Home რუბრიკები საზოგადოება “იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

“იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

წერილი მეოთხე

117

როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას ისე, რომ ხეირი მოუტანო? _ ეს კითხვა სხვადასხვა დროის ქართველ მამულიშვილებს ყოველთვის აწუხებდათ და, ცხადია, დღესაც ჩვენი ქვეყნის მომავალს მასზე პასუხის პოვნა განსაზღვრავს.

მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ნანარტი დამოუკიდებლობა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა _ იმედი გაგვიცრუვდა, რომ ჩვენი თავის, ჩვენი მამულის ბატონპატრონები მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით და თავისუფლებით დავტკბებოდით. თავიდან კარგა ხანსჯოს! ჯოს! ჯოს!” ძახილით გავანადგურეთ და თავიდან მოვიშორეთ ყველაფერი, რაცშავბნელსაბჭოთა პერიოდს გაგვახსენებდა, და მერე, სიპ ქვაზე რომ აღმოვჩნდით, ერთმანეთს დავუწყეთ დამუნათება, კბენა, კინკლაობაამ დროს გამოგვიჩნდნენკეთილისმსურველები”, კალიებივით შემოესივნენ ჩვენს მამულს, დაგვაპურეს, ჩაგვაცვეს და, სანამ მათ მორთმეულ ფოჩიან კანფეტებს მივირთმევდით, ჩვენს ყველა კუთხეკუნჭულში შეიხედეს, სახნავსათესსაცმიხედეს”… ჩვენ კი ჩვენითვალებდახუჭული ტვინითდაუფიქრებლად გავყიდეთ ყველაფერი, რისი ყიდვაც უკვე გაშინაურებულმა უცხოელებმა მოინდომეს. შრომა გვეზარებოდა, სამაგიეროდ ერთმანეთის წინააღმდეგ აქციების მოწყობასა და ქუჩაში გამოსვლაზე წელი არ გვწყდებოდა. ჰოდა, მოვედით აქამდე და, მგონი, როგორც იქნა, მივხვდით _ არაფერს წარმოვადგენთ არც ნატოსთვის, არც ევროკავშირისთვის და არცსტრატეგიულიმეგობრებისთვის”, ძლიერნი ამა ქვეყნისანი მხოლოდ სათავისოდ გვიყენებენ. და ახლა გვინდა, მივაგნოთ სწორ პასუხს კითხვებზე, რომლებიც თავის დროზე მოსვენებას არ აძლევდა არც დიდ ნიკო ნიკოლაძეს: “რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს სჭირია? რა ხეირი უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას რანაირად უნდა ემსახუროს?”

განვაგრძოთ დიდი წინაპრის ნააზრევის გასიგრძეგანება.

მამულის სიყვარული და მსახურება

იმ მოძრაობამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეღირსა ბოლოს, ჩვენში ბლომათ დაბადა ის მავნებელი და საზიზღარი ტიპი, რომელსაც მწერლობის უმჯობესი და უპატიოსნესი ნაწილი ყოველგან დევნის და რომელსაც ზოგან “შოვინისტებს” ეძახიან, ზოგან “ვიწრო პატრიოტებს”, ზოგან квасные-ს და სხვ. – ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენშიაც გამოჩნდა ამ ტიპის ხალხი, ჩვენშიაც ხმა და გავლენა მოიპოვა მათმა ვიწრო და თვალებ-დახუჭულმა ტვინმა… საკვირველი ესაა, რომ ამ ვიწრო ან ცრუ პატრიოტებს შუა ბევრი ისეთია, რომ ხმას როდი იღებდენ და ხალხს როდი აღვიძებდენ იმ დროს, როცა მამულის სიყვარული საშიში რამ იყო, როცა მამულის ერთგულ კაცს საზოგადოების ტაშის კვრა კი არა, უფროსების რისხვა და ლახვრა ელოდა…

ისიც არის საკვირველი, რომ მას აქით, რაც საზოგადოებამ აშკარად გამოსთქვა თავისი მხურვალე თანაგრძნობა მამულის ბედზე, ისეთი პირებიც გაპატრიოტდენ _ გაცრუპატრიოტდენ, _ ვინც უწინ პატრიოტობას სისულელედ სთვლიდა, ვინც აშკარად კოსმოპოლიტობდა, ვინც მე, მაგალითად, სულელად იმიტომ მთვლიდა, რომ პატრიოტია, მაშ, რასაკვირველია, სულელი იქნებაო! დახეთ ბედის ჩარხის ტრიალს! ეგევე პირები დღეს იმდენათ გაცრუპატრიოტდენ, რომ ათიათასჯერ გადამაჭარბეს პატრიოტობაში!.. ადვილათაც შესაძლებელი იყო ჩემი გადაჭარბება: კრივი ჩემი ქვეყნის ბედნიერებად არაოდეს არ მიმაჩნია, უმეცრებას ჩემს დღეში არ ჩავთვლიდი ჩვენის ხალხის იდეალად, არასოდეს არ ვიფიქრებდი და არ ვიტყოდი, ნეტავი იმ დროს მოვესწრო, რომ ჩვენს ქვეყანას ფარნავაზ მეფის დროინდელი წესები მიეღოს მეთქიმაშასადამე, ახლა ყოველ ჩვენს ცრუპატრიოტს, ამგვარი ხეპრული აზრების ცრუმომხრეს, ადვილად შეუძლია სთქვას ჩემზე, რომ მამული არ მყვარებია და მისი კეთილდღეობა არ მწამებია მაგრამ ეს ყოველიფერი გაკვრით არის აქ თქმული. იქნება ეს ჩვენი “ცრუპატრიოტები” მარტო ფარისევლობით არ იქცეოდენ, იქნება სასწაულებრივი მათი უცები გაცრუპატრიოტება მარტო ანგარიშით არ იყოს მომხდარი, იქნება ზოგიერთს მათგანში მაინც მამულის მსახურების გულწრფელი სურვილი მოქმედებდეს. ამის გამო თავი დავანებოთ მათი საქციელის დაცინვას, მათს პიროვანს მხარეს, და მათი საქმე ისევ გულდამჯდარათ, გულგრილად, მეცნიერულად გავარჩიოთ.

აქ საჭიროდ ვსთვლი ხეირიანად განვმარტო ის ჩემი სიტყვა, რომლითაც ამგვარ კაცებს ვხატავ, “ცრუპატრიოტებს” რომ ვარქმევ იმათ, ამ სიტყვით, იმას კი არ ვფიქრობ, ვითომც მამული მართლა ფეხებზე ეკიდოთ, ან მარტო ფარისევლურად ეძახდენ თავის თავს პატრიოტათ. არა, მხოლოდ ის მაქვს მხედველობაში, რომ მათი მამულის სიყვარული შემცდარი და შემაცდენელი სიყვარულია, რომ უსაფუძვლო და უაზროა, მათი მოსაზრება, მათი გრძნობის საფუძველი, რომ ეს სიყვარული ხანდახან მტრობაზე უარესი გამოდის… “ჩვენი მამული გვიყვარდესო”, – აი, რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი. ეს სწორედ იმას ჰგავს, ამპარტავნობა იმით რომ დავიწყო, – წმინდა ჰაერი მიყვარს, ან პური, ან წყალი მეთქი.

ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება, რომელსაც დაბადებიდგანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა? კაცს კი არა, პირუტყვსაც კი აძლევს ბუნება იმ ადგილის სიყვარულს, საცა დაბადებულა, გაზრდილა და გათამამებულა ეს პირუტყვი. აიყვანეთ ძაღლი, თუნდ ხურჯინში ჩასვით, თავი მოუკარით, თვალი აუხვიეთ და ისე მოაშორეთ მის სოფელს, გადაატარეთ ცხრა მთა, _ ნახავთ, რომ რამდენსამე დღეს იქით ის თავის სოფელს მოძებნის, თუნდა ახალ ადგილს უმჯობესი სასმელ-საჭმელი და მოვლა დახვდეს. _ მისთვის ეს სოფელი მამულია. სხვაგან ის წუწუნობს, იტანჯება, და ხშირად კიდეც კვდება იმ ავადმყოფობით, რომელსაც ყველა ხალხის ენაზე ჩინებული სახელი აქვს _ “მამულის სევდა”… მართლაც, იმისთანა კაცის შეხვედრა, რომელსაც მამულის სიყვარული არ მოეძებნებოდეს გულში, სწორეთ იმნაირადვე იშვიათია, როგორც კუზიანის ან ცალ-თვალა კაცის დაბადება. ბუნებამ მარტო ათასში ერთჯერ იცის ხოლმე ამ ნაირი ნაკლის გამოჩენა…

რომელი კაცია ისეთი, რომ მამული არ უყვარდეს? ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კაცს ამ სიყვარულის გაგება თვითონაც არა აქვს, მაშასადამე, ადვილად შეიძლება, სხვებმა სრულიად ვერ შენიშნონ მას ეს გრძნობა. მაგრამ აიყვანეთ ეს კაცი და თავის მამულს მოაშორეთ, მაშინ ნახავთ, ყვარებია მას მამული, თუ არა! ან მეორე მაგალითს გირჩევთ: სრულიად უსწავლელი კაცი გამოიყვანეთ მიყრუებული სოფლიდგან, ისეთი, რომ არც პატრიოტობა რაა გაეგონოს, არც მამულის-სიყვარული წიგნებში ამოეკითხოს, და ამისთანა კაცის წინ მისი სამშობლო უგინოს ვინმე გარეშე პირმა, ან მისი ხალხის ძაგება დაუწყოს, ნახავთ, მაშინ, რა ნაირი ვნებით აენთება მას პირისახე, როგორ გაწითლდება და გამწარდება, რა ნაირად დაიწყებს თავისი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ან გამოსარჩლებას!…

ამ გვარი სიყვარული ყველას აქვს, ვისაც კი სული პირში უდგია, სწორედ ისე როგორც დედისა ან დის სიყვარული ყოველ ხორც-შესხმულ ადამიანს დაბადებიდგანვე გამოყვება… მაშასადამე, არც დიდი ვაჟკაცობაა, არც სატრაბახო რამ არის, იმით ვიქადოდეთ _ “მამული მიყვარსო!” ამის თქმა მარტო ჩვენს საკუთარ რეგვენობას გამოააშკარავებს და მარტო დაანახებს ყველას, რომ ერთობ დაბლა ვმდგარვართ გონების განვითარებით, თუ ამ გვარი უბრალო ბუნებითი გრძნობა იშვიათს ან განვითარებულ გმირობად ჩაგვითვლია…

რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს, რომ დედა ჩემს პატივს ვსცემო, კარგათ ვასმევ და კარგად ვაჭმევო, მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო, მისი კეთილდრეობისთვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი, რომ მამულს ვემსახურებიო.

თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიცილს და ხარხარს დააყრიდენ საფრანგეთში ან ინგლისში იმისთანა კაცს, რომელიც იმის თქმას გაბედავდა _ ჩემი მამული მიყვარს და ჩემი სამშობლოს სიკეთისთვის ვშრომობო!.. ეს საყოველთაო მოვალეობაა, ისეთი, რომელიც ყოველ ხეირიან კაცს, ვინც ხეპრე, ქურდი ან უსულო არ არის, უნდა ჰქონდეს. და იმაზე უმეტესი სიტუტუცე რაღა იქნება, კაცი პირდაპირ ამტკიცებდეს, არც ხეპრე, არც ქურდი, არც უსულო ვარო! მაგრამ, თუმცა საერთო და საყოველთაო მოვალეობაა ეს მამულის მსახურება, ჩვენში ის ჯერ იმდენად როდია გავრცელებული, რომ ყველამ კარგად იცოდეს, რაში მდგომარეობს ეს მოვალეობა ან ყველას ესმოდეს, თუ რაგვარად უფრო ადვილი და გამოსადეგია მისი ასრულება.

მართლაც, რაში მდგომარეობს ეს მსახურება? რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს სჭირია? რა ხეირი უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას რანაირად უნდა ემსახუროს?

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here