Home რუბრიკები პოლიტიკა სუვერენული დემოკრატია მორჩილების გარეშე

სუვერენული დემოკრატია მორჩილების გარეშე

754

19 სექტემბერს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბმა «ვალდაიმ» მეათე სესია გამართა.

მეათე, საიუბილეო კლუბმა «ვალდაიმ» იხილა «ძველი კეთილი პუტინი» და არა პოლიტიკური ფრონტის დაქანცული მებრძოლი, რომელსაც ხალხი ბოლო წლების განმავლობაში ხედავდა.

 

ისეთი, რომელსაც ინტერესითა და ყურადღებით ჰყავს დაპყრობილი ვრცელი აუდიტორია, ხუმრობს, ხან ისე, რომ აღაფრთოვანებს ევროპელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაგრად ურტყამს, ხან ისე, რომ აჭრელდა საინფორმაციო საშუალებები «ელვებით».

ოპოზიციის იქ ყოფნამ პიკანტურობა შეჰმატა პუტინის მიერ მომზადებულ «კერძს», მაგრამ არა სიმწარე.

«ვალდაის» კლუბის საიუბილეო სხდომაში მონაწილეობდა 200-ზე მეტი ექსპერტი, ინტელექტუალი, სასულიერო პირი, საზოგადოებრივი ლიდერი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ფიიონი, იტალიის პრემიერმინისტრი, ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე რომანო პროდი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ფოლკერ რიუზი, ეროვნული ინტერესების ცენტრის (აშშ) პრეზიდენტი დმიტრი საიმსი.

ცნობისთვის: ვალდაი ქალაქი რუსეთში, ნოვგოროდის ოლქის ვალდაის მუნიციპალური რაიონის ცენტრი, აგებულია ვალდაის ტბის მახლობლად.

საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი პირველად 10 წლის წინათ შეიკრიბა რუსეთის ახალი იდენტურობის პრობლემებზე სასაუბროდ. მას შემდეგ «ვალდაი» იყო პარიზში, პეკინში, ვაშინგტონში, ახლო აღმოსავლეთში. მის მუშაობაში მონაწილეობდა 48 ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების 600-ზე მეტი წარმომადგენელი, 70 ექსპერტი მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტების _ ჰარვარდის, კოლუმბიის, ჯორჯთაუნის, სტენფორდის, ლონდონის, კაიროს, თეირანის, აღმოსავლეთ ჩინეთის, ტოკიოს, თელ-ავივის, მესინის, ლონდონის ეკონომიკური სკოლის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სორბონისა და სხვა საუნივერსიტეტო ცენტრების მეცნიერები კლუბის მუდმივი წევრებია. კლუბი მუდმივად მართავს სამეცნიერო თემატურ კონფერენციებს ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამოკიდებულების, თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე.

«საქართველო და მსოფლიო» გთავაზობთ 19 სექტემბერს «ვალდაის» კლუბის სხდომაზე ვლადიმერ პუტინის გამოსვლის არაოფიციალურ თარგმანს.

რუსეთელებისთვის, რუსეთისთვის კითხვები «ვინ ვართ?», «ვინ გვინდა ვიყოთ?» ჩვენ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმის. ჩვენ დავშორდით საბჭოთა იდეოლოგიას, მისი დაბრუნება შეუძლებელია. ფუნდამენტური კონსერვატიზმის მიმდევრები, რომლებიც აიდეალებენ რუსეთს 1917 წლამდე, როგორც ჩანს, ისევე დაშორებულები არიან რეალობას, როგორც დასავლური ულტრალიბერალიზმის მომხრეები. უეჭველია, რომ ჩვენი წინსვლა შეუძლებელია სულიერი, კულტურული, ეროვნული თვითგამორკვევის გარეშე, სხვაგვარად წინ ვერ აღვუდგებით გარეშე და საშინაო გამოწვევებს, გლობალური კონკურენციის პირობებში ვერ შევძლებთ წარმატების მიღწევას. დღეს ვხედავთ, რომ იწყება ასეთი კონკურენციის ახალი ხვეული.

დღევანდელი კონკურენციის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკურ-ტექნოლოგიური და იდეურ-ინფორმაციული. მწვავდება სამხედრო-პოლიტიკური პრობლემებიც და სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციაც. მსოფლიო სულ უფრო მკაცრი ხდება, ზოგჯერ უგულებელყოფენ არა მარტო საერთაშორისო სამართალს, არამედ ელემენტარულ წესიერებასაც. უნდა გავძლიერდეთ სამხედრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი, რაც განსაზღვრავს წარმატებას, ეს არის ადამიანების ხარისხი, საზოგადოების ინტელექტუალური, სულიერი, მორალური ხარისხი. ბოლოს და ბოლოს, ეკონომიკური ზრდაც, კეთილდღეობაც და გეოპოლიტიკური გავლენაც ხომ დამოკიდებულია თვით საზოგადოების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რამდენად აღიქვამენ საკუთარ თავს ერთიან ხალხად ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქენი, რამდენად არიან ფესვგადგმულნი თავიანთ ისტორიაში, ფასეულობებსა და ტრადიციებში, აკავშირებს თუ არა მათ საერთო მიზნები და პასუხისმგებლობა. ამ თვალსაზრისით, ეროვნული იდენტურობის მოპოვებისა და განმტკიცების საკითხს რუსეთისთვის ნამდვილად ფუნდამენტური ხასიათი აქვს.

ამასთანავე, რუსეთი დღეს განიცდის არა მხოლოდ გლობალიზაციის ობიექტურ ზემოქმედებას თავის ეროვნულ იდენტურობაზე, არამედ XX საუკუნის ეროვნული კატასტროფების შედეგებსაც, როცა ჩვენ ორჯერ გადავიტანეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი რღვევა. შედეგად მივიღეთ დამანგრეველი დარტყმა ერის კულტურულ და სულიერ კოდზე, შევეჯახეთ ტრადიციებისა და ისტორიის ერთიანობის გაწყვეტას, საზოგადოების დემორალიზაციას, ურთიერთ ნდობისა და პასუხისმგებლობის დეფიციტს. სწორედ აქ არის ფესვები მწვავე პრობლემებისა, რომლებსაც ვაწყდებით. საკუთარი თავისა, საზოგადოებისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი ხომ ერთერთ ფუძემდებლურ საკითხთაგანია არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

1991 წლის შემდეგ გაჩნდა ილუზია, რომ ახალი ეროვნული იდეოლოგია, განვითარების იდეოლოგია, თავისთავად დაიბადება. სახელმწიფო, ხელისუფლება, ინტელექტუალური და პოლიტიკური კლასი თავისით ჩამოსცილდა ამ სამუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ უწინდელი ოფიციოზური იდეოლოგია მძიმე დაღად დაგვაჩნდა. ამ თემისთვის ხელის ხლებისაც კი ეშინოდა ყველას. ამასთან, ეროვნული იდეის არქონა, რომელიც დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ იდენტურობაზე, მომგებიანი იყო ელიტის იმ კვაზიკოლონიური ნაწილისთვის, რომელიც ამჯობინებდა ექურდა და გაეტანა კაპიტალი, თავის მომავალს არ უკავშირებდა ქვეყანას, სადაც ეს კაპიტალი დააგროვეს.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ახალი ეროვნული იდეა არ იბადება და არ ვითარდება საბაზრო წესებით. სახელმწიფოს, საზოგადოების თვითმოწყობამ ვერ იმუშავა ისევე, როგორც სხვისი გამოცდილების მექანიკურმა გადმოღებამ. რუსეთის ცივილიზების გარედან უხეში გადმოტანის მცდელობა არ მიიღო ჩვენი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რადგან დამოუკიდებლობისადმი, სულიერი, იდეოლოგიური, საგარეოპოლიტიკური სუვერენიტეტისადმი სწრაფვა ჩვენი ეროვნული ხასიათის განუყოფელი ნაწილია. ისიც უნდა ვთქვთ, რომ ასეთმა მიდგომამ ვერც სხვა ქვეყნებში იმუშავა. წავიდა ის დრო, როცა ცხოვრების მოწყობის მზამზარეული მოდელების სხვა სახელმწიფოებში შეტანა და დანერგვა შეიძლებოდა მარტივად, როგორც კომპიუტერული პროგრამების გამართვა.

ჩვენ ასევე გვესმის, რომ იდენტურობის, ეროვნული იდეის ზევიდან თავს მოხვევა შეუძლებელია, არ შეიძლება აიგოს იდეოლოგიური მონოპოლიის საფუძველზე. ასეთი კონსტრუქცია არამდგრადია და ძალიან სუსტია. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცით, თანამედროვე მსოფლიოში მას მომავალი არ აქვს. საჭიროა ისტორიული შემოქმედება, ეროვნული გამოცდილებისა და იდეის სინთეზი, ჩვენი კულტურული, სულიერი, პოლიტიკური ტრადიციების გააზრება სხვადასხვა თვალსაზრისის პოზიციიდან, იმის გასაგებად, რომ გაყინული, სამუდამოდ მოცემული რამ კი არ არის, არამედ ცოცხალი ორგანიზმია. მხოლოდ მაშინ იქნება დაფუძნებული ჩვენი იდენტურობა მყარ საძირკველზე, მიმართული იქნება მომავლისკენ და არა წარსულისკენ. ეს არის მთავარი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ იდეოლოგიის განვითარების საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა შეხედულების ადამიანებთან ერთად, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ ყველას _ ვისაც ნეოსლავიანოფილებს უწოდებენ, ნეოდასავლეთელებსაც, მესახელმწიფოებრივებსაც და .. ლიბერალებსაც, მთელ საზოგადოებრიობას ერთად მოგვიწევს ვიმუშავოთ განვითარების საკრთო მიზნების ჩამოყალიბებაზე. უნდა გავთავისუფლდეთ მხოლოდ იდეური თანამოაზრეებისთვის ყურისგდების ჩვეულებისგან, თავიდანვე, დაუფიქრებლად, ზოგჯერ ზიზღითაც კი ნებისმიერ სხვა თვალსაზრისის უარყოფისგან. არ შეიძლება გადავაგდოთ, წიხლი ვკრათ ქვეყნის მომავალს, როგორც ფეხბურთის ბურთს, ჩავეფლოთ პირწავარდნილ ნიჰილიზმში, მომხმარებლობაში, ვაკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი, უღიმღამო მომავლის შემყურეებმა. ეს კი ნიშნავს, რომ ლიბერალებმა უნდა ისწავლონ ლაპარაკი მემარცხენე შეხედულებათა წარმომადგენლებთან და, პირიქით, ნაციონალისტებმა უნდა გაიხსენონ, რომ რუსეთი პირველივე ნაბიჯებიდან ჩამოყალიბდა როგორც მრავალეროვანი და მრავალკონფესიური სახელმწიფო. და როცა კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს მრავალეროვნულობას, ექსპლუატაციას ვუწევთ რუსულ, თათრულ, კავკასიურ, ციმბირულ და ნებისმიერ სხვა ნაციონალიზმსა და სეპარატიზმს, ვადგებით საკუთარი გენეტიკური კოდის განადგურების გზას. ვიწყებთ საკუთარი თავის განადგურებას.

რუსეთის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა ეჭვგარეშეა. ეს არის ის «წითელი ხაზები», რომელთა გადაბიჯებაც არავის შეუძლია. ჩვენი შეხედულებების განსხვავებულობის მიუხედავად, იდენტურობის, ეროვნული მომავლის შესახებ დისკუსია შეუძლებელია ყველა მონაწილის პატრიოტიზმის გარეშე. რა თქმა უნდა, პატრიოტიზმის _ ამ სიტყვის _ ყველაზე უფრო სუფთა მნიშვნელობით. ეროვნულ ისტორიაში ძალიან ხშირად ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ნაცვლად, ჩვენ ვაწყდებით ოპოზიციას თვით რუსეთისადმი. მე ეს ერთხელ უკვე ვთქვი. პუშკინმა თქვა ამის შესახებ. და ჩვენ ვიცით, ეს როგორადაც მთავრდებოდა _ სახელმწიფოს, როგორც ასეთის, დანგრევით.

ჩვენთან პრაქტიკულად არ არის ისეთი ოჯახი, რომელსაც არ შეხებია გასული საუკუნის უბედურებები. ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის შეფასების საკითხებს დღემდე განხეთქილება შეაქვს ქვეყანასა და საზოგადოებაში. ჩვენ უნდა მოვირჩინოთ ეს ჭრილობები, აღვადგინოთ ისტორიული ქსოვილის მთლიანობა. არ შეიძლება თავის მოტყუება არასასურველი ფურცლების გადახაზვით, თაობათა კავშირის გაწყვეტით, უკიდურესობაში გადავარდნით, კერპების შექმნით ან უარყოფით. დროა შევწყვიტოთ ისტორიაში მხოლოდ ცუდის დანახვა, საკუთარი თავის გინება უფრო მეტად, ვიდრე ამას ნებისმიერი ჩვენი არაკეთილმოსურნე იკადრებს. კრიტიკა აუცილებელია. მაგრამ საკუთარი ღირსების შეგრძნების გარეშე, სამშობლოს სიყვარულის გარეშე ეს კრიტიკა დამამცირებელი და არაპროდუქტიულია.

ჩვენ უნდა ვიამაყოთ საკუთარი ისტორიით და ჩვენ გვაქვს ის, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მთელი ჩვენი ისტორია, კუპიურების გარეშე, უნდა გახდეს რუსული იდენტურობის ნაწილი. თუ ამას არ ვაღიარებთ, შეუძლებელი იქნება ურთიერთ ნდობა და საზოგადოების წინსვლა.

რუსული იდენტურობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა დაკავშირებულია მოვლენებთან, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. აქ არის როგორც საგარეოპოლიტიკური, ასევე, მორალური ასპექტები. ჩვენ ვხედავთ, ფაქტობრივად როგორ წავიდა ბევრი ევროატლანტიკური ქვეყანა საკუთარი ფესვების უარყოფის გზით, მათ შორის, ქრისტიანულ ფასეულობათა უარყოფის გზით, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის საფუძველია. უარყოფენ ზნეობრივ საწყისებს და ნებისმიერ ტრადიციულ იდენტურობას: ეროვნულს, კულტურულს, რელიგიურს და სქესობრივსაც კი. განახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც ერთსა და იმავე დონეზე აყენებს  მრავალშვილიან ოჯახსა და ერთსქესიან პარტნიორობას, რწმენას ღვთისას და სატანის რწმენას. პოლიტკორექტულობის წესები იქამდეც კი მიდის, რომ სერიოზულად ლაპარაკობენ ისეთი პარტიების რეგისტრაციაზე, რომელთა მიზანია პედოფილიის პროპაგანდა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ადამიანებს რცხვენიათ განაცხადონ თავიანთი რელიგიური კუთვნილების შესახებ. დღესასწაულებს აუქმებენ, ან სხვა სახელს უწოდებენ, მორცხვად მალავენ ამ დღესასწაულის თვით არსს _ მათ ზნეობრივ საფუძველს. და ცდილობენ ამ მოდელის თავსმოხვევას ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირდაპირი გზა დეგრადაციისა და პრიმიტივზაციისაკენ, დემოგრაფიული და ზნეობრივი ღრმა კრიზისისკენ.

კიდევ რა შეიძლება იყოს ადამიანების სოციუმის მორალური კრიზისის უმეტესი დადასტურება, როგორიც თვითკვლავწარმოების უნარზე უარის თქმაა. დღეს პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას აღარ შეუძლია საკუთარი კვლავწარმოება მიგრაციის დახმარებითაც კი. ქრისტიანობისა და სხვა მსოფლიო რელიგიების ღირებულებათა გარეშე, ათასწლეულობით ფორმირებული მორალისა და ზნეობის ნორმების გარეშე ადამიანები უეჭველად დაკარგავენ ადამიანურ ღირსებას. ჩვენ ბუნებრივად და სწორად მივიჩნევთ ამ ღირებულებათა დაცვას. პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერ უმცირესობას, იყოს განსხვავებულიუმრავლესობის უფლებაც არ უნდა გავხადოთ საეჭვო. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, როგორც ცდილობენ რეანიმაცია მოახდინონ მსოფლიოს უნიფიცირებული მოდელის, დააკნინონ საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული სუვერენიტეტის ინსტიტუტი. ასეთ ერთპოლარულ უნიფიცირებულ მსოფლიოს არ სჭირდება სუვერენული ქვეყნები, მას ვასალები სჭირდება. ისტორიულ ჭრილში ეს საკუთარ სახეზე უარის თქმაა, ღმერთის მიერ, ბუნების მიერ ბოძებულ მსოფლიოს მრავალფეროვნებაზე უარის თქმას ნიშნავს.

რუსეთი იმათთან ერთადაა, ვისაც მიაჩნია, რომ საკვანძო საკითხები უნდა შემუშავდეს კოლექტიურ საფუძველზე და არა ცალკეული ქვეყნების, ან ქვეყნების ჯგუფის ნებასურვილისა და ინტერესების მიხედვით, უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო სამართალი და არა ძლიერის სამართალი, არა მუშტის სამართალი. არცერთი ქვეყანა, არცერთი ხალხი არ არის განსაკუთრებული, მაგრამ უნიკალურია, რა თქმა უნდა, თვითმყოფადია, აქვს თანაბარი უფლებები, მათ შორის, საკუთარი განვითარების დამოუკიდებლად არჩევის უფლება.

ასეთია ჩვენი კონცეფციური შეხედულება, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი საკუთარი ისტორიული ბედიდან, რუსეთის როლიდან მსოფლიო პოლიტიკაში. ჩვენს დღევანდელ პოზიციას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. რუსეთი ვითარდებოდა მრავალფეროვნების, ჰარმონიისა და ბალანსთა საფუძველზე, ასეთი ბალანსით ამდიდრებდა სამყაროს. მინდა შეგახსენოთ, რომ 1815 წლის ვენის კონგრესმა და 1945 წლის იალტის შეთანხმებებმა, რომლებიც მიღებული იყო რუსეთის ძალიან აქტიური მონაწილეობით, უზრუნველყო ხანგრძლივი მშვიდობა. რუსეთის ძალა, გამარჯვებულის ძალა ამ შემობრუნებით მომენტებში წარმოჩნდა მისი კეთილშობილებითა და სამართლიანობით. მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, და მე მათ აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ სწორედ ვერსალში ჩაეყარა საფუძველი მომავალ მეორე მსოფლიო ომს. იმიტომ, რომ ვერსალის ხელშეკრულება უსამართლო იყო გერმანელი ხალხის მიმართ და მას ისეთ შეზღუდვებს უწესებდა, რომელთაც იგი ნორმალურ რეჟიმში ვერ დაძლევდა, ეს აშკარა იყო საუკუნის პერსპექტივაში.

კიდევ ერთ პრინციპულ ასპექტს მინდა მივაქციო ყურადღება. ევროპულ და რიგ სხვა ქვეყნებში, .. მულტიკულტურიზმი, უმეტესად ხელოვნურად შეტანილი მოდელი, დღეს საეჭვო ხდება, და გასაგებია, რატომაც. იმიტომ, რომ მის საფუძველში დევს ერთგვარი ხარკის გადახდა კოლონიური წარსულისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს თვით ევროპის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ მულტიკულტურიზმის კრახზე, იმის შესახებ, რომ მას არ ძალუძს უზრუნველყოს საზოგადოებაში უცხოენოვანი და უცხო კულტურის ელემენტების ინტეგრაცია.

რუსეთში, რომელსაც ერთ დროს ჩამოჰკიდეს «ხალხთა საპყრობილის» იარლიყი, საუკუნეთა განმავლობაში არ გამქრალა არცერთი, ყველაზე პატარა ეთნოსიც კი. ყველა მათგანმა შეინარჩუნა არა მხოლოდ თავიანთი შინაგანი დამოუკიდებლობა და კულტურული იდენტობა, არამედ თავიანთი ისტორიული სივრცეც. იცით, ინტერესით შევიტყვე (არც კი ვიცოდი), საბჭოთა პერიოდში ამას ისეთი ყურადღებით ეკიდებოდნენ, რომ თითოეულ მცირე ხალხსაც კი ჰქონდა თავისი ბეჭდური გამოცემა, მხარს უჭერდნენ ენებს, მხარდაჭერილი იყო ეროვნული ლიტერატურა. უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ, რაც წარსულში კეთდებოდა ამ მიმართულებით, უნდა დავიბრუნოთ და მათით აღვიჭურვოთ. ამასთან, ჩვენ დაგროვილი გვაქვს სხვადასხვა კულტურის ურთიერთგავლენის, ურთიერთგამდიდრების უნიკალური გამოცდილება. ეს პოლიტკულტურულობა, პოლიტეთიკურობა ცოცხლობს ჩვენს ისტორიულ შეგნებაში, ჩვენს სულში, ჩვენს ისტორიულ კოდში. მასზე ბუნებრივად შენდებოდა ათასწლეულობით ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

რუსეთი, _ როგორც ხატოვნად ამბობდა ფილოსოფოსი კონსტანტინე ლეონტიევი, _ ყოველთვის ვითარდებოდა როგორც «აყვავილებული სირთულე», როგორც სახელმწიფო-ცივილიზაცია, რუსი ხალხი, რუსული ენით, რუსული კულტურით, რუსული მრთლმადიდებლური ეკლესიითა და რუსეთის სხვა ტრადიციული რელიგიებით გამტკიცებული. სწორედ სახელმწიფო-ცივილიზაციის მოდელიდან გამომდინარეობს ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურება. იგი ყოველთვის ცდილობდა მოქნილად გაეთვალისწინებინა ეროვნული, რელიგიური სპეციფიკა ამა თუ იმ ტერიტორიის, უზრუნველყოფდა ნაირვაგვარობას ერთიანობაში. ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, იუდაიზმი, სხვა რელიგიები განუყოფელი ნაწილია რუსეთის იდენტურობისა და ისტორიული მემკვიდრეობის მისი მოქალაქეების დღევანდელ ცხოვრებაში. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, რომელიც კონსტიტუციითაა განმტკიცებული, არის ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლების და ათეისტების, თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფა, სინდისის თავისუფლებისა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

XXI საუკუნე უნდა გახდეს დიდ ცვლილებათა საუკუნე, მსხვილი გეოპოლიტიკური მატერიკების, საფინანსო-ეკონომიკური, კულტურული, ცივილიზებული, სამხედრო-პოლიტიკური ფორმირებების ეპოქა. და ამიტომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია მჭიდრო ინტეგრაცია მეზობლებთან. მომავალი ევრაზიული კავშირი, რომლის შესახებაც განვაცხადეთ, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ვლაპარაკობთ, მარტო ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების ნაკრები არ არის. ევრაზიული კავშირი არის ხალხთა იდენტურობის, ახალ საუკუნესა და ახალ მსოფლიოში ისტორიული ევრაზიული სივრცის შენარჩუნების პროექტი. ევრაზიული ინტეგრაცია არის შანსი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის გახდეს გლობალური  და არა ევროპისა და აზიის პერიფერიის განვითარების დამოუკიდებელი ცენტრი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ევრაზიული ინტეგრაცია ასევე აიგება მრავალმხრივობის პრინციპით. ამ გაერთიანებაში თითოეული შეინარჩუნებს თავის სახეს, თავის თვითმყოფადობას და პოლიტიკურ სუბიექტურობას. პარტნიორებთან ერთად თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ ამ პროექტს. ვვარაუდობთ, რომ იგი გახდება ჩვენი საერთო წვლილი მსოფლიოს მრავალგვარობის შენარჩუნებისა და განვითარების მდგრადობის საქმეში.

91-ის შემდგომი წლები მიღებულია მოვიხსენიოთ, როგორც პოსტსაბჭოთა ეტაპი. ჩვენ გადავიტანეთ, გადავლახეთ ეს დრამატული დრო. რუსეთმა, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, გაიარა ნგრევა, გამოცდა და უბრუნდება თავის თავს, უბრუნდება თავის ისტორიას.

ჩვენი ეროვნული თავითმყოფადობის განმტკიცებით, ჩვენი ფესვების გამაგრებით, კვლავაც ვრჩებით ღია და ამთვისებლები აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო იდეების, ჩვენ უნდა ვიაროთ წინ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here