Home რუბრიკები პოლიტიკა ჯარში საბოტაჟია

ჯარში საბოტაჟია

724

ამა წლის ივნისში გაზეთმა «საქართველო და მსოფლიომ» გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთან, რომელიც ამბობდა, რომ სააკაშვილმა უკრაინაში შეიძინა საბრძოლო იარაღი, რომელიც 40-იან წლებში იყო გამოშვებული და მის გასანადგურებლად უკრაინის მთავრობას თანხა ჰქონდა გამოყოფილიო. ჩამოვიდა თუ არა აღნიშნული იარაღი და გამოიყენეს თუ არა ის აგვისტოს ომის დროს «საქართველო და მსოფლიოს» სამხედრო მაღაჩინოსნები ესაუბრებიან.

 

«რაც მოგიყევით სისხლის სამართლის დანაშაულია, უფრო მეტიც, ამას სამშობლოს ღალატი ჰქვია»

რეზო სახვაძე,

ვიცეპოლკოვნიკი:

_ ომის შემდეგ ჯერ მუხროვანის ქვედანაყოფი დაიშალა, მერე _ ცალკეული საზენიტო დივიზიონი, შემდეგ სამედიცინო ნაწილი, ანუ ქვედანაყოფები, რომლებმაც რეალურად იბრძოლეს და მტერს წინააღმდეგობა გაუწიეს, ყველა მოიშორეს. ჩვენ არავის ვაკნინებთ, სხვებმაც იბრძოლეს, მაგრამ რატომღაც ქმედითი, საბრძოლო ქვედანაყოფები დაიშალა. მუხროვანს ამბოხება დააბრალეს და დაშალეს. საეჭვოა, როცა დანაყოფებს, რომლებიც გუშინ ომში იყვნენ და გაიწვრთნენ, მეორე დღეს შლი. რა მოსაზრებით შეიძლება ამის გამართლება? თუ დარღვევები დაფიქსირდა, ყველა დანაყოფს თავისი პატრონი ჰყავს და შეიძლება  პასუხი მოეთხოვოს. ქვედანაყოფი თავისი ფუნქციითა და ამოცანით უნიკალურია. ეს საქართველოს სჭირდება, ყველა ჩვენგანს სჭირდება. ეს არის ქვედანაყოფი, რომელიც ბრძოლის დროს ქვეყანას იცავს ჰაერიდან.

ქვედანაყოფმა, რომელმაც იბრძოლა და მწყობრიდან გამოიყვანა მოწინააღმდეგის 12 საფრენი აპარატი, მიიწერა დიდმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა იმისთვის, რომ თანხები გაეთეთრებინათ.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველომ შეისყიდა ტექნიკა, რომელმაც ომის დროს არ ივარგა, ამიტომაც საჰაეროსაზენიტო არტილერიის ნამოქმედარი თავად მიიწერეს, ჯილდოებიც აიღეს და გაფუჭებული ტექნიკა კი ჩვენ დაგვიტოვეს.

მავთულხლართებზე ვსაუბროთ… მტერი რომ შემობრუნდეს, თბილისამდე რომ გადმოწიონ საზღვარი, ხომ უნდა შევებრძოლოთ, შევეწინააღმდეგოთ? დღეს ქვეყანას აღარ ჰყავს ჯარისკაცები, რომლებიც მტერს წინააღმდეგობას გაუწევენ. საშინელი ვითარებაა. 2008 წელს ბევრად ბრძოლისუნარიანები ვიყავით, ვიდრე დღეს. საერთოდ აღარ გაგვაჩნია არაფერი, მხოლოდ 20 პროცენტმა შეიძლება შეძლოს თავდაცვის საჰაერო ოპერაციების განხორციელება.

_ რაზე გაქვთ ეჭვი? რა მოხდა?

_ ეჭვი რა შუაშია, ზუსტად ვიცით, რაც მოხდა. შეიძინეს ძველი, უვარგისი ტექნიკა და, ეს რომ არ ამოტივტივებულიყო, გააუქმეს ამდენი ბატალიონი. ისინი ხომ არ ელოდნენ, რომ მთავრობა შეიცვლებოდა.

გიგი კალანდაძის ქვედანაყოფმა ომში უარი გვითხრა რაკეტების მიღებაზე. მე, როგორც სახმელეთო თავდაცვის საჰაერო ჯარების უფროსი, ამ რაკეტებს ვანაწილებდი. ვისაც ვუბრძანე, ყველამ აიღო. არ აიღო მე-4 ბრიგადამ _ კალანდაძის ბრიგადამ; მიზეზად დაასახელა ის, რომ ჯარისკაცი გადაიტვირთებოდა.

იყო ასეთი, 42-ე ბატალიონი, რომლის მეთაური იყო მერაბ კიკაბიძე, რომელმაც ცხინვალში, მუხის ხეივანში მოაწყო ბატალიონი. ამ დროს გამოჩნდნენ რუსების თვითმფრინავები. მათ დაინახეს მოწყობილი ბატალიონი. მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ისე დაბლა დაეშვა, რომ ბიჭები მიყვებოდნენ, მათ სახეებს ვხედავდითო. აქედან გამომდინარე, მათ ხელმძღვანელს თავსუფლად შეეძლო გაეგო, თუ ვის ეკუთვნოდა თვითმფრინავი. თუ ვერ გაიგო, უნდა გადაერეკა შტაბში და დაედგინა, მაგრამ თუ მაინც ვერ დააზუსტებდა, ხალხი, რომელიც იქ მოაწყო და უკვე დანაშაული ჩაიდინა, უნდა გადაემალა, რათა არ დაებომბათ. მართლაც, მოწინააღმდეგის თვითმფრინავმა დაბომბა იქაურობა, შედეგად ოცი ჯარისკაცი დაიღუპა და ორმოცზე მეტი დაიჭრა. დანარჩენები დღემდე შოკში არიან. მათ არ ჰქონდათ საბრძოლო იარაღები, ამის გამო დაიღუპნენ ბიჭები. ომის შემდეგ ყველა ოცეულის მეთაური დაიჭირეს, რათა ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. კიკაბიძისა და კალანდაძის მეგობრობის ამბავი მთელმა ქვეყანამ იცის.

ქართულმა მართლმსაჯულებამ კალანდაძეს დანაშაული ვერ უპოვა. არადა, რაც მოგიყევით სისხლის სამართლის დანაშაულია, უფრო მეტიც, ამას სამშობლოს ღალატი ჰქვია.

«ალასანია გაბრუებულია და აზრზე ვერ მოდის…»

გია ლილუაშვილი,

ვიცეპოლკოვნიკი:

_ BUK M1 ტიპის საბრძოლო იარაღი საქართველომ კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს შეისყიდა. მას უკრაინაში მერაბ ურიდიაც ახლდა, როლანდ ახალაიას ახლო მეგობარი, რომელიც დღესაც საჰაერო ძალების სარდალია. სწორედ ის განაგებს ყველაფერს.

2006 წლიდან საჰაერო დავდაცვის შექმნა დაიწყო. ქვეყანას თუ არ ჰყავს საჰაერო თავდაცვა, სახმელეთო ჯარი, როგორი მოტივირებულიც არ უნდა იყოს, მისი ქმედების კოეფიციენტი ნულია.

დაიწყეს უვარგისი ტექნიკის შემოტანა, იმ მომენტში იქ ვიყავი და გაოგნებული ვუყურებდი _ ეს არ იყო ის ტექნიკა, რომელზეც მანამდე საუბრობდნენ. იცით, ალბათ, როდესაც ტექნიკას ყიდულობ, ადგილზე ყველაფერს ამოწმებ. ის, რაც შემოიტანეს, სულ სხვა რამ იყო. ტექნიკას უკრაინიდან ხალხი ჩამოჰყვა, მათ ვიცნობდი და მითხრეს, რომ ჩვენც გაოგნებულები ვართ, ტექნიკა, რომლის შესყიდვაზეც იყო საუბარი, გაწკრიალებული იქვე დატოვეს, ეს ნაგვიდან ამოქექეს და წამოიღესო. ტექნიკა, იცით, რა დონეზე იყო გაუბედურებული? სამკილომეტრიანი მარში ვერ გაიარა, გაჩერდა, მწყობრიდან გამოვიდა მთელი სისტემები, დასკდა რეზინის მილები, ტექნიკაში შიგნით ბალახი იყო ამოსული. როდესაც სხვა ქვეყნიდან ასეთი ტიპის ტექნიკა ჩამოდის და მას ჯგუფი მოჰყვება, ერთი თვე ადგილზე რჩებიან, გადმოგაბარებენ ყველაფერს და მიდიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, დიდხანს მოუხდათ აქ დარჩენა, რადგან ტექნიკას აქ აწყობდნენ. ნაწილები იხსნებოდა, ყუთებში ლაგდებოდა, კიევში იგზავნებოდა და იქიდან სხვა ნაწილი ჩამოდიოდა. ამ მანქანებთან ერთად შეისყიდეს დანადგარები, რომლებიც 3-დან 5 მილიონამდე ღირს, თუმცა საერთოდ გამოუსადეგარი იყო.

ომი რომ არ დაწყებულიყო, ის ხალხი ამ დრომდე აქ იქნებოდა, მათი შენახვაცა და სამსახურიც უზარმაზარ თანხებთან იყო დაკავშირებული.

დღეს ეს ტექნიკა საჰაერო თავდაცვის სარემონტო ბაზაზე სრულიად განადგურებული ყრია, რომელშიც ათეულობით მილიონი დოლარია გადახდილი და რომელსაც ერთი საათიც კი არ უმუშავია.

უშუალოდ ომის დღეს გავიხსენებ. გამოცხადდა საბრძოლო განგაში, 9 მანქანა უნდა გასულიყო, გავიდა ორი. მათგან მხოლოდ ერთმა მანქანამ შეძლო თავისი ფუნქციის შესრულება.

ომის შემდეგ ადამიანები დაჯილდოვდნენ გამარჯვების, ბრწყინვალების ორდენებით, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებმაც მართლა იომეს. მაგალითად, ფოჩხუა გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა. ეს ორდენი დიდი სამამულო ომის შემდეგ მხოლოდ 4 ადამიანმა მიიღო. ის ძვირფასი ქვებით არის მოოჭვილი. საჰაერო თავდაცვას დღესაც განაგებს ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ახალგაზრდა ოფიცრებმა, რომლებმაც ომს გაუძლეს, შეიარაღებული ძალები დატოვეს; მათ დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ისინი არავის სჭირდებოდა.

_ წავიდნენ თუ გაუშვეს?

_ თავისით წავიდნენ. მერე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ვთხოვდი, დაბრუნებულიყვნენ, ახლა სხვაგვარად იქნება-მეთქი, ზოგი მართლაც დაბრუნდა, მაგრამ ჯარში სიტუაცია არ შეცვლილა. დღეს უფრო უარესი ვითარებაა ქართულ ჯარში, ვიდრე მანამდე იყო.

ჩვენ «ქართული ოცნების» წევრები ვართ, მაგრამ ალასანიასთან შეხვედრა არ გვქონია, მის დილეტანტ მოადგილეებს შევხვდით, რომლებსაც ან არ ესმით ან არ უნდათ გაგება, თუ რა ხდება ჯარში. ალასანია გაბრუებულია და აზრზე ვერ მოდის, სად არის. ჯარში საბოტაჟია. თავდაცვის სამინისტროში ინიშნებიან ხელმძღვანელების ნაცნობ-მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები, «ნაცმოძრაობის « ყოფილი აგიტატორები.

გეტყვით, პირადად ჩემს შემთხვევაში რაც მოხდა. წარდგენილი ვიყავი საჰაერო ძალების თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, ოღონდ მას შემდეგ, რაც მინისტრს მივწერე და გასაუბრება გავიარე, დამბლოკეს. ამის შემდეგ სამოქალაქო შტატზე ვინიშნებოდი, ადამიანი, რომელიც 23 წელიწადია ქვეყანას ვიცავ, აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო შტატზეც არ დამნიშნეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მზადდება საბოტაჟი, რომელიც გარეთ დიდი ხმაურით გამოვა. დაწყებული გენშტაბიდან, სახმელეთო ჯარების სარდალი, მისი მოადგილე და .. ეს ადამიანები დადიან ოცეულის მეთაურის რანგამდე. დააწესეს ჯარიმები, ხელფასებს უქვითავენ თანამშრომლებს და თან ეუბნებიან, აი, თქვენი ახალი ხელისუფლებაო. ერთი შემადგენლობა, ძნელაძის ხელშეწყობით, იკრიბება ავღანეთში. იქიდან დაბრუნებულმა ბიჭებმა თქვეს, რომ ძალიან საეჭვოდ მოძრაობენ, იქ რამე უბედურება არ მოაწყონო.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც სამინისტროში რაღაცის გაკეთებას ცდილობს, არის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მაგრამ ისიც იძულებულია, რომ სუბორდინაცია დაიცვას.

მუშაობს გენინსპექციაც და მისი ხელმძღვანელი ანდრო გოცირიძე, რომელიც გვისმენს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ამას წინათ 17 წლის უნახავი ჯარისკაცი შემხვდა და მითხრა, ბატონო გია, ისეთი სიტუაციაა, ესენი რაღაცას მოახდენენო. თანამდებობაზე ისევ კალანდაძის დატოვებული ხალხი ზის.

ადამიანები მე-5 პოზიციიდან სარდლები გახდნენ, ამის შეცვლას არაფერი უნდა, უბრალოდ საწყის პოზიციაზე უნდა დააბრუნო. ალასანია კი ამბობს, საკადრო ცვლილებებში არ ვერევიო.

«ბრძოლის უნარი არ დამიკარგავს, უფრო მოტივირებული გავხდი. ვიბრძოლებ ბოლომდე»

გოდერძი ორმოცაძე,

თადარიგის კაპიტანი:

_ აღნიშნული სამხედრო ნაწილი შეიქმნა 1990 წელს, უშუალოდ საბრძოლო ოპერაციების წარმოებისას აფხაზეთის ომში, გია ყარყარაშვილის მინისტრობის პერიოდში. უშუალოდ ბრძოლაში ჩაბმულმა დივიზიონის პირადმა შემადგენლობამ გმირობისა და მამაცობის არაერთი ფაქტი გამოამჟღავნა, რიგ შემთხვევებში _ საკუთარი სიცოცხლის ფასად.

აფხაზეთის ომის შემდეგ დივიზიონი დისლოცირებული იყო ქუთაისში 36-ე სამხედრო ქალაქის ბაზაზე.

განისაზღვრა დივიზიონის საბრძოლო დანიშნულება და არსი, რაც მდგომარეობს შემდეგში:

საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას დივიზიონის ქვედანაყოფები უზრუნველყოფდნენ მოწინააღმდეგის დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საბრძოლო აპარატების და მიწისზედა სახმელეთო, წყლის ზედა მიზნების მწყობრიდან გამოყვანასა და განადგურებას; სამხედრო ბაზებისა და ობიექტების საჰაერო დაცვას; საბრძოლო ოპერაციებში სამეთაურო და საშტაბო პუნქტების საჰაერო დაცვას; საბრძოლო ოპერაციებში ფეხოსანთა და ჯავშან-ტექნიკის გადაადგილებისას სახმელეთო და საჰაერო ცეცხლის მხარდაჭერას.

დივიზიონის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი საბრძოლო ქვედანაყოფები:

ორი საზენიტო ქვემეხი. ს-60 ბატარეა; გადასატანი საზენიტო დანადგარის ზეუ-23/2-ის ბატარეა; შემდგომში მოხდა გადასატანი საზენიტო დანადგარების ზეუ-23/2-ის დამონტაჟება თვითმავალ გამწე ტექნიკაზე ე.წ. მტლბ-ზე; თვითმავალი ავტომატიზირებული საზენიტო დანადგარი ზსუ 23/4 «შილკის» ბატარეა; გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სტრელა-2-ის ბატარეა; გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის «გრომის» ბატარეა; უზრუნველყოფის ასეული.

დასავლეთის ოპერატიული მიმართულების განკარგულებაში მყოფი დივიზიონი, ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებითა და განკარგულებით, აქტიურად მონაწილეობდა პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციებში, ინტენსიურად მონაწილეობდა კოდორის ხეობის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფაში, ხოლო მას შემდეგ, რაც დივიზიონი გადავიდა სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებდა კოპიტნარის, სენაკის, ბაზალეთის, გორში დისლოცირებული მეხუთე ქვეითი ბრიგადის, ვაზიანში დისლოცირებული მეოთხე ქვეითი ბრიგადის, სასწავლო ცენტრ კრწანისის, ქ. ქუთაისის დისლოცირებული მესამე ქვეითი ბრიგადის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას.

2008 წლის 7 აგვისტოს დივიზიონის ქვედანაყოფები საბრძოლო დავალების მიღებისთანავე უშუალოდ ჩაებნენ საჰაერო თავდაცვით ბრძოლებში, სადაც რეალურად და პრაქტიკულად დასაბუთდა მოწინააღმდეგის დაბალ სიმაღლეზე მფრენი საბრძოლო აპარატების წინააღმდეგ ბრძოლისას მისი უნიკალური შესაძლებლობები:

საზენიტო ცეცხლის კომპლექსური წარმოების მაღალი ეფექტურობა; სწრაფი მანევრირება; ეფექტური საზენიტო-საცეცხლე ბადის შექმნით მოწინააღმდეგის მხრიდან მოულოდნელობისა და დაბნეულობის ეფექტურობა; ყოველივე ამას საფუძვლად ედო პირადი შემადგენლობის მაღალი საბრძოლო მომზადება და მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობა.

ომის შეწყვეტის შემდეგ დივიზიონი, ზემდგომი მეთაურების ბრძანებების შესაბამისად, აგრძელებდა საჰაერო თავდაცვის ობიექტებისა და ზემოთ აღნიშნული ქვედანაყოფების საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას.

დივიზიონმა საბრძოლო მწყობრიდან გამოიყვანა მოწინააღმდეგის 11 მოიერიშე სუ-25 საფრენი აპარატი და 1 მოიერიშე მიგ-4 ვერტმფრენი, რაც, სამწუხაროდ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, არ თუ ვერ აღიარეს დიდი საჰაერო თავდაცვის, სამწუხაროდ, ახლაც შემორჩენილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას, ქვეშევრდომებმა _ ბრიგადის გენერალმა ნაირაშვილმა, პოლკოვნიკმა ფოჩხუამ, პოლკოვნიკმა ურიდიამ. მათი აქტიური ქმედების შედეგად 2009 წლის 21 სექტემბერს ყოფილმა გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ჭანკოტაძემ და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღეს, ჩემი აზრით, «საუკეთესო შემთხვევაში», აღნიშნული დივიზიონის გაუქმების სპონტანური გადაწყვეტილება, აღშფოთებისა თუ შეშფოთების ნიადაგზე, ხოლო ყველაზე «ცუდ შემთხვევაში» _ არაგონივრული, აბსურდული გადაწყვეტილება.

ბრძოლის უნარი არ დამიკარგავს, უფრო მოტივირებული გავხდი. ვიბრძოლებ ბოლომდე. ალასანია ვერ ვნახე, მაგრამ სესიაშვილს ყველაფერი ვუთხარი. ამ დრომდე პასუხი არ არის. მე 16 წელი ფორმა მეცვა, ახლა ეს ადამიანები მეუბნებიან, უნდა შეგამოწმოთო. სირცხვილია.

_ პროკურატურას ეს ინფორმაცია არ მიაწოდეთ?

_ კი, კბილაშვილს მივწერეთ. მან გადააწერა თავდაცვის სამინისტროში რომელიღაც გამომძიებელს, ხოლო იქიდან მოგვივიდა პასუხი, 2010 წელს რაც პასუხი მიიღეთ, იმით დაკმაყოფილდითო.

«ვფიქრობდი, თუ ეს დღე გველოდა, ნეტავ, ბომბი ჩამოვარდნილიყო

და ჩავხო ცილიყავითმეთქი»

ვაჟა ჩომახიძე,

თადარიგის

ვიცეპოლკოვნიკი:

_ გენინსპექციას ჩვენება მივეცი და თან ვითხოვ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზეზით გაუქმდა ჩვენი ნაწილი. ნაწილი პრეზიდენტის ბრძანებით მხოლოდ სამ შემთხვევაში უქმდება: თუ ნაწილმა მშვიდობიანობის პერიოდში თავისი სიმბოლიკებიანი დროშა დაკარგა, თუ ომის პერიოდში დროშა მტერს ჩაუვარდა და მესამე _ თუ ნაწილმა ბრძოლის დროს 70%-ზე მეტი პირადი შემადგენლობისა დაკარგა.

 არც ერთი ჩამონათვალთაგან არ მოგვსვლია. ჩვენ ერთი ადამიანიც კი არ დაგვიკარგავს. 2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის აგვისტომდე ჩვენი ნაწილი სულ ტერიტორიებს იცავდა, ბაზაზე არ შევსულვართ. ბაზაზე როდესაც დავბრუნდით, ძალიან მალე გააუქმეს ჩვენი ნაწილი.

შუაღამისას განგაშით გამომიძახეს. რომ მივედი, ნიღბიანი თანამშრომლები დავინახე. ვერაფერს მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. თანამშრომლები უკვე შეკრებილი ჰყავდათ. დევი ჭანკოტაძე იყო ჩამოსული. საინფორმაციო ოთახში შეგვკრიბეს. ჭანკოტაძემ ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა მოგვაყენა და ისე გავიდა, რომ შეკითხვის დასმაც ვერ შევძელით.

 7-8 დღის გასვლის შემდეგ თბილისიდან ჩამოვიდა ხალხი და თქვეს, ტერიტორია უნდა დავათვალიეროთო, ამ ფაქტმა ძალიან დამაფიქრა. კომისიები მოდიოდა და მიდიოდა, მიჰქონდათ საიდუმლო საბუთები, რომლებშიც ხარვეზსაც კი ვერ პოულობდნენ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი ნაწილი გააუქმეს, მაგრამ რის საფუძველზე, ვერ მივხვდი. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, თუ ეს დღე გველოდა, ნეტავ ომში, იქ, სადაც ჩვენ ვიდექით, ბომბი ჩამოვარდნილიყო და ჩავხოცილიყავით-მეთქი. ჩვენი ნაწილი ისე გადაინაწილეს, როგორც მტრის ქონება ბრძოლის შემდეგ. ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ლიცეუმი გააკეთეს, რომლის დაარსების აუცილებლობაც არ იყო, როგორც ჩანს, ვიღაცამ ამითაც ფული იშოვა.

ჩვენს საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, ვითხოვ, რომ გახსნან ეს საქმე, პირობას ვაძლევ ყველას, რომ იქიდან ამუნია არ ამოვა.

რუსებს გაუკეთებიათ გადაცემა, რომელიც ჩემი თვალით ვნახე. იქ ჩვენს ნაწილზეც არის საუბარი. რუსები ამბობენ, რაც ჩვენ ჩვენმა ხელმძღვანელობამ გაგვიკეთა. მათი კომენტარი ასეთი იყო: _ აი, როგორ გაუსწორდნენ ყველაზე მებრძოლ ნაწილს.

_ გენისნპექციაში რა თქვეს იმაზე, რომ ბიჭების სახელები და გვარები რუსებისთვის არის გადაცემული?

_ არაფერი, რა უნდა თქვან? ეს მათი აქილევსის ქუსლია. ესენი უბრალო ჯარისკაცებს დასდევენ. მათ არ აქვთ უნარი, მაღალჩინოსნების საქმეები შეისწავლონ. ამ ბიჭებთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიაც გვაქვს. მათ, ვინც მედლებით დააჯილდოვეს, არც ერთს თანხა არ მისცეს, ორდენს 1000-1500 ლარი ფულადი ჯილდოც მოჰყვება.

ისე გამოვიდა, რომ მიშას და კალანდაძეს პიარისთვის სჭირდებოდათ ეს დაჯილდოება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here