Home რუბრიკები პოლიტიკა კბილაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ?!

კბილაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ?!

604

დიდია ალბათობა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდეს. თუ ეს მოსაზრება რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ საეჭვო იყო, პროკურატურაში 9 ივლისს გამართულმა ტრადიციულმა  ბრიფინგმა ამ ეჭვს საკმაოდ მყარი საფუძველი გაუჩინა. საუბარია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოს პროკურატურას სუსტი უწოდა, ხოლო მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ურჩია, გადაეხედა ვლადიმერ ბედუკაძისთვის განსაკურებით შეღავათიან რეჟიმში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებისთვის, იმიტომ, რომ «წამებაში მონაწილე პირი უნდა დაისაჯოს».

ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როდესაც კბილაშვიოლმა არც აცია, არც აცხელა და ბრიფინგი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი პასუხით დაიწყო, თან ისე, რომ შეკითხვებს ჟურნალისტების მხრიდან არც კი დალოდებია.

«პრემიერის კითხვაზე, ბედუკაძემ ხომ დანაშაული ჩაიდინა და ის ასე თავისუფლად დადის, მე მაქვს პასუხი, რომ უამრავი დამნაშავე დადის დღეს თავისუფალი და მათ უფრო მაღალი თანამდებობები უკავიათ. ლადო ბედუკაძის მიერ გადმოცემული კადრების შემდეგ ბევრ რამეს მოეფინა ნათელი. ჩვენ ამ მასალების საფუძველზე დავიწყეთ სისტემური გამოძიება საქართველოში არსებულ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების. 18 დაწესებულებიდან ჩვენ მიერ დაკითხულ იქნა 2300 პატიმარი. ეს უზარმაზარი ციფრია. მე მაქვს ხელთ პატარა ამონარიდი, ე. წ. ანალიტიკური დასკვნა იმ ჩვენებების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული, რომელიც ამ 2300 პატიმრის ჩვენებების საფუძველზე იქნა მიღებული. ჩამოგითვლით მეთოდებს, რომელი მეთოდებითაც პატიმართა მიმართ ხდებოდა მოპყრობა საქართველოში:

ცემა-წამება, არაჰუმანური მოპყრობა ჯგუფურად, შეუჩერებლად, მრავალჯერ, უმიზეზოდ, სასტიკად, რეზინის ხელკეტით, კრივის ხელთათმანით, სავარჯიშო ბალიშით, ერთი მეტრის სიგრძის წყლის პლასმასის მილით, პლასმასის ორლიტრიანი წყლით სავსე ბოთლით, წამება ელექტროშოკით, წყლით სავსე ჭურჭელში თავის ჩაყოფით, ხილის ჭამით ბორკილდადებული პატიმრების ცემით, ზურგსუკან შეკრული ხელებით, რომელსაც აბამდნენ ტრენაჟორებზე, ხელ-ფეხ შეკრულს საათობით ჰკიდებდნენ სავარჯიშო ძელზე, ახდენდნენ აღნიშნული კადრების ვიდეოგადაღებას. ცემა-წამება როგორც საკნებში, ასევე ღია ტერიტორიაზე. პატიმრებს საათობით ამყოფინებდნენ წვიმასა და თოვლში ღია ცის ქვეშ. სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში მიყვანისთანავე თვითმხილველთა თანდასწრებით საიდუმლო თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში _ ხმამაღალი სიცილის, ლაპარაკის, რაიმე პრეტენზიის, პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში, გასეირნების ან წყლის მოთხოვნის შემთხვევაში ხდებოდა პატიმართა მასობრივი დასჯა. პატიმრების მხირდან სამედიცინო დახმარების, ექიმის, წამლის მოთხოვნის გამო, მიუხედავად იმისა პატიმარი იყო ნაოპერაციები თუ ავადმყოფი, ხდებოდა მათი სასტიკად ცემა, რითაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდებოდა. ადგილი ჰქონდა კბილების ჩამტვრევის, ნეკნების დაზიანების არაერთ შემთხვევას. წამლის მოთხოვნის გამო ისჯებოდა მთელი საკანი, რაც ზოგ შემთხვევაში საკნის ერთ თვემდე გამოკეტვით ხორციელდბოდა. იკეტებოდა საკნის ფანჯრები. რამდენიმე დღე იკეტებოდა წყალი, რის გამოც დგებოდა ანტი-სანიტარიული პირობები. ბანაობის დროს სისტემატურად უწყვეტდნენ წყალს და პატიმრები რჩებოდნენ საპნიანები. ხშირი იყო შემთხვევა, რომ აბანოში უშვებდნენ მხოლოდ ცივ ან ცხელ წყალს. პატიმრებს აიძულებდნენ ცხელი კერძები ეჭამათ რამდენიმე წუთში. ვინც ვერ ასწრებდა, აღვრევინებდნენ დარჩენილ საჭმელს და რჩეოდნენ მშიერი. დასჯის მიზნით მშიერ პატიმარს აყენებდნენ კუთხეში და აცქერინებდნენ სხვების ჭამას. დანარჩენებს კი აიძულებდნენ ეჭამათ. იყო გაუპატიურების და გაუპატიურების მუქარის ფაქტები. პატიმრებს აიძულებდნენ ზეპირად სცოდნოდათ ციხის დაუწერელი კანონები. ფსიქოლოგიური ზეწოლის თვალსაზრისით, უძილობა, საკნებში ხმამაღლა საუბრის, ჩურჩულის აკრძალვა. კარანტინის დაშლის დროს არაჰუმანური მოპყრობა. ადგილი ჰქონდა ე.წ. წითელ პარასკევს, როდესაც ყველა პატიმარი გამოჰყავდათ კამერიდან და ათავსებდნენ ერთ დიდ ოთახში. შემდეგ სათითაოდ იძახებდნენ დერეფანში და უმოწყალოდ სცემდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. პატიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიყვანის დღეს არსებობდა გარკვეული წესი _ მათ ატარებდნენ ხელკეტებითა და პლასმასის მილებით შეიარაღებული სპეცრაზმელებისგან შემდგარ ე.წ. კორიდორში. რა დროსაც ხდებოდა მათი სასტიკად ცემა. შემდეგ პატიმარი გადიოდა «სად»-ის თანამშრომლებისგან შემდგარ ე.წ. კორიდორს. აღნიშნულის შემდგომ მას აშიშვლებდნენ, აკეთებინებდნენ ბუქნებს, რის შემდეგაც ათავსებდნენ კარანტინში. კარანტინიდან გამოყვანისას მსჯავრდებულებს კვლავ სცემდნენ განსაკუთრებული სისასტიკით და ანაწილებდნენ საკნებში. პატიმრებს პარსავდნენ თავს. უარეს შემთხვევაში, ძალის გამოყენებით აჩოქებდნენ, აძინებდნენ, აფურთხებდნენ, სცემდნენ და ისე პარსავდნენ. დამცირების მიზნით ნახევრად პარსავდნენ. ასევე წვერსაც ნახევრად პარსავდნენ. შემდგომ ყველანი, რამდენიმე ათეული ერთად შეჰყავდათ აბანოში, სადაც აჩერებდნენ 3-5 დღე. გაჰყავდათ მხოლოდ საჭმელად. აბანოში არ იყო არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები, იდგა რამდენიმე გრძელი სკამი, პატიმრებს ეძინათ ბეტონის იატაკზე მორიგეობით. ზოგ შემთვევაში სპეციალურად უშვებდნენ ცხელ წყალს საათობით, არ აძლევდნენ ფანჯრის გაღების საშუალებას, ონკანები არ იკეტებოდა, არც ცივი წყალი მოდიოდა. იდგა აუტანელი სიცხე. ყოველივე ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. სასტიკად ნაცემ და ნაწამებ პატიმრებს სვამდნენ კარცერში 10-20 დღით ჭრილობებისა და დაზიანების მორჩენამდე. საკანში აკეცილი და კედელზე ბოქლომით მიბმული იყო საწოლი, არ ჰქონდათ ლოგინი და იყო მხოლოდ გადასაფარებელი. ეძინათ ბეტონის იატაკზე. ნაცემი პატიმრების ასივე პროცენტი გადაჰყავდათ კარცერში ან იშვიათ შემთხვევაში დასასჯელად მოწყობილ სპეციალურ საკანში, სადაც არ იყო ფანჯარა, წყალი, საწოლი და პირადი მოხმარების საგნები, ვენტილაცია განზრახ იყო დახშული.

(ამ ნუსხის წაკითხვის შემდეგ კბილაშვილმა შეისვენა და შემდეგ განაგრძო)

მე მესმის საზოგადოების მხრიდან, ზოგჯერ სამართლიანი კრიტიკაც, _ კი მაგრამ, ის ფაქტები ხომ სახეზეა, ის ხომ მონაწილეობდა ამის ჩადენაშიო. კი, ბატონო, ეს ასეა, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი განსჯის საგანი ყოველივე. მაგრამ მსჯელობის დროს გაჩნდა ეს არგუმენტები, თუ რატომ უნდა გამოგვეყენებინა შეღავათიანი რეჟიმი მის მიმართ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218 მუხლის I ნაწილით გვენიჭება უფლებამოსილება, რომ დანაშაულზე გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული უფლებამოსილება და პირი გაათავისუფლოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ან მიიღოს სხვადასხვაგვარი გადაწყვეტილება სასჯელის გადახედვის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ბედუკაძესთან მიმართებაში. ეს არის ფორმალური მხარე. ამის იქით უკვე მნიშვნელოვანია შინაარსობრივი ასპექტი _ რა გარემოებები გახდა საფუძვლი იმისა, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება ამ უფლებით სარგებლობაზე. ბრალდების მხარეს დადგენილად მიაჩნია ბედუკაძის მხრიდან კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, მაგრამ მის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეწყდა პატიმართა ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და ათასობით პატიმარი გადარჩა საშინელი ბედის გაზიარებას. ეს ყველაზე დიდი დამსახურებაა, რაც ამ ვიდეომასალებმა წარმოშვეს. ასევე მინდა აღვნიშნო შემდეგი: ვლადიმერ ბედუკაძემ ეს ვიდეომასალა გადასცა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში. ივანიშვილმა კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე განცხადება 2012 წლის ოქტომბერში გააკეთა, ანუ როდესაც მან ამ ვიდეოკადრების გადაცემის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, მას არ შეიძლება ჰქონოდა მათზე რაიმე პოლიტიკურ გათვლა. შვიდივე ეპიზოდი, რომლებშიც ჩვენ მას ბრალი დავდეთ, არის მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა. თავად განსაჯეთ, ადამიანმა, რომელმაც წარმოადგინა და გაასაჯაროა ეს ვიდეომასალა, ხარაკირი გაიკეთა. ამ დროს შვიდივე ეპიზოდი 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ უახლოეს დრომდე მუშაობდა შეკრებითობის პრინციპი სისხლის სამართალში და ყველაზე მინიმალური სასჯელით ბედუკაძეს 60 წელი ემუქრებოდა. დიდი ალბათობაა, რომ მას იმავე მეთოდებით გაუსწორდებოდნენ, რაც არის ვიდეოფირზე აღწერილი. მაგრამ იგი მოიქცა არაანგარებითობიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ამ ადამიანს არ უვაჭრია ამ ვიდეომასალით და ფული არ გაუკეთებია. ასე რომ, როდესაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება ბედუკაძესთან დაკავშირებით, ის არ იყო საქმის კურსში იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. რაც შეეხება პრემიერის კრიტიკას, მე მქონდა 2-3 დღის წინ პრემიერთან საუბარი. რასაკვირველია, მის ამ აზრს პატივს ვცემ, ჩემი დამოკიდებულება პრემიერის და სხვათა მიმართ პატივისცემის გამომხატველია, როგორც ყველაზე მაღალი მორალისა და სტანდარტების მქონე პოზიციის მქონე, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი მორალური სტანდარტის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო, ვინაიდან მაშინ სამართლიანი ნაკლებად იქნებოდა. რომც მქონდეს აზრი შეცვლილი და სურვილი, რომ რაიმე შევცვალო, ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ასე რომ, გადაწყვეტილება ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით დარჩება ისე, როგორც ეს არის მიღებული.»

ასე რომ, საქართველოს მთავარი პროკურორი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა. თან ეს მან გააკეთა მრავალრიცხოვანი ჟურნალისტების თვალწინ. გახდება თუ არა ხსენებული ბრიფინგი მისთვის საბედისწერო, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.

თამარ ნაზღაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here