Home რუბრიკები პოლიტიკა რას უნდა წარმოადგენდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ვინ შეიძლება გაწიოს ჭაპანი ერის ...

რას უნდა წარმოადგენდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ვინ შეიძლება გაწიოს ჭაპანი ერის მომავლის საკეთილდღეოდ?

670

ჩვენი ქვეყნის ისტორია მრავალ მაგალითს გვაძლევს იმისას, რომ კრიტიკულ მომენტში გვაკლია სახელმწიფოს მონოლითურობა. პატარა ერი, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ნიშანთვისება, რაღაც ქარიზმატულის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული. საქართველოს სინამდვილეში ასეთი მომენტები არც თუ ისე ბევრი გვქონია _ ბაგრატის, დავითის, თამარის ეპოქაჭკვიანი მონარქები ახერხებდნენ მტკიცედ საჭეთმპყრობელობას და ერის ქარიზმატული ლიდერობის შეთანაწყობას. სწორედ ქარიზმატიკაში უნდა ვეძიოთ ჩვენი სულიერი და ეროვნული ცნობიერების მთლიანობა. რა ინსტიტუტი უნდა შევქმნათ ამისათვის დღეს _ 21- საუკუნეში, რომელიც უპასუხებს თანამედროვე რესპუბლიკის იდეას და ამავე დროს ჩვენს ქვეყანას შესძენს მონოლითურობას, რაც ესოდენ გვაკლია. სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გახდეს ის ინსტრუმენტი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს დაუბრუნებს ნდობას, ერთგულებას და მომავლის რწმენას.

დღევანდელი პოლიტიკური ელიტა მასქიმალურად ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფორმალური გახადოს, რაც საქართველოსთვის არც თუ ისე სასიკეთოა. ხომ არ აჯობებდა, ამ ინსტიტუტისთვის მიგვენიჭებინა ის სტატუსი და ფუნქცია, რომელიც ერის ლტოლვას ქარიზმატული ლიდერისადმი დააკმაყოფილებდა.

მოდი მივყვეთ ლოგიკურად: პარლამენტი _ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, პრემიერი _ უმაღლესი აღმასრულებელი, დამოუკიდებელი სასამართლო _ ადამიანის უფლებების გარანტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ეროვნული ლიდერის, როგორც ქარიზმის, რანგში. ერთადერთი პატრიარქი, მისი უნეტარესობა გახლავთ ერის (მისი უდიდესი ნაწილის) სულიერი მამა, მაგრამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო მრავალკონფესიურია, გამომდინარე აქედან, პატრიარქი ვერ შეასრულებს მთელი ერის სულიერი და ქარიზმატული ლიდერის ფუნქციას.

ჩვენ უნდა მივცეთ მომავალ პრეზიდენტს ის ფუნქციები, რომლებმაც უნდა განაპირობოს სამოქალაქო ერთიანობა.

პირველი და უმთავრესი. პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს, დღეს არსებული რიგი სამინისტროებისა _ რეინტეგრაციის, დიასპორებთან ურთიერთობის, ძეგლთა დაცვის _ გადადის მის დაქვემდებარებაში, მასვე მიენიჭოს პატრონაჟი გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზე. პატრიარქის კურთხევით იღებს კონკორდატზე ზედამხედველობის უფლებას, წარმოადგენს პირველ პირს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში. აქვს ვეტოს უფლება პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტებზე, შეუძლია რეფერენდუმის გამართვა აქტუალურ საკითხებზე, პრეზიდენტი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში საკუთარი ფუნქციის ფარგლებში.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის ახალმა ინსტიტუტმა თავიდანვე უპასუხოს დასახულ მიზანამოცანას, საჭიროა, შეირჩეს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც გააჩნია შეულახავი ღირსება უახლეს ისტორიაში, აქვს სწორი შეხედულება ქვეყნის მომავალზე, ჩამოყალიბებული  კონცეფცია, თუ როგორ უნდა გავიდეთ კომფორტულ სახელმწიფოებრივ სივრცეზე; გაცნობიერებული აქვს კონფლიქტების დარეგულირების გზები და მეთოდები.

ასეთი პოლიტიკოსებით განებივრებული ნამდვილად არ ვართ. ქართულ სინამდვილეში დღესდღეობით ვინც ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი ბატონი ალექსანდრე ჭაჭია გახლავთ. პიროვნება, რომელიც თავისი ღირსებით, განათლებითა და ანალიტიკური უნარით ფრიად გამორჩეულია. აგერ უკვე 20 წელია, ბატონი ალექსანდრე არ შემცდარა თავის პოლიტიკურ პროგნოზებში, ქვეყანა კი ისევ იქ დგას, სადაც 20 წლის წინ იყო, თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზმის ზოგიერთ ფორმალურ საკითხს.

მართლა ურწმუნო თომა უნდა იყო კაცი, რომ 20 წელი სიმართლეს გეუბნებოდნენ და მაინც არ დაიჯერო. იქნებ მავანნი დაინტერესდნენ და კარგად წაიკითხონ ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ნაშრომები, გაეცნონ მის ხედვას ქვეყნის განვითარებისა და ერის სულიერ-კულტურულ ფასეულობებზე.  თემატიკა, რასაც მოიცავს ბატონ ალექსანდრეს ნაშრომები, გამოირჩევა სიღრმისეული წვდომით საკითხისადმი, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, აქ დაინახავთ სიმართლეს და მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს.

დროა, ერმა პრაგმატულად შეხედოს თავის მომავალს და ყური მიუგდოს სწორ ანალიტიკურ შეფასებებს. ქვეყანა ჩვენით არ იწყება და არც ჩვენით დამთავრდება, მომავლის სწორი განჭვრეტა გვმართებს დიდსა და პატარას, გამოვიყენოთ ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს ჩვენს ხელთაა. ეს რესურსი კი ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას პიროვნებაშია. მას ნამდვილად ხელეწიფება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან აფხაზებთან, ოსებთან და, რაც მთვარია, რუსებთან; უნდა გამოვიდეთ მიჩვეული ფორმატიდან, როცა უამრავი უღიმღამო შეხვედრები იმართება, რაღაც ოქმები დგება ამაზე, ხოლო საბოლოოდ გვრჩება მაკულატურა, არავითარი წინსვლა და კონკრეტიკა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უმორჩილესად ვთხოვ, მისცეს ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას წინადადება, აქედანვე  ჩაერთოს მთავრობის სახელით კონფლიქტების მოგვარებაში. ეს ნაბიჯი ხელისუფლებას მისცემს ზუსტ შეფასებას  ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას კომპეტენციაზე.     

ბააკა  თოდუა,

ინჟინერეკონომისტი, არასამთავრობო

ორგანიზაციის «დემოკრატიის განვითარების ცენტრ «მერმისის» გამგეობის წევრი

 

1 COMMENT

  1. ყველა იმ ლიდერს, რომელსაც თქვენ ზემოთ ასახელებთ ქარიზმატულობა ღმრთისგან ჰქონდათ მიმადლებული. პრეზიდენტი იქნება ის თუ პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერმა, ვიდრე ქვეყანას სათავეში ჩაუდგება, ჯერ საკუთარი თავი უნდა განიწმინდოს ეკლესიური ცხოვრებით და ჩვევად უნდა ექცეს საკუთარი ერის სიყვარული. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ის ღმრთის მადლით ქვეყნის მართვას.
    ამგვარი ადამიანი თუ არ გამოჩნდა, გარწმუნებთ, ვერავითარი "იდეალური" პოლიტიკური ინსტიტუტი ვერ "გვიხსნის" დღევანდელი კრიზისიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here