Home რუბრიკები საზოგადოება «ვერც ერთმა ძლევამოსილმა პიროვნებამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც სტალინმა ხალხისთვის...

«ვერც ერთმა ძლევამოსილმა პიროვნებამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც სტალინმა ხალხისთვის გააკეთა»

668

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თითქმის ყველა რაიონში, სადაც სტალინის ძეგლი იდგა და «ნაციონალებმა» აიღეს, ძეგლების თავის ადგილას დაბრუნებაზე საუბრობენ.  საინტერესოა, რომ თითქმის არც ერთ შემთხვევაში ძეგლი აღებისას არ დაუზიანებიათ, ამიტომ ადვილად შეძლეს მათი უკან დაბრუნება.  ახლახან ორგანიზაცია «სტალინის» ინიციატივითა და მოსახლეობის მხრდაჭერით, თელავში სტალინის ძეგლი დადგეს. ეს ინფორმაცია იმთავითვე ყველა ტელევიზიამ გააშუქა და ერთი ამბავიც ატყდა: ვინ დადგა, ჰქონდათ თუ არა ნებართვა და ა.შ. კომენტარი გააკეთა რაიონის გამგებელმაც და განაცხადა, რომ ძეგლი უნებართვოდ დაიდგა და რომელიღაც კანონიდან რაღაც მუხლი დაასახელა. თელაველები გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ ძეგლს ვიღაცამ შეუაცხყოფა მიაყენა _ საღებავი შეასხა. «საქართველო და მსოფლიო» სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატორებს _ მებრძოლ-პატრიოტთა და ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ორგანიზაციის წევრს _ ივანე ბუჩუკურს და ორგანიზაცია «სტალინის» თავმჯდომარეს _ შოთა ლაზარიაშვილს დაუკავშირდა.

 

_ ბატონო ვანო, საიდან გაჩნდა იდეა და რა მოსაზრებით დაიდგა სტალინის ძეგლი?

_ სტალინის ძეგლის დადგმას რა იდეა და მოსაზრება უნდა?! სტალინის ძეგლი საქართველოში უნდა იდგეს! თანაც არ მესმის, მარტო სტალინზე რატომ გაამახვილეს ყურადღება?! ჩვენ აქ მთელი კომპლექსი დავდგით, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და სტალინის ძეგლი, თუმცა ამას არავინ ახსენებს.

_ მეჩვენება, რომ თქვენც თავს იმართლებთ ძეგლის დადგმისთვის. ნუთუ არ უნდა იყოს სტალინის ძეგლი?

_ როგორ თუ არ უნდა იყოს?! რას მიქვია, თავს ვიმართლებ! სტალინის ძეგლი უნდა იყოს. თავი იმან გაიმართლოს, ვინც ძეგლს შეურაცხყოფა მიაყენა.

_ რაიონის ხელმძღვანელობა ძეგლის დემონტაჟს აპირებს. თქვენ როგორ გაუმკლავდებით?

_ ჯერ კარგად აგვიხსნან, რის საფუძველზე უნდა აიღონ ძეგლი და მერე მივიღებთ ზომებს. ჩვენ ყველაფერი კანონიერად გავაკეთეთ, ყველასთან შეთანხმებულად.

სტალინი დიდი ქართველი იყო, მან არა მხოლოდ ჩვენ, მთელი მსოფლიო  იხსნა ფაშიზმისგან. იმაზე საუბარი, რომ მას საქართველოსთვის სიკეთე არ მოუტანია, სისულელეა. ამას ისინი ამბობენ, ვისაც არ უნდა დანახვა. სტალინი დიდი პიროვნება იყო, მისი გაგება ყველას არ შეუძლია.

_ რაიონის ხელმძღვანელობამ თუ მაინც გადაწყვიტა ძეგლის დემონტაჟი, რას იზამთ?

_ ამას მარტო ჩვენ არ გადავწყვეტთ. ამას მთელი მოსახლეობა გააპროტესტებს. დღესაც გრძელდება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ თელავში სტალინის ძეგლი იდგეს. ხალხი არ დაანებებს მის აღებას.

_ ვინ ემტერება თქვენს ინიციატივას?

_ არ ვიცი, ასე პირდაპირ ხელს ვერავის დავადებ. ვფიქრობ, გამოძიება დაადგენს.

_ ჩივილს აპირებთ?

_ მე არაფერს ვაპირებ, ამას ხალხი იზამს და მტყუან-მართალსაც გამოააშკარავებს.

_ ბატონო შოთა, ვინ და რატომ შეურაცხყო ბელადის ძეგლი?

_ მთელი კომპლექსი დავდგით, მაგრამ ვიღაც მოვიდა და მარტო სტალინის ძეგლი შეურაცხყო. გრანიტის ქვაზე სოსელო დავხატეთ, ქვეშ მისი ლექსი: «აყვავდი, ტურფა ქვეყანავ…» მივუწერეთ და ეს შეღებეს. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამის გამკეთებელი უკანასკნელი ნაძირალაა. კატეგორიულად მოვითხოვთ, დადგინდეს ამის ჩამდენის ვინაობა.

ვინც ეს გააკეთა, რას ფიქრობს? ჰგონიათ, რომ შევწყვეტთ სტალინის მოვლასა და პატრონობას?

საუკუნეების მანძილზე მეფეებს, ბატონებს და ა. შ. გლეხები, მონები, გლადიატორები პირუტყვთან ჰყავდათ გაიგივებული. ასეთი ამბავი იყო უხსოვარი დროიდან, ვერც ერთმა ძლევამოსილმა პიროვნებამ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც სტალინმა ხალხისთვის გააკეთა. ის მსოფლიოს ხალხთა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის იბრძოდა. საბჭოთა კავშირში სტალინს სოციალურად დაცული ადამიანები ჰყავდა, ჰქონდა პროფკავშირები, უფასო სწავლება, ჯანდაცვა. აი, ასეთი კაცი შეურაცხყვეს თელავში. ჩვენ ისევ სოციალიზმი გვინდა და მებაირაღედ სტალინი გვყავს.

პიკასომ თქვა: «თუ ვინმე გენიოსი არსებობს დედამიწაზე, ყველანი, ერთად აღებული, სტალინთან ვერ მოვლენო». რა გავხდით ასეთი ეს ქართველები, რომ ვერაფერი დავინახეთ. ვიღაც ამბობს, პაპა გადამისახლაო. იმიტომ გადაგისახლა, რომ მეზობელმა დააბეზღა, სტალინი რა შუაშია?!

ახალგაზრდებმა ეს უნდა იცოდნენ. ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საღად მოაზროვნე თაობა გავზარდოთ. მთელი რუსეთი სტალინზე ლოცულობს და ჩვენ ქართველებს რა გვემართება?!

ნახევარი საქართველო შიმშილობს, ყველა მშიერი ადამიანი სტალინზე ლოცულობს, ის ხომ ჩვენისთანების გამკითხავი და პატრონი იყო.  

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here