Home რუბრიკები საზოგადოება მიხვდი რამეს, გერასიმე?

მიხვდი რამეს, გერასიმე?

418

გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ

დალაი ლამა

საქართველოს ისტორიაში ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის თავდადებული მოღვაწეობისა და ბრძოლის გარდა ისეთი ფაქტებიცაა შემონახული, როცა ქართველი საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, ვითომ ევროპულ ღირებულებებს ზიარებული, ქართულად ლაპარაკსაც კი თაკილობდა. ჰოდა, ეს ვითომ ევროპელები სინამდვილეშიფუყე თავთავებიიყვნენ და სხვა არაფერი, რადგან მათ არ იცოდნენ ყველაზე მთავარი _ “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”. ამ სიტყვებს გურამ დოჩანაშვილის გმირი ეუბნება ისეთ ადამიანს, რომელზეც გასულ საუკუნეში იტალიელი ფილოსოფოსი იულიუს ევოლა წერდა, _ საკუთარი ნაციის სიყვარული გაუქრაო, “არამარტო ნაციის, არამედ ზოგადადსაკუთარისსიყვარული. შეიძლება ითქვას, ყალიბდება გარკვეული სახის ფობია, “საკუთარისფობია, რომელიც განვითარებას პოულობსუცხოსშესწავლასა და სიყვარულში”(“წარმართული იმპერიალიზმი”).

სწორედ ასეთი კაცია გერასიმე, რომლის შემობრუნებას საკუთარი ფესვებისკენ თავგამოდებით ცდილობს შალვა კეჟერაძე…

დღეს რამდენი გერასიმეა ამ ქვეყანაში, ვინ მოთვლის, მაგრამ, საბედნიეროდ, არც შალვასნაირები დაცოტავდნენ, რომლებიც, ალბათ, დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ წაიკითხავენ ამ ამონარიდს უდიდესი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, მოთხრობიდან “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”:

“ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე _ გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა:

_ ასწიე თავი.

კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:

_ გერასიმე, სდექ!

შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი _ აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა…

_ სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, _ განრისხებული მიმზერდა, _ ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე!

გიჟია, მოძალადე, ოხერი… ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა.

 მე სერზე ვიდექ.

_ ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, _ ხმას დაუდაბლა, _ ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?

მე სერზე ვიდექი.

_ რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში. შენ, ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდი ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გაიგე თუ არა, , გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი

ვიდექი მე სერზე.

_ ჩემი და შენი წინაპრები კი ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ და საქართველო ჩვენი გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, , გერასიმე?

სერზე ვიდექი მე.

_ აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავით არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული, გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, ემართა იმას ჩვენი რაიმე?

მე ვიდექი სერზე.

_ და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და სუფრასთანაც როგორ იქცეოდი _ სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი მელასავით სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი!

ვიდექი მე სერზე.

_ წვიმისას, გერასიმე, _ ათვალწუნებით ამომცქეროდა, _ ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი _ სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი _ იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენ გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა _ ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულაღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი, მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ _ კაცი არა ხარ.

სერზე ვიდექი მე.

_ ახლა კი, გერასიმე, უკანასკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში, დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს… _ და დარცხვენილმა დაამატა, _ საშობლოსათვის. _ მთლად აირია, _ რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმამაგრამ, მაიძულე

ჰოიი, ავტობუსი _ ჭიათურაში ქიმწმენდელი კაცი მელოდება, კოსტუმი უნდა გამომეტანა ჩემი და იქ, ლიეპაში, ვინ იცის, როგორ ღელავდნენ, ეგებ ოჯახშიც ედეპეშნათ, ძალიან მაფასებს და გაგიჟდება ცოლი. ამ შალვას, მოცლილს, ხომ ვერ ავყვებოდი, თვალი ავარიდე და ფრთხილად, კიდევ რაიმე რომ არ ეთქვა, ავი მოლოდინით მხრებაწურულმა ავიარე სერი, ავტობუსს ხელი დავუქნიე, გამიჩერდა და, სკამზეც არ ვიყავი ჯერ დამჯდარი, შალვამ თავი შემოჰყო ფანჯარაში და, ასე მეგონა, ბრიყვი, უზრდელი, ერთს გემრიელად შემომაგინებდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, სულ სხვა რამ შემძახა:

_ ნახვამდის, სიმიკოო!

… ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია, მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.

ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე…”

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here