Home რუბრიკები პოლიტიკა გია ბერძენიძე: ამათ ასე თუ გააგრძელეს, სააკაშვილზე მალე დაამთავრებენ

გია ბერძენიძე: ამათ ასე თუ გააგრძელეს, სააკაშვილზე მალე დაამთავრებენ

793

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას სასამართლომ 5 ბრალდებიდან 3 მოუხსნა. ეს ფაქტი გასული კვირის მთავარი ინფორმაცია გახდა და რეაქცია, რომელიც მას მოჰყვა, ვერავინ იტყვის, ხელისუფლებისთვის სასარგებლო ყოფილიყო, საზოგადოებრიობის რეაქცია მაქვს მხედველობაში. ხოლო «ნაცებმა» ისეთი ზარზეიმი მოაწყვეს, ლგბტ ცისფერ აღლუმს ჰგავდა. ამას დაემატა (თითქმის პარალელურად, თითქმის იმავე დროს) პრემიერმინისტრის განცხადება, რომ იგი წავა პოლიტიკიდან. აიჭრა სიტუაცია ქვეყანაში, ხალხი დაიძაბა _ გაწირეს? უღალატეს? «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია საქართველოს ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარე გია ბერძენიძე.

 

_ მე მგონი, საერთო აზრია, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ბოლოდროინდელი გააქტიურება გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

ერთის მხრივ, ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ საშუალებას მისცემს ყველა პარტიას, დამოუკიდებლად გამოვიდეს ასპარეზზე. მას უნდა, რომ ამით ხელი შეუწყოს დემოკრატიის დამკვიდრებას საქართველოში, მაგრამ ამით სარგებლობენ ისეთი კრიმინალური დაჯგუფებები, როგორიც არის «ნაციონალური მოძრაობა» და მისი სატელიტი პარტიები კოალიციაში თუ კოალიციის გარეთ.

_ კოალიციის შიგნით?!

_ დიახ და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ერთი მთლიანი ვერტიკალია. მარტოდ დარჩენილ «ოცნებას», რომელსაც რეგიონებში ძალიან სუსტი რგოლები აქვს ჩამოყალიბებული, გაუჭირდება…

_ «ოცნების» სუსტი რგოლები?!

_ დიახ და ეს მე კარგად ვიცი, ყველა რაიონი შემოვლილი მაქვს, ადგილზე ვნახე, რაც ხდება. ყველგან მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი ძლიერი ორგანიზაციები… ქვეყნის მართვის მთელი სიმძიმე გადადის პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, იუსტიციის სამინისტროზე, სწორედ მათზეა ამჟამად დამოკიდებული ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის აღსადგენად.

ხვალ თუ ზეგ სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და დასახელებული სტრუქტურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები სრულიად დაუცველები დარჩებიან. ვგულისხმობ პატიოსან პროფესიონალებს, რომლებიც სახალხო საქმეს ემსახურებიან, თორემ ადრეც არა ერთხელ მითქვამს, კონკრეტული გვარების დასახელებით, რომ პროკურატურა გასაწმენდია უღირსი პროკურორებისგან და გამომძიებლებისგან. ისინი ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ახლაც მისი ერთგულნი რჩებიან. სწორედ მათ მიზანმიმართულად შექმნეს სუსტი ბრალდებები ახალაიას საქმეში, რომელთა საფუძველზე მოტივირებულმა სასამართლომ სამ ეპიზოდში ბრალდება მოუხსნა სამართალში მიცემულ ცნობილ ჯალათს.

გამოდიან პოლიტიკოსები და ამტკიცებენ, რომ დღეს არ არსებობს ზემოქმედება სასამართლოზე, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. არ არის მართალი. სასამართლოზე არის სერიოზული «ზეწოლა» «ნაციონალური მოძრაობის» ხელმძღვანელების მხრიდან. ისინი მათ ჰპირდებიან, რომ დღეს-ხვალ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ამერიკასა და ევროპაში მათი ლობის, მხარდამჭერების დახმარებით. ვერ გეტყვით, რომ ეს ლობი მათ უანგაროდ ეხმარება.

ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რაც დღეს სასამართლო სისტემაში  ხდება საერთოდ და, კერძოდ, რაც მოხდა ახალაიასთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ერთი, საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, დარწმუნებულიცაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უსუსურია და მათ აქვთ საშუალება ე. წ. ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვიტონ საქმეები. რაც ნიშნავს, რომ სასამართლო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი რგოლია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესში, საბოტირებს ამ საქმეს, თავისი უსამართლო სამართლიანობით ცდილობს, ძირი შეურყიოს ხელისუფლებას.

ამას აშკარად ხედავს ხალხი და შესაბამისად აფასებს.

ეს დღეებია, მირეკავენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, სხვებიც და კატეგორიულად აცხადებენ, თუ ხელისუფლებას არ შეუძლია აღკვეთოს ასეთი უსამართლობა, ჩვენ თვითონ აღვადგენთ სამართლიანობასო.

_ ესე იგი, ხალხში გაჩნდა წინააღმდეგობის გაწევის მუხტი, ბობოქრობს ხალხი?

_ უწინარეს ყოვლისა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სრულად იგრძნეს რეჟიმის სადიზმი _ ყოფილი პატიმრები, რომელთაც დააძვრეს კბილები, აწამეს. მაგალითად დავასახელებ გია ტერელაძეს. არიან ისეთებიც, ვისაც ძვლები დაუმტვრიეს, ოჯახი გაუმწარეს… მამაჩემის მეგობარი, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე უნამუსოდ დააკავეს, წაართვეს თუ რამე ებადა… და ამის «შემოქმედი» პროკურორები და გამომძიებლები დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობენ.

ასეთი «სამართალდამცველები» მარტო კი არ უნდა დაითხოვონ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მისცენ. მაგრამ ასეთი ადამიანები პროკურატურაში წაახალისეს და, სამწუხაროდ, ბატონმა არჩილ კბილაშვილმა სწორედ მათ გამო მიიღო უარყოფითი შედეგი.

ოქრუაშვილიდან მოყოლებული და ადეიშვილით დამთავრებული პროკურატურა იყო მანკიერი სისტემა, რომლის მეშვეობით ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას აშანტაჟებდა. პროკურორები უმნიშვნელო დანაშაულისთვის არაადეკვატურად დიდ სასჯელს ითხოვდნენ და სასამართლოც უსიტყვოდ ასრულებდა მათ მოთხოვნას. ცნობილია, რომ მოსამართლე ჩემიამ ერთ არასრულწლოვანს მოპარული მობილურის შეძენისთვის 160 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, რადგან ასე მოითხოვა პროკურორმა.

_ პროკურატურის კრიტიკა თქვენ კბილაშვილის მოსვლის შემდეგაც გააგრძელეთ, რატომ?

_ არ მომეწონა ის საკადრო პოლიტიკა, რომლის განხორციელება დაიწყო ახალმა მთავარმა პროკურორმა. თავის დროზე მე ვიყავი ამ უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი და კარგად ვიცოდი, ვინ რას წარმოადგენდა. ჩემთვის გამაოგნებელი იყო, როცა მათი უმრავლესობა დაწინაურებულიც კი აღმოჩნდა. ამ პროკურორთა სია «საქართველო და მსოფლიოშიც» გამოვაქვეყნე.

_ დღეს გაიმეორებთ?

_ დღეს საკადრო უზრუნველყოფის დეპერტამენტის უფროსია ბესიკ არჩვაძე, აპარატის უფროსი _ თამარ ჩუბინიძე, თეიმურაზ მიქაბერიძე ანტიკორუფციულ დეპერტამენტს ხელმძღვანელობს. იგი ადეიშვილის პერიოდში იყო ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორი, ზაქარია დარჩიაშვილი, რომელიც რუსთავის მერი იყო და «ნაციონალური მოძრაობის» მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად დევნიდა, ახლა პროკურატურაშია; გოჩა ფარულავა, დავით ნიკოლაიშვილი, დავით კოჭლამაზიშვილი, ლაშა ლეთოდიანი, კახა ლაითაძე, ილია ჯალაღონია, გივი პაპუაშვილი დღეს პროკურატურის მაღალი ჩინის თანამშრომლები არიან.

_ იქნებ პატიოსან მუშაკებადაც კი ითვლებიან

_ პატიოსანი კაცი მაღალ თანამდებობაზე იმ პერიოდში ვერ იმუშავებდა. ვინც მუშაობდა, იმათ, მინიმუმ, 95 პროცენტს ყოფილი ხელისუფლების ხელმძღვანელების შეკვეთები ჰქონდა შესრულებული. მე რომ მკითხონ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ეს ადამიანები სამართალში უნდა იყვნენ მიცემულნი. სწორედ მათი და კიდევ ბევრი სხვა პროკურორის ბრალდებებით საქართველოში 200-მდე პოლიტპატიმარი აღმოჩნდა ციხეში.

ჩემი კრიტიკული პათოსი კბილაშვილის მიმართ კეთილი სურვილებითაა ნაკარნახევი, რადგან მას ვიცნობ, როგორც კეთილშობილ ადამიანს, უმაღლესი კლასის იურისტს, რომლის პროფესიონალიზმი ადვოკატად მისი მუშაობის დროს უტყუარად დადასტურდა. ვფიქრობ, რომ დღეს, როცა მის წინააღმდეგ ასეთი ისტერიული ბრძოლაა წამოწყებული, უნდა მივეხმაროთ რეჟიმის ნარჩენების ჩამოცილებაში, პირდაპირ გეტყვით, ამ ნაგვისგან პროკურატურის გაწმენდაში. ამიტომ უდგას მას მხარში ჩვენი მრავალათასიანი ორგანიზაცია.

9 წლის განმავლობაში ეს პროკურორები ერთ ქაღალდს მიაკრავდნენ მეორეს, წყალწყალა ბრალს გზავნიდნენ სასამართლოში. შეჯიბრებითობის პრინციპი პრაქტიკულად არ არსებობდა. სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად.

_ სასამართლოები პროკურატურების სანოტარო კანტორებად რომ იყო ქცეული, ეს ცნობილია, მაგრამ გაუგებარია ის, რაც ცოტა ხნის წინათ, უზენაეს სასამართლოში სტუმრობის შემდეგ ბატონმა ბიძინამ განაცხადა: მოსამართლეებს უნდა გაეზარდოს ხელფასები და უნდა შეექმნათ ამ ხელფასების შესაფერისი პირობები.

_ გაუგებარი კი არა, უარესია. ეს მოსამართლეები სააკაშვილის რეჟიმის არქიტექტორები იყვნენ. მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, გადაწყვიტონ ადამიანების ბედი.

ასეთი უსამართლობა საზოგადოებრიობის თვალწინ ხდებოდა. რამდენიმე კილოგრამი ლობიოს მოპარვისთვის ადამიანს ოც წელს უსჯიდნენ. იმ დამნაშავეებს კი, რომლებმაც მოკლეს რობაქიძე, გირგვლიანი, გამცემლიძე, კიდევ ბევრი სხვა ახალგაზრდა იმსხვერპლეს, 2-3 წელი შეუფარდეს და ისიც გაუნახევრეს. პრეზიდენტმა კი შეიწყალა.

_ ასეთი იყო «ნაცების» სასამართლოს შერჩევითი სამართალი, რომელსაც სააკაშვილი აძლევდა მიმართულებას.

_ სამწუხარო ის არის, რომ ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. ამის თვალსაჩინო მაგალითია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, გუნავას, შეწყალება და მისი უწინდელ თანამდებობაზე დაბრუნება. თენგიზ გუნავას ჯერ კიდევ მხარის პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ არავინ მოინდომა მათი შესწავლა, გამოძიება და სასამართლოში წარდგენა. რაღაც აბსურდული ბრალდებები წაუყენეს, ხოლო ისინი, ვინც მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები არიან.

_ ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ, ვუყურებთ და ვითმენთ? ხომ გავტეხეთ წელში სააკაშვილის რეჟიმი, რისი გვეშინია და გვერიდება?

_ ამას წინათ ჩვენმა ორგანიზაციამ სასამართლოს წინ მოვაწყვეთ 1500-კაციანი აქცია, კონკრეტული ბრალდებები წავუყენეთ კონკრეტულ მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეს და მათი გადადგომა მოვითხოვეთ.

_ რა შედეგი მოჰყვა?

_ არავითარი! მხოლოდ ორი ტელევიზია მოვიდა _ «ტვ-9» და «კავკასია» და მათაც არ გაუშუქებიათ…

სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე დაახლოებით 40 ათასი თანამშრომელი გაყარა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, ყოვლად უსაფუძვლოდ. ნაომარ, დამსახურებულ ხალხს სულ კრიმინალები ეძახა. აი, მართლა კრიმინალები ვინც არიან, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა, საკუთარ ხალხს სისხლში ახრჩობდა, კვლავ მუშაობენ სისტემის ზოგიერთ დანაყოფში და აგრძელებენ თვალთვალს, მიყურადებას, ნარკოტიკების ჩადებას.

_ ამაზე საუბარს ერიდებიან, სამაგიეროდ ახალაიას, მერაბიშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენას ტაშით ხვდებიან ქართველი პარლამენტარების  უმცირესობა და მათთან ერთად ისეთ ოდიოზური ფიგურები, რომელთა ეკრანზე გამოჩენას ნებისმიერ კულტურულ ერს შერცხვებოდა. ხალხი აქაც ნეიტრალიტეტს იცავს. თითქოს ყველაფერი დაგვავიწყდა.

_ სირცხვილია მართლაც თეა თუთბერიძის _ ახალაიას «სახალხო დამცველის», ეკრანზე გამოჩენა. დამსახურებული ადამიანების, ჭეშმარიტი პატრიოტების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის გაშუქება პრობლემაა, თუთბერიძისნაირებისთვის კი ყველა ტელეარხის ყველა კარი ღიაა. აი, გუშინაც «კავკასიის» ეთერიდან გვმოძღვრავდა თუთბერიძე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც ძალიანაა დაინტერესებული, «ნაცების» პოზიცია მოგვახვიოს თავს.

მაგალითად, ახალაიას გულშემატკივრები კანიდან ძვრებიან მის გასამართლებლად. მე კი პირდაპირ ვამბობ, რომ სწორედ ახალაიას დანიშნულები იყვნენ ისეთი ჯალათები, როგორებიც არიან ჭაკუა, მუხაძე, ქილერა, ფაცაცია. იგი აკონტროლებდა ამ ადამიანებს, ხოლო მინისტრები შაშკინი და კალმახელიძე ბუტაფორიები იყვნენ, თუმცა თავისთავად მათი წილი დანაშაული დიდია.

მე მგონი, ჩვენმა საზოგადოებამ ქუჩაში სიარულის ნება არ უნდა მისცეს არც ახალაიებს, არც ზემოთ ჩამოთვლილ მკვლელებს და მათ მსგავს ჯალათებს.

_ ორი დარჩენილი ეპიზოდიდან, რომელიც ბაჩანა ახალაიას დაუტოვეს, ერთერთი ციხის ბუნტს შეეხება. შეიძლება, რომ აქაც გაამართლონ?

_ ციხის ბუნტთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანები ადანაშაულებენ ახალაიას ამ ინციდენტის პროვოცირებაში და შემდეგ მოწყობილ პატიმართა ხოცვა-ჟლეტაში. როგორც იურისტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არეულობა მისი მოწყობილია. მარტო ციხის ბუნტის ეპიზოდი ეყოფა ბაჩო ახალაიას, რომ 8-10 წლით გამოკეტონ ციხეში.

_ არც წინა ეპიზოდები იყო «კულტურული ღონისძიება», მაგრამ გაამართლეს.

_ სწორედ ამიტომ ვადანაშაულებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის გამომძიებლებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობის მოპოვება.

_ თუ არ მოინდომეს?

_ ვერ გეტყვით, წინასწარი განზრახვით მოხდა თუ შეთანხმებით, ამის დამტკიცება არ შემიძლია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სააკაშვილის რეჟიმის მსახურთა «ბრიგადიდან» არიან. ახალაიას გამართლებით ხელისუფლებამ და პროკურატურამ სასაცილოდ გაიხადა თავი. აქ უნდა მუშაობდნენ კაცები და არა მშიშარა ადამიანები. ძალიან სერიოზულ სენთან, მასშტაბურ კრიმინალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ათი წელიწადია, ამ რეჟიმს ვებრძვი _ ხან იარაღი ჩამიდეს, ხან მესროლეს, ხან დამიჭირეს, დიდი თანხა შემომთავაზეს, დიდი თანამდებობები, რომ გადავებირებინე. ვერ გამტეხეს.

მაგრამ, ეტყობა, ყველა ვერ უძლებს ცდუნებას.

_ რას გულისხმობთ, ბატონო გია?

_ «ქართულ ოცნებას» თავიდანვე მიეკედლნენ საეჭვო ადამიანები, რომლებმაც ამ მოძრაობის მართლაც მხარდამჭერი და ერთგული ადამიანებისგან ბიძინა ივანიშვილის იზოლირება მოახერხეს. ერთ-ერთი იყო გელა ხვედელიძე და მისი მიყვანილი თითქმის ყველა აქტივისტი, რომლებმაც ფეხი მოიკიდეს «ქართულ ოცნებაში».

ბიძინა ივანიშვილი მარტო დარჩა იმ გუნდთან, რომელიც პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენს. მე პიროვნულად დიდ პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ კბილაშვილს, თეა წულუკიანს, მაგრამ მათ გარშემო და მათ გარდა პოლიტიკური ელიტის 90 პროცენტი, შეიძლება ითქვას, სააკაშვილთან მოვაჭრე და მისი მოყვანის ხელშემწყობნი არის.

_ ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, ბატონო გია.

_ ეს სიმართლეა. ისინი სააკაშვილმა შემდეგ ჩამოიცილა, პირდაპირ ვთქვათ, გაყარა. და ისინიც ბიძინა ივანიშვილთან გადაბარგდნენ. შეიძლება ასეთი ხალხის ნდობა?

_ დაასახელებთ კონკრეტულ პიროვნებებს? არ გაძალებთ, თქვენი ნებაა.

_ ბიძინა ივანიშვილი რომ აქებს ძიძიგურს და უსუფაშვილს, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსებს, მე მგონი, სხვა არჩევანი არ ჰქონდა. დღესაც არ აქვს. იმ პერიოდში მოტყუებული დარჩა… მე მგონი, გაარკვევს _ ვინ ვინაა, სანამ გვიანი არ არის.

პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი ორ მეტრში არ მყავს ნანახი. მაგრამ ჩვენ, ვეტერანებმა პირველებმა საქვეყნოდ განვაცხადეთ, რომ მხარს დავუჭერდით, მაშინ, როცა ზოგი ჩვენი თანამემამულე ბუჩქებში იმალებოდა. პრაქტიკულად ყველა დიდ წინასაარჩევნო ღონისძიებაში ვმონაწილეობდით, თან დავყვებოდით. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს «ქართული ოცნებიდან» თანამდებობა შემოეთავაზებინა.

ასეთი იყო ჩვენი რწმენა და ივანიშვილის წინააღმდეგ გამოსვლა ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლად მიგვაჩნია. ჩვენს რიგებში ქვეყნის ერთგული ათიათასობით ადამიანია გაერთიანებული და არავის ვურჩევ, დაგვიპირისპირდეს!

მე თანამდებობის მისაღებად არ მიბრძოლია, მე ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილს და უკან არასოდეს დამიხევია.

_ მაგრამ გულდაწყვეტილი ხართ.

_ არც პროკურატურაში, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას არ ვაპირებ, არც მქონია ასეთი განზრახვა, მაგრამ, ვინმეს რომ დაეძახა, ჩემთვის ან აზრი ეკითხა, ან ეთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუნდაც მადლობის სათქმელად მივეწვიე, ეს, რა თქმა უნდა, გამამხნევებდა. ჩემი გულდაწყვეტა რა სახსენებელია, მაგრამ, ამათ თუ ასე გააგრძელეს, სააკაშვილზე მალე დაამთავრებენ.

ყველაფერზე პასუხი მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა გასცეს, არც მისმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, არც მთავარმა პროკურორმა. არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხმალამოღებული უნდა იბრძოდეს. მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრებზე «ნაციონალურ მოძრაობას» აქვს მაკომპრომენტირებელი მასალები, რომლებითაც დღემდე აშანტაჟებს მათ.

_ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს გულისხმობთ?

_ ამასაც და ბევრ სხვა მასალასაც. სხვათა შორის, ეს ჩანაწერები მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირებულებზე არ არის, თავიანთ «თანამებრძოლებზეც» აქვთ. ამიტომაა, რომ «ნაცმოძრაობა» პირზე დუჟმომდგარი იბრძვის ამ ჩანაწერების გასანადგურებლად.

_ უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი კი დემოკრატობის კოხტაპრუწობით ბანს ეუბნება.

_ სამწუხაროდ, ასეა! კოაბიტაცია კი საზოგადოებრიობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. მე ასეთი თანაცხოვრების წინააღმდეგი ვარ, არ მჭირდება ასეთნაირად კოაბიტირებული ხელისუფლება საქართველოში. დაიხურონ ქუდი და წავიდნენ!

_ შეიძლება, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს?

_ მე პირადად წინააღმდეგი ვარ მისი წასვლის, მაგრამ გადაწყვეტილება მან მიიღო და, როგორც ჩანს, უკან არ დაიხევს. გარკვეულ იმედს მიტოვებს ის, რომ იგი არ აპირებს საქართველოს დატოვებას. მაგრამ მაშინებს ის, რომ, ვინც გინდა  მოვიდეს ბიძინას შემდეგ ხელისუფლების სათავეში, იგი თანდათან გაემიჯნება მის პოლიტიკას. სამოქალაქო სექტორიდან პროცესების მართვა ბატონ ივანიშვილს გაუჭირდება, თუმცა გარკვეულ კორექტირებას შეძლებს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება.

ვისაც ბატონი ბიძინა დატოვებს, იმათ, მე მგონი, გაუჭირდებათ, გაუძნელდებათ მოწინააღმდეგე ძალასთან პოლიტიკური ბრძოლის მოგება.

_ მოწინააღმდეგე ძალაში «ნაციონალურ მოძრაობას» გულისხმობთ?

_ არა მარტო მას. აქ მთელი სპექტრი გროვდება: კოალიციაში არსებული ზოგიერთი მოღალატე პარტია, არასაპარლამენტო მოოპოზიციო პარტიები. პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი მმართველი ძალა დარწმუნებულია გამარჯვებაში და არ ეძებს მოკავშირეებს. არადა, იოლად მოახდენენ მათ მოცილებას ხელისუფლებიდან, რადგან მოწინააღმდეგეები გამოცდილი ავანტიურისტები არიან. ყველას ვიცნობ, ყველასთან მქონდა შეხება, ვინ რას ვაჭრობდა და ვინ რას აკეთებდა, შესანიშნავად ვიცი.

_ მოღალატე პარტიები, ავანტიურისტებიიტყვით, ვის გულისხმობთ?

_ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინც არიან. ჩემი რა შეხსენება სჭირდება, თუ ვინ იყვნენ «ქრისტიან-დემოკრატები», ედპ, «ჩვენ თვითონ», თორთლაძის დემოკრატები და რვიანის ფორმატის სხვა პარტიები.

კარგად იცის საზოგადოებამ, რასაც წარმოადგენენ კოალიციაში გაერთიანებული პარტიები _ რესპუბლიკელები, კონსერვატორები…

ამ პარტიების ნდობა არ შეიძლება, ვერ დაეყრდნობი ვერც პოლიტიკურ ბრძოლაში, ვერც ქვეყნის მშენებლობაში.

ძალიან კარგად ვიცი, ვინ დადიოდა სავაჭროდ მიხეილ სააკაშვილთან. ესენი არ არიან ქართული საზოგადოებრიობის ინტერესების გამომხატველები, ჩემდა სამწუხაროდ. ინდივიდუალურად შეიძლება პატივსაც ვცემდე ცალკეულ პიროვნებას, მაგრამ პარტიებისა, რა მოგახსენოთ…

ისინი ჩაიკეტნენ თავიანთ კაბინეტებში, პრაქტიკულად არ ეკონტაქტებიან ხალხს და, მე თუ მკითხავთ, კოალიციის დასაცავად ისე არ ლაპარაკობენ, როგორც საჭიროება მოითხოვს.

ასეთი შეხედულება გვაქვს ჩვენ _ ძალოვან ვეტერანთა კოალიციაში. ჩვენ ვიბრძოდით უსამართლობის წინააღმდეგ და არ გვაქვს პრეტენზია პოლიტიკური გამოცდილების და კომპეტენტურობის, მაგრამ იმას კი ობიექტურად ვაფასებთ, რა პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში.

ვხედავ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, საქართველო დაიღუპება და ამიტომ მოურიდებლად ვაკრიტიკებ ერთსაც, მეორესაც და მესამესაც.

_ როგორი პერსპექტივა გესახებათ?

_ სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით, რადგან უახლესი ისტორიის გამოცდილებაც ამას გვიდასტურებს: მოქკავშირელებს შეეკრნენ რესპუბლიკელები, ეროვნულ ძალთა გაერთიანება, კიდევ რამდენიმე პარტია და შეიქმნა «ნაციონალური მოძრაობა». დარწმუნებული ვარ, ამის მსგავსი გაერთიანება კიდევ მოხდება, ჩამოყალიბდება რაღაც ეკლექტური ბლოკი, რომელიც ადვილად დაძლევს «ქართულ ოცნებას». გამორიცხული არ არის, რომ დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული ყოფილი ხელისუფლება კიდევ უფრო გაბოროტებული დაერევა ხალხს.

_ დავუბრუნდეთ ამ დღეებში მომხდარ მოვლენებს, კერძოდ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ გუნავას. გარკვეულ წრეებში ფიქრობენ, რომ შეიარაღებული უკანონო ფორმირებები, რომლებიც გუნავას მიერ იყო ორგანიზებული, საიდუმლო სამალავებში მათთვის შენახული იარაღითა და ტყვიაწამალით დანიშნულებისამებრ ამოქმედდება ყოფილი ხელისუფლების ბრძანებით. ამიტომაც დააბრუნა სააკაშვილმა გუნავა გუბერნატორის თანამდებობაზე.

_ ეს ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ის ხალხი _ ზონდერბრიგადების წევრები და კრიმინალები _ არსად წასულან. არავინ დასჯილა და ციხეში არავინ ჩამჯდარა.

მეტსაც გეტყვით _ პოლკოვნიკ კრიალაშვილის მკვლელების უმრავლესობა ისევ სისტემაშია. კობა ხარაზიშვილი ქვემო ქართლის სპეცდანიშნულების რაზმში ახლაც რომ არის, ამას მისი და წერს. კობა ხარაზიშვილი იმ სპეცრაზმის უფროსი იყო, რომელმაც გია კრიალაშვილი მოკლა და კობა ოთანაძე 17 ტყვიით დაცხრილა. კობამ დაწერა, რომ ხელები გივი თარგამაძემ დამიხვრიტაო, გიგი უგულავა და სხვებიც იქ იყვნენო. ამ ფაქტთან დაკავშირებით არც ერთი პირი დაკითხულიც არ არის.

ვფიქრობ, რომ წინ იმაზე უფრო მძიმე ბრძოლა გვაქვს გადასატანი, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშორება იყო.

_ ბოლო შეკითხვა: პრეზიდენტად წარმოგიდგენიათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე?

_ მე ყველას წარმოვიდგენ საქართველოს პრეზიდენტად, ვისაც საქართველოს მოქალაქეები მისცემენ ხმას. ვფიქრობ, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბდება და ბურჯანაძეს თუ სხვა კანდიდატს აირჩევენ, ეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. იმასაც გეტყვით, რომ ძალიან კარგად ვიცნობ გიორგი მარგველაშვილის ოჯახს, მამამისს უდიდეს პატივს ვცემ, ბატონ გიორგისაც, როგორც პიროვნებას _ პატრიოტსა და მეცნიერს ვაფასებ.

ჩვენი მოძრაობის გადაწყვეტილებას, თუ ვის, რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, სექტემბრის ბოლოს საჯაროდ განვაცხადებთ.

ვნახოთ, ვინ როგორ წარმართავს საარჩევნო კამპანიას, ვინ რას უპასუხებს ხალხში დაგროვილ შეკითხვებს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here