Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა მრისხანე და ახალი ქართული ოპრიჩნინა

ბიძინა მრისხანე და ახალი ქართული ოპრიჩნინა

867

მაინც მიდის და ვერ აჩერებენ _ პრემიერმინისტრის გადადგომა გარდაუვალი ჩანს. მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ანალოგიური სიტუაციის მოძებნა საკმაოდ რთულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშინებულია, დაბნეულია და მკაფიოდ გამოხატავს უკმაყოფილებას მმართველის წასვლის გამო, ის კი თავისას მაინც არ იშლის. ყოველივე ამას XVI საუკუნეში რუსეთში განვითარებულ პროცესებს თუ შევადარებთ, როდესაც ივანე IV-მ (მრისხანემ) მოსკოვი მიატოვა და ოპრიჩნინა დააარსა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პირდაპირი პარალელების გავლება ივანიშვილსა და ივანეს შორის ან იმ როლებს შორის, რომელიც ერთმა სამოქალაქო სექტორს, ხოლო მეორემ ოპრიჩნიკებს დააკისრა, მაგრამ სათანადო სურვილის არსებობის შემთხვევაში ამ ნიადაგზე რამდენიმე საინტერესო აღმოჩენის გაკეთება ნამდვილად შეიძლება.

დღეს ოპრიჩნინა, უპირველესად, აღიქმება, როგორც სასტიკი (პათოლოგიის ზღვარზე) ტერორის რეჟიმი; მასზე საუბრისას, როგორც წესი, უპირველესად, გვახსენდება შემზარავი სცენები სერგეი ეიზენშტეინის ეპოქალური ფილმიდან «ივანე მრისხანე». ისინი, ხშირ შემთხვევაში, ფარავენ მთავარ კითხვას: რისთვის დასჭირდა ივანე მრისხანეს ამ რეჟიმის დამკვიდრება? სტალინის თქმის არ იყოს (როდესაც ეიზენშტეინს მის ფილმზე ესაუბრებოდა), «ივანე მრისხანე ძალიან სასტიკი გახლდათ. შეიძლება იმის ჩვენება, რომ ის სასტიკი იყო, მაგრამ საჭიროა იმის ჩვენებაც, თუ რატომაა საჭირო იყო სასტიკი».

ალბათ, აქვე აუცილებელია იმის დაფიქსირებაც, რომ სისასტიკისა და მასშტაბური რეპრესიების აღქმა XVI და XXI საუკუნებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ინგლისში ჰენრიხ VIII-მმართველობის წლებში სიკვდილით 72 ათასი ადამიანი დასაჯეს (მოსახლეობის დაახლოებით 2,5%), დედოფალმა ელისაბედმა ამას კიდევ 89 ათასი მიუმატა. ესპანელების მიერ მართულ ნიდერლანდებში სისხლის გუბეები იდგა (დაახლოებით 100 ათასი რეპერსირებული), ანალოგიური მაჩვენებლებია გერმანიის ტერიტორიაზე (გლეხების აჯანყებების ჩახშობა). საფრაგეთში ხოცავდენ ჰუგენოტებს (3 ათასი «ბართოლომეს ღამეს», დაახლოებით ათჯერ მეტი მომდევნო ორ კვირაში და ა. შ.). ივანე მრისხანე ამ მხრივ გამორჩეული ნამდვილად არ არის, მაგრამ მის რეპრესიებს ოდნავ განსხვავებული ლოგიკა ჰქონდა _ არსებითად, ეს ელიტის «დიდი წმენდა» იყო. იმ ელიტის, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, სრული დეგრადაციის გზაზე იდგა და ქვეყნის გაძლიერებასა და წინსვლას ობიექტურად ხელს უშლიდა. ამ მხრივ, XVI საუკუნის რუსი ბოიარებისა და ჩვენი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს შორის სხვაობა პრაქტიკულად არ ფიქსირდება.

მცირე და, ალბათ, აუცილებელი ისტორიული ექსკურსი დეტალებში ჩარღმავების გარეშე: 1564 წლის დეკემბერში მოსკოველებმა გაიგეს, რომ ქვეყნის მმართველი ალაგებს ბარგს და გაურკვეველი მიმართულებით მიდის. 1565 წლის 3 იანვარს ივანემ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ჩამოთვალა ბოიარების ყველა ავკაცობა მისი დაბადებიდან მოყოლებული, საგანგებოდ აღნიშნა, რომ ისინი თავისას არ იშლიან და დასძინა, რომ «მიდის იქ, საითაც უფალი უჩვენებს გზას». დედაქალაქში პანიკა დაიწყო, რადგან, გამოჩენილი რუსი ისტორიკოსის _ ნიკოლაი კარამზინის თქმით, «მმართველის გარეშე დარჩენა ტირანიაზე უარესად მიაჩნდათ». საგანგებო დელეგაცია გაემგზავრა ივანესთან, რათა დაერწმუნებინა ის, დაბრუნებულიყო. ივანემ მტკიცე უარი განუცხადა, მაგრამ დასძინა, რომ მათი თხოვნის გამო, ხელისუფლებას შეინარჩუნდება, ოღონდაც (ეს საკვანძო ფრაზაა) «რა პირობით, მოგვიანებით გაიგებდნენ». საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მისი მთავარი პირობა მოღალატეთა (ივანეს აზრით) შეუზღუდავი დასჯის უფლება იყო. ამ რთული მანევრით მან, ფაქტობრივად, ელიტისგან მისივე რეპრესირების კარტ-ბლანში მიიღო. ქვეყნის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო; ერთს («ოპრიჩნინას») ივანე უშუალოდ აკონტროლებდა, მეორეს კი («ზემშინას») ბოიართა დუმა და ძველი აღმასრულებელი ორგანოები მართავდნენ, იქ ივანე მხოლოდ რეპრესიულ ფუნქციებს ასრულებდა. შემდეგ კი დაიწყო ის, რაც ასე შთამბეჭდავად (და, იოსებ სტალინის აზრით, ზედაპირულად) სერგეი ეიზენშტეინის ფილმმა ასახა.

დავუბრუნდეთ ჩვენ ბედკრულ რეალობას. ბიძინა ივანიშვილი მიდის, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბნეულია, მას გაურკვეველი მომავალი აშინებს. ძალიან ბევრი ადამიანი თანახმაა, გადასცეს ივანიშვილს ნებისმიერი უფლებები, ოღონდაც ის რაიმე ფორმით გადადგომის შემდეგ პროცესების მოდერატორად დარჩეს. პარადოქსულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ რომ ხვალ ჩატარდება რეფერენდუმი კითხვით «თანახმა ხართ თუ არა, რომ ივანიშვილი დარჩეს იმ პირობით, რომელსაც «მოგვიანებით გაიგებთ»? უმრავლესობა, სავარაუდოდ, «კი»-ს უპასუხებს და ივანიშვილს სრულ კარტ-ბლანშს მისცემს. მართალია, ტერიტორიის გაყოფა ჩვენ შემთხვევაში არ ხდება, მაგრამ ივანიშვილმა უკვე მონიშნა სამოქალაქო სექტორი, როგორც თავისი უშუალო კონტროლის (კი ბატონო, «განსაკუთრებული ყურადღების») სფერო; მისი «ოპრიჩნინა» სწორედ ის გახდება. ის, როგორც წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტს გააკონტროლებს, უპირველესად კი, პოლიტიკოსებს, რომელნიც ავანსცენაზე ივანიშვილის წასვლის შემდეგ დარჩებიან (როგორც რუსი ბოიარები _ «ზემშინაში»).

ერთი შეხედვით, XVI საუკუნის ოპრიჩნიკებს და XXI საუკუნის სამოქალაქო ატივისტებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა (მეორე შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ფენომენზე ზოგადად, არამედ იმ მისიაზე, რომელსაც ისინი ივანიშვილის მიერ კონსტრუირებულ ახალ რეალობაში შეასრულებენ), მაგრამ მათზე დაკისრებულ როლებს შორის გარკვეული მსგავსების აღმოჩენა შეიძლება. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ეს ელიტის კონტროლის და მისი ფორმატირების ინსტრუმენტია. მერე რა, რომ არ დახოცავენ? მთავარია, რომ ამა თუ იმ ჩინოვნიკის მაქინაციების აღმოჩენის და მისი კარიერის დასრულების სრული შესაძლებლობა ექნებათ, მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ზურგს ბიძინა ივანიშვილი გაუმაგრებს.

ყოველივე ამის გაკეთება «შიგნიდან» ზოგიერთ შემთხვევაში რთულია, თუ არა შეუძლებელი (ეს შეიძლება ჭაობში სირბილის მცდელობას შევადაროთ) და ეს, სავარაუდოდ, გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ივანე მრისხანემ მოსკოვიდან წასვლა და მმართველობაში დარჩენილი ბოიარებისგან ესოდენ მკაფიო დისტანცირება გადაწყვიტა. ახლა გასარკვევი ისღა დარჩა, აყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი თავის წინაშე ესოდენ ამბიციურ ამოცანებს, აპირებს თუ არა, მოაწყოს «დიდი წმენდა» ქართულ ელიტაში, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაღობად იქცა.

აქვე აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც განხილული სტრატეგიის ფარგლებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს _ ხალხის, ასე ვთქვათ, «მშრომელთა ფართო მასების» გაღიზიანება და ლამის ტოტალური უნდობლობა პოლიტიკური ელიტის მიმართ «ოპრიჩნინას» (ან ქართული «ნეოოპრიჩნინას») პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ელიტა მარწუხებში ექცევა, ერთის მხრივ, გამწარებული ხალხი, მეორეს მხრივ კი, მმართველი (ივანე თუ ივანიშვილი) თავისი ოპრიჩნიკებით თუ სამოქალაქო აქტივისტებით, ასეთ ვითარებაში ბოიარებს აქტიური წინააღმდეგობის გაწევის (გადატრიალების მოწყობის, სამოქალაქო ომის დაწყების, ხშირ შემთხვევაში კი, უბრალოდ, განძრევის) თავი არ აქვთ. ისევე, როგორც ივანე მრისხანეს დროინდელ რუსეთში, დღევანდელ საქართველოში  არც ერთი დაჯგუფება ელიტაში, სავარაუდოდ, არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ რეალური წინააღმდეგობა გაწიოს და (თუნდაც უცხო სახელმწიფოების დახმარებით) ხელისუფლება აიღოს.            

მაგრამ მსგავსი წინაპირობების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკის გატარება აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება. ივანეს რეპრესიებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რუსული ელიტა, მაგრამ ვერ ამოშანთა ბოიარების ამბიციები, რომლებიც XVII საუკუნის დასაწყისში დაწყებული უდიდესი სისხლიანი არეულობის, ე. წ. სმუტას ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცნენ. სხვათა შორის, იმავე საუბარში ეიზენშტეინთან სტალინმა გააკრიტიკა ივანე მრისხანე იმის გამო, რომ მან «ბოლომდე არ ამოწყვიტა ხუთი მსხვილი ფეოდალური ოჯახი. ეს რომ გაეკეთებინა, «სმუტა» საერთოდ არ მოხდებოდა… უფრო გამბედავად უნდა ემოქმედა», ამასთანავე, მან გაავლო პარალელი ივანე მრისხანესა და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI-ს შორის, რომელიც საინტერესო განსახილველი იქნება, როდესაც ვისაუბრებთ ტრანზიტულ მდგომარეობაზე ფეოდალურ დაქსაქსულობასა და აბსოლუტიზმს შორის, მის განსხვავებებსა და მსგავსებაზე სხვადასხვა ქვეყანაში. 

ცხადია, XXI საუკუნეში დამკვიდრებული ღირებულებების გადასახედიდან შეუძლებელია გაამართლო წარსულის სისხლიანი რეპრესიები, მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ელიტის «დიდი წმენდა» აპრიორი მიუღებელი იდეაა. რაღაც უნდა მოვუხერხოთ ამ კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლულ პოპულაციას, რომელსაც არც იდეალები და არც სტრატეგიული აზროვნების უნარი გააჩნია და ქვეყნის განვითარებისთვის უსერიოზულეს პრობლემებს ქმნის, ფაქტობრივად, ბლოკავს მას. ივანე მრისხანეს თქმის არ იყოს (მიმართვა მოსკოვიდან გამგზავრების შემდეგ), «ისინი ძარცვავენ ხაზინას… ზრუნავენ თავის სიმდიდრეზე და დავიწყებული აქვთ სამშობლო. მათი სული არ შეცვლილა და ბოროტმოქმედებას არ წყვეტენ». დღევანდელ საქართველოში ჩვენ, ცხადია, სიკვდილით ვერავის დავსჯით, როგორც XVI ან XX საუკუნეში, ამიტომ გაცილებით რთული გზის გავლა მოგვიწევს იმისთვის, რომ მსგავსი ადამიანები ქართული პოლიტიკიდან გაქრნენ. სრულიად საზოგადოების აქტიურობის და, რაოდენ უცნაურადაც უნდა გაიჟღეროს, გონიერების გარეშე, ამ მხრივ არც არაფერი გამოვა.

საერთოდ, მსგავს თემებზე არ შეიძლება მსჯელობა კატეგორიებით «კარგი», «ცუდი», «კეთილი», «ბოროტი» და ა. შ. თუ არსებობს ფაქტორი (ამ შემთხვევაში კი ეს დეგრადირებული, ეპოქის მოთხოვნების შეუსაბამო ელიტაა), რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და მისი მზარდი ჩამორჩენის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ეს ფაქტორი უნდა მოისპოს (ცხადია, XXI საუკუნის ჰუმანური მეთოდებით, სისხლისღვრის გარეშე).

1564 წლის დეკემბერში პანიკაში ჩავარდნილ მოსკოვში ვერავინ აღიქვამდა ივანე მრისხანეს ჩანაფიქრს მთლიანობაში. დღეს კი სრული დაბნეულობა თბილისშია _ ზოგი ივანიშვილის გადაწყვეტილებას მის უცნაურ ხასიათს უკავშირებს, ზოგი _ რაღაც ტაქტიკურ კომბინაციებს, ხოლო საუბარი სტრატეგიულ პერსპექტივაზე, სავარაუდო მასშტაბურ გათვლებზე, პრაქტიკულად, არავის უნდა. ყველა მცდელობა, ამ მხრივ, როგორც წესი ბანალური მკითხაობით ან უიმედო კონსპიროლოგიაში ჩაღრმავებით სრულდება. აქვს თუ არა ივანიშვილს ქვეყნის გარდაქმნის «დიდი გეგმა» და წარმოადგენს თუ არა მისი გადადგომა ამ გეგმის ნაწილს? ეს კითხვა დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს და ისინი დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ პოულობენ.

«მოგვიანებით გაიგებთ…» _ ივანე მრისხანეს ამ რეპლიკაში იყო ცინიზმიც და ირონიაც, ამასთანავე, მას იმ მომენტში სხვა პასუხის გაცემა არ შეეძლო. არის ამქვეყნად სიტუაციები, როდესაც ჩანაფიქრის გამჟღავნება და ყველაფრის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია. როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებასაც ამ ეტაპზე ამ პასუხით დაკმაყოფილება მოუწევს. იგრძნობს თუ არა ის ამის გამო შეურაცხყოფილად თავს, ცალკე საკითხია, თუმცა ეს ემოციები არსებითად ვერაფერს შეცვლის. ასე იქნება თუ ისე, დანარჩენს მოგვიანებით გავიგებთ.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here