Home რუბრიკები პოლიტიკა ვადამდელი არჩევნები და კონტრრევოლუციის სამთავა ჰიდრა

ვადამდელი არჩევნები და კონტრრევოლუციის სამთავა ჰიდრა

645

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი მომწიფდა და, ალბათ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ან დადებითად, ან უარყოფითად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მუდმივი სპეკულაციის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებად გადაიქცევა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ეს ნამდვილი გორდიას კვანძია, რომელშიც უამრავი პრობლემა გადაიხლართა.

 

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია: იმ ხმების დიდი ნაწილი, რომელიც «ნაციონალურმა მოძრაობამ» 2012 წლის არჩევნებში მიიღო, მოპოვებულია ამომრჩევლებზე უპრეცედენტო ზეწოლისა და უამრავი «არაკონვენციური» მეთოდის გამოყენების ხარჯზე. მანდატების განაწილება პარლამენტში ელექტორატის პოზიციას ადეკვატურად არ ასახავს და ამას ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს. ასეთი სიტუაცია დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამ პარლამენტის სასწრაფო დაშლისკენ გვიბიძგებს, თუმცა არსებობს რამდენიმე შემაკავებელი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება, აგრეთვე, აუცილებელია.

ვინაიდან ცხოვრება სამართლებრივ სახელმწიფოში ჩვენთვის ჯერჯერობით მხოლოდ აუხდენელი ოცნებაა, ხშირად ძალიან ცუდად ვგრძნობთ ზღვარს კანონდარღვევის იურიდიულ დაფიქსირებასა და «ყველამ ისედაც ყველაფერი იცის» მიდგომას შორის. მაგალითად, არის ასეთი, ძალიან ფართოდ გავრცელებული მოსაზრება: «ყველამ ვიცით, რომ «ნაცმოძრაობა» დანაშაულებრივი ორგანიზაციაა». ისინი, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებენ (ეს ადამიანები, სავარაუდოდ, საკმაოდ შთამბეჭდავ უმრავლესობაში არიან), მოითხოვენ, რომ «ნაციონალებს» შესაბამისად მოექცნენ, მაშინ, როდესაც ქართულ თემიდას მსგავსი განაჩენი არ გამოუტანია. ასეა პარლამენტის შემთხვევაშიც; ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება: «ყველამ ვიცით, რომ არჩევნები უსამართლო იყო და პარლამენტი არაადეკვატურია», მაგრამ არაფერი მსგავსი სამართლებრივ სიბრტყეში არ ფიქსირდება; იურიდიული ფუნდამენტი საკითხის გადაწყვეტისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.

გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორიც; არა მხოლოდ «ნაციონალები», არამედ მმართველ კოალიციაში შემავალი იმ პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც 2012 წლის არჩევნებმა მათ რეიტინგზე გაცილებით (არაპროპორციულად) დიდი წარმატება მოუტანა, ყველანაირად შეეცდებიან მერვე მოწვევის პარლამენტს ოთხი წელი გააძლებინონ, რადგან ვადამდელი არჩევნები საფრთხეს, დიდი ალბათობით, მათ პოზიციებსაც შეუქმნის. ნუ წარმოვიდგენთ ამას, მხოლოდ როგორც «იქს რაოდენობის» «ნაცდეპუტატების» მექანიკურ ჩანაცვლებას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებით, ვადამდელი არჩევნების გამართვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო სერიოზული ცვლილებები მოხდება.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მათთვის აქტუალური პრობლემის კომპლექსურ გადაწყვეტაზე ოცნებობენ, ანუ, ერთი მხრივ, საუბარია «ნაციონალების» საბოლოო გადასახლებაზე ისტორიის სანაგვეზე და ამის შემდეგ გამოთავისუფლებული სივრცის დაკავებაზე; ხოლო, მეორე მხრივ, _ ალასანიას ჯგუფისა და «რესპუბლიკელების» «ჩაჩოჩებაზე». თუმცა ორივე მიზნის მიღწევა შესაძლებელი, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ მმართველი კოალიცია ამ ჰიპოთეტური არჩევნებისთვის დაიშლება ან მის შიგნით ძალთა ბალანსის დრამატული ცვლილება მოხდება, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ბიძინა ივანიშვილი. ეს უკანასკნელი ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს სერიოზულ იმედებს უკავშირებენ და მათ დამოკიდებულებაზე ახალი არჩევნების მიმართ განმსაზღვრელ გავლენას ახდენს.

დემოკრატიის პრინციპების ერთგულება, პრინციპში, ვადამდელი არჩევნების დაუყონებლივ გამართვას, ხოლო საკითხის მიბმა ივანიშვილის პოზიციაზე და პროცესებზე კოალიციის შიგნით მანევრირებას და მომენტის შერჩევას მოითხოვს. ამას კი დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშია, ავტორიტარული ეპოქისთვის დამახასიათებელი წესებით, რომლის დროს, უბრალოდ, ხდება ხმამაღალი აპელირება დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ; ამ ნიუანსის დაფიქსირება, ალბათ, მნიშვნელოვანია.

სააკაშვილის რეჟიმი პოლიტიკური სივრცის ფორმატირების პროცესში ნაჯახს იყენებდა, რათა პროცესებისგან მისთვის არასასურველი ჯგუფები მოეკვეთა. ეს ვითარება შეიცვალა, მსგავს ქირურგიულ ექსპერიმენტებს ადგილი აღარ აქვს. თუ დღეს არსებული გაცილებით თავისუფალი რამდენადმე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდება, ჩვენ, სავარაუდოდ, მივუახლოვდებით სიტუაციას, როდესაც მოქალაქეები ამა თუ იმ პარტიას მხარს იდენტური მსოფლმხედველობისა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების გამო დაუჭერენ და არა იმიტომ, რომ სასწრაფოდ უნდა გააკეთონ ფორსმაჟორული არჩევანი «ძალიან ცუდსა» და «გაცილებით უარესს» შორის ან სიკეთისა და ბოროტების უკანასკნელ ბრძოლაში ჯარისკაცების როლი შეასრულონ. მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური სპექტრი ნელნელა წავა კლასიკური დაყოფისკენ თავისი კონსერვატორებით, ლიბერალებით, სოციალისტებით, ნაციონალისტებით და .. რაც დემოკრატიის განვითარებას, სავარაუდოდ, დიდად წაადგება.

მაგრამ ეს ხანგრძლივი, ეტაპობრივი პროცესია და მას ხელს ორი გარემოება უშლის: შესაბამისი ტრადიციების ფაქტობრივი არქონა და ის ჰიპერტროფირებული მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხს მიენიჭა. არადა, ორიენტაციის საკითხის წინა პლანზე წამოწევა, მისი ზეაქტუალიზაცია და პოლარიზება ამ ნიადაგზე არის პირდაპირი გზა სამოქალაქო ომისკენ და ამას არაერთი პატარა ქვეყნის ისტორია მოწმობს, რომელიც გეოპოლიტიკური კონკურენციის ეპიცენტრში აღმოჩნდა. აქამდე ჯერ არ მივსულვართ, თუმცა არაერთი სიგნალი ამ მხრივ საშიშ ტენდენციებზე მიანიშნებს.

ვადამდელი არჩვენები «კარგი შედეგით» რომ დასრულდეს (აქ იგულისხმება არა რომელიმე ძალის გამარჯვება, არამედ წინ გადადმული ნაბიჯი სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნისკენ), ალბათ, სასურველია, რომ პოლიტიკური სპექტრი უფრო დალაგდეს და იდეების (ასე თუ ისე) ჯანსაღი კონკურენცია დაიწყოს. თუ ჩვენ ვიჩქარებთ, დიდი ალბათობით, ისევ მივიღებთ ჩვეულ მანიპულირებას ტაქტიკური ლოზუნგებით, არაბუნებრივ ალიანსებსდემაგოგების აღლუმს და, საბოლოოდ, შედეგებს, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ დააკმაყოფილებს. ცხადია, იდეალურ მდგომარეობას პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ათწლეულების განმავლობაში ვერ მივაღწევთ და ამ პაუზას რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა დაუწესდეს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში მართებული იქნება შემდეგი მიდგომის გამოყენება, რომელსაც, პირობითად, შეიძლება «საფეხურების პრინციპი» ვუწოდოთ.

პირველი საფეხური _ საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე საფეხური _ ადგილობრივი არჩევნები და მხოლოდ მესამე საფეხური _ საპარლამენტო არჩევნები. ეს იდეა, შეიძლება ძალიან არ მოეწონოს იმ ადამიანებს, რომელთაც ყელში ამოუვიდათ მერვე მოწვევის დეფექტური პარლამენტი «ნაციონალების» არაპროპორციულად დიდი ფრაქციით, ალასანია-რესპუბლიკელების ასევე არაპროპორციული გავლენით და იმ შემთხვევითი ადამიანებით, ზოგჯერ კი აშკარა იდიოტებით, რომელნიც ზედაპირზე 2012 მოვლენებმა ამოტუმბეს. მაგრამ, შესაძლოა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დალოდება სჯობს; რათა პოლიტიკური სივრცის გადაფორმატებისა და სიტუაციის ზოგადი გაჯანსაღების პროცესი ცოტა უფრო შორს წავიდეს. ზოგი ამ პერსპექტივას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ აუცილებელია სასწრაფო მოქმედება, რადგან სადღაც კულისებში რესპებისგან, ალასანიას ჯგუფისგან და «ნაცმოძრაობის» ნარჩენებისგან იქმნება კონტრრევოლუციის სამთავა ჰიდრა (ეს ძველი ლექსიკა მაინც სულ სხვაა), რომელიც მალე ქვეყანას მოაჯდება. ამ ადამიანებს უამრავი არგუმენტი აქვთ, მაგრამ ვინ თქვა, რომ ხსენებული «მოქმედება» მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნების გამართვა უნდა გახდეს? რამდენად ღირს ამ იდეის შეწირვა არსებითად ტაქტიკური პრობლემის გადაწყვეტისთვის? და, მაღალ მატერიებს თავი რომ დავანებოთ, რამდენად მზად არიან ჩამოთვლილი ძალების ოპონენტები ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?

საპრეზიდენტო და, რაც მთავარია, ადგილობრივი არჩევნები და შესაბამისი პერიოდი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამჭედლო, რომელშიც დღევანდელი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ახალი სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ძალა (ერთი ან  რამდენიმე) გამოიჭედება. მოთმინებამ შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი შედეგი მოიტანოს, რაც 2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, ხოლო უაზრო აჩქარებას კრახი მოაქვს, რის დემონსტრირებაც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა.

შემოთავაზებული მიდგომა არ გულისხმობს უარის თქმას ვადამდელი არჩევნების იდეაზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ორიენტირად, ალბათ, სასურველია, 2014-2015 წლის მიჯნა განისაზღვროს. ამ არჩევნების გამართვას შეეწინააღმდეგება დღევანდელი პარლამენტარების უმრავლესობა და, სავარაუდოდ, უცხოელი პარტნიორებიც და ამან საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეიძლება ხელი შეუშალოს. მაგრამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, უნდა იარსებოს თუ არა ამ, არანორმალურ პირობებში არჩეულმა, პარლამენტმა, ალბათ, მაინც ღირს.

ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ არა დასახულ მიზნებს საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც რეფერენდუმის გამართვაზე ცესკოში განაცხადი შეიტანა; სარეფერენდუმო კითხვა ასე ჟღერს: «ხართ თუ არა თანახმა, საქართველოში 2014 წელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს?». ქვეყნის უახლეს ისტორიაში არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, რომ ყველა იურიდიული ნორმის ზედმიწევნით ზუსტი დაცვის შემთხვევაშიც კი, ხელისუფლებამ შეიძლება მაინც მოახერხოს საკითხის ტორპედირება. თუმცა ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია (მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს იდეა თუ არა), ყვირილი, უფრო სწორად კი წუწუნი, «ვადამდელი არჩევნები გვინდა», არაფერს შველის და არაფერს ცვლის, საკითხის გადაწყვეტას გაცილებით მყარი ფუნდამენტი სჭირდება.  

თავისთავად ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვის დაშვება-არდაშვება ხელისუფლებისთვის ერთგვარი ტესტის როლს შეასრულებს. კომენტატორების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს ვადამდელი არჩევნების გამართვას დაუჭერს. ხელოვნური წინაღობების აღმართვამ შეიძლება სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს საკითხი საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზეა; ეს პრინციპული მნიშვნელობის მომენტია _ მოქალაქეებმა არ უნდა იგრძნონ, რომ ხელისუფლება მათ მიმართ უნდობლობას გამოხატავს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე აზრის გამოხატვის შესაძლებლობას ართმევს.

იმედია, ახალი საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიმართება, შესაძლებლობას მოგვცემს, მივუახლოვდეთ იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკური ძალების ბალანსი პარლამენტში ადეკვატურად ასახავს ამომრჩეველთა ყველა ჯგუფის შეხედულებებსა და ინტერესებს, რაც ოდნავ მაინც დაგვაშორებს მუდმივი კრიზისის რეჟიმს, რომლის პირობებშიც, ამდენი წელია, ვცხოვრობთ.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. მე იმ კაცის დედაც ვატირე ვინც ნაცმოძრაობიდ კრიმინალურ მოღვაწეობაში ეჭვს შეიტანს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here