Home რუბრიკები საზოგადოება გრიშა ონიანი: ბიძინა მიდის, სტალინი მოდის!

გრიშა ონიანი: ბიძინა მიდის, სტალინი მოდის!

3100

რამდენიმე დღის წინ ქალაქ თელავში მოხდა ამაზრზენი ამბავი _ უცნობმა ვანდალებმა შეღებეს ი. ბ. სტალინის ძეგლი. კომენტარისთვის მივმართეთ საერთაშორისო საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარეს _ გრიშა ონიანს.

_ სტალინის ძეგლი თელავშიც შეღებეს, ბატონო გრიშა, როგორც ალვანში, ხომ არ მიიღებთ რაიმე ზომებს ვანდალიზმის აღსაკვეთად?

_ სტალინის საზოგადოების თელავის ორგანიზაციამ უკვე მიიღო ზომები და შეიტანა საჩივარი კახეთის პოლიციის რეგიონულ სამმართველოში. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ.

 _ როგორც ცნობილია, ალვანში ვანდალიზმში მონაწილეობა აღიარა ვინმე გია ნოდიას ცოლმა. აპირებთ თუ არა მის მიმართ საქმის აღძვრას, რადგან ალვანის მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხით რესტავრირებული ძეგლი დაზიანდა? ამავე დროს, მორალური ზიანი მიადგა როგორც ალვანის მოსახლეობას, ისე საერთაშორისო საზოგადოება «სტალინს».

_ ჩემთვის ცნობილია არა მარტო გია ნოდიას ცოლი, არამედ მისი თანამზრახველებიც. არის მოსაზრება, რომ თელავის ვანდალური აქტიც მათი და მათი დამქაშების ნამოქმედარია. ასევე ცნობილია, რომ მათ სათავეში უდგანან საქართველოს დამაქცევარი «თავისუფლების ინსტიტუტის» თავკაცები.

_ რა სასჯელს ითხოვთ თანამედროვე ბარბაროსების მიმართ?

_ მიკვირს, როდესაც «ცერეუს» ქართველი აგენტები საქართველოში შეურაცხყოფენ სტალინის ძეგლს. ამ დროს კი, თვით აშშ-ში, ქალაქ ბედფორდში, სამხედრო მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე დგამენ სტალინის ძეგლს; ბერლინის შუაგულში მდებარე «ტრეპტოფ პარკი», რომელიც გადაჭიმულია 10 ჰექტარ ფართობზე, მთლიანად აღიქმება, როგორც სტალინის მემორიალი; ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კი იმ სახლზე, სადაც სტალინი სულ სამიოდე კვირა ცხოვრობდა, მიკრულია უზარმაზარი ბარელიეფი წარწერით: «აქ 1913 წელს ცხოვრობდა სტალინი, რომელმაც  დაწერა გენიალური ნაშრომი «მარქსიზმი და ნაციონალური საკითხები»; დრეზდენის გალერეის გზამკვლევში სტალინი მოხსენიებულია, როგორც ამ უნიკალური მუზეუმის გადამრჩენი და მთელი ქალაქის მფარველი.

ქართველმა ბარბაროსებმა პასუხი უნდა აგონ არა მარტო მორალურად, არამედ ფინანსურადაც და სასამართლოს ვთხოვთ, სტალინის სახლ-მუზეუმის სასარგებლოდ მათ 100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისროს. 

_ ბატონო გრიშა, ბიძინა ივანიშვილი მიდის, რაიმე კომენტარს ხომ არ გააკეთებდით?

_ ბიძინას პოლიტიკიდან წასვლა გასული ოცწლეულის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა საქართველოში.

_ ასე ტრაგიკულად რატომ აღიქვამთ ამ მოვლენას?

_ ბატონი ბიძინა კეთილშობილი დედის აღზრდილი და მამაპაპური ტრადიციების დამცველი კაცია, რომელმაც პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ის სისხლით და ხორცით ქართველია, მაგრამ ქართველებმა არ გაუმართლეს და გული ატკინეს.

_ მაინც რაზე უნდა იყოს ასე განრისხებული ბატონი ბიძინა, რომ ზურგი აქციოს თავის ხალხს?

_ პირველად, ალბათ, მაშინ გაუტყდა ქართველზე გული, როცა არჩევნების მეორე დღეს კახელები გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვეს, მიწებს რატომ არ გვიხნავსო; მეორედ, როდესაც მის კარზე მოშიმშილეები დასვეს მისმა მოსისხლე მტრებმა _ «ნაციონალებმა»; მესამედ, როდესაც საბოტაჟი მოუწყვეს სხვადასხვა ჯურის ნაძირლებმა, მაშინ, როდესაც ატლანტის მგლებშემოსეული ბიძინა ივანიშვილი, გარეშე მტრებთან ერთად შინაურ მტრებსაც იგერიებდა. ბატონი ბიძინა არ გატეხილა, არ შეშინებულა. თუ მიდის, მიდის უმადურობის, დაუფასებლობის, ჭორების გამო.

_ და სხვა არაფრისთვის?

_ რომ არ მისცეს საქართველო. ბორჯომში, რომანოვების სასახლის ეზოში ერთი პატარა მონუმენტური ფიგურა დგას _ კურდღელზე ჩაბღაუჭებული არწივი და ძერა. იმ კურდღლის როლშია საქართველო, ბიძინამ კი ვერ გამოსტაცა იგი ორ მტაცებელს და გაერიდა. ბატონი ბიძინა კი იპოვის თავის ადგილს, მაგრამ ვაი საქართველოს!

ასე რომ, ფინალი ასეთია:

ბიძინა მიდის, სტალინი მოდის, როგორც თავად სტალინმა იწინასწარმეტყველა და დე გოლმაც დაადასტურა: «სტალინი წარსულში კი არ გადაბარგდა, არამედ მომავალში განიბნა!».

ესაუბრა გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ბატონო გრიშა! დამიკავშირდით და ჩემ წიგნს გამოგიგზავნით, იქ სტალინზე ბევრი რამ წერია, რაც არ იცის ხალხმა. და ისიც რატომ მოკლეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here