Home რუბრიკები საზოგადოება “ცენტრ-პოინტი” ამილახვრების მემკვიდრეობასაც მისწვდა

“ცენტრ-პოინტი” ამილახვრების მემკვიდრეობასაც მისწვდა

906

სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი ამბები დროდადრო კიდევ უფრო გაგვაოცებსო, რომ ამბობენ, ამაში კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მომხდარმა ამბავმა უფრო დამარწმუნა. ჯერ არგაგონილი ისტორია, რომელიც ვახტანგ რჩეულიშვილის მძახალმა, ერეკლე კუხიანიძემ, ჩაიდინა, «საქართველო და მსოფლიოს» პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა უამბო. უცხო არავისთვის იყო ის, რომ ისაკუთრებდნენ სხვის ბიზნესს, სახლკარს, მაგრამ მიისაკუთრო საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა, ტაძრები, ეკლესიები, ციხეკოშკები და გალავნები, ასეთი რამ, ალბათ, არავის არსად გაუგონია.

 

_ საქართველოს ისტორიაში კარგად არის ცნობილი ამილახვრების გვარი და მათი მოღვაწეობა. ამჟამად, საქმე ეხება გივი და გივი II ამილახვრების მემკვიდრეობას, ისტორიული პიროვნებების, რომლებმაც სიონის ტაძარი ნადირშაჰის შემოტევისგან იხსნეს და წინ აღუდგნენ მის მეჩეთად გადაკეთებას. გივი ამილახვრის აშენებულია კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის ცენტრში მდებარე ციხე-კოშკები, რომლებსაც იმ პერიოდისთვის მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა და ლეკების შემოსევისგან იცავდა თავს. ამილახვართა ძმობა მრავალი შტოსგან შედგებოდა, რომლებიც მორიგეობით იყვნენ ამილახვართა სახლის მეთაურები.

ამ რამდენიმე ხნის წინ მე ხელთ ჩამივარდა საბუთები, რომლებშიც ნათლად არის აღწერილი, თუ როგორ იბრძოდნენ კუხიანიძე და მისი დედა ამილახვრების ციხე-კოშკების, ტაძრებისა და სასახლის ხელში ჩასაგდებად, როგორ დაეპატრონენ და გაყიდეს კიდეც. სოფლის ხელმძღვანელობამ მომაწოდა აღნიშნული დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ჯერარგაგონილი თაღლითობის შესახებ შევიტყვეთ.

კუხიანიძეებს ამ საქმეზე მუშაობა 90-იან წლებში დაუწყიათ და საბოლოოდ მათ სასარგებლოდ საქმე 2006 წელს დასრულებულა, მთელი ამ ხნის მანძილზე კი მოსახლეობა შიშისა და ტერორის ქვეშ ჰყავდათ.

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების სატახტო სოფელში, რომელიც სამთავისის მონასტრიდან სამ კილომეტრში მდებარეობს, განთავსებულია ამილახვრების ციხე-კოშკები, სასახლეები, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ამილახვრების აბანოები, რომელთა ისტორიასაც დიდი ხანია ვსწავლობ და წიგნის გამოცემაზე ვმუშაობ, მას ამ წლის ბოლოს ქართველი მკითხველი იხილავს.

ერეკლე კუხიანიძის ბებიამ, ეკატერინე ჩოლოყაშვილმა, 1994 წელს  მემკვიდრედ დაასახელა თავისი შვილი ნინო ერისთავი. რა საერთო აქვს ჩოლოყაშვილსა და ერისთავს ამილახვრებთან? ეკატერინე ჩოლოყაშვილის დედა გახლდათ ნინო ამილახვარი. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ნინო ერისთავი დღეს თავს დიდი გივი ამოლახვარის შთამომავლად აცხადებს და ასევე პრეტენზია აქვს მის ქონებაზეც. ამ დროს, მათ დიდ პაპას _ ეგორ ამილახვარს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა, ჰყავდა 11 შვილი, მისი ერთი ვაჟია ივანე, ხოლო მეორე _ მიხეილ ამილახვარი, რომლის შვილიც არის ნინო ამილახვარი, მას, ნინოს გარდა, ჰყავდა ხუთი შვილი _ ვაჟები, მაგრამ ეკატერინე ჩოლოყაშვილმა თვალი დაადგა მაინცადამაინც თავისი პაპის ძმის ქონებას, თუმცა ივანე ამილახვარსაც  შთამომავლები ჰყავს, მას 8 შვილი დარჩა.

დიდი ბრძოლისა და თაღლითობის გზით, ამილახვრის ციხეკოშკები და კარის ეკლესია, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, კერძო პირის ხელში მოხვდა.

1994 წელს ეკატერინე ჩოლოყაშვილის მიერ არის გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, იგი ნდობას უცხადებს თავის შვილიშვილს _ ერეკლე კუხიანიძეს, რომ იგი იყოს წარმომადგენელი ყველანაირ პროცესზე, რომელიც საქმის გარშემო წარიმართება და სწორედ ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე კუხიანიძე უკვე დედასთან ერთად განაგრძობს ქონებაზე ნადირობას, ქონებაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით, ქონების პირდაპირი მემკვიდრე ობნინსკში ცხოვრობს.

რუსეთის ქალაქ ობნინსკში მცხოვრებმა ამილახვრების მემკვიდრემ ნიკოლოზ მიხეილის ძე ზუბალაშვილმა მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის _ ლადო ჭანტურიას სახელზე 1998 წელს სარჩელი შეიტანა. აღმოჩნდა, რომ ზუბალაშვილი ქმედუუნარო მდგომარეობაში იმყოფებოდა (ერეკლე კუხიანიძეს დაუთვრია), როცა ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მთელი ამილახვრების ქონების გადაცემა მოხდა. ასე რომ, ეკატერინე ჩოლოყაშვილის ოჯახმა უღმერთოდ გაძარცვა ზუბალაშვილი. სასამართლომ ბრალი დასდო ეკატერინე ჩოლოყაშვილს იმაშიც, რომ მან ნამდვილი, ერთადერთი და პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა დამალა, რითაც შეძლეს, რომ 1998 წელს სასამართლოს თავი აცნობებინეს ივანე ამილახვრის შვილის, გივი ივანეს ძის, მემკვიდრეებად.

2000 წელს ზუბალაშვილებმა საჩივარი კვლავ შეიტანეს დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოში და მაშინ კუხიანიძე სასამართლომ თაღლითად სცნო.

ამის შემდეგ კვლავ თავიდან იწყება პროცესები და დედა-შვილს სასამართლოში საქმე შეაქვთ, რომელიც ისევ მათ სასარგებლოდ სრულდება და ისევ იმავე დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლო მემკვიდრეებად აცხადებს მათ. ამის შემდეგ ისინი კასპის რაიონულ სასამართლოში ჩადიან, სასამართლო კი განიხილავს საკითხს, თუ როგორ და რატომ უნდა გადასცენ ჩოლოყაშვილი-ერისთავის მემკვიდრეს, კუხიანიძეს, ამილახვრების ქონება? მათ წარმოადგინეს საბუთი, რომლის თანახმადაც ეკატერინე ჩოლოყაშვილი მოითხოვს, რომ ქვემო ჭალის ამილახვრების ადგილ-მამულები მისი მემკვიდრეობაა, მას ეკუთვნის და აუცილებლად უნდა გადასცენ, რადგან მას გააჩნია წინაპრების ნაქონი ნივთები. არავინ იცის რის საფუძველზე, მაგრამ სასამართლომ მთელი ადგილ-მამულები, ეკლესია, ციხე-გალავნები კუხიანიძეს კერძო საკუთრებაში გადასცა, ასევე მას გადაეცა მეფის რუსეთის დროინდელი ამონაწერების საფუძველზე 600 საჟენი მიწის ნაკვეთი, რომელიც სინამდვილეში 1200 კვადრატული მეტრია. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ დათვალეს, მაგრამ დღეს მის კუთვნილებაშია სოფელ ქვემო ჭალაში მდებარე 10500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 8900  მიწის ნაკვეთი იმავე სოფელში. ამ ტერიტორიაზეა მოყოლილი მთელი ის ისტორიული კომპლექსი, რომელზეც თავში მოგახსენეთ. ეს უმსგავსობა კი მას შემდეგ ხდება, რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და «ცენტრ-პოინტი» ზეობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერში მათი ქონების შესახებ წერია 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობებით. საბუთებში არსადაა ნახსენები, თუ რა შენობა-ნაგებობებზეა საუბარი.

ამ საბუთების ნახვის შემდეგ, ცოტა არ იყოს, დავეჭვდი და დავიწყე კვლევა იმისა, რომ არის თუ არა ქვემო ჭალის უნიკალური ძეგლები ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეტანილი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ნუსხაში შედის, როგორც ანსამბლი და უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. ასევე, ეს ძეგლი შედის ენციკლოპედიაში, რომლის ავტორებიც არიან ჩვენი ქვეყნის უდიდესი მეცნიერები. დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო იცავს თავის კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ, ისტორიას არ ახსოვს ისეთი შემთხვევა, როცა მართლმადიდებლური ტაძარი კერძო პირის ხელში იყო. რეესტრის ამონაწერში კი არსადაა ნახსენები, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი შედის კუხიანიძის ქონებაში, ტაძარი, რომელშიც ანჩისხატი იყო დაბრძანებული.

არსებობს ასევე შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომლის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მოქმედს თუ არამოქმედს, მათ ნანგრევებსაც კი, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც განთავსებულია. არავითარ შემთხვევაში არც კუხიანიძეს და არც ერისთავს არ ჰქონდათ იმის გაკეთების უფლება, რაც აფიორული გზებით ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. ამ ადამიანებმა თაღლითური გზით ხელში ჩაიგდეს ამილახვრების სასახლეც, რომელიც გორშია და რომელიც ამ დროისთვის უკვე გაყიდულია, თავდაპირველად ვინმე თოლორდავაზე და შემდეგ უკვე ვეღარ დავადგინეთ, «თი-ბი-სი» ბანკმა იყიდა თუ სხვამ.

მეუფე ანდრიას კურთხევით, სამთავისის საკათედრო ტაძრის აღდგენა დაიწყო. ეს ტაძარიც ამილახვრების საძვალედ ითვლებოდა. ერეკლე კუხიანიძემ თავისი ბებია, ეკატერინე ჩოლოყაშვილი, სამთავისის ეკლესიის ეზოში დაკრძალა, 20011-2012 წლებში კი, როდესაც რესტავრატორებმა და მეცნიერებმა ტაძრის აღდგენაზე მუშაობა დაიწყეს, კუხიანიძე და მისი ოჯახი მიუცვივდნენ მათ და ერთი ამბავი აუტეხეს, თუ რა უფლებით ეხებოდნენ საფლავებს, ხალხის სახელით შესაბამის უწყებაში საჩივარი შეიტანეს და ხელი შეუშალეს რესტავრაციას. ამ პერიოდში უკვე მოგეხსენებათ «ცენტრ-პოინტის» ძალა და გავლენა.

ამჟამად, სოფლის მცხოვრებლები იძულებულები არიან, რომ უდარაჯონ ისტორიულ მემკვიდრეობას, რადგან ქონების მყიდველები ინტენსიურად ჩამოდიან, დიდი ალბათობით, კუხიანიძე მთელს ქონებას ნაწილნაწილ უპირებს გაყიდვას. სოფლის მიწებით დაინტერესებულები არიან ირანელები და გამორიცხული არ არის, რომ ქონების მეპატრონემ შეძლოს სარფიანი გარიგება. საფლავებზე გადავლის საშუალებას კი ქვემო ჭალის მოსახლეობა მას არ მისცემს.

მინდა მივმართო ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც ცრუობს დედამისთან ერთად და არავითარი მემკვიდრე არ არის ამილახვრებისა, რომ თავი დაანებოს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. საკუთარი ნებით დაუბრუნოს საქართველოს საპატრიარქოს და ქართულ სახელმწიფოს ძეგლები. წინააღმდეგ შემთვევაში საბუთებს, რომლებიც მე ხელთ მაქვს, გადავცემ შესაბამის უწყებას. კუხიანიძემ და დედამისმა, ნინო ერისთავმა, ბოდიში უნდა მოუხადონ სოფელს, რომელსაც წლების განმავლობაში ატერორებდნენ და ემუქრებოდნენ რჩეულიშვილების ზურგით. ასევე მივმართავ კულტურის მინისტრს, რომ სასწრაფოდ დაინტერესდეს აღნიშნული ამბით. თავი დაანებოს საზღვარგარეთ უაზრო სიარულსა და ფულის ფლანგვას, მიხედოს სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილ ქართულ, უნიკალურ მემკვიდრეობას.

ამილახვრების მემკვიდრეობაზე ამდენი რომ ვისაუბრე, არავინ იფიქროს, რომ კუხიანიძისთვის მენანება და უშუალო მემკვიდრეზე ამიტომ ვსაუბრობ. არა, უბრალოდ, საგვარეულო შტოს განვიხილავ, თორემ ის, რომ საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლი ოდესმე ვინმეს ხელში აღმოჩნდეს, ეს ყოვლად წარმოუდგენელი ფაქტია. ასე ყველა დიდგვაროვანმა რომ თავისი მემკვიდრეობა შემოიფარგლოს და, როგორც უნდა, ისე გაასხვისოს, სადამდე მივალთ? საქართველოში ასეთ ძეგლებს კონსტიტუცია და კონკორდატი იცავს.

საუბარი ჩაიწერა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

1 COMMENT

  1. ყველა ისტორიული ძეგლი სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს,მისი ხელყოფა არავის ვაპატიოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here