართ არეულ-დარეულები, თეთრის შავისგან განსხვავება გვიჭირს.

  3. ბატონო დავით მხლოდ თქვენი განხნევება მსურს იმის თქმით რომ თუ ვინმე არ იზიარებს თქვენ შეხედულებებს და კაკანებს ეს უფრო ნორმალურად მიიჩნიეთ დღევანდელ საქართველოში აბა ყველამ რომ გაქოთ მაშინ ცუდათ წასულა ჩვენი საქმე…

  4. არასდროს არ შეგვეძლო ქართველებს კარგის დანახვა, ყოველთვის რაღაც საფრთხეს და ანგარებას ვხედავთ ნებისმიერი ადამიანის საქციელს უკან. რა შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს ამაზე მეტი , ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, ასეთი კრიტიკა და გაუთავებელი კაზუისტიკა დაგვღუპავს…. სულ ჩასაფრებულები ვართ , ვინმეს რამე არ შეეშალოს და თუ შეეშალა , გვიხარია, კი არ გვწყინს. არ ვარგა ასე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here