Home რუბრიკები საზოგადოება ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

ფარდობითურობის თეორია, ანუ აკადემიკოსი გისოსებს მიღმა

694

მარტო დარჩენილმა კიდევ ერთხელ შევავლე თვალი საკანს. კედლებზე შიშველი მოდელების გვერდით ხატებიც ეკიდა, იქვე პატიმრების ტანსაცმელიც იყო ჩამოკიდებული, სადღაც სანთელიც ბჟუტავდა.

ბურანში მყოფი, საკნის კარის ჟღრიალმა «გამომაფხიზლა». ბადრაგმა ხუთი ახალი პატიმარი შემოიყვანა. მათ ირგვლივ სწრაფად შეიკრა ცნობისმოყვარეთა წრე. ციხეში კარის გაღება ყოველთვის იწვევს ცნობისმოყვარეობას.

_ ნამდვილი საღორეა, _ თქვა შემოსულთაგან ერთ-ერთმა. მერე გვერდით ვიღაცას მკაცრად უთხრა, _ წამოყარე იმ ლოგინიდან ნეხვები და სუფთა «ბილიო» დამიგე.

შევამჩნიე, რომ «სვირინგა» სიტუაციას განერიდა, იგი აღარ ჩანდა.

_ აქ «ჭია» უნდა იყოს სადღაც… გამოდი, ნუ იმალები, _  თქვა შემოსულმა და   ლოგინზე წამომჯდარმა საკანი კიდევ შეათვალიერა.

«სვირინგა» სიბნელიდან გამოვიდა.

_ ვა, «კოტნა», შენა ხარ? ვერ გიცანი, ხომ ხედავ, როგორ ბნელა, _ თქვა და ახლადშემოსულებს ხელი ჩამოართვა, შემდეგ შემოსულის ლოგინთან ჩაიჩოქა და ხმადაბლა დაიწყეს საუბარი. თან ჩემსკენ იხედებოდნენ. მივხვდი, რომ საუბარი მე მეხებოდა, არც შევმცდარვარ. ცოტა ხნის შემდეგ, კოტნა ლოგინიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. იგი საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი, არცთუ ახალგაზრდა კაცი იყო.

_ ბოდიში, ბატონო ნაპოლეონ, ვერ გიცანით. ამ ერთუჯრედიანებს ხომ არაფერი უკადრებიათ?

_ არა, რასაკვირველია, არა, პირიქით…

_ მე დილით ჩამომიყვანეს ვოლგოგრადიდან, ცოტა ხანი «კაპეზეში» ვიყავი, თქვენი ამბავიც იქ გავიგე.

_ თქვენ საიდან მიცნობთ, სოხუმელი ხომ არა ხართ?

_ დიახ, სოხუმელი ვარ, სუბტროპიკულშიც ვსწავლობდი დაუსწრებელზე, თქვენ ჩემი რექტორი იყავით…

_ მართალი რომ ვთქვა, არ მაგონდებით, თუმცა აქცენტი სოხუმური გაქვთ.

_ ჩემნაირები თქვენ ათასობით გყავდათ. მე ინსტიტუტშიც იშვიათად დავდიოდი, არ იყო ჩემი საქმე სწავლა, თუმცა იქაური სიტუაცია მომწონდა.

_ სოხუმი კარგი ქალაქია, იქ კარგი ქართველები ცხოვრობდნენ, _ ავყევი საუბარში.

_ დიახ, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, პატივს ვცემდით. ჩემი ცხოვრება აირია და რუსეთში წავედი, სოხუმში მშობლები მყავდა. ომი რომ დაიწყო, ისინი სოჩაში გადავიყვანე, ახლაც იქ არიან… მე ვოლგოგრადში რაღაც გაუგებრობაში მოვყევი და დამაპატიმრეს, ახლა თბილისში ჩამომიყვანეს, რაღაც საქმე გახსნილა და არ ვიცი… შეიძლება შეკითხვებიც ჰქონდეთ, ამათ რას გაუგებ, _ თქვა მან.

_ ესენი ვინ არიან? _ ვკითხე შემოსულებზე.

_ ესენი შნირები არიან, «კაპეზედან» გამომაყოლეს მომსახურებისთვის!!! რა სათქმელია, მაგრამ გასახსენებლად ვამბობ: თქვენ მეგობრებთან ერთად «გაგრიფშის» რესტორანში ვახშმობდით, მე ერთი ყუთი შამპანური გამოგიგზავნეთ მაშინ.

 გამახსენდა, თბილისელ მეგობრებთან ვიყავი, უკვე სუფრას ვამთავრებდით, როდესაც ოფიციანტმა ერთი ყუთი შამპანური მოიტანა და «სუფრაც გადახდილიაო», _ გვითხრა.

_ მაშინ მადლობაც ვერ გითხარი.

მან თავი ჩაღუნა, მერე სიგარეტი «მალბორო» მომაწოდა, გავაბოლეთ და ფიქრებში ჩავიძირეთ.

_ მენატრება აფხაზეთი. ნოემბრის ბოლოს ბიჭვინთაში ჩემნაირები იკრიბებოდნენ, მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ, ისვენებდნენ… მაგრად ვაგულავებდით ჩამოსულებს.

_ კოტნა, წყალი გაგიცხელე, _ გამოსძახა «სვირინგამ».

_ ბატონო ნაპოლეონ, ჯერ თქვენ მიიღეთ შხაპი, _ მითხრა მან.

_ მიჯობს დაწოლის წინ.

_ მაშინ, თქვენი ნებართვით, მე გადავივლებ და მალე დავბრუნდები, _ შემდეგ თავისიანებს გასძახა, _ აქ პატარა სუფრა გაშალეთ, მე და ბატონი ნაპოლეონი წავიხემსებთ.

სამწუხაროდ, ჩვენი წახემსება არ შედგა. მე საპყრობილის დირექტორთან წამიყვანეს. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემი «ნაცნობი» ციხის მერე ცოტა ხანს იტალიაში ცხოვრობდა, მერე ესპანეთში გადასულა…

კაბინეტში შესულს, ციხის დირექტორი ფეხზე ამდგარი მომესალმა, სკამიც თვითონ მომიწია და მოპირდაპირე მხარეს მჯდარი ორი მამაკაცი თავის მეგობრებად გამაცნო. მათ შორის ერთი მელოტი იყო.

_ ამათი დედა ვატირე, ციხე ორიოდე საათით დავტოვე და სიურპრიზიც დამახვედრეს. ასეთი კაცი კარცერში, ბანდიტებთან და მკვლელებთან ჩასვეს.

_ თანამშრომლები არ გივარგა, გელა, დღეს ციხეში შემთხვევით დაბრუნდი… კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ ბატონ ნაპოლეონს მთელი ღამის გატარება მათთან მოუწევდა.

_ ისინიც ჩვეულებრივი, გაუბედურებული ადამიანები არიან, _ ჩავილაპარაკე.

_ ბატონო ნაპოლეონ, მე თქვენ გულრიფშში, ერთ კარგ ოჯახში შეგხვდით, სადაც სოხუმელმა მეგობრებმა წამიყვანეს. თქვენ რაიკომის მდივანთან ერთად სუფრიდან ადრე წახვედით, _ თქვა ერთ-ერთმა.

_ გულრიფშში სტუმართმოყვარე და შეძლებული ხალხი ცხოვრობდა…

_ ბოლო დროს ისეთი ხალხი მოჰყავთ ციხეში, სირცხვილით ვიწვი. როგორ გამოვკეტო ამნაირი ადამიანები საკნებში? _ თავისას მიერეკებოდა დირექტორი.

_ მთლად გაგიჟდნენ.. რაღაცას მაინც ეცი პატივი: ან ბიოგრაფიას, ან გაკეთებულ საქმეებს, ბოლოს და ბოლოს, _ ასაკს! ბატონ ნაპოლეონს ასაკიც ისეთი აქვს, რომ ციხეში არ უნდა იჯდეს… ბრალიც არ წაუყენებიათ თქვენთვის?! ახლა იწყებენ სამხილების ძიებას… ქვეყანამ იცის, რომ მათ ასეთი დავალება პრეზიდენტისგან მიიღეს, _ თქვა მელოტმა.

_ თქვენ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მათ თქვენი წრიდან ავტორიტეტული ადამიანი სჭირდებოდათ და ასეთი თქვენ აღმოჩნდით, _ დაამატა მეორემ.

არაფერი მითქვამს, სიგარეტს მოვუკიდე და საფერფლე ჩემკენ მოვწიე, აშკარა იყო, რომ ისინი დირექტორის კაბინეტში შემთხვევით არ მოსულან.

_ თქვენს დაკავებას პრეზიდენტის ბაბუას, გივი ალასანიას უკავშირებენ? რა მოხდა თქვენ შორის, ასე რომ გაგიმეტათ?

_ პრეზიდენტის ბაბუა სამსახურიდან თავისი განცხადებით წავიდა, თუმცა მასალები, რომლებიც უშიშროებიდან გადმომიგზავნეს, სხვა გაგრძელებას გულისხმობდა.

_ მერე რატომ არ იტყვით ამას?!

_ თქვენ თვლით, რომ სიმართლე ვინმეს აინტერესებს? ან პრეზიდენტის ბაბუას პასუხს მოსთხოვენ?

_ თქვენ ადვილად შეგეძლოთ მისი ციხეში გაშვება, რატომ არ გააკეთეთ ეს?

_ 70 წლის კაცის ციხეში ჩასმა არაა ზნეობრივი.

_ ცხადია, არა! მაგრამ თქვენც 70 წლის ხართ! მან კი გაგიმეტათ!

არაფერი მითქვამს, მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ გივი ალასანიას მიმართ სწორად მოვიქეცი, თუმცა ვინ იცის?

_ სხვათა შორის, გაზეთ «ქრონიკაში» მისი სახელის სათაურში გამოტანაც არაა შემთხვევითი, _ თქვა მელოტმა.

_ ბატონო ნაპოლეონ, თქვენ აკადემიის პრეზიდენტი ხართ, ეს ძალიან მაცდური თანამდებობაა, იქნებ ვინმეს სურდა, რომ აქ მოხვედრილიყავით?

ცუდად მომხვდა გულზე ნათქვამი, ამის გაფიქრებაც კი ამაზრზენია. ასეთი სიბინძურისთვის ჩემი კოლეგებისგან ვერავინ გავიმეტე… თუმცა კარიერა ხომ ადამიანის ერთ-ერთი სუსტი ადგილია, ამაზე ფიქრიც კი მთრგუნავდა.

მათი ნათქვამი ისე გავატარე, თითქოს არც თქმულა…

_ ბატონო ნაპოლეონ, თქვენ ძალიან მძიმე მუხლი გაქვთ წაყენებული, რომელიც ითვალისწინებს 8 წლამდე ციხეს. თუ აქედან დროულად არ გადით, ხუთი წელი გარანტირებული გაქვთ. სამწუხაროდ, მუხლი ქონების კონფისკაციასაც ითვალისწინებს. ერთი სიტყვით, მათ ხელში ხართ და ისინი არ დაგინდობენ.

_ რატომ მეუბნებით ამას?

_ უბრალოდ გაფრთხილებთ, კარგია ქონების გადამალვა მაინც თუ მოასწარით. მათ თქვენი სამაგალითოდ დასჯა აქვთ დავალებული და ისინი ამას გააკეთებენ!

რაც მათ თქვეს, მეც კარგად ვიცოდი…

_ მეცნიერებაში დიდი ქონება ჯერ არავის დაუგროვებია, გამონაკლისი არც მე ვარ, _ უხალისოდ მივუგე მე.

_ ამბობენ, რომ ვეძისში დიდი სახლი გაქვთ…

_ შემიძლია მოგცეთ მისამართი და ნახოთ… მგონი, ისიც თქვეს, რომ ლას-ვეგასშიც მაქვს ვილა… ის, რასაც თქვენ «დიდ სახლს» ეძახით, 180 კვ მეტრია და ჩემს ქალიშვილს ეკუთვნის.

დირექტორმა და «სტუმრებმა» მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს.

_ ეჰ… ცუდი ისაა, რომ აქ მოხვედრილი ადამიანისთვის ძნელია სიმართლის დამტკიცება. ბრალდება, რომელიც თქვენ წაგიყენეს, მხოლოდ საბაბია. ჩვენი რჩევაა, არ გაირთულოთ საქმე, თუ ამისი საშუალება მოგეცემათ, აყევით მათ.

_ ცოტა გაუგებარია… რას ნიშნავს «ავყვე»?!

_ გულახდილად გეტყვით, ისინი უკვე მიხვდნენ, რომ თქვენ ბრალს ვერ წაგიყენებენ და ვერც დიდ ფულს ამოიღებენ, ამიტომ შეეცდებიან, გავიდნენ ქარჩავაზე, რომელიც უფულობას ნამდვილად არ უჩივის…

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქარხანა მან კანონიერად შეიძინა! _ ვთქვი მე.

_ თქვენ ბრალს გდებენ, რომ პრეზიდენტი შეიყვანეთ შეცდომაში! ხომ შეიძლებ, რომ ქარჩავას თქვენც შეეყვანეთ შეცდომაში? წერილი ხომ ქარჩავას თხოვნით დაწერეთ და, მგონი, კანცელარიაშიც მისმა წარმომადგენლებმა წაიღეს, შევარდნაძეს არავინ დაიჭერს, თქვენ კი უკვე დაჭერილი ხართ, ქარჩავა კი გარეთაა, _ თქვა მელოტმა, რომელიც საუბარში უფრო აქტიურობდა.

_ ბატონო ნაპოლეონ, ალბათ, მიხვდით, რომ ჩვენ თქვენს საქმეში კარგად ვართ ჩახედულები. მინდა გითხრათ, რომ არც სამტროდ ვართ მოსულები, _ თქვეს და წამოდგნენ. შემდეგ ღიმილით მოვიდნენ ჩემთან და «თბილად» დამემშვიდობნენ.

გაკვირვებით შევხედე დირექტორს, რომელმაც ხელები გაშალა, რაც იმას ნიშნავდა, «აი ასეაო» და მდივანს გასძახა, შემოვიდესო.

კაბინეტში გამხდარი, წითური კაცი შემოვიდა და, როგორც ახლობელს, ისე გადამეხვია, თუმცა პირველად ვხვდებოდით ერთმანეთს.

_ ბატონო ნაპოლეონ, გელოდებით, თქვენი ჩანთაც ჩვენთანაა, ლოგინიც მზადაა და კარგი პურმარილიც, _ თქვა მან.

_ დახვდით ისე, როგორც ამნაირ კაცს ეკადრება, _ დამოძღვრა შემოსული დირექტორმა.

_ ბატონო გელა! განა ოდესმე რაიმე შეგვშლია? სხვათა შორის, კარგი სუფრაა, იქნებ მოგვიანებით შემოგვიერთდეთ?

_ ალბათ, ვერ ჩამოვალ, ჯობს, აქ გამომიგზავნოთ, დილიდან პირში ლუკმა არ ჩამსვლია.

ციხეში, როგორც შემდეგ გავიგე, სხვადასხვა «სივრცეებია». ის «სივრცე», რომელშიც მე შევედი, პრივილეგირებული პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, სადაც ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა იყო. საკნებში _ ერთ რიგად ჩალაგებული საწოლები, მაცივრები, ტელევიზორები, ინდივიდუალური ვენტილატორები, დერეფნის გასწვრივ, ფანჯრის რაფებზე _ კალათებით ჩალაგებული იყო ხილი, კარტოფილი, ბოსტნეულბაღჩეული, დერგებში სხვადასხვა სახის ყველი ჰქონდათდერეფნის ბოლოში _ თანამედროვე ტუალეტები, კარგად მოწყობილი საშხაპეები. პატიმრებს მობილური ტელეფონებიც ჰქონდათ. ცალკე იყო .. კაზინო, ანუ ნარდისა და ბანქოს სათამაშო ოთახი და . . ჩემს საპატივცემლო სუფრაზე ნაირნაირი დელიკატესები ეწყო, სუფრას უსხდნენ ყოფილი მინისტრები, გენერლები, მაღალი რანგის პროკურორები, მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი დაზოგიერთები «იმ სამყაროდანაც»…

მიუხედავად იმ «კომფორტისა», რომელიც იქ დამხვდა, ციხე მაინც ოთხი კედელია, რომელშიც «გამომწყვდეული» ხარ და დარაჯებიც გითვალთვალებენ. გრძნობ, რომ არავის აინტერესებს შენი წარსული, ბიოგრაფია. ციხეში ადამიანები იცვლებიან, იქ თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია. თუ ეს შეძელი, მაშინ ავტორიტეტიც ხდები, თუ არა და იქნები, უკეთეს შემთხვევაში, განმარტოებულად, ანდა უბირი მომსახურე.

ერთი სიტყვით, ციხე ის გამოცდაა, რომელსაც მხოლოდ ძლიერები უძლებენ… მეამაყება, რომ მე ეს გამოცდა ჩავაბარე.

ციხის ფილოსოფია

როდესაც ამბობდნენ, «ციხე დიდი სკოლააო», _ მეღიმებოდა. მართალია იქ ზარი არ ირეკება, არც მასწავლებლებია, ნიშანსაც არავინ გიწერს, მერხის ნაცვლად ნარებია, მაგრამ ადამიანი არსად ისეთი მობილიზებული არ არის, როგორც ციხეში. იქ თავის დამკვიდრება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ინტუიციაზე, თვითკონტროლზე, შინაგან დისციპლინაზედა, რაც მთავარია, საკუთარი თავის შეცნობაზე. ციხიდან გამოსული ადამიანი ამ თვისებებს სიკვდილამდე ინარჩუნებს და სწორედ ამიტომ ამბობენ ციხეზე «დიდი სკოლააო».

ციხეში ადამიანის შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმია _ კაცობა, რომლის დამამტკიცებელი დოკუმენტი, ისევე, როგორც ღირსებისა, არ არსებობს. ასეთად სხვებმა უნდა გაღიარონ და ხმამაღლა არც ამას გეტყვის ვინმე. მხოლოდ ადამიანების შენდამი დამოკიდებულებით უნდა მიხვდე, რომ გაფასებენ, რაც შენთვის მხოლოდ შინაგანი სიამაყეა და შენშივე უნდა დარჩეს. ამის გაცნობიერებას კი მხოლოდ გონიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი შეძლებს. ციხის ბიოგრაფია, ჩვეულებრივისგან განსხვავებულია და ადამიანებსაც სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ციხე მათი ცხოვრების თანამგზავრია. მათთვის იქ მოხვედრა ტრაგედია არ არის. ისინი ციხეში თავს, როგორც «საკუთარ სახლში», ისე გრძნობენ, რადგან იერარქიული სტატუსი მათთვის იქ დაცულია, ვინაიდან «რამკიანი» გარეთაც და იქაც, ავტორიტეტად რჩება.

არის ადამიანების კატეგორია, რომელთა აწყობილ ცხოვრებას ციხე ანგრევს, მაგრამ ისინი ბედს ურიგდებიან, იმიტომ, რომ იციან, თუ რისთვის იხდიან სასჯელს. ასეთები მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისა და ციხიდან უვნებელი გამოსვლისთვის ზრუნავენ. ძირითადად ასეთი პატიმრების ხარჯზე «ცხოვრობს» ციხის «ელიტა», რომელიც მათთან საერთო ენას იოლად პოულობს.

არსებობს ადამიანების მესამე კატეგორია, რომლებიც ციხეში მოხვდნენ არა კონკრეტული დანაშაულის გამო, არამედ იმიტომ, რომ ასე სურდათ «ძლიერთა ამა ქვეყნისა». მათ კარგად იციან, თუ ვის გამო არიან ციხეში, და იმასაც აცნობიერებენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ვერაფერს შეცვლიან. ასეთები ციხის სხვა კონტინგენტისგან განცალკევებულად ჰყავთ და ციხის ადმინისტრაციაც მათ იქ ყოფნას თანაგრძნობით ეკიდება. მეც ასეთი კატეგორიის პატიმარი ვიყავი…

ჩემდა გასაკვირად, ციხეში «ადაპტაციისთვის» დრო არ დამიკარგავს. ერთი მიმოხედვაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, _ ჩემს ირგვლივ სერიოზული ბიოგრაფიების მქონე ადამიანები იყვნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ციხის ბიბლიოთეკას გადავეცი ჩემი პოლიტიკური რომანების ხუთ-ხუთი ეგზემპლარი, რამდენიმე ჩემს «სივრცეშიც» შევიტანე. ძალიან მალე ვიგრძენი პატიმრების ჩემდამი სერიოზული პატივისცემა, რასაც ასაკთან ერთად, ჩემმა ხასიათმაც და იუმორმაც შეუწყო ხელი.

ციხეში დიდად ფასობს იუმორი, თუნდაც მოჩვენებითი სილაღე. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ორივე გამომივიდა და სხვებიც ავიყოლიე. სიცილი იქ ხელისუფლებაზე შურისძიების ერთადერთი საშუალებაა და ჩვენც ვიცინოდით ხმამაღლა და ლაღად, გვიხაროდა, რომ ხელისუფლებამ ვერ გაგვტეხა, ჩვენზე ვერ გაიმარჯვა, რომ ცხოვრების ხალისი არ დაგვიკარგავს.

_ ირაკლიევიჩ, თქვენი საკნებიდან დილიდან-საღამომდე სიცილი ისმის, როგორც ჩანს, მაგრად ხალისობთ, _ მირეკავდნენ მობილურზე ჩემი მეგობრები.

ვხალისობდით, «მტრის ჯინაზე» ვხალისობდით, თუმცა სახალისოდ და სასაცილოდ საქმე არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა.

ჩვენთან შემოდიოდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზოგჯერ კარგი წახემსებისთვის, უფრო ხშირად კი… სასაუბროდ. ცხადია, ვგრძნობდით, რომ ისინი შეგნებულად არიდებდნენ თვალს ყოველივე იმას, რაც ჩვენს «სივრცეში» ხდებოდა. მართალია, გარე სამყაროდან და საზოგადოებისგან იზოლირებულები ვიყავით, მაგრამ ადმინისტრაციის წაყრუების მეშვეობით, გვქონდა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდით.

მიუხედავად ჩემი განვლილი ცხოვრებისა, ისეთი დელიკატესები და ნაირ-ნაირი სასმელები, როგორიც ციხეში გვქონდა, ადრე არც კი მინახავს. რესტორნებში იყო ასეთი სიმღერა: «ქეიფს ვიწყებთ დილიდან», სწორედ ასეთ რეჟიმში ვიყავით ჩვენც. დღის განმავლობაში რამდენიმე მრავალფეროვანი და უხვი ნობათი შემოგვდიოდა ახლობლებისა და მეგობრებისგან.

ჩვენს ბლოკში, რომელსაც რატომღაც «ფაშისტების» ბლოკს ეძახდნენ, თითქმის ყოველდღე შემოდიოდნენ სხვა პატიმრები ციხის ძირითადი კორპუსებიდან, რომლებიც ალაგებდნენ ჩვენს საკნებს, შემოჰქონდათ ამანათები, ჟურნალ-გაზეთები და ა.შ. ისინი ახალგაზრდები იყვნენ. მათ შორის ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა მიიპყრო, რომელიც ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთად  ჩაცმული იყო. მას ჟურნალ-გაზეთები და ზოგჯერ ამანათებიც შემოჰქონდა. ამიტომ ზედმეტ სახელად «ფოსტალიონს» ეძახდნენ. პრესის თითო-თითო ეგზემპლარი ჩემთვისაც მოჰქონდა.

სიგარეტის მოწევის დროს დავახლოვდით. იგი გონიერი და საკმაოდ ნაკითხი კაცი გამოდგა. ჩვენ შორის ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა. საუბრების თემა, ძირითადად, პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები იყო, მისმა ანალიზმა დამარწმუნა, რომ იგი საკმაოდ ალღოიანი მკითხველი იყო.

_ ირაკლიევიჩ, თუ იცი, რისთვის იხდის სასჯელს «ფოსტალიონი»? _ მკითხა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჩვენს საუბრებს თვალს ადევნებდა.

_ აბა, რა ვიცი…

_ ჯგუფური ყაჩაღობისთვის იხდის სასჯელს, საშიში რეციდივისტია, _ დამაკვალიანა მან.

გაირკვა, რომ ახალგაზრდა სოფელ პატარძეულიდანაა. მამა აგრონომი ჰყოლია, დედა კი _ საბავშვო ბაღის აღმზრდელი. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისში, ფასიან ინსტიტუტში გაუგრძელებია. მესამე კურსზე ყოფილა, მამა რომ გარდაცვლილა, და ისიც სოფელში დაბრუნებულა, რათა დედას უმცროსი დის გაზრდასა და საოჯახო საქმეებში შეშველებოდა. მათი კარმიდამოს სიახლოვეს კომუნისტების დროს გაყვანილი სარწყავი არხი გადიოდა, რომლითაც მისი ოჯახიც სარგებლობდაახალ ხელისუფლებას არხი გაუყიდია, მეპატრონეს კი წყალზე დიდი გადასახადი დაუწესებია, თუმცა მოსახლეობას წყალს მაინც წყვეტილად აძლევდა. ერთხელაც არხის მეპატრონეს «საქმის გასარჩევად» რამდენიმე «მაგარი ბიჭი» ეწვია, მას ხმაური აუტეხია, ამათ კიდევ მაგრად უცემიათ და ფულიც «აუხევიათ». როდესაც ნახეს, რომ «საქმე კარგად გამოუვიდათ», მეღვინეებსაც მიადგნენ, რომლებიც გლეხებს «ფულს უტეხავდნენ» და ისინიც «გაპარსეს». იოლად ნაშოვნმა ფულმა ბიჭები გაათამამა და სხვა რაიონის «ბობოლებსაც» მიადგნენ. ერთერთი «სტუმრობის» დროს ჩავარდნენბანდაში სამნი ყოფილან, მათ შორის ერთერთი _ ჩვენი «ფოსტალიონი». შვიდშვიდი წელი მიუსაჯეს. როგორც ჩანს, ჩემს ნაცნობს ვიღაც გამოუჩნდა ხელის წამშველებელი და ციხის ბიბლიოთეკაში გაუმწესებიათ.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს მან ჩემი წიგნები მთხოვა, მინდა შევიძინოო. რამდენიმე დღის შემდეგ წიგნები ვაჩუქე, ცოტა იუხერხულა, _ ასე არ მინდოდაო, მაგრამ საჩუქარი მადლობით მიიღო.

_ იცოდე, შეგამოწმებ, წაიკითხე თუ არა, _ ვუთხარი მე.

ერთ კვირაში სამივე წიგნი წაიკითხა და საინტერესო შეკითხვებიც დამისვა. ჩვენ ირგვლივ მალე შეიკრა წრე და წიგნების გარჩევამ ცხარე კამათიც გამოიწვია. ზოგს მოსწონდა სტალინი და მისი საქმიანობა, ზოგიც ლანძღავდა, იყვნენ ნეიტრალურებიც, რომლებიც კამათში არ მონაწილეობდნენ. არც «ფოსტალიონი» ჩარეულა კამათში, იგი სიგარეტს ეწეოდა და მოკამათეებს ყურადღებით უსმენდა.

_ მოდი ვკითხოთ ამ ახალგაზრდასაც, მან სამივე წიგნი წაიკითხა, _ შევამჩნიე, რომ მასაც უნდოდა აზრის გამოთქმა და წავაქეზე…

_ მე, ცხადია, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და ეს არცაა ჩემი საქმე. ვიტყვი იმას, რომ მეამაყება სტალინის ქართველობა და ის, რომ მან ჰიტლერი დაამარცხა, _ მოკლედ თქვა თავისი სათქმელი.

ვხვდებოდი, რომ მასში დადებითი უფრო მეტი იყო. ვინ იცის, იქნებ სასჯელის მოხდის შემდეგ გადახედოს თავის მომავალს, შემობრუნდეს სიკეთისკენ…

ნოტაციების კითხვა და სხვათა საქციელის განსჯა ციხეში კარგ ტონად არ ითვლება. თავისი წარსულით ზოგი ამაყობს, ზოგიც… გაჩენის დღეს იწყევლის და საერთოდ, შენ თვითონ ვინ ხარ, რომ სხვებს მორალი წაუკითხო, შენც ხომ მათსავით პატიმარი ხარ… ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც წამძლია ცნობისმოყვარეობამ, თანაც შევატყვე, რომ «ფოსტალიონი» პატივს მცემდა, ამიტომ გადავწყვიტე მისი შინაგანი ბუნების «შესწავლა».

_ ერთ დროს თქვენი ჯგუფი კახეთს აზანზარებდა, _ დავიწყე საუბარი.

_ ჩვენი ბრალი არ იყო, სიტუაციამ გვიბიძგა, _ თქვა უხალისოდ.

_ ალბათ, ნანობ…

_ არა, არ ვნანობ, ის ბობოლები დასასჯელები იყვნენ, ვნანობ იმას, რომ დედას მივაყენე ტკივილი.

_ უსამართლობა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამისთვის არის ხელისუფლება, პროკურატურა, პოლიცია… უნდა მიგემართათ ამ უწყებებისთვის.

_ დედაჩემმა და სხვებმაც ბევრჯერ შეაწუხეს გამგეობაც და მილიციაც, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

_ სიმართლე მაინც სასამართლომ უნდა დაადგინოს, ასეთია კანონი.

_ ბატონო ნაპოლეონ, თქვენ გჯერათ დღევანდელი სასამართლოსი?! _ მითხრა და მის სახეზე დამცინავმა ღიმილმა გაიელვა.

ცხადია, არ მჯერა. მე ხომ საკუთარ თავზე ვიწვნიე სააკაშვილის სამართალი. მისმა კითხვამ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო, საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, ეს შეხვედრა მან მომიგო.

_ ხო, კარგი, კარგი, _ ვუთხარი, მხარზე ხელი დავკარი და საკანში შევედი. გადავწყვიტე, მასთან საჩოთირო თემებზე აღარ მესაუბრა და საერთოდ დამენებებია თავი. «კაცს თავისი გასჭირვებია, მე კიდევ ვუჩხიკინებ», არაა სწორი.

«ფოსტალიონის» მორიგი შემოსვლის დროს საკანში გენერალთან ნარდს ვთამაშობდი.

_ ირაკლიევიჩ, მოგივიდათ არსენა ოძელაშვილი, _ ირონიული ღიმილით მითხრა გენერალმა. «ფოსტალიონს» არაფერი უთქვამს, მან გაზეთები მაგიდაზე დადო და საკნიდან გავიდა, თუმცა ჩვენი საუბარი ესმოდა.

_ რას ერჩი ამ კაცს, მაგას არ უთქვამს, რომ ოძელაშვილია…

_ არა, არსენა არაა, ის მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს ურიგებდა, ესენი კი ნაძარცვს ჯიბეში იდებდნენ, _ თავისას «აწვებოდა» გენერალი.

_ ჰოდა, დაისაჯა კიდეც, _ ვუთხარი და ისევ ნარდს მივუბრუნდით.

გაგრძელება იქნება

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here