Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ უშლის ხელს შს მინისტრის მუშაობას და რატომ აგრძელებს ღარიბაშვილის უწყება ნარკოტიკების...

ვინ უშლის ხელს შს მინისტრის მუშაობას და რატომ აგრძელებს ღარიბაშვილის უწყება ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკას?

1048

რატომღაც ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება აღარავის ახსენდება, თუმცა ეს ის თემაა, რომელიც მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. არ არის საკმარისი ინფორმაცია, ხოლო ექსპერტები ხშირად აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს, მეტიც, წინააღმდეგობაშიც კი ვარდებიან. რა არის ეს: შსს სისუსტე თუ მინისტრის ნაკლებად ინფორმირებულობა? «საქართველო და მსოფლიოს» «სახალხო კრების» წევრი ლაშა ამირეჯიბი ესაუბრება.

 

_ ქვეყანაში ბოლო დროს კრიმინოგენური ვითარება გართულდახშირია მკვლელობები, სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი დანაშაული, მათ შორის, პედოფილია, გახშირდა . . კრაკადილის მოხმარებაროგორ ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს?

_ ეს იმის ნიშანია, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ ჰყავს გვერდით მდგომი ერთგული ადამიანები. მას რომ ჰყოლოდა ერთგული ადამიანები და თანამოაზრეები, ეს მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. როგორც ჩანს, ღარიბაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ამიტომაც არის ქვეყანაში ასეთი, არც თუ სახარბიელო მდგომარეობა. მე მინდა, ბატონ მინისტრს ვუთხრა, რომ გორს მიხედოს.

_ რას გულისხმობთ?

_ გორში ხშირია შემთხვევები, როცა პოლიცია ადამიანებს უდებს ნარკოტიკს, ხან «კრაკადილს», ხან სხვა ნივთიერებებს და ამით აბალანსებენ გაუხსნელ საქმეებს, რომლებიც იქ საკმაოდ ბევრია.

_ ანუ ღარიბაშვილის უწყება ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკას აგრძელებს?

_ დიახ, ნარკოტიკების ჩადება ძველებურად ხდება, გორელები აღშფოთებულნი არიან, ამას წინათ დამირეკეს და მითხრეს ეს ყველაფერი.  სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საქმის კურსში არ არის. როგორც გითხარით, ძალიან დიდ პატივს ვცემ ღარიბაშვილს, მაგრამ ვხედავ, რომ მას თანამოაზრე არ ჰყავს, იგი მარტოა. სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით, ქვედა რგოლებში უფრო ერთგული ადამიანები მუშაობენ, ვიდრე ზედა რგოლებში.

_ რატომ უჭირთ დანაშაულის გახსნა, არაპროფესიონალები მუშაობენ თუ მიზანმიმართულად ხდება ეს?

_ არაპროფესიონალები კი არა, ვანო მერაბიშვილის დატოვებული ნარჩენები არიან ძალიან სერიოზულ თანამდებობებზე და მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მაგალითად, ვაჟა მაზმიშვილი, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელია კუდში (პოლიტიკური კუთხით მუშაობს), მისი მოადგილე ბატონი ჩიხლაძე, გარდა ამისა, იქ მუშაობენ ბატონი კახიანი და ბატონი კალაძე. ხვედელიძის დანატოვარი თითქმის ყველა კადრი ადგილზეა, გარდა საშა გახარიასი. ხვედელიძე რომ მოხსნეს, ის მაშინ წავიდა. ამავე დროს, ვაჟა ლილუაშვილის ხალხიც, აბსოლუტურად ყველა, დარჩა თანამდებობაზე, დაწინაურებულიც კი არიან. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. სხვა ინფორმაციაც მაქვს, მაგრამ ზუსტად დავადგენ და შემდეგ მოგახსენებთ.

ეს ადამიანები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, ამათ დამატებული ვაჟა ლელუაშვილის ხალხი, პირდაპირ ებრძვიან ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. პროფესიონალებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ კონტდაზვერვა არის მკვდარი, ანუ არც ერთი სამსახური არ მუშაობს, გარდა ვაჟა მაზმიშვილის მამაძაღლური სამსახურისა, რომელიც ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, მუშაობს პოლიტოკოსებსა და ეკლესიაზე. ანტიკორუფციული დეპარტამენტიც, რომლის მოადგილეც გახლავთ ჯამასპიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონ ივანიაძის ტერორსა და დაშინებაში. მისი დაკითხვა ხდებოდა ჯამასპიშვილის კაბინეტში, აქამდე არ მითქვამს და პირდაპირ გეტყვით, ივანიაძეს ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თუ რამე მეთოდი ჰქონდათ ყველა გამოიყენეს, ასევე ემუქრებოდნენ იარაღის ჩადებით, ასმევდნენ წამლებს, რომლებიც უგდებდა წნევას, ეს, სამწუხაროდ, ბატონმა ირაკლიმ არ იცის.

აი, ასეთი რთული ვითარებაა დღეს შსს-ში და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხდება იმიტომ, რომ მინისტრს არ ჰყავს გვერდით ერთგული ადამიანები. ეს ჯამასპიშვილი ხვედელიძის კადრია, რომელმაც გასანადგურებლად გამზადებული 96 ყუთი კვერცხი საწყობიდან უნებართვოდ გაიტანა, პრაქტიკულად მოიპარა, ანუ ლუქი ააგლიჯა, მოიყვანა მუშები, მანქანა და 96 ყუთი ჩაალაგეს და წაიღეს. შემდეგ კი ქსელში გაუშვეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ ფაქტზე შსს-ს გაუგზავნა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, მინისტრამდე არ მისულა. ეს წერილი დევს სამინისტროში, რომელიმე ჩინოვნიკის სეიფში და ბატონმა ირაკლიმ, როგორც ჩანს, არ იცის. ეს რომ იცოდეს, არ მგონია, რომ ჯამასპიშვილი და მისნაირი ადამიანები გააჩეროს თავის სტრუქტურაში.

_ გამოდის, რომ ჩვენი შსს «არ ღალატობს ტრადიციას», ასევე ძველებურად შედის . . ბორდელებსა და სასტუმროებში, თუმცა ისინი არ დაუხურავს. იქნებ იქ დამონტაჟებული კამერები და კამერებზე კონტროლი  აინტერესებდა, ვიდრე იქ არსებული კრიმინალური ვითარება?

_ ასეთ სასტუმროებს «გახვრეტილს» ეძახიან. ეს ყველაფერი ვაჟა ლელუაშვილის მოფიქრებული იყო და ამ ფირებით აშანტაჟებდნენ ხალხს. დღევანდელი შსს ამ კამერების გამო შევიდა იქ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ფაქტები ყოფილა, ანუ კუდში ვაჟა ლელუაშვილს ევალებოდა მარტო მოსმენები და ჩაწერა. მას აქვს უზარმაზარი არქივი და დღეს, თუ ვაჟა ლელუაშვილს არ იჭერენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კაცი ვაჭრობს ამ კომპრომატებით. მას აქვს როგორც ძველი, ასევე ახალი ფილმები. ის ხელშეუხებელი იქნება, რადგან ძალიან ეშინიათ, რომ ამ არქივიდან რაღაცები გამომზეურდება. მე რომ მკითხო, პირველ რიგში, ეს კაცია დასაჭერი და ეს არქივია გასანადგურებელი. რაც შეეხება კამერების დაყენებას, თუ დასჭირდათ, ეს ადამიანები ამასაც გააკეთებენ, უკვე დიდი ხანია, სინდის-ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ. მინდა, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვთხოვო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გადახედოს შიდა ქართლის სტრუქტურას, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა.

მაქვს ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში ისევ ძველი მეთოდებით იწყებენ ფინანსურ მაქინაციებს. ცხინვალიდან დაიწყო დიზელის საწვავის, ხეტყის, სიგარეტის უკანონოდ შემოტანა, ანუ «მარცხენა ფლანგი» გაიხსნა. ამიტომ ვთხოვ ბატონ ირაკლის, ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს. ვიცი, რომ მას არ აქვს ეს ინფორმაცია. მოკლედ, ხდება ის, რაც ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დროს!

_ ანუ სანამ ეს ადამიანები არიან სამინისტროში, მინისტრი მუდმივად იქნება შეცდომაში შეყვანისა და ინტრიგების საფრთხის წინაშე? დარწმუნებული ხართ, რომ მინისტრმა მართლაც არ იცის ეს ყველაფერი? იქნებ თავი ისე უჭირავს, თითქოს არ იცის?

_ სანამ ეს ადამაინები არიან თანამდებობებზე, მშვიდად არ უნდა ეძინოთ არც ბატონ ღარიბაშვილს და არც მის მოადგილეებს. მე მათგან საშიშროებას ველი, განსაკუთრებით ოქტომბრისთვის. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ჯგუფი ლელუაშვილის ჯგუფთან და თავიანთ სპორტსმენ-ზონდერებთან ერთად ოქტომბერში სერიოზულ არეულობას გეგმავენ «ნაციონელების» დავალებით. მაზმიშვილს უთქვამს კიდეც, ვანოს მიწაში ჩავყვებიო. ეს ადამიანები დღესაც ვანოს მზეს ფიცულობენ.

 «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი ლალი აფციაური ესაუბრება:

_ ქვეყანაში რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა, ფაქტია. იცით, ადრეც ხდებოდა მსგავსი რამ და იმალებოდა, ანუ სტატისტიკას ვერ ვხედავდით. დღეს რაღაც ფსიქოზური მდგომარეობაა, გამარჯობის თქმა დედის გინებასავით ესმის ხალხს. ჩემი აზრით, ეს განაპირობა ამ 9 წლის მანძილზე დაძაბულმა ცხოვრებამ, შიშის ქვეშ ყოფნამ და, ალბათ, დაუსჯელობის სინდრომიც ამოქმედდა, ადამიანებს ჰგონიათ, რომ, რადგან ხელისუფლება შეიცვალა, დანაშაულზე პასუხს არავინ მოსთხოვს.

_ ამნისტიით გამოშვებული დამნაშავეების გააქტიურებასაც ხომ არ უკავშირდება ეს?

_ არ გამოვრიცხავ. მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ გამორიცხული იყო, ციხიდან ადამიანი ნორმალური გამოსულიყო; იქიდან გამწარებული, გაბოროტებული ადამიანები მოდიოდნენ. ეს  რეალობაა.

რაც შეეხება ნარკოტიკებს, ეს უმძიმესი საკითხია და აქ ერთადერთი გამოსავალი, ალბათ, იმ აფთიაქების მკაცრი კონტროლია, რომლებშიც იყიდება ის პრეპარატები, რომელთაგან მზადდება ეს ე.წ. კრაკადილი თუ რაც ჰქვია; რომლითაც იწამლება ახალგაზრდობა, გენოფონდი, რომლისგან განკურნებაც,  ფაქტობრივად, შეუძლებელია. რეცეპტით უნდა გაიყიდოს ყველა ის პრეპარატი, რომლითაც მზადდება ეს მომწამვლელი, გაურკვეველი ნივთიერება, რომელიც ანგრევს ადამიანის ორგანიზმს.

_ ამ ფონზე ეკა ბესელია აცხადებს, რომ იხსნება დანაშაულის 60%, მაშინ, როდესაც დასავლეთში ამხელა პროცენტი ყველაზე უკეთ ორგანიზებული სამართალდამცავი სისტემის მქონე ქვეყნებსაც არ აქვთ

_ რა თქმა უნდა, იხსნება დანაშაული, იმის თქმა, რომ არ იხსნება და რამე იმალება, არ იქნება სწორი. შეიძლება ერთ-ორ დღეში არა, მაგრამ ერთ კვირაში მაინც იხსნება ხოლმე. დღეს შსს კარგად მუშაობს, გულხელდაკრეფილნი ნამდვილად არ სხედან. რატომ გგონიათ, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ არიან ორგანიზებულნი? შსს-ში პროფესიონალები მუშაობენ… შეიძლება ქალბატონ ეკას აქვს რაიმე სტატისტიკური მონაცემები, მე, ყოველ შემთხვევაში, ეს არ მომიძიებია, მაგრამ, როგორც ერთი ადვოკატი, ვაცხადებ, რომ ამ კუთხით ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

ბორდელების რა გითხრათ, ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ნორმალურ სასტუმროებზე იყო საუბარი. დიახ, არიან ამაში ჩართულნი სამართალდამცავი ორგანოები, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეც კი დააკავეს, შსს-მ გარკვეული ზომები მიიღო. გამოვრიცხავ თუ არა, რომ ახალ კამერებს აყენებენ? მეტი პრობლემა თუ არ არის დღეს ქვეყანაში და, მხოლოდ და მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ კამერები დაუყენონ ვიღაცას, რათა გადაიღონ მისი პირადი ცხოვრება, მთლად დალაგებულად არ გვქონია საქმე. მიმიფურთხებია ნებისმიერი ასეთი ხელისუფლებისთვის. ამაზე მეტი სიბინძურე არ არსებობს, ამას მხოლოდ უსუსური ადამიანი გააკეთებს, აბა, როგორ შეიძლება ასეთი კომპრომატებით იბრძოლო ვიღაცის წინააღმდეგ?!

მოამზადა

ქეთი ხომერიკმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here